Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როზალინდ ფრანკლინი - დნმ-ის დავიწყებული გმირი - ნაწილი პირველი

09 იანვარი 2018

აბსტრაქტი

სამეცნიერო სტატიაში განხილული და გაანალიზებულია დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენის ისტორია. ნაშრომის მთავარი მიზანია, ნათელი მოჰფინოს ცნობილი მეცნიერის, როზალინდ ფრანკლინის, გადამწყვეტ როლს სიცოცხლის საიდუმლოს შემნახველად წოდებული ამ უმნიშვნელოვანესი მოლეკულის გასაშიფრად გაჩაღებულ სამეცნიერო რბოლაში, რამეთუ ისე გავიდა მრავალი ათეული წელი, ეს ფაქტი სრულებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ფრანკლინის სახელი არც კი უკავშირდებოდა საუკუნის ამ ყველაზე დიდ აღმოჩენას. მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრემ და აგრეთვე, ამ აღმოჩენისათვის დაჯილდოებულმა სამმა ნობელიანტმა იცოდა სიმართლე. უხვი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების, გაანალიზების, თარგმნის, მრავალწლიანი მუშაობის, წყაროთა შეჯერებისა და მწვავე ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე პასუხი გავეცით აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ამ მეცნიერის გარდამტეხი კვლევებისა და განუზომელი ღვაწლის შესახებ. მას უკვე ეწვია ნაგვიანევი აღიარება, სახელი და დიდება. დღეს ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა იცის ნამდვილი ისტორია, ვიდრე - ორმოცდაათიან-სამოციან წლებში, თუმცა, საჭიროდ მიგვაჩნია სრული სურათის აღდგენა, რადგან სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვიდეოპორტალებზე, ფორუმებსა და სოციალური მედიის ვებგვერდებზე მიმოფანტული კომენტატორები ამ საკითხის განხილვისას ამტკიცებენ, რომ „ფრანკლინს არაფერი აღმოუჩენია“; რომ „ორმაგი სპირალი თავიდან ბოლომდე უოტსონისა და კრიკის აღმოჩენაა“; რომ „ეს ყველაფერი ფემინისტური პროპაგანდა, შეთქმულება და ისტორიული რევიზიონიზმია“; რომ „კონსპირაციის თეორიების მოყვარული ფემინისტები განგებ იხვევენ თითზე ამ ამბავს, „აბუქებენ“, აზვიადებენ ფრანკლინის როლს (რაკი ქალი იყო) და პარალელურ ისტორიას წერენ“; რომ „ფრანკლინი უარყოფდა დნმ-ის სპირალურ სტრუქტურას და არ ეთანხმებოდა მათ“; რომ „კრიკ-უოტსონის ტანდემმა დაასწრო ფრანკლინს“; რომ „როზალინდმა მათზე ბევრად გვიან გადაკვეთა ფინიშის ხაზი“ და ა.შ. ამ ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმის გარკვევა, რა ასაზრდოებს ამ მითებს; რა არის ამ ცრუ ინფორმაციების, შეგნებული თუ შეუგნებელი სიცრუისა და ზღაპრების წყარო; ნარკვევის საბოლოო მიზანია ამ მითების გაქარწყლება სამეცნიერო ლიტერატურის, ფაქტების სკრუპულოზური სიზუსტით ასახვის, დეტალური ანალიზის, მოვლენათა თანმიმდევრობის ზედმიწევნითი აღწერის წყალობით.
შენიშვნა: ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის სრული სია იხილეთ სტატიის მეორე ნაწილის ბოლოს.

მადლობა


დიდ მადლობას ვუხდი ლონდონის კინგსის კოლეჯის პროფესორს, ბრაიან სატონს, რომელმაც არ დაიზარა და გამომიგზავნა ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკებისა და 1952 წლის დეკემბერში დაწერილი მისი წლიური მოხსენების ასლები. სწორედ მას მიუწვდება ხელი ფრანკლინის მასალებზე, დიფრაქციულ ფოტოებსა და არქივში დაცულ სხვა არტეფაქტებზე. მადლობა კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორს, ემერიტუსს, ლინ ოსმან ელკინს, რომელმაც არ დაიშურა რჩევები და დამატებითი ინფორმაციებიც მომაწოდა. პროფესორი ელკინი როზალინდ ფრანკლინის ბიოგრაფიის წერითაა დაკავებული ამ ეტაპზე. უღრმესი მადლობა ტაფტსის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორსა და მოლეკულური ბიოლოგიის ბრწყინვალე წარმომადგენელს, ებრაჰამ სონენშეინს, რომელმაც წაიკითხა ჩემი სტატია და მაღალი შეფასება მომცა. დიდად ვარ დავალებული მამუკა ჩახვაშვილისა და მიხეილ გელაშვილისაგან: ისინი დამეხმარნენ რამდენიმე ბიოქიმიური ტერმინის სწორი ქართული შესატყვისის პოვნაში.

შესავალი

დნმ-ის სტრუქტურის ამოცნობა უდიდეს მიღწევად ჩაიწერა მსოფლიოს ისტორიაში. 1962 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ: ფრენსის კრიკი, ჯეიმს უოტსონი და მორის უილკინსი. ოდენ ამ სამი მეცნიერი კაცის დამსახურებად „გაფორმდა“ ეს რევოლუციური აღმოჩენა. ამგვარად დაილექა საზოგადოების მეხსიერებაშიც, კულტურაშიც, სასკოლო სახელმძღვანელოებშიც და პოპულარულ ლიტერატურაშიც. მეცნიერთა ვიწრო წრემ (უპირველესად კი - ზემოხსენებულმა სამეულმა) იცოდა, რაოდენ გარდამტეხი აღმოჩნდა როზალინდ ფრანკლინის მრავალწლიანი, ფუნდამენტური და პიონერული შრომა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი არც კრიკს უხსენებია პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე და არც უოტსონს. მხოლოდ უილკინსმა მოიხსენია, ძალზე ზედაპირულად, გაკვრით, მისი დამსახურებისა და ღვაწლისთვის შეუფერებლად.

როზალინდ ფრანკლინი (1920-1958) ცნობილი ბრიტანელი მეცნიერია, ფიზიკური ქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიისა და კრისტალოგრაფიის ბრწყინვალე წარმომადგენელი. გავლენიან და შეძლებულ ებრაულ ოჯახში დაბადებული ქალიშვილი ჯერ კიდევ 15 წლისა იყო, როცა მტკიცედ გადაწყვიტა, მეცნიერი გამხდარიყო და სიცოცხლის შესწავლისათვის მიეძღვნა ცხოვრება. სამწუხაროდ, მაღალი წრიდან გამოსული ფრანკლინის მამას არ სურდა, ამ გზას გაჰყოლოდა მისი შთამომავალი, რადგან მისი აზრით, ქალს არ შეჰფეროდა მეცნიერობა. (Sayre 2000, 42-45); (McGrayne 1998, 6). ფენომენალური ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამორჩეული როზალინდი ბავშვობიდანვე იჩენდა უსაზღვრო ინტერესს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი. ეწაფებოდა მათემატიკას, ქიმიას, ფიზიკასა და ბიოლოგიას; ბრწყინვალე შეფასებებს იმსახურებდა სკოლაში. სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და ლათინურ ენებს. დაამთავრდა ნიუნჰემის ქალთა კოლეჯი. 1941 წელს ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტში და ფიზიკური ქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი. ცნობილმა დაწესებულებამ, «British Coal Utilisation Research Association»-მა რომ შესთავაზა თანამშრომლობა, პიონერული კვლევები ჩაატარა ნახშირზე და ეს საკითხი დაამუშავა კიდეც თავის დისერტაციაში. 1945 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი. ეს წლები ძალზე ნაყოფიერი გამოდგა ახალგაზრდა მეცნიერისათვის. მის რევოლუციურ აღმოჩენებზე დაყრდნობით შექმნეს აირწინაღების სულ სხვაგვარი მოდელი მეორე მსოფლიო ომის დროს. (Maddox 2003). 1947 წელს მიიწვია ფრანგულმა ლაბორატორიამ, «Laboratoire Central des Services Chimiques de l'Etat». სწორედ პარიზში დაეუფლა კრისტალოგრაფიას და თავი ისახელა, როგორც მეტად კომპეტენტურმა, კვალიფიციურმა და ბრწყინვალე მეცნიერმა. როგორც მისი ბიოგრაფები, ენ სეირი და ბრენდა მადოქსი, ასევე, თავად ფრანკლინის და, ჯენიფერ ფრანკლინ-გლინი, აღნიშნავენ, საფრანგეთში გატარებული 3 წელიწადნახევარი ყველაზე ბედნიერი, ხალასი და ნათელი მონაკვეთი იყო ფრანკლინის ხანმოკლე ცხოვრებისა. სწორედ იქ მოღვაწეობამ მოუტანა სახელი და აღიარება. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებშიც გაითქვა სახელი და მეტად დაფასებული და აღიარებული მკვლევარი გახდა. (Maddox 2003); (Sayre 2000); (Glynn 2012).

1951 წლის იანვრის დამდეგს დაუბრუნდა მშობლიურ ლონდონს და კინგსის კოლეჯში განაგრძო მუშაობა დნმ-ის სტრუქტურის გასაშიფრად. დამოუკიდებელი მკვლევრის სტატუსი ჰქონდა იმ დაწესებულების ბიოფიზიკის განყოფილებაში, რომლის დირექტორიც გახლდათ ჯონ რანდალი. (Maddox 2003, 124) ორწლიანი თავდადებული შრომის, რევოლუციური აღმოჩენებისა და ფუნდამენტური კვლევების დასრულების შემდეგ იძულებული გახდა, დაეტოვებინა ეს დაწესებულება (აუტანელი სამუშაო პირობების, კოლეგებთან გამწვავებული ურთიერთობისა და აკადემიურ სივრცეში გამეფებული სექსიზმის გამო) და ბირკბექის კოლეჯში გადასულიყო 1953 წლის 14 მარტს (Klug 2004); (Maddox 2003); (Sayre 2000). შესანიშნავი გარემო დახვდა იქ - კოლეგები საკადრის პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. შორს დარჩა კინგსის კოლეჯის შავბნელი, მიზოგინიური ატმოსფერო. ბირკბექში როზალინდი იკვლევდა რნმ-ს, ვირუსების სტრუქტურას, კერძოდ: თამბაქოს მოზაიკურ ვირუსსა და პოლიოვირუსს. იქ მოღვაწეობამ მიიყვანა რევოლუციურ აღმოჩენებამდე და ბრწყინვალე წარმატებაც ეწვია.

ფრანკლინის სიცოცხლეშივე აღიარეს მისი ღვაწლი როგორც ნახშირის, გრაფიტის, ხის ნახშირისა და ასევე, ვირუსების კვლევაში, სამაგიეროდ, არ დაუფასეს დნმ-ის სტრუქტურის შესწავლაში შეტანილი განუზომელი წვლილი. ისე გავიდა რამდენიმე ათეული წელი, ფრანკლინის სახელიც კი არ უხსენებია არავის ამ უდიდეს აღმოჩენაზე მსჯელობისას. იგი ჩრდილიდან გამოვიდა 1968 წელს, როცა გამოქვეყნდა ჯეიმს უოსტონის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, „ორმაგი სპირალი“. (Watson 1968) ალბათ, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ირონია და პარადოქსი: მაინცდამაინც ეს მეცნიერი გახდა როზალინდ ფრანკლინის დიდების საწინდარი. სავსებით დამსახურებული, მისი ღვაწლის შესაფერისი და ყოველგვარ გაზვიადებას მოკლებული დიდებისა. მართალია, უოტსონი გამალებით ცდილობდა ფრანკლინის დაკნინებას, მიჩქმალვას, მის წარმოჩენას არაკომპეტენტურ, უჭკუო ლურჯწინდად. ამ უგემოვნო, თავხედ, ჭკუათხელ, მრისხანე მატრონად და უშნო ჰარპიად, თუმცა, ვერ მიაღწია დასახულ მიზანს და სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო. მიუხედავად ყველაფრისა, ფრანკლინისადმი თვით ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი ვერ უარყოფენ მის გადამწყვეტ როლს. მისი მტრებისა და ოპონენტების განცხადებებიც კი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადასტურებს მის რევოლუციურ აღმოჩენებს, ფასდაუდებელ ღვაწლს დნმ-ის გაშიფვრასა და ორმაგსპირალური აგებულების ნათელყოფაში. შესაბამისად, ეს მწვავე დებატები ეხება არა ფრანკლინის უდიდეს დამსახურებასა და პიონერულ აღმოჩენებს (ეს ისედაც დასტურდება ყველა სამეცნიერო წყაროთი), არამედ - მხოლოდ და მხოლოდ იმას, თუ რამდენად საკადრისად დააფასეს მისი ფუძემდებლური კონტრიბუცია. რატომ არ მიუთითეს არც კრიკმა და არც უოტსონმა იგი ორიგინალური წყაროს ავტორად (ყველა სამეცნიერო ლიტერატურისა და თვით კრიკის თანახმად, სწორედ როზალინდ ფრანკლინის ნაშრომები აღმოჩნდა გადამწყვეტი)? რატომ არ ახსენეს ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ამ მეცნიერის ესოდენ მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც (თავად კრიკი აღიარებს) ერთადერთი წყაროა, სტრუქტურის აგების საწინდარი რომ გახდა და რომლის გარეშეც სრულიად შეუძლებელი იქნებოდა მიზნის მიღწევა? ამაზე ნათლად მეტყველებს ის წერილი, რომელიც კრიკმა 1961 წლის 31 დეკემბერს ჟაკ მონოს გაუგზავნა (Crick 1961); (Stasiak 2003); (Krude 2004, 32).

დნმ-ის რბოლა


მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მრავალი სწავლული ცდილობდა დნმ-ის საიდუმლოს ამოცნობას. ნამდვილი სამეცნიერო რბოლა გაჩაღდა. მოპაექრეთა შორის იყვნენ: როზალინდ ფრანკლინი, მორის უილკინსი, რეიმონ გოსლინგი, ჰერბერტ უილსონი, ალექს/ალეკ სტოუკსი (ლონდონის კინგსის კოლეჯიდან); კრიკ-უოტსონის ტანდემი (კემბრიჯის უნივერსიტეტის ქევენდიშის ლაბორატორიიდან); ლაინუს პოლინგი, რობერტ ქორეი (ამერიკიდან); სვენ ფიურბერგი (ბირკბექის კოლეჯიდან) და სხვები.

