Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორი მამა

01 დეკემბერი 2017

- მამა მოდი ვითამაშოთ, “ფრი, ფრი!” შენ ამაგდებ მაღლა ცაში და არ შემეშინდება რომ ციდან დაბრუნებულს, შენს ხელებში საფრთხე მემუქრება. 

- მამა გთხოვ, მეთამაშე “ფრი, ფრი”. იქნებ თამაშში მაინც შეძლო გამოფხიზლება.

- ან უკეთესი - გამოვიგონოთ დროის მანქანა. დავბრუნდეთ უკან წარსულში და შენ მე მომძებნი, ისევ პატარას. შემიყვარებ სასმელზე მეტად და მერე დავაყენებთ მაღვიძარას ყველა საათზე, რომ აღარასდროს დაგავიწყდეს ჩემი დღეობა. უკან წარსულში მაინც მასწავლე ცურვა და ველოსიპედის ტარება. დამიჭირე საჭე, რომ არ წავიქცე, ანდა ოდესმე შენგან მაინც გავიქცე, აღარ მინდა ვიყო მარტო შენი გადამრჩენელი. იქ მაინც მაკოცე პატარა ხელებზე და შემიკეცე საბნის ბოლო, რომ არ გავცივდე, სამუდამოდ - შენი ხელიდან. თავიდან მომიყევი ყველა ზღაპარი და ძილის წინ დამპირდი, რომ მოინდომებ წინანდელზე მეტად. დამპირდი მამა, ერთხელ მაინც დამპირდი რამეს და შეასრულე სიტყვა. გთხოვ, წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება რომ გამოვიგონოთ დროის მანქანა და თავიდან დავიწყოთ ცხოვრება. შენ აღარ დალევ და აღარ გალევ დროს ბოღმაში, მერე სირცხვილში და ბოლოს დარდში. აღარ დამახრჩობ აღარც მე და აღარც დედას - ღვინის ყანწებში, იაფფასიან არყებში, უზარმაზარ ლუდის კათხებში.

მამა ისე ძალიან მინდა ავაწყოთ სულ პატარა დროის მანქანა, რომ ვიცი გამოგვივა! დავბრუნდებით უკან მზიან წარსულში და თავს აღარ შევაჭმევინებთ დილის სიჩუმეს და სირცხვილზე სევდას. მე დაგიფიცებ რომ აღარ ვიტირებ შენ გამო და შენ დამიფიცებ, რომ აღარ შემეხები დასპირტული ხელებით. შენ აღარ გვატკენ ხორცებს სულამდე და მე აღარასდროს მომიწევს გადავეფარო უსუსურ დედას, როცა დათვრები და ვერც ერთს ვერ გვიცნობ. წარსულიდან დავიწყოთ რა ცხოვრება, რომ აღარ დავისაჯო თავი და არ გამიხარდეს, რომ საერთოდ ვეღარ ვგრძნობ ტკივილს. აღარ გავერთო საკუთარი სხეულით და აღარ დავიხატო სხეულზე აღარაფერი ბასრი საგნით. დავბრუნდეთ რა უკან, ჩემს ბავშვობაში და მე გავიზრდი გრძელ თმებს წელამდე. სულ წავიკითხავ ჩვენი სახლის ბიბლიოთეკას. აღარ მინდა, რომ მძულდეს ვინმე. გავისეირნოთ მე და შენ სკვერში ან ბაღში და ზაფხულში ბებოსთან დავისვენოთ სულ ყველამ ერთად. ავკრიფოთ თხილის მოსავალი ვენახის ბოლოს და შევუბეროთ სული ბაბუაწვერას, გავფანტოთ ქარში, როგორც დარდები, შორს რომ წავიდნენ ჩვენგან. შენ მომიტანე მინდვრის ყვავილები და დედა გვირილების გვირგვინს დამიწნავს. მაღალი ხიდან მომიწყვიტე ალიბუხარი და კისერზე შესმული გამასეირნე ღამე ქუჩებში. მინდა მეგონოს, რომ ვწვდები მთვარეს. თვლა მასწავლე ვარსკვლავების დათვლით, ყოველ ღამით ვიმეოროთ ერთად.

მალე უნდა გამოფხიზლდე მამა, ჩვენ ასაწყობი გვაქვს დროის მანქანა! თორემ დავიღალე უკვე ძალიან. შენი აგრესიით, სიმთვრალით, ბრაზით და ამ დალეწილი თეფშებით, რომლებიც ჩემ ოცნებებზე შენზე მეტს ჰყვებიან. გამოფხიზლდი მამა და შემომხედე ბოლოს და ბოლოს, მე ხომ უკვე აღარც მეშინია! მითხარი, სად მიგათრევენ არყის ბოთლები, როგორ გკარგავენ ბნელ ჩრდილოეთში ან რა იპოვე ჩვენგან ასე შორს, რომ ვერ ელევი?! რა ვქნა მე მამა, რომ შენ ერთი კი არა, ორი კაცი ხარ და შენი ცხოვრებაც ორ კაცს შორის მოქცეული ეპიზოდია. რა ვქნა, რომ მაინც ისე ძლიერ მიყვარხარ, რომ პირადი ღმერთი მგონიხარ და არ შემიძლია არ გითხრა, რომ უნდა გამოფხიზლდე მამა, დროის მანქანა გვაქვს ერთად ასაწყობი!

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^