Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოცხადებული თვითმკვლელობის ქრონიკა

15 ნოემბერი 2017

 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა. „დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა“ - წერს სტურუა წერილში. 

44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ორი შვილის მამამ თავი ვალების გამო ჩამოიხრჩო, მანქანაში კი წერილი დატოვა. წერილში ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა: „პატივცემულო „რესპუბლიკა ბანკის" წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩვენ მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი... თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის", - წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსრუაშვილმა ბანკს მისწერა.

„ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა პოლიციის ზეწოლის შედეგად თავი ჩამოიხრჩო“, - ამის შესახებ „ლიბერალს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა. „ადამიანი რომ მოვა პოლიციიდან და იტყვის, რომ კიდევ თუ დამიბარებენ, აღარ წავალ და თავს ჩამოვიკიდებო. დილას 10 საათზე კიდევ რომ დაიბარებენ და საღამოს 5 საათზე დამხრჩვალს ნახავ, რისგან უნდა იყოს გამოწვეული?!“.  

გაბრიელ გარსია მარკესი, რომანს „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ იწყებს ფრაზით: „იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში“. დეტექტიური ნოველებისგან განსხვავებით „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ არ იძიებს მკვლელობას, რომელიც პირველივე წინადადებიდან ცხადია. ნარატორს არა სიკვდილის დადგომა აინტერესებს, არამედ ის, თუ როგორ იყო წინასწარ განჭვრეტილი სიკვდილი და როგორ არ შეუშალეს  ხელი მკვლელობას. რომანში ჩაღრმავება აქ მივატოვოთ და ამ მოდელით შევხედოთ ზემოთ მოყვანილ ტრაგედიებს.   

დემურ სტურუას მორალური გატეხვა და სისტემური ფსიქოლოგიური ძალადობა ღიად ხდებოდა. აქ სამართლიანობამ პური ვერ ჭამა, მკვლელი პოლიციელი თავისუფალია, მაგრამ გარკვეული საზოგადოებრივი თანხმობა, რომ რეპრესიული აპარატი პოლიციის სახით იმორჩილებს ჩვენს სხეულებსა და ძალადობს ფსიქიკაზე, არსებობს, არსებობს წინააღმდეგობის მუხტიც. საქმე ბევრად რთულადაა, როცა ორი შვილის მამის თვითმკვლელობის ამბავს ვიგებთ. ერთი შეხედვით ამ ქმედების მაპროვოცირებელ აპარატს ვერ ვავლენთ.  გვწყინს, როგორც ერთეული ტრაგიკული გადაწყვეტილება. ისე ვაფასებთ მოვლენას, თითქოს  თვითმკვლელობა სიღატაკის შიშის და მისგან თავის დაღწევის და შვილების დაცვის მიზეზით, მაგრამ მაინც ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატვისთვის დადგმული პერფორმანსი იყოს.

ჩვენს ქვეყანაში სიღატაკეზე, დაუსაქმებლობის მაღალ მაჩვენებელზე, საბანკო საპროცენტო განაკვეთის მტაცებლურ მასშტაბზე ნებისმიერი ხელისუფალის პოლიტიკა გვპასუხობს, რომ ეს კანონზომიერია, ეს ბაზარს სჭირდება. თუ არ მოგვწონს ჩვენი ყოფა, თუ გაღატაკების რისკების მატარებლები ვართ, მაშინ უნდა გავმდიდრდეთ, ვიშრომოთ ბევრი და ა.შ. აქ ყველა სხვა პასუხი, ალტერნატიული იდეა პასუხისმგებლიანი და გამანაწილებელი სახელწიფოს შექმნაზე, მარგინალად გაქცევს. ბანკი, როგორც პოლიცია, ჯერ ინსტიტუციურად მხილებული ძალადობრივი აპარატი არ არის, მასზე კონსენსუსი არ შემდგარა. მე კი გეტყვით, რომ თუ გოდერძიამ დემურ სტურუა გატეხა, სოციალურმა სიდუხჭირემ 2 შვილის მამას არსებითად იგივე გაუკეთა. ამ მოცემულობის დანახვით მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ არსებობს ბრძოლის მკვეთრი ხაზი, იგი ადამიანის ღირსებისთვის ბრძოლაზე გადის, და გვაიძულებს, მოვიფიქროთ ისეთი ეკონომიკური და იდეოლოგიური პროექტი, რომელიც პირადი არჩევნის ფარგლებში არ მოაქცევს კოლექტიურ ტრაგედიებს.

რამდენიმე დღის წინ ჯართის შეგროვების გამო პოლიციაში დაბარებული 28 წლის ამირანი თავის დასთან საუბარში ამბობდა: „ან თავი უნდა მოვიკლა ან მაგენს უნდა დავუშავო. მაგენს ვერაფერს დავუშავებ, ამიტომ თავს ჩამოვიკიდებო“. თავს ნუ მოვიტყუებთ, ნულოვანი ტოლერანტობის იდეით ნაგები სახელწიფოს ჩონჩხი არავის ჩაუნაცვლებია მზრუნველი და გამანაწილებელი სახელწიფოს იდეით. ამირანი სოციალურად დაუცველი იყო, საარსებო შემწეობას 2017 წლის მონაცემებით 131,679 ოჯახი ითხოვს, სულ 457,540 ადამიანი. სახელმწიფომ 2017 წელს კი ოჯახზე წლიურად 159,9 ლარი გამოყო. ხარაგაულში, საიდანაც ამირანი იყო, 1,624 ოჯახი ელოდება სახელწიფო შემწეობას, რომელზეც 2017 წელს სახელმწიფომ 277,190 ლარი გამოყო, რაც ოჯახზე 170 ლარი გამოდის. ეს მონაცემი ცხადად გვაჩვენებს, რომ სახელწიფო მასზე დამოკიდებულებას უწყობს ხელს (რომელიც იმდენად მიზერულია, რომ ღირსეული ცხოვრების სტანდარტს ვერ ქმნის), რადგან არ აქვს დეკლარირებული პოლიტიკა თუ როგორ ჩადოს მოქალაქეთა გაძლიერებაში რესურსი. მეორე ხელით კი ამ რეალობიდან წამოსულ 28 წლის ახალგაზრდას ჯართის შეგროვების გამო პოლიციაში ისე ექცევა, რომ მეორე დღეს ადამიანი თავს იხრჩობს.

მკითხველო, ცხადია, ყველა თვითმკვლელობა წინასწარ გამოცხადებული იყო. ცხადია, ყველამ ჩუმი შიშით ვიცით, რომ ნებისმიერ წამში სახელწიფოსა და სოციალური უძლურება თავის მოსპობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანს ვინმეს. თავის მოსპობა აქტია, რომლითაც იმ ტოტალური წესრიგის მხილება გინდა, საიდან გამოღწევაც, ზემოთ ამოსვლა მითია, ხოლო შეცვლა, გაკეთილშობილება - წარმოუდგენელი. ჩვენ ვიცოდით და ხელი არ შევუშალეთ. ამირანი ამბობდა - მაგენს ვერაფერს დავუშავებო, მაგრამ არც ჩვენ, პატივცემულ სამოქალაქო საზოგადოებას, არ დაგვიშავებია „მაგენისთვის“ არაფერი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^