კინგსის (სამეფო) კოლეჯის ბიოფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯონ რანდალმა, 1950 წლის 4 დეკემბერს მისწერა მეტად მნიშვნელოვანი წერილი საფრანგეთში მოღვაწე როზალინდ ფრანკლინს; აცნობა, რომ მხოლოდ იგი და რეიმონ გოსლინგი იმუშავებდნენ დნმ-ზე. (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Glynn 2012); (Olby 1974). რანდალს საერთოდ არ უხსენებია მორის უილკინსის ინტერესი დნმ-ისადმი. აბსოლუტურად ყველა წყარო ცხადჰყოფს, - უილკინსი თავის ასისტენტად მიიჩნევდა ფრანკლინს, ეს უკანასკნელი კი დამოუკიდებლად მუშაობდა, არ უზიარებდა თავის აღმოჩენებსა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ დასკვნებს. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს: სრული უფლება ჰქონდა ამისა, რამეთუ დირექტორის წერილი ცალსახად ადასტურებდა - ფრანკლინი დამოუკიდებელი მკვლევრის ტიტულით დაიქირავა ლაბორატორიამ და არა - უილკინსის ქვეშევრდომის, დამხმარისა და კოლბის დამჭერის ტიტულით. შესაბამისად, არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა უილკინსის წინაშე. სულაც არ იყო მოვალე, საკუთარი მასალები გადაებარებინა მისთვის და აღმოჩენები გაენდო. სწორედ ეს აღიზიანებდა უილკინსს. ისინი ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს და დიდი კონფლიქტი ჰქონდათ, გადაუჭრელიც კი. შემდგომში ისე გამწვავდა მათი დაპირისპირება, ხმასაც კი არ სცემდნენ ერთმანეთს. ფრანკლინი საგულდაგულოდ ინახავდა თავის ნაშრომებს. ზუსტად ეს გახდა დიდი განხეთქილების მიზეზი. აღსანიშნავია ისიც, რომ უილკინსი და რეიმონ გოსლინგი ფრანკლინის დანიშვნამდე ბევრად ადრე იღებდნენ დნმ-ის დიფრაქციულ სურათებს, მაგრამ არ მიუღწევიათ ისეთი ბრწყინვალე შედეგისათვის, როგორსაც მიაღწია დოქტორმა ფრანკლინმა (თან, ლაბორატორიაში მისვლისთანავე). რანდალმა გოსლინგის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელის სტატუსი ჩამოართვა უილკინსს და ფრანკლინს გადააბარა. (Maddox 2003, 149–150); (Olby 1974).
როზალინდი 1951 წლის 8 იანვრიდან შეუდგა მუშაობას. დირექტორის გადაწყვეტილებით, ფრანკლინს გადაეცა დნმ-ის საუკეთესო სინჯი და მიკროკამერა, რომელიც ძალიან დახვეწა, გააუმჯობესა და ფოკუსიც გაუსწორა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი უკვე სარგებლობდა ძალზე კარგი რეპუტაციით საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. ფიზიკურ ქიმიაში განსწავლულმა ახალგაზრდა ქალმა მალევე აამაღლა მუშაობის სტანდარტი ლაბორატორიაში და მოწყობილობაც დახვეწა. ოსტატურად ფლობდა დნმ-ის სინჯის ჰიდრატაციის ხელოვნებას. (Maddox 2003); (Olby 1974); (Sayre 2000); (Elkin 2003, 43). როცა უილკინსმა მოინდომა იმის გაგება, თუ როგორ მოახერხა ფრანკლინმა დანადგარებისა და ტექნიკის ასე თვალსაჩინოდ გაუმჯობესება, ამ უკანასკნელმა ისე „ქედმაღლურად და ცივად“ უპასუხა, უილკინსმა დამცირებულად იგრძნო თავი. (Wilkins 2005, 155) ფრანკლინი ღიზიანდებოდა, რადგან უილკინსი დაჟინებით მოითხოვდა მისგან თანამშრომლობას, მას კი დამოუკიდებლად მუშაობა სურდა. (Maddox 2003); (Olby 1974); (Judson 1996); (Sayre 2000); (Elkin 2003, 43).

კიდევ ერთი გარემოება: უილკინსს ჰქონდა დნმ-ის ძალიან კარგი სინჯი, რომელიც 1950 წლის გაზაფხულზე გადასცა მას და კიდევ რამდენიმე მეცნიერს ქალაქ ბერნში მოღვაწე რუდოლფ სიგნერმა. (Wilkins 2005); (Maddox 2003); (Judson 1996); (Watson 1968); (Olby 1974). სწორედ ამ სინჯის გამოყენებით იღებდნენ ის და გოსლინგი დნმ-ის (სხვებთან შედარებით) მკაფიო სურათებს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ ვერ მიიღეს ისეთი გასაოცარი შედეგი, როგორსაც მიაღწია როზალინდმა, თან, კინგსის კოლეჯში მუშაობის დაწყებისთანავე. ყველა მეცნიერი შეთანხმდა - როზალინდის კრისტალოგრაფიული ნამუშევრები იყო საუკეთესო.

ცნობილი კრისტალოგრაფი, ჯონ დესმონდ ბერნალი წერს: ,,მის ფრანკლინი, როგორც მეცნიერი, უსაზღვრო სიზუსტით, სიცხადითა და ოსტატური სინატიფით გამოირჩეოდა. უზადო სრულყოფილებით შეასრულა ყველა საქმე, რომელიც კი წამოუწყია. მისმა ფოტოებმა ყველაზე ლამაზ დიფრაქციულ სურათებს შორის დაიმკვიდრა ადგილი. მისი სურათებია ყველაზე მშვენიერი, რაც კი გადაუღიათ ოდესმე ნებისმიერი ნივთიერებისათვის“. მეცნიერი განაგრძობს იმის აღწერას, თუ რაოდენ ბრწყინვალე შედეგებს იღებდა როზალინდი, რომ მაღალი ხარისხის ფოტოები ნაყოფი იყო თავდადებისა, უბადლო ტექნიკისა, სკრუპულოზური, ზედმიწევნითი სიზუსტისა, დნმ-ის სინჯის ჰიდრატაციისა და დეჰიდრატაციის ხელოვნების სრულყოფილად ფლობისა. (Bernal 1958) ამას ადასტურებენ თვით ფრანკლინისადმი უარყოფითად განწყობილი მეცნიერებიც კი, მათ შორის, უოტსონი (Watson 1968). უილკინსისა და გოსლინგის ერთობლივი ძალისხმევით გადაღებული სურათები ბევრად ჩამოუვარდებოდა ფრანკლინისას. (Judson 1996); (Maddox 2003); (Olby 1974); (Elkin 2003); (Wilkins 2005); (Tobin and Dusheck 2005). ამას აღიარებს თვით უილკინსიც კი: „იძულებული გავხდი, თვალი გამესწორებინა ამ ფაქტისათვის – კიდევ უფრო შორს უნდა წავსულიყავით რენტგენული დიფრაქციის მეთოდის განვითარების თვალსაზრისით. ნამდვილად არ ვიყავი კვალიფიციური ამ მხრივ. ამიტომაც დავიქირავეთ როზალინდი“. (Judson 1996, 79) ფრანკლინის გაცნობამდე კარგა ხნით ადრე, უოტსონმა ნახა უილკინსის რამდენიმე (სხვა მეცნიერების ნამუშევრებთან შედარებით სუფთა და ცხადი) დიფრაქციული ფოტო ნეაპოლში ჩატარებულ კონფერენციაზე (Wilkins 2005, 138). სწორედ ამ გამოსახულებებმა გაუღვივა ინტერესი დნმ-ისადმი, თუმცა, არც ერთ სურათს არ გამოუწვევია ისეთი აღფრთოვანება, როგორიც - ფრანკლინის ნამუშევრებმა. (Watson 1968, 167) ფრანკლინის ფოტოები იყო ყველაზე სუფთა, ნათელი და მკაფიო. ვერავინ ვერ მიაღწია ასეთ მაღალ დონეს.

ნაყოფიერი კვლევის წყალობით ფრანკლინი რამდენიმე უდიდეს აღმოჩენამდე მივიდა 1951 წლის სექტემბერში. 21 ნოემბერს ჩაატარა უმნიშვნელოვანესი სემინარი, სადაც წარმოადგინა თავისი რევოლუციური, უზუსტესი მიგნებები, მათემატიკურ-მოლეკულური კალკულაციები და რამდენიმე გარდამტეხი დებულება დნმ-ის აგებულების შესახებ. (Klug 2004); (Judson 1996); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Olby 1974). მეცნიერმა აღნიშნა, რომ დნმ იყო სპირალური აგებულების, რამდენიმეჯაჭვიანი მოლეკულა; რომ დნმ-ის შაქარფოსფატური ხერხემალი იყო სტრუქტურის გარეთ; რომ აზოტოვანი ფუძეები იმალებოდა სტრუქტურის სიღრმეში. (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Judson 1996); (Olby 1974). დოქტორმა ფრანკლინმა ზუსტად გამოთვალა წყლის მასა მოლეკულაში და ყურადღება გაამახვილა სტრუქტურის შიგნით მიმდინარე წყალბადური ბმების მნიშვნელობაზეც (Maddox 2003); (Klug 2004); (Olby 1974); (Judson 1996). სწორედ იმ სემინარზე აღნიშნა, რომ აღმოაჩინა დნმ–ის ორი სხვადასხვა ფორმა, „ა“ (ანუ „მშრალი“, დეჰიდრატირებული, კრისტალური) და „ბ“ (ანუ „ნოტიო“, „სველი”, მეტისმეტად ჰიდრატირებული, „პარაკრისტალური”). ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მეცნიერებს. ეჭვობდნენ, რომ დნმ სპირალური სტრუქტურისა იყო.

ეს ჰიპოთეზა უკვე მუსირებდა სამეცნიერო წრეებში (აღსანიშნავია ისიც, რომ არავინ იცოდა დაზუსტებით, ერთი სპირალი ჰქონდა, ორი, სამი, თუ ოთხი), მაგრამ არაფერი იცოდნენ ფორმების სახესხვაობის შესახებ. (Klug 2004); (Maddox 2003); (Judson 1996); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Olby 1974). დნმ-ის ორი „ნაირსახეობის“ აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა ერთ უმთავრეს შეკითხვას - რატომ იყო დნმ-ის უწინდელი დიფრაქციული გამოსახულებები ესოდენ ბუნდოვანი და გაურკვეველი (მაგალითად, უილიამ ასტბერის, ფლორენს ბელის, უილკინსისა და გოსლინგის ფოტოები): ეს მეცნიერები ერთდროულად იღებდნენ დნმ-ის ორივე ფორმის, „ა“-ს და „ბ“-ს ერთგვარ „ნაზავს“, ასე ვთქვათ, „შერეულ“ რენტგენოგრამებს. (Olby 1974); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Elkin 2003). ფრანკლინის მტკიცებით, ჰიდროფილური შაქარფოსფატური ხერხემალი ხარბად იწოვდა წყალს და საგრძნობლად იმატებდა სიგრძეში, შესაბამისად, იცვლებოდა სპირალთა დიამეტრიც. ამ კოლოქვიუმზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უოტსონიცა და კრიკიც, თუმცა, კრიკმა ვერ შესძლო საჯარო მოხსენებაზე დასწრება. უოტსონმა ვერც დაიმახსოვრა ფრანკლინის აღმოჩენები და ვერც გაიგო (ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა კრისტალოგრაფიაზე). ამიტომაც, გამრუდებული, დამახინჯებული ინფორმაცია გადასცა კრიკს (Maddox 2003); (Watson 1968); (Judson 1996); (Klug 2004); (Elkin 2003); (Sayre 2000). როზალინდის სემინარის ჩატარებიდან, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ, კრიკმა და უოტსონმა ააწყვეს დნმ-ის მოდელი. სიამაყით მიიწვიეს უილკინსი, ფრანკლინი, გოსლინგი და კინგსის კოლეჯის სხვა თანამშრომლები. დოქტორმა ფრანკლინმა თვალის ერთი შევლებით დაიწუნა მათი ნამუშევარი და მართალიც აღმოჩნდა. (Olby 1974); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Elkin 2003); (Klug 2004). კრიკ-უოტსონის დუეტმა დნმ-ის სამსპირალიანი, მცდარი სტრუქტურის სიღრმეში დამალა შაქარფოსფატური ხერხემალი, ხოლო აზოტოვანი ფუძეები გარეთ გაიტანა. გარდა ამისა, მოდელი შეიცავდა წლის ძალზე მცირე მასას. ფრანკლინმა აუხსნა მათ, რატომ იყო შეუძლებელი ამგვარი კონფიგურაცია და გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა წყლის მასის დიდ მნიშვნელობაზე. როგორც აღმოჩნდა, უოტსონმა „უკუღმა“ დაიმახსოვრა ყველაფერი: ფრანკლინმა გასაგებად აღნიშნა კოლოქვიუმზე, რომ ჰიდროფილური ფოსფატური ჯგუფები სტრუქტურის გარეთ იყო, ჰიდროფობიური აზოტოვანი ფუძეები კი ხერხემლის შიგნით, წყლოვანი გარემოსაგან დაცულ სივრცეში (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). იმდენად სუსტი გამოდგა მათი ნახელავი, ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლო. ქევენდიშის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლოურენს ბრეგმა, უბრძანა კრიკსა და უოტსონს,_შეეწყვიტათ ყოველგვარი კვლევა დნმ-ზე და დაევიწყებინათ მოდელების აგებაზე ფიქრი. მათაც, აღიარეს მარცხი. აი, ასე დასრულდა დნმ-ის გასაშიფრად წამოყებული პირველი რბოლა 1951 წლის მიწურულს. (Olby 1974); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Elkin 2003); (Klug 2004).

ფრანკლინი განაგრძობდა მუშაობას, ფოტოების გადაღებას, ურთულეს მოლეკულურ კალკულაციებსა და მათემატიკურ ანალიზს. დნმ-ის ბ, ანუ „სველი/ნოტიო“, ძალზე ჰიდრატირებული, ე.წ. „პარაკრისტალური“ ფორმა ბევრად უფრო ცხად და ნათელ დიფრაქციულ გამოსახულებებს იძლეოდა. უილკინსმა თავის კოლეგას, ალექს (ალეკ) სტოუკსს სთხოვა ერთ-ერთი რენტგენოგრამის გაშიფვრა. ეს უკანასკნელი შეუდგა საქმეს და აღნიშნა, რომ დნმ-ს, სავარაუდოდ, სპირალური ფორმა ჰქონდა, თუმცა, არ გამოუქვეყნებია თავისი ჰიპოთეზა. უილკინსი ძალიან გაახარა ამ ამბავმა და ფრანკლინს შესთავაზა, ჩემთან და სტოუკსთან ითანამშრომლეთო. როზალინდი განხრისხდა და უარი მოახსენა: მისი ეს წინადადება თავის საქმეში უხეშ ჩარევად მიიჩნია და უთხრა, შენს მიკროსკოპებს მიუბრუნდიო. (Wilkins 2005); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Klug 2004). ფრანკლინის სიტყვებმა ძალიან შეაცბუნა მორცხვი და მოკრძალებული უილკინსი. ძალიან გამწვავდა მათი კონფლიქტი. საქმეში ჩაერია ლაბორატორიის დირექტორი და მასთან შეთანხმებით გაინაწილეს სამუშაო (Maddox 2003, 155): ჯონ რანდალმა ფრანკლინს მიანდო დნმ-ის „ა“ ფორმაზე მუშაობა, უილკინსს კი „ბ“ ფორმა გადააბარა. (Maddox 2003, 155); (Wilkins 2005, 158). ყოველივე ამის შედეგად, 1952 წლის მაისიდან 1953 წლის იანვრის ბოლომდე როზალინდი მუშაობდა მხოლოდ „ა“ ფორმაზე. (Maddox 2003); (Klug 2004).

ფრანკლინმა და გოსლინგმა 1952 წლის მაისის დამდეგს გადაიღეს დნმ-ის „ბ“ ფორმის რიგით 51-ე რენტგენოგრამა. (ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „51-ე ფოტო“). (Klug 2004); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Judson 1996); (Olby 1974). „უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, გადაღება დაიწყო 1952 წლის 2 მაისს, პარასკევს, 19:30-ზე და დასრულდა 6 მაისს, სამშაბათს, 17:00-ზე. სწორედ ასეა აღნიშნული როზალინდ ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკში“, - აღნიშნავს კინგსის კოლეჯის პროფესორი, ბრაიან სატონი ჩემთან პირად საუბარში. სწორედ მას მიუწვდება ხელი კოლეჯის არქივში დაცულ მასალებზე: ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკზე, მის დიფრაქციულ სურათებზე, რენტგენოგრამებზე, 1952 წლის დეკემბერში დაწერილ წლიურ მოხსენებასა და სხვა უმნიშვნელოვანეს არტეფაქტებზე. გარდა ამისა, ბრაიან სატონი პირადად იცნობდა მორის უილკინსსა და რეიმონ გოსლინგს.
რაკი უილკინსთან გაჩაღებული კონფლიქტის გამო ფრანკლინმა (ლაბორატორიის დირექტორთან შეთანხმებით) საკვლევად აირჩია დნმ-ის მხოლოდ „ა“ ფორმა, გვერდზე გადადო „ბ“ ფორმის ეს ძალზე ლამაზი და მკაფიო გამოსახულება (51-ე ფოტო) და განაგრძო „ა“ ფორმის გამოსახულების მათემატიკური ანალიზი. 1953 წლის იანვარში, ურთულესი კალკულაციების, პატერსონის გარდაქმნის ფუნქციის ოსტატურად შესრულებისა და გულმოდგინე შრომის შედეგად დაადგინა: დნმ-ის „ა“ ფორმას ჰქონდა ორი სპირალური ჯაჭვი და ეს ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა, ანუ ანტიპარალელური იყო (Klug 2004).

ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკის 19 იანვრით დათარიღებულ გვერდზე აღნიშნულია „ჩარგაფის წესები“ (ცნობილმა ებრაელმა მეცნიერმა, ერვინ ჩარგაფმა, დაადგინა დნმ-ის ოთხი აზოტოვანი ფუძის კომპლემენტარობის წესი: ადენინის მასა უტოლდებოდა თიმინისას; ხოლო გუანინისა და ციტოზინის ხვედრითი წილი თანაბარი იყო) და ქიმიკოს ჯუნ ბრუმჰედის სტატიებსა და დისერტაციაში აღწერილი კრისტალური სტრუქტურები ადენინისა და გუანინისა. სავსებით მართებული იყო ფრანკლინის ყველა დასკვნა. გარდა ამისა, ფრანკლინმა მიაგნო ოთხი აზოტოვანი ფუძიდან სამის სწორ ტაუტომერულ ფორმას. (Klug 2004).

ამასობაში, 1953 წლის იანვრის მიწურულს, ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერებმა, ლაინუს პოლინგმა და რობერტ ქორეიმ ააწყვეს დნმ-ის სამსპირალიანი მოდელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ თითქმის ისეთივე შეცდომა დაუშვეს, როგორიც - კრიკმა და უოტსონმა 1951 წლის ნოემბერში: აზოტოვანი ფუძეები გაიტანეს სტრუქტურის გარეთ, ხოლო შაქარფოსფატური ხერხემალი შიგნით შეიტანეს. (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Olby 1974); (Judson 1996). პოლინგი უთუოდ მაღალი რანგის, სახელოვანი და აღიარებული ქიმიკოსი იყო, მაგრამ მაინც ვერ დაადგინა აზოტოვანი ფუძეებისა და ფოსფატური ჯგუფების განლაგება. ეს შეამჩნია როზალინდმა, ჩამოწერა მისი ყველა შეცდომა, მისწერა წერილი და აუხსნა, რატომ იყო მცდარი მისი შემოთავაზებული სტრუქტურა (1953 წლის იანვრის ბოლოს), თუმცაღა, გაუჭირდა მისი დარწმუნება. არადა, სავსებით მართებული აღმოჩნდა ფრანკლინის ყველა კრიტიკული მოსაზრება. (Maddox 2003); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Franklin 1953).

პოლინგი აპირებდა ამერიკიდან ლონდონში გამომგზავრებას. კრიკს ეშინოდა, რომ იგი მოისურვებდა დოქტორ ფრანკლინის ნახვას, ხოლო ეს უკანასკნელი აჩვენებდა თავის მასალებსა და ფოტოებს. უილკინსსაც გადაედო კრიკის შფოთვა და წერილი მისწერა ქევენდიშის ლაბორატორიაში მომუშავე მეგობრებს: „რა ჯანდაბა ვქნათ, როზიმ (!) რომ მოინდომოს პოლინგის ნახვა? თუკი სიტყვას გადავუკრავთ და მივანიშნებთ, უმჯობესი იქნება, არ შეხვდეო, ასე უფრო წავაქეზებთ და ჩვენს ჯიბრზე, ყველაფერს იღონებს მიზნის მისაღწევად. რატომ უნდა ყველას პოლინგის ნახვა ასე ძალიან?... ახლა რეიმონმაც (გოსლინგმა) აიჩემა, პოლინგს უნდა შევხვდეო! ეშმაკმა დალახვროს!“ (Livio 2014, 148).

სამივე მეცნიერი ფიქრობდა, როგორ შეუშალათ ხელი ფრანკლინისათვის, როგორ აეცილებინათ თავიდან პოლინგისა და როზალინდის შეხვედრა. ძალიან კარგად იცოდნენ: თუკი „როზი“ თავის მასალებს აჩვენებდა ამერიკელ მეცნიერს, პოლინგი მალე გააცნობიერებდა თავის შეცდომას (ცხადია, როზალინდის წყალობით) და უთუოდ შესძლებდნენ სწორი მოდელის აწყობას. (Elkin 2003); (Klug 2004); (Maddox 2003); (Olby 1974) 1953 წლის 30 იანვარს მოხდა ის, რამაც გადაწყვიტა დნმ-ის გასაშიფრად გაჩაღებულ რბოლაში ჩაბმულ მეცნიერთა ბედი: უოტსონი უილკინსის სანახავად მივიდა კინგსის კოლეჯში. რაკი გაიგო, რომ ეს უკანასკნელი დაკავებული იყო, ფრანკლინის ოთახში შევიდა, აჩვენა პოლინგის მცდარი მოდელი და უთხრა, თუკი არ გადმოგვცემ შენს მასალებს, პოლინგი დაგვასწრებს ფინიშის ხაზის გადაკვეთასო. ფრანკლინმა უარი უთხრა მასალების გადაცემაზე, დახედა ხელნაწერს და მაშინვე მიხვდა - უიმედოდ მცდარი იყო ეს შემოთავაზებული სტრუქტურა. უოტსონმა ისიც უთხრა ფრანკლინს, რომ არაკომპეტენტური იყო და საკუთარი მასალების სწორად განმარტებაც კი არ შეეძლო. ამ სიტყვების გაგონებისას, ფრანკლინი წამოდგა და ისეთი გამომეტყველებით გაემართა მოურიდებელი და თავხედი უოტსონისაკენ, ახალგაზრდა კაცს შეეშინდა, განრისხებული როზალინდი რაღაცას ჩამცხებს თავშიო (მისივე სიტყვებია), სწრაფად დაავლო ხელი ხელნაწერს და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ. (Watson 1968); (Judson 1996); (Maddox 2003). როგორც იქნა, იპოვა უილკინსი და შესჩივლა, როზალინდმა, ლამის, მცემაო. უილკინსმა მაშინვე აჩვენა ფრანკლინისა და გოსლინგის „51-ე ფოტო“.

„რაწამს დავინახე ფოტო, ყბა ჩამომივარდა და გული გამალებით ამიძგერდა“, - წერს უოტსონი. (Watson 1968, 167) ლანჩის შემდეგ გაიქცა ქევენდიშის ლაბორატორიაში და ყველაფერი უამბო კრიკს. ცხადია, უილკინსმა ფრანკლინის დაუკითხავად აჩვენა ეს ფოტო, მის ზურგს უკან. რამდენიმე დღის შემდეგ, 1953 წლის თებერვლის დამდეგს, უილკინსმა მისწერა წერილი კრიკსა და უოტსონს და დაჰპირდა, რომ მალულად ჩაიწერდა ფრანკლინის იდეებს, ან დაიმახსოვრებდა და ყველაფერს აცნობებდა მათ. (Olby 1974, 401); (Maddox 2003).

როგორც უკვე აღინიშნა, ფრანკლინმა 1953 წლის იანვრის მიწურულს დაასრულა დნმ-ის „ა“ ფორმაზე მუშაობა, წარმატებით დააგვირგვინა ურთულესი მათემატიკური ანალიზი და აღმოაჩინა, რომ დნმ-ის ამ სახესხვაობას ჰქონდა ორი ჯაჭვი. ეს ჯაჭვები კი ანტიპარალელური იყო, ანუ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა. მისი ორივე აღმოჩენა სწორი იყო (Klug 2004). კრიკს, უოტსონსა და უილკინსს ფიქრადაც არ ჰქონიათ, ასეთ გარდამტეხ აღმოჩენამდე რომ მივიდა როზალინდი. ცხადია, თავის მხრივ, ფრანკლინს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ უილკინსმა „51-ე ფოტო“ აჩვენა უოტსონს, რომ (ერთი შეხედვით) მორცხვი, უენო და თავდაჯერებას მოკლებული უილკინსი წერილში მიცემული დაპირების თანახმად, მალულად იწერდა და იმახსოვრებდა მის ფრაზებს და კემბრიჯში მომუშავე კრიკსა და უოტსონს აწვდიდა. (Klug 2004); (Maddox 2003); (Sayre 2000). ფრანკლინმა სწორად გაშიფრა დნმ-ის „ა „ფორმის სტრუქტურა  9 თვიანი მუშაობის შედეგად  (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003). მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დაუწყია „ბ“-ზე მუშაობა, ანუ ამ ფორმის დიფრაქციული სურათების მათემატიკური ანალიზი. იგი შეთანხმებული იყო ლაბორატორიის დირექტორთან, რომ თავად მხოლოდ „ა“-ს ანალიზს შეუდგებოდა, ხოლო „ბ“-ს შესწავლას უილკინსს დაუთმობდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჯონ რანდალმა, რათა არცერთი არ დარჩენილიყო უსაქმოდ.

მეცნიერმა მხოლოდ 1953 წლის თებერვალში დაიწყო „ბ“-ს გაშიფვრა (#51-ე ფოტოს ანალიზი) და სულ რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ, 24 თებერვალს სწორად გამოიყვანა მისი სტრუქტურა. იპოვა მართებული კავშირი დნმ-ის ა და ბ ფორმებს შორის - ორივეს ჰქონდა ორმაგი სპირალი. მისი ლაბორატორიის წიგნაკი ცხადად ადასტურებს ამას. (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Sayre 2000). კიდევ ერთ რევოლუციურ აღმოჩენამდე მივიდა: იპოვა დნმ-ის სამგანზომილებიანი კრისტალური სიმეტრია; დაადგინა: დნმ-ის კრისტალური ფორმა ემყარებოდა წახნაგ-ცენტრირებულ, მონოკლინურ კრისტალურ მესერს. (Klug 2004); (Maddox 2003); (Judson 1996); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Olby 1974).

არსებობს სულ 230 კრისტალური სიმეტრია, იგივე “space group” (სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, „სივრცული ჯგუფი“). ფრანკლინმა ეს 230 სიმეტრია შეკვეცა ერთამდე და დაამტკიცა მისი სისწორე. ეს უკვე არა ქიმიკოსის, არამედ - სტერეოქიმიკოსის სამუშაოა. 

„იმედი მაქვს, მალე მოგვშორდება ის კუდიანი, ჩვენს თვალს გადაკრული ალქაჯების თანმდევი ნისლ-ბურუსიც უკვალოდ გაქრება და ნათლად დავინახავთ ყველაფერს“, - მისწერა უილკინსმა კრიკსა და უოტსონს, რადგან ფრანკლინმა კინგსის კოლეჯიდან წასვლა განიზრახა. (Maddox 2003); (Olby 1974) 1953 წლის 7 მარტს კი გახარებულმა აცნობა თავის მოძმეთ, რომ როგორც იქნა, საშველი დაადგა ფრანკლინის გამგზავრებას (როზალინდი 14 მარტს გადავიდა ბირკბექის კოლეჯში): „ვგონებ, საინტერესო რაღაც უნდა შეგატყობინო: მომავალ კვირას დაგვტოვებს ჩვენი შავბნელი ლედი. მთელი სამგანზომილებიანი მასალები უკვე ჩვენს ხელშია (…) ახლა კი უნდა დავფაცურდეთ და სასწრაფოდ შევუდგეთ საქმეს. დიდხანს არ გასტანს ეს ამბავი“. (Maddox 2003); (Olby 1974).

როზალინდის წლიური მოხსენება


მაშ ასე: 1953 წლის 30 იანვარს უილკინსმა უოტსონს აჩვენა ფრანკლინისა და გოსლინგის „51-ე ფოტო“ და უმთავრესი პარამეტრებიც ჩააწერინა. აღფრთოვანებული უოტსონი გაიქცა კემბრიჯში და ყველაფერი მოახსენა კრიკს. ამ ტანდემმა სთხოვა ლაბორატორიის დირექტორს, ლოურენს ბრეგს, ისევ მიეცა მათთვის დნმ-ის მოდელის აწყობის უფლება. ამ უკანასკნელმაც, მაშინვე მოხსნა აკრძალვა, რადგან ძალიან კარგად იცოდა: თუ პოლინგი ფრანკლინს შეხვდებოდა, ისინი უეჭველად შეძლებდნენ სწორი მოდელის გამოქვეყნებას. ამგვარად, კრიკი და უოტსონი 1953 წლის თებერვლის დამდეგს შეუდგნენ მუშაობას (გაითვალისწინეთ: უილკინსი სწორედ მაშინ დაჰპირდა თავის მეგობრებს, რომ მალულად ჩაიწერდა როზალინდის ყველა ფრაზას და ყველაფერს აცნობებდა მათ). (Maddox 2003); (Olby 1974, 401).

ნაადრევი აღმოჩნდა მათი სიხარული: „51-ე ფოტოს“ სიცხადისა და სიმკვეთრის მიუხედავად, განსასაზღვრი იყო ზუსტი რაოდენობა დნმ-ის ჯაჭვებისა (მხოლოდ ეს რენტგენოგრამა ვერ მოჰფენდა ნათელს მთავარ საიდუმლოს: რამდენი სპირალი ჰქონდა დნმ-ს: ერთი, ორი, სამი, თუ ოთხი) (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003). ეს დიფრაქციული გამოსახულება მხოლოდ ადასტურებდა სპირალურ მოყვანილობას, თუმცა, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს სპირალების რაოდენობა.

ნორვეგიელმა მეცნიერმა, სვენ ფიურბერგმა, ჯერ კიდევ 1949 წელს გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ დნმ-ს სპირალური მოყვანილობა ჰქონდა (იგი იყო პირველი, ვინც ყურადღება გაამახვილა ამ დეტალზე, თუმცა, ვერ დაამტკიცა); (Olby 1974); (Judson 1996); (Maddox 2003). ფრანკლინმა 1951 წლის სექტემბერში აღმოაჩინა დნმ-ის სპირალური აგებულება და ეს დასკვნა გაასაჯაროვა კიდეც იმავე წლის 21 ნოემბერს, კინგსის კოლეჯში ჩატარებულ კოლოქვიუმზე. უილკინსი და ალეკ სტოუკსიც იმავე მოსაზრებამდე მივიდნენ 1951 წელს, თუმცა, არ გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი. უილიამ (ბილ) ქოქრანმა, ფრენსის კრიკმა და ვლადიმირ ვანდმა 1952 წელს გამოაქვეყნეს სტატია, სადაც საუბარია სპირალურ აგებულებაზე, თუმცა, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ყველას უჭირდა იმის დანამდვილებით თქმა, რამდენი სპირალი ჰქონდა დნმ-ს.

კრიკმა და უოტსონმა სამსპირალიანი მოდელი ააწყვეს 1951 წლის ნოემბრის მიწურულს. ლაინუს პოლინგმა და რობერტ ქორეიმაც მსგავსი სტრუქტურა შესთავაზეს სამეცნიერო წრეებს 1953 წლის იანვარში. სწორედ ფრანკლინმა აღმოაჩინა  (1953 წლის 24 თებერვალს), რომ დნმ-ის ორივე ფორმა, „ა“ და „ბ“ იყო ორმაგსპირალური. ერთი თვით ადრე, 1953 წლის იანვარში კი დაასკვნა, რომ „ა“ ფორმას ორი სპირალი ჰქონდა და ეს ორი სპირალი ანტიპარალელურად იყო გადახლართული, ანუ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა (Klug 2004).

ამგვარად, კემბრიჯელი დუეტი დიდ სირთულეს წააწყდა 1953 წლის იანვრის ბოლოს (როცა უოტსონმა ნახა „51-ე ფოტო“ და გარდაუვლად საჭირო პარამეტრებიც ჩააწერინა უილკინსმა). თებერვლის დამდეგს, ლოურენს ბრეგმა ხელმეორედ დართო მათ მოდელის აწყობის ნება, თუმცა, მაინც ვერ შეძლეს ვერც დნმ-ის სპირალების რაოდენობის დადგენა, ვერც შაქარფოსფატური ხერხემლისა და აზოტოვანი ფუძეების მართებულად დამონტაჟება, ვერც სპირალთა დიამეტრის გამოთვლა, ვერც დნმ-ის ელემენტებს შორის ფარდობითი მანძილების დაზუსტება, ვერც სხვა საჭირო ქიმიური კონფიგურაციების აღმოჩენა. ერთადერთი, რაც „51-ე“ ფოტომ დაადასტურა, დნმ-ის მოლეკულის სპირალური მოყვანილობა იყო (ეს ჰიპოთეზა ისედაც არსებობდა სამეცნიერო წრეებში). სხვა ყველაფერი (ზუსტი სტრუქტურა, სპირალთა რაოდენობა და დიამეტრი, ფარდობითი მანძილები დნმ-ის სიღრმეში განმეორებად ელემენტებს შორის და სხვა გადამწყვეტი პარამეტრები) ბურუსით იყო მოცული. უოტსონსა და კრიკს უნდოდათ არა მხოლოდ იმის დადასტურება, რომ დნმ იყო სპირალური სტრუქტურის, არამედ სჭირდებოდათ რენტგენული კრისტალოგრაფიის მეშვეობით მიღებული ზუსტი დასკვნები, მათემატიკური ანალიზი და უტყუარი მოლეკულური კალკულაციები. ეს ყველაფერი სწორედ როზალინდ ფრანკლინმა წარმოადგინა თავის შიდა, წლიურ მოხსენებაში და გაუგზავნა კვლევის დამფინანსებელ კომისიას, “Medical Research Council”-ს 1952 წლის დეკემბრის მიწურულს. (Klug 2004); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Olby 1974); (Judson 1996)

ფრანკლინის ამ მოხსენებაში გარკვევით ეწერა დნმ-ის შაქარფოსფატური ხერხემლისა და აზოტოვანი ფუძეების სწორი განლაგების შესახებ; ასევე, დნმ-ის სამგანზომილებიანი კრისტალური სიმეტრია. კერძოდ, ის, რომ დნმ-ის კრისტალური ფორმა ემყარებოდა წახნაგ-ცენტრირებულ, მონოკლინურ კრისტალურ მესერს. ფრანკლინმა სრულყოფილად აღწერა კრისტალური სიმეტრია; დაასახელა ზუსტი პარამეტრები, სპირალთა დიამეტრი, სიგრძე, სიგანე, კუთხეები და ა.შ. (Klug 2004); (Maddox 2003). ცხადია, ფრანკლინი ნათლად წერს დნმ-ის სპირალური ფორმის შესახებაც. ეს წლიური შეჯამება, მართალია, არ იყო კონფიდენციალური, თუმცა, იგი არ უნდა ჩავარდნოდა ხელში სხვა პირებს, გარდა კომიტეტის წევრებისა (Maddox 2003, 188).

მიუხედავად ამისა, 1953 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, “Medical Research Council”-ის წევრმა, მაქს პერუცმა, ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გადასცა კრიკსა და უოტსონს. (Olby 1974); (Maddox 2003); (Watson 1968); (Elkin 2003); (Judson 1996); (Klug 2004). სწორედ ფრანკლინის ეს წლიური მოხსენება და ფრანკლინისა და გოსლინგის „51-ე ფოტო“ გახდა სწორი მოდელის აწყობის საფუძველი. ცხადია, არავის უთქვამს ფრანკლინისათვის, რომ მისი მასალები გადასცეს კონკურენტ ლაბორატორიაში მომუშავე ტანდემს. იგი ისე გარდაიცვალა, მის ყურამდეც კი არ მისულა ეს ამბავი. არასოდეს გაუგია, რაოდენ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა მისი ფოტო და წლიური მოხსენება (Maddox 2003); (Klug 2004); (Sayre 2000); (Olby 1974); (Elkin 2003). კრიკსა და უოტსონს საჯაროდ არასდროს უსაუბრიათ ფრანკლინის წამყვანი როლის შესახებ. კრიკმა მხოლოდ 1961 წლის 31 დეკემბერს (ნობელის პრემიის გადაცემამდე ერთი წლით ადრე) ჟაკ მონოსათვის გაგზავნილ წერილში აღიარა, რომ მასალა, რომელიც ნამდვილად დაეხმარა მათ სტრუქტურის აწყობაში, ფრანკლინის მოპოვებული იყო (Maddox 2003); (Klug 2004).

მათ ისე გამოიყენეს ფრანკლინის წლიური მოხსენება, არც კი უხსენებიათ ავტორის სახელი. დაირღვა წყაროს მითითების წესი. მეცნიერებმა დანაშაული ჩაიდინეს - პლაგიატი. კრიკსა და უოტსონს თავიანთ რევოლუციურ სტატიაში არ უხსენებიათ, რომ სწორედ ფრანკლინმა განსაზღვრა დნმ-ის კრისტალური სიმეტრია: წახნაგ-ცენტრირებული, მონოკლინური კრისტალური მესერი. მეცნიერ აარონ კლუგის აზრით, იმიტომ არ გაამხილეს ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომ „საკუთარი ღვაწლის დაკნინების შეეშინდათ“ (Klug 2004). როცა 1951 წლის ნოემბერში კრიკმა და უოტსონმა ააწყვეს მცდარი მოდელი, შაქარფოსფატური ხერხემალი სტრუქტურის შიგნით ჩაჩურთეს, აზოტოვანი ფუძეები კი გარეთ გაიტანეს. როზალინდმა მაშინვე უთხრა, რა შეცდომაც დაუშვეს. ეს მწარე გაკვეთილი აღმოჩნდა მათთვის (Klug 2004).

ნობელის პრემიის გადაცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს ამბავი გამომჟღავნდა, მაქს პერუცმა 50-მდე აღშფოთებული ადამიანის წერილი მიიღო. მეცნიერს ჰკითხეს, რატომ დაარღვია პროფესიული ეთიკა და რად მიაწოდა ფრანკლინის დაუკითხავად ეს მასალები კრიკსა და უოტსონს. მან მხოლოდ იმის თქმა შეძლო (ჟურნალ «Science »-ში გამოაქვეყნა საგანგებო სტატია 1969 წლის 27 ივნისს), რომ „მაშინ ძალზე გამოუცდელი (!) იყო და ვერ ერკვეოდა (!) ადმინისტრაციულ საკითხებში“ (Maddox 2003); (Stent 1981).

 ამერიკელი მეცნიერის, ჯერი დონოჰიუს, შეფასებით (რომელმაც განუზომლად დიდი ღვაწლი დასდო უოტსონსა და კრიკს, როცა ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ დნმ-ის აზოტოვან ფუძეთა შეწყვილებას 1953 წლის თებერვლის ბოლოს, თუმცა, არაფერი გამოსდიოდათ. იხილეთ ქვემოთ უფრო ვრცლად დონოჰიუს როლის შესახებ), პერუცმა ძალზე ბრიყვულად, უაზროდ და უგერგილოდ იმართლა თავი (Donohue 1976). მისი ახსნა-განმარტება სულაც არ იყო დამაჯერებელი და რაც მთავარია, მეცნიერისათვის შესაფერი და ღირსეული. პერუცის მოსაზრებები ორი მიზეზითაა მცდარი: 1) არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სამეცნიერო მასალის კონფიდენციალობის თუ საჯაროობის საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში, უოტსონისა და კრიკის სტატიაში, 1953 წლის 25 აპრილს რომ გამოქვეყნდა, ექსპლიციტურად და ცხადად უნდა ყოფილიყო მითითებული, ვის კვლევას, მოხსენებასა და დიფრაქციულ ფოტოს დაეყრდნენ. ნათლად და გარკვევით უნდა დაესახელებინათ ესოდენ გარდამტეხი აღმოჩენებისა და კალკულაციების ავტორი, ციტირების წესის სრული დაცვით. 2) მათ არ ჰქონდათ უფლება, ამ უდიდესი აღმოჩენის ერთადერთ ავტორებად გაესაღებინათ თავი. სტატიაში ვკითხულობთ: „დნმ-ის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნება“. (Watson, Crick, 1953) თავს იჩენს ერთი სავსებით ლოგიკური, გონივრული და ბუნებრივი შეკითხვა: რა არის ამ დასკვნის საფუძველი? პასუხი: ფრანკლინის წლიური მოხსენება.

ამით დავასრულოთ სტატიის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილში ვიხილავთ, როგორ გამოიყენეს უოტსონმა და კრიკმა ფრანკლინის ზემოხსენებული წლიური მოხსენება, რომელსაც ძალიან იშვიათად ახსენებენ პოპულარული საიტები, მათ შორის, ის გამოცემებიც კი, ფრანკლინის როლის საკადრისად დაფასებას რომ მოითხოვენ. სამწუხაროდ, მათ მხოლოდ „51-ე ფოტო“ და უილკინსი მოაქციეს „ფოკუსში“ და თითქმის სულ არ აქცევენ ყურადღებას არც მაქს პერუცის არაეთიკურ საქციელს და არც ფრანკლინის იმ უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ სამეცნიერო დოკუმენტს, სწორი მოდელის აწყობის საწინდრად რომ იქცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^