Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რიგითი რატიანის გადასარჩენად

31 დეკემბერი 2017

მოქმედი პირნი:

მ ე ლ ე ქ ს ე

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო

გ ა მ პ რ ა ვ ე ბ ე ლ თ ა   ქ ო რ ო

ს უ რ ა თ ი   პ ი რ ვ ე ლ ი

[მოქმედების ადგილი — სიურეალიზმის საბურველში გახვეული თბილისი. ნათდება სცენა. შემოდის ნარინჯისფერ ქურთუკში გამოწყობილი მელექსე. მისი ქცევა, მეტადრე მისი სასცენო კოსტიუმი უკიდურესად გამომწვევია. ელექტრიკი ნარინჯისფერი იმთავითვე მოასწავებს მოჭარბებულ აგრესიას, გაურკვევლობას, რაღაცა საშინელს. ქუჩაში მდგომი, მოულოდნელად ის იწყებს ყვირილს, უშვერ სიტყვებს კოსმოსში გზავნის, იკლაკნება, იგრიხება და მის სახეზე თავისით იწყებენ გაჩენას დაზიანებები. დიდები, პატარები. ზოგი ლურჯია, ზოგიც - ვარდისფერი.

სცენის სიღრმიდან ნაზად, მოხდენილი მოძრაობებით შემოდის სახელმწიფო და მზრუნველი სახით მელექსეს უახლოვდება. გაოცებულია. გაოცებასთან ერთად, სახელმწიფოს გამოხედვაში თითქოს წყენა შეიმჩნევაო]

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო. პატრულ-ინსპექტორი - ჯუღაშვილი! (პირობითად).

მ ე ლ ე ქ ს ე. პოეტი - რატიანი!

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო. “შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით, მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით.”

[სახელმწიფო ნატიფი მოძრაობით ჩაავლებს ხელს მელექსეს და ფრთხილად, რუდუნებით ჩატენის მას მანქანაში. უწყინარი თვალები ქურთუკისკენ მიუპყრია]

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო. ეს რა ფერია, რა გაცვია, ბიჭო?!

გ ა მ პ რ ა ვ ე ბ ე ლ თ ა   ქ ო რ ო. მართლაცდა, ეს რა ფერია, რა გაცვია, ბიჭო?!

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო. ჩემს მოქალაქეებს ხომ არაფერს დაუშავებ? ხომ არაფერს დაუშავებ ჩემს ძვირფას ბარტყებს?

გ ა მ პ რ ა ვ ე ბ ე ლ თ ა   ქ ო რ ო. ჩვენს მოქალაქეებს ხომ არაფერს დაუშავებ? ხომ არაფერს დაუშავებ ჩვენს ძვირფას ბარტყებს?

[მელექსე უხეში რიტმული მოძრაობით აგრძელებს ფართხალს და ეტყვის სახელმწიფოს:]

მ ე ლ ე ქ ს ე. “სულ მინდა შენზე ისე ვწერო, თითქოს არსებობ. და ყოველთვის ისე გამომდის, თითქოს თვითონ გამოგიგონე.”

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო. რაებს ჩმახავ?

გ ა მ პ რ ა ვ ე ბ ე ლ თ ა   ქ ო რ ო. მართლაცდა, რაებს ჩმახავ?

[მელექსე უკანასკნელ ძალებს იკრებს და ცდილობს თავი იმართლოს. დავუშვათ, ასე:]

მ ე ლ ე ქ ს ე. “ვიდრე ადამიანმა არ იცის, როდის მოკვდება, იარსებებს პოეზიაც!”

[თავში რვა წყვილ ხელს ჩაავლებენ და ხელახლა ტენიან მანქანაში. გაჰყავთ. ამას აკეთებენ ფრთხილად, თითქოს ფაიფურის მსხვრევად ჭურჭელს ეფერებიანო]

ს უ რ ა თ ი   მ ე ო რ ე  

[მოქმედების ადგილი - ღამის დიღომი, პოლიციის განყოფილება. მინიმალური დეკორაცია. განყოფილების მოზრდილ ოთახში 16 სამუშაო მაგიდა, ამდენივე სკამი, 9 პერსონალური კომპიუტერი, 4 ლეპტოპი და პატრიარქის 1 სურათია.

ქუჩიდან ვიღაცის ხმა გაჭირვებით შემოაღწევს და სცენაზე ყრუდ გაისმება: “შენ მოგიტყნავ კეთილებს!” იყვირე ხმავ, “შენთვის შეიძლება.”

გაწვიმდება და წამოვა შარდის წვიმა, ამ და სხვა ამის მსგავს განყოფილებებში რომ აუგროვებიათ. ერთხანს იწვიმებს. მერე გადაიღებს და ცაზე სხვადასხვა დროს განყოფილებაში ასე მიყვანილი და უკან აღარგამოშვებული ადამიანები აკიაფდებიან. მათთან ერთად აკიაფდებიან მუშები ამ და სხვა ამის მსგავსი ქალაქებიდან, მის დღეში ცაზე გამოკიდებულები, უხარისხო ბეტონმა რომ ვერ გაუძლოთ. ეს მუშები ციური ობიექტები არიან. ჩვენი ვარსკვლავები არიან. ზოგიც კომეტა. და დასრიალებენ ეს კომეტები ჩვენს ზემოთ და სერავენ თბილისის ცას.

შობა ღამით, როცა თქვენი სუპერვარსკვლავის თხოვნით სახლის ფანჯრებში სანთლებით გამოდგებით, ყურადღებით იყავით და ხშირად გააპარეთ თვალი იქ, ზემოთ - ცას მუშა რომ მოსწყდება, სურვილი ჩაიფიქრეთ. ჩაიფიქრეთ და აუცილებლად აგისრულდებათ.

განყოფილებაში მომუშავე პატრულის რვა ინსპექტორი ყველაზე დიდი მაგიდის გარშემო ზის. “სხვა რა საქმე აქვთ, საუბრობენ პოეზიაზე.”]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^