Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბატონო ადამიანო

14 თებერვალი 2018

მას შემდეგ, რაც სტატუსი „ბატონი“ შეგეფერება, შენი თავი ზევით იწევს და ჩემი კი პირდაპირპროპორციულად ქვევით. ამიტომ იძულებული ვარ ქვევიდან ზევით ამოვქაჩო ჩემი სრულიად არამგრგვინავი ხმა, რომელიც ქარს, წვიმას და სიცივეს დაუძლურებული ხვდება. შენი ჰიგიენურად გაპრიალებული გოგრა კი ისე მაცდუნებლად ზევითაა, რომ შემიძლია გაგაღმერთო კიდეც. რომ შემეძლოს გაგაღმერთებდი, მაგრამ ღმერთი ხომ მე ვარ. დაცემული ადამიანების ღმერთი ვარ და ეს მახსოვს. შენ თუ გინდა ალაპლაპებული და ზაპონკებიანი ღმერთი იყავი, უფლებას გაძლევ. შევთანხმდით, შენ რესტორნებისა და ფულის ხარჯვის ღმერთი ხარ, ბატონი ღმერთი, მე კი უბრალოდ ღმერთი. ორივეს გვახსოვდეს.

რას დამავალებ? რომელ მხარეს დავბზრიალდე? რომელი დავალება შევასრულო, რა გავახმოვანო ჩემი გამოფიტული ხმით? გინდა, მანამ სავალდებულო დიეტის გამო ზღვის პროდუქტების სალათას მიირთმევ, შენი პიჯაკი ჩისტკაში გავარბენინო? შვილები სკოლიდან არ არიან გამოსაყვანი? ა, მძღოლი, - დამავიწყდა. ცოლის ფრჩხილები? კიდე? მეტი, მეტი დავალება მჭირდება. საგარეო დავალებები. საშინაო ჩემიც მყოფნის. ქვეყანა რომ ავაშენო შენი სახელით? აი, ფაზლივით, გუშინ „ბიბლუსში“ ვიყიდე, ადვილია. შევძლებ. ცოტა პურის გაძვირება, ცოტა ექსპორტი, ცოტა კრიმინალთან ბრძოლა, ნაწილობრივი სროლა, ცოტ-ცოტა რეორგანიზაცია და რეფორმა, ლენტები, ბანტები, მაქმანები, გახსნები, საავადმყოფოები, მოხუცთა თავშესაფარში ვიზიტები, უპატრონო ბავშვები, ცრემლი, ცრემლი, ცრემლი (აფთიაქში იყიდება, ძვირი არ ღირს), მერე სოციალური დახმარებები, ხან დანიშვნა, ხან მოხსნა და ეგაა. ხედავ რა ადვილი სამსახური გაქვს, რა მარტივ რამეებს გავალებენ?

ხალხი. ხალხზე უნდა გელაპარაკო. მარტო შენ კი არა, ჩემს თავსაც მინდა ველაპარაკო. ხალხი ვინაა? -  აი, შენ რომ მართავ და სიკეთე გინდა: შენი თანამშრომლები,  მოხუცი ბებია, კიდე შენი მეგობრის მეგობარი და იმისი შეყვარებული და ნათესავები და სკოლის მეგობრებიც ხანდახან. ქუჩაში რომ ბებო დგას და ლიმონს ყიდის და 20 თეთრის ნაცვლად ლარს აძლევ, ისიც „ხალხია“; გუშინ რომ ბიჭებმა მაღაზია გაძარცვეს, და ვინც დაიჭირა და კარაქის მოპარვის გამო 5 წელი მიარჭო, - ისინიც; შენ რო პოლიციელებს ცუდი რამეები დაავალე და შეასრულებინე, - ისინიც. მოკლედ, შინაური და გარეული, ასე დავახარისხოთ. ცხოველებივით. შუალედურიც არსებობს, მაგრამ ახლა არ გვინდა.  „შინაური“ ხალხი უნდა გიყვარდეს, ეს მოცემულობაა, დამოკიდებულიც თუ გყავს შენზე, მთლად გადასარევი ამბავია.  რამდენს აკეთებ (შინ თუ გარეთ): მეგობარს ხელს შეუწყობ, წინ წასწევ, შვილს მოუნათლავ, მერე შავ საქმეს ანდობ, დაავალებ - სამარადჟამოდ შენია. გულით გიხარია. დაგიფასებს, არ გიღალატებს. არადა, შენი საქმეებიც ხომ გაქვს, ზედმეტად საშინაო: ცოლს შუბა, შვილს ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტში სწავლა, დას სამსახური, დის ქმარს ბიზნესის ხელშეწყობა, იმის შვილს სტაჟირება, იმის იმის იმის... - ყველას რაღაც უნდა. ამდენს როგორ უნდა გასწვდე. ერთი ხარ. მაგრამ მაინც შენები არიან, შენზე დამოკიდებული შენები, სიკეთეს ისე გაუკეთებ, როგორც მოგინდება, ისე აცხოვრებ, პირველ რიგში შენ რომ იგრძნო თავი კარგად. მერე რა, თუ შვილს გერმანიაში უნდოდა სწავლა, იქ ისწავლის, სადაც უბრძანებ - მარტივი სქემაა, ძალიან ამართლებს. დაავალებ - შეასრულებენ, შენები, საყვარლები. მარტო მაგათმა იციან, რამდენს შრომობ და რად გიჯდება.

ახლა სხვა ხალხზე, გარეულ ცხოველებზე. სარეკლამო კლიპს რომ გიღებდნენ და „მასოვკის“ სცენებისთვის გჭირდებოდა, ეგ ხალხია. ჩასძახებ - ამოგძახებენ. ჩასძახებ -ამოიკიკინებენ. რასაც იტყვი, ზუსტად ისე იქნება. სასიამოვნოა. ზოგს ცოტას ხელს წაუკრავ, ზოგს წაართმევ, ზოგს ქუჩაში მიატოვებ, ზოგს მოკლავ, ციხეში ჩასვამ - ტკბობაა. შეგიძლია ტუჩები გაილოკო, არ გასუქდები. ააწყობ - დაშლი. რა უნდა ქნა, ვიღაცისთვის კარგი ვიღაცისთვის ყოველთვის ცუდია. მთავარია, „გამოჩენილი“ ხალხი არ გადაიმტერო, მაგათი ცოტა კი უნდა გეშინოდეს ისე, სხვა ხალხი უსმენს და იმიტომ. მერე სხვა ხალხი ერთ მთლიანობად იქცევა და ვეღარ გააკონტროლებ, უკონტროლო კიდე ყველაფერი საშიშია: აქციები იცის მაგან, მიტინგები, შევარდნები, გადაყირავებები. შენ ხომ გადაყირავება ჯერ არ გინდა, ხომ ასეა?  ამიტომ ერთით გაეცი, მეორეთი წაგლიჯე, უმარტივესია, შენში რომ ღმერთია, ის აუცილებლად შეგინდობს. „გამოჩენილ“ ხალხს თუ დანარჩენი ხალხი გადაამტერე, მთლად გადასარევი ამბავი იქნება.

ხალხს ჰგონია, რომ მომხმარებელია, არადა, სინამდვილეში მარტივად შეგიძლია თავად მოიხმარო, ვერც მიხვდებიან. ხალხი ისაა,  ვისთვისაც  შრომობ  და  ასრულებ,  და დაგიქირავეს,  და  ღმერთი  გაგხადეს.  ახლა  ეს  ხალხი  შენ  რომ  ამდენს  აკეთებ, როგორია?  როგორი  და  უმადური.  გაუნათე გამზირი,  რატოა  განათებულიო,  მიეცი  დახმარება -  რა  ცოტააო,  აღკვეთე კრიმინალი   -   უდანაშაულო  შეეწირაო,   გახსენი   შახტები   -  მუშა   დაზარალდაო. რა, რა უნდა ქნა? როგორ  მოახერხო, რომ თან თვალში ნაცარი აყარო, თან შენი საქმე აკეთო და თან სამადლობლებიც მიიღო?  ძნელი ყოფილა. თან შენც გავალებენ, აი ისინი, ვინც ღმერთი გაგხადა და ეს ცხოვრება მოგიგონა. მაგათ რა ჰგონიათ, შენ არ ხარ ადამიანი? შენ არ გტკივა გული, როცა ხელს ისეთ რაღაცებზე აწერ, დედიკოს რომ არ მოეწონებოდა? მაგრამ ყველაფერს თავისი საზღაური აქვს ცხოვრებაში და შენ კიდე მთელი ცხოვრება ღმერთობა გინდოდა.  თანაც,  შენ  ხომ  მოგწონს  ადამიანები, რომლებიც  საახალწლო  ფოჩიანი  კანფეტებისთვის  მთელი წელი  გემსახურებიან? გოჭის   ბარკლებით   რომ   დარბიან?  ამიტომ, ჯერ შახტას დახურავ, ცოტა ხანში პურს  გააძვირებ,  მერე  კონცერტს   ჩაატარებ, ფოჩიან კანფეტებს დაურიგებ - შეერგოთ, მერე უცებ ყელში წაუჭერ და გაგუდავ. ვერაფერსაც ვერ გაიგებენ.

სამშობლო. სამშობლო ტერიტორიაა, რომელსაც დილა-საღამოს საზღვრიდან წინ და უკან არ ამოწმებ. ცოტა წინ, ცოტა უკან - რა მნიშვნელობა აქვს. შენს სამშობლოში კარგი ღვინოა, კიდე ლამაზი ცა,  მთები, შენ წარმოიდგინე ზღვაც. კიდე კოსმოსში  ქართული  მუსიკა გაუშვა შენმა სამშობლომ, კიდე შოთა ჰყავდა მაგას რუსთაველი, გალაკტიონი თუ გალაქტიონი, გალაკტიონს თუ გალაქტიონს კიდე ბაბუაშენი   იცნობდა,  წარწერიანი წიგნიც გაქვს, მაშ!  ეგაა სამშობლო, შენი, ხო, პანთეონები და გამზირები, იუბილეები და მისასამძიმრებელი სიტყვები, ცოცხლები ჭირსაც წაუღია. ჯერ სიკვდილი მოასწრონ და მერე ილაპარაკონ. ჯერ ფიროსმანი კიბის ქვეშ მოკვდეს და მერე. არ წაიღეს ტვინი თავიანთი ემანსიპაციით? ყველა გენიოსი როგორაა ამ საქართველოში? ლაპარაკის უფლებას რომ აძლევ ამ ბრბოს, მაგისი ბრალია ეგ.

ამის წინ გნახე. დაღლილი ჩანდი, გამოუძინებელი. თავი ზევით-ქვევით გიყანყალებდა. ზაპონკები რაღაცნაირად საცოდავად გეკიდა. გალაკტიონის თუ გალაქტიონის წიