Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული მარში, ლიტერატურული სამკუთხედი და მოედნის ადამიანი

10 ნოემბერი 2017

ლექსის კეთებაში ან რამე მსგავს საქმიანობაში ვინც ჩაფლულა, ჩაძირულა და მიჰყოლია თვითონ კეთებას... მისთვის ნაცნობია მიჰაი ჩიკსენმიჰაის იერ ნაკადად (ფლოუდ) წოდებული მდგომარეობა და შესაბამისი პროცესი, რომლის განმავლობაში ადამიანი ისეა გატაცებული იმით, რასაც აკეთებს, რომ ავიწყდება თავისი თავი. ამ მდგომარეობას ძალიან უხდება სიტყვა „გატაცება“. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გატაცების, უფრო ზუსტად, გატაცებულობის მდგომარეობასა და პროცესში უკიდურესად შემცირებულია ცნობიერების საკუთრივ სუბიექტისეული, „მე“-დ წოდებული განზომილება და მაქსიმალურადაა გაზრდილი ცნობიერების შინაარსობრივი განზომილება. 

გატაცების, გატაცებულობის მდგომარეობას თუ რამე უპირისპირდება, პირველ რიგში, ესაა მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი შეპყრობილია საკუთარი თავით. ამიტომ ცნობიერების განზომილებებად შეიძლება დავსახოთ არა შინაარსობრივი და სუბიექტისეული განზომილებები, არამედ „გატაცებულობა“ და „შეპყრობილობა“. შესაბამისად, ადამიანის ცნობიერება ყოველ ეპიზოდში უნდა გაიზომოს გატაცებისა და შეპყრობილობის მიხედვით.

თავიდანვე უნდა შევნიშნო, რომ ცნობიერების ორი განზომილება სულაც არაა ერთმანეთზე დამოკიდებული, ვთქვათ, უკუპროპორციულად, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. რაღაც საქმით მეტად გატაცებული ადამიანი არ არის აუცილებლად ნაკლებად შეპყრობილი თავისი თავით, და პირიქით, საკუთარი თავით შეპყრობილობის მაღალი ხარისხი არ გულისხმობს რამე ობიექტური საქმიანობით გატაცების აუცილებლად დაბალ ხარისხს. ალბათ შეხვედრიხარ, მკითხველო, ისეთ ადამიანს, რომელიც ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში თან აშკარად შეპყრობილია საკუთარი პერსონით და თან არანაკლებ გატაცებულია, ოღონდ ისეთი საქმიანობით, რომელიც სწორედ მისსავე მოთხოვნილების, სურვილისა და აკვიატების დაკმაყოფილებას ემსახურება. ასეთია, მაგალითად, ნარკოტიკის შოვნას გადაგებული ნარკომანი ან ვინმე წერის ჟინს აყოლილი ჩემნაირი გრაფომანი.

ვინ იცის, ზოგჯერ შენ თვითონაც ყოფილხარ ასეთ მდგომარეობაში, რომელიც საკმაოდ უსიამოვნო ნალექსაც დაგიტოვებდა, რადგან ის არის თავისუფლების ზუსტად საპირისპირო რამ. მართლაც, დაუკვირდი, რომ თავისუფალი ნიშნავს თავის უფალს, საკუთარი თავის უფალს. ხოლო უფალი ნიშნავს მფლობელსა და უფლების მქონეს. ამიტომ თავისუფალი არის თავისი თავის მფლობელი და ბატონ-პატრონი. თავისუფალს აქვს თავისი უფლება. ამიტომ, თუნდაც გაგიკვირდეს, უნდა გითხრა, რომ თავისუფლების საპირისპირო არ არის მონობა. მართლაც, მონა ემორჩილება სხვა ადამიანის, ბატონის ნება-სურვილს, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ უწევს. მაგრამ სხვა ადამიანის მონას შეიძლება ჰქონდეს კონტრფაქტობრივი - რეალური ფაქტის სახით არარსებული - გამოსავალი, რომელსაც მონა ამ სიტყვებით გამოთქვამდა: „ბატონი რომ არ მყავდეს, მე ვიქნებოდი თავისუფალი ადამიანი“.

მსგავს რამეს ვერ იტყვის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია თავისი თავით და, ამავე დროს, გატაცებულია საქმიანობით, რომლითაც თავისივე ნება-სურვილის ასრულებას ემსახურება. მისთვის მისაწვდომი ერთადერთი კონტრფაქტობრივი ვითარება დაახლოებით ამ სიტყვებით გამოითქმებოდა: „მე რომ არ ვარსებობდე, მე არ ვიარსებებდი“. ეს კი არის ელემენტარული და ურყევი ტავტოლოგია, რომლითაც ამოქოლილია რეალურად არარსებული, მაგრამ ლოგიკურად მაინც შესაძლებელი გამოსავალი, რომელიც ჩვეულებრივი ბატონის უკანასკნელ მონასაც კი აქვს. ამის გამოა, რომ თავისი თავით შეპყრობილ-გატაცებული ადამიანის ცნობიერი ცხოვრება წარმოადგენს თავისივე არარსებობის, საკუთარი არყოფნის ზედაპირზე მოხაზულ ორნამენტს, საკმაოდ ნათელსა და გასაგებს, სიმეტრიულსა და უშინაარსოს - ۞.

ბოროტებაზე უარესი მხოლოდ შელამაზებული ბოროტებაა.

ხოლო ის, რაც მოკლებულია საკუთარ შინაარსს, განსაკუთრებით იოლად გამოსადეგია სიმბოლოს როლში. მართლაც, სიმბოლო არის რამე ფიზიკურად არსებული - გრაფიკული გამოსახულება, საგანი, ბუნების მოვლენა და სხვა - რომელსაც დამოუკიდებლად მისი საკუთარი შინაარსისგან, თუკი ასეთი რამ საერთოდ აქვს, ნებისმიერად მიეწერება რაღაც სხვა, მისთვის გარეშე მნიშვნელობა. ხაზებისა და რკალების კომბინაცია ხდება კონკრეტული ბგერის აღმნიშვნელი სიმბოლო, ასო; ხოლო უმანკო შავი კნუტი ან სულმთლად მისი უწმინდესობა ყვავის ჩხავილი ვიღაცისთვის ავისმომასწავებელი სიმბოლოა.

ეზოთერიკა საერთოდაც იდიოტების საქმეა. უბრალო უწიგნურობის გამო მათ სიმბოლოებში ელანდებათ მხოლოდ ღირსთათვის გასაგები აზრი და მნიშვნელობა. მაგრამ მე აქ მოგახსენებ რამდენადმე განსხვავებული ტიპის იდიოტებზე, რომლებიც მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობენ, თავის არსებობაში, თავის პიროვნებაში დაინახონ რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ასეთი ადამიანი თავის თავს მიიჩნევს სიმბოლოდ, რომლის მნიშვნელობას რელიგიური აღტყინებით უნდა ემსახუროს, დროდადრო მაინც. ასეთ მომენტებში მისი ცხოვრება რიტუალია, რომელსაც იგი საკუთარი პერსონის გარშემო ასრულებს. მოკლედ, მკითხველო, იქნებ შევთანხმდეთ, რომ ამგვარ ადამიანს ამიერიდან ვუწოდოთ „ავტოსიმბოლური“. ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტოსიმბოლური ადამიანი თავს შეიძლება სრულებით სხვადასხვანაირად ამჟღავნებდეს. ის შეიძლება გააფთრებით იხვეჭდეს ან უმაქნისობისგან ობდებოდეს, გააჩნია, როგორ გარემოშია გამოზრდილი.

კულტურისა და სოციუმის ანთროპომორფიზაციას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ძნელია, ზოგ კულტურასა და საზოგადოებაში არ დაინახო ავტოსიმბოლიზაციისკენ მიდრეკილება და შესაბამისი ტრადიციები. პირველ რიგში, ცხადია, საქართველოს ვგულისხმობ.

არსებობა ნიშნავს განსხვავებულობას.

ასეა ჩვენთვის მეტ-ნაკლებად უშუალოდ ნაცნობ, ეგრეთ წოდებულ, მაკროფიზიკურ სამყაროში, რომელშიც ხოჭოები, ადამიანები და პლანეტები ბინადრობენ; რომელიც გინდა შეამოწმო, ყოველი ფოთოლი თავისებურია და სხვა ფოთლებისგან განსხვავებული. ამაზე ლაიბნიცი წერდა.

მაგრამ ეს უბრალო ფაქტი ადვილად ავიწყდება ხოლმე როგორც ვინმე ცალკეულ ადამიანს, ასევე რომელიმე საზოგადოებასა და კულტურას. ავიწყდება კი იმიტომ, რომ ურჩევნია, თავის ბუნებრივ განსხვავებულობაში დაინახოს სიმბოლური განსაკუთრებულობა, რომელშიც იმალება და იგულისხმება შეძლებისდაგვარად ზებუნებრივი მნიშვნელობა, აზრი, მისია და მადლი. დააკვირდი ქართველებს, რომლებიც თავისი ქვეყნის ისტორიაშიც სიმბოლური მნიშვნელობის ამოკითხვას ცდილობენ მაშინაც კი, უფრო ზუსტად, განსაკუთრებით მაშინ, როცა წერა-კითხვა უჭირთ. ეს საკმაოდ ხალხური მიდრეკილება ინსტიტუციონალურადაა გამყარებული მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით, რომელიც გამოჩენილ ისტორიულ პერსონაჟებს წმინდანებად შერაცხავს ხოლმე. ასეთი სიმბოლური ძალადობის მსხვერპლია, მაგალითად, დავით აღმაშენებელი ან ილია ჭავჭავაძე. ზედმეტი არ იქნებოდა, მათი უფლებების დაცვაზეც ეზრუნა ვინმეს.

ქართველების ოხტში ამოსვლას სულაც არ ვლამობ. ამის დასადასტურებლად მოგახსენებ, ჩემო კეთილო მკითხველო, რომ საქართველოს გარდა, ავტოსიმბოლიზაციით განმსჭვალული ჩანს თანამედროვე რუსეთის ოფიციალური კულტურაც და ხალხური იდეოლოგიური წარმონაქმნებიც. მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ისტორიის, თანამედროვე რუსული კულტურისა და საზოგადოების ავტოსიმბოლიზაციაში ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც აქ. იქ რუსული მარში გრგვინავს, აქ ქართული მარში ქუხს. ქატოა იქაც და აქაც. ერთნაირი მექანიზმები და პროცესები ამ ქვეყნების საერთო ისტორიაში, რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა. რამდენადაც ქვეყანა შეიძლება ეწოდოს კულტურის, საზოგადოებისა და მისი ტიპური წევრისთვის დამახასიათებელი მენტალობის ერთიანობას, ორივე ეს ქვეყანა ერთნაირად უძალიანდება ავტოსიმბოლიზაციის გაუქმებას და შეულამაზებელ სინამდვილეში დაბრუნებას. კომუნისტურ პარტიაში გამოზრდილი, შემდეგ კი ეკლესიასთან შეხმატკბილებული ქართველი და რუსი ისტორიკოსები, ასევე წითელი ინტელიგენციის სხვა დარგების წარმომადგენლები შეულამაზებელ, გაუყალბებელ სინამდვილეს სახელად არქმევენ ჰომოსექსუალურ დასავლეთს. კაგებეშნიკურ სულისკვეთებას აყოლილი ადამიანები ორივე ენაზე ერთსა და იმავეს გაიძახიან - ჰომოსექსუალები მოდიან, რათა ჩვენი შვილები მოტყნან!

უკეთ განვმარტავ, რას უნდა გულისხმობდეს ეს უცნაური ნეოლოგიზმი - ავტოსიმბოლიზაცია. ძალიან ზოგადად, ესაა კულტურის, საზოგადოებისა და ადამიანის მიერ თავისი თავის იმად დასახვა, წარმოდგენა და გასაღება, რაც ის არ არის, არ ყოფილა და არ იქნება. სხვა სიტყვებით, ავტოსიმბოლიზაცია არის შარლატანობა, რომელსაც გამოარჩევს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური ჟესტი, მსგავსად იმისა, როგორც ცრუ რელიგიურობას გამოხატავს სხვების დასანახად გადაწერილი პირჯვარი. სხვა სიტყვებით, ავტოსიმბოლიზაცია არის სიმბოლური მნიშვნელობის მქონე მოქმედება, ფიზიკური ან სიტყვიერი ჟესტიკულაცია, რომელიც უპირატესად საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ სრულდება. შესაბამისად, ავტოსიმბოლური ჟესტის დრო და ადგილი დღესდღეობით ყველაზე მეტად არის ტელევიზია, როგორც ცისფერი მოედანი. ამ მოედანზე მოსახვედრად ან უშუალოდ გადაცემაში მონაწილეობენ, ან მოქმედებენ გადამღები კამერების მღვრიე გუბეებით მორწყულ ქუჩებში.

ავტოსიმბოლიზმისთვის კიდევ უფრო კონკრეტულად დამახასიათებელი კი, რა თქმა უნდა, არის... არა, ეს არაა სიმბოლური მნიშვნელობის შექმნა ან შეთხზვა, არამედ ესაა სიმბოლური ფუნქციის დაკავება გარკვეული, სათანადოდ სიმბოლური მნიშვნელობის მიმართ. საყურადღებო მგონია, რომ ავტოსიმბოლიზმისთვის დამახასიათებელი არის სიმბოლური ფუნქციის უპირატესობა სიმბოლურ მნიშვნელობასთან შედარებით. განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობის მიხედვით ავტოსიმბოლიზაციაში მონაწილე ადამიანები შეიძლება განაწილდნენ განსხვავებულ, ზოგჯერ რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფებად. თუმცა ფუნქციის მიხედვით ისინი სრულებით ერთნაირად, თანაბრად იქნებიან ავტოსიმბოლური სუბიექტები.

სხვა სახის შარლატანობისგან ავტოსიმბოლურს გამოარჩევს მცველის, დარაჯის როლი და ფუნქცია! ეს როლი ისეთივე ორსახოვანი იანუსია, როგორიც გარკვეულ ვითარებაში არის ხოლმე „ზღურბლის“ ჩვეულებრივი დარაჯი, მცველი. უფრო ზუსტად, ეს ორმაგი ფუნქცია გულისხმობს სიმბოლური მნიშვნელობის როგორც გარეშე მტრის შეჭრისგან დაცვას, ასევე თავად ამ სიმბოლური მნიშვნელობის შეკავებას მისთვის განკუთვნილ და მიჩენილ საკრალურ, ანუ იდელოგიურად მნიშვნელოვან სივრცეში.

ამავე დროს, მეჩვენება, რომ სპეციალურად შერჩეული ან მემკვიდრეობით მიღებული სიმბოლური იდეა სინამდვილეში და პირველ რიგში ემსახურება სიმბოლური ფუნქციის შელამაზებას, შეძლებისდაგვარად გაკეთილშობილებას და ჰეროიზაციას, ანუ გმირულ, მეტიც, დევგმირულ საქმედ წარმოჩენას. ამისათვის კი დასაცავ-სადარაჯო სიმბოლური მნიშვნელობის ნომოლოგიური, ღირებულებითი სტატუსი რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს, ხოლო საკრალური ზღურბლის რომელიმე მხრიდან, გარედან ან შიგნიდან, გადალახვის საფრთხე - უეჭველი და ზედ კარსმომდგარი. ავტოსიმბოლიზაციის აუცილებელი პირობაა მცველ-დარაჯის როლის საჯაროდ შესრულება, რათა თვითონ ეს როლი გახდეს საყურადღებო, როგორც მოედანზე გამოდგმული ახალი ძეგლი. მაგრამ სიმბოლურ მნიშვნელობას, იდეას თუ ღირებულებას თავისთავად მეტი არაფერი მოეთხოვება, ის შეიძლება იყოს საინტერესოც და ბანალურიც, მიმზიდველიც და შეუხედავიც, დასავლურიც და აღმოსავლურიც. არსებითად ერთადერთი, რაც მას მოეთხოვება ისაა, რომ სიმბოლურობა არ დაკარგოს და არ გადაიქცეს სახიფათო ფიქრის, თანმიმდევრული აზროვნების, გაწაფულად წერისა და მეტყველების, სწორად მოქმედების სარბიელად. მოკლედ, ის არ უნდა გადაიქცეს ნამდვილ საქმედ, რომელიც საკუთარი თავით შეპყრობილ და გატაცებულ ადამიანს, „მოედნის ადამიანს“ მყუდროებას დაურღვევს.

სწორედ ესა აქვთ საერთო ქართული მარშისა და ლიტერატურულ სამკუთხედად წოდებული ერთი გადაცემის წევრებსა და მონაწილეებს. ერთნი მითიური ქართული ჰეტეროსექსუალობის სადარაჯოზე დგანან და გააფთრებული ჰომოფობიით არიან შეიარაღებული, ხოლო მეორენი, პირიქით, ანტიჰომოფობიური და სრულებით ცივილიზებულად ტოლერანტული მსოფლმხედველობით გამოირჩევიან. მაგრამ ამათი „პროდასავლურობა“ რატომღაც არანაირად არ მჟღავნდება გადაცემის საკუთრივ ლიტერატურულ კონტექსტში. ისინი არაფერს ან ვერაფერს ამბობენ ავტორებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების ლიტერატურულ თავისებურებებზე. ლიტერატურულად წოდებულ გადაცემაში ლიტერატურული კრიტიკულობის ნასახიც არ ჩანს.

ლიტერატურაზე მათ კრიტიკულად, ანუ კონკრეტულად არაფრის თქმა არ სურთ ან არ გამოსდით. ყველა ქართველი ავტორი, რომელსაც ახსენებენ, ან დიდია ან ნიჭიერი, მაგრამ თუ რატომაა ასე და არა სხვანაირად, ამის თაობაზე მათგან ვერაფერს გაიგონებ. ხან თუნუქისგან გამოჭრილ სიტყვებს დაყრიან, ხანაც ისეთ უთავბოლო ფრაზებს ხლართავენ, დაბოლილ ობობას რომ შეეფერება. სამაგიეროდ, ქართული მარშის არ იყოს, ლიტერატურული სამკუთხედიც ერთ მიზანს აღწევს, სახელდობრ, ავტოსიმბოლიზაციას, თავისი თავის სიმბოლიზაციას. გარკვევით და კრიტიკულად ისინი არაფერს ამბობენ-მეთქი ლიტერატურაზე, სამაგიეროდ მშვენივრად ითვისებენ და ირგებენ ქართულად დაწერილი და თარგმნილი ლიტერატურის დამცველების, მეტიც, ოდესმე რუსეთისგან დამსხლტარი და დასავლურ სამყაროსთან შერწყმული საქართველოს გულდასმით მოდარაჯეთა როლს. ისინი თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ევროპისკენ აღძრული მთელი საქართველოს მოკრძალებული და გულწრფელი... სიმბოლოები არიან კვირაში ერთხელ, გადაცემის დასაწყისიდან დასასრულამდე.

მაგრამ რას შვრება, რა ღონეს ხმარობს ხოლმე ქართველი, როცა იძულებულია, ხმა ამოიღოს, სათქმელი კი თითქმის არაფერი აბადია? ასეთ გასაჭირში ჩავარდნილი ქართველი სადღეგრძელოს ამბობს; და მართლაც, ლიტერატურულ სამკუთხედს თუ ყურს დაუგდებ, მრავალ უგერგილო სადღეგრძელოს მოისმენ ლიტერატურისა და ლიტერატორების თაობაზე ნათქვამს. ამითაც ჰგვანან და უნდა ჰგავდნენ კიდეც სამკუთხედელები მარშელებს. ამ უკანასკნელთა მიერ დაუზარლად გადმოფრქვეული ლანძღვა-გინება ხომ იგივე სადღეგრძელოებია, იგივე შტამპები და კლიშეებია, ოღონდ საპირისპირო ნიშნით აღებული, ასე ვთქვათ, ნეგატიურად ხორცშესხმული, როგორც წყევლა-კრულვა არის თავდაყირა დაყენებული ლოცვა-კურთხევა.  

ვინმე ფილოსოფოსს თავისუფლად რომ ეცხოვრა საქართველოში, თავის დროზე განუმარტავდა მოედნის ადამიანს ავტოსიმბოლიზმის საკმაოდ ელემენტარულ მექანიზმს. აუხსნიდა და თვალსაჩინოდ წარმოუდგენდა, რომ შარლატანობის გარდა, სხვა გზაც არსებობს, რომ საკუთარი თავით შეპყრობილი და გატაცებული ადამიანის ცნობიერება სინამდვილეში შეიძლება სამარცხვინოდ ცარიელი იყოს და სიმბოლოსავით მხოლოდ სხვებზე დამოკიდებული. მე კი მხოლოდ ერთი გამოუსწორებელი ლიბერალი ვარ და ისევ ლიტერატურულ სამკუთხედს ვგულშემატკივრობ, რა გაეწყობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ჩემი, შენი და ჩვენი ღმერთი

აღდგომა იყო. მაშინ დედამ პირველად მომიყვა ქრისტეზე და მითხრა: „ხალხმა ჯვარს აცვა სიყვარულისთვის. ეგონათ დაამარცხეს ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ერეკლეს ციხე ნავთლუღში - ათწლიანი ძებნის ...

 „ლიბერალის“ რედაქციას დროდადრო ბლოგების დაწერას შევპირდი. იმასაც შევპირდი, რომ პირველ რიგში საკრებულოშ ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ოპიუმი ხალხისთვის“, ანუ - „ჯვარს აცვი ი ...

„რელიგია ოპიუმია ხალხისთვის“. კარლ მარქსი რას შეიძლება ნიშნავდეს რელიგიურობა კაპიტალისტურ ეპოქაში და როგორ ...

მეტი

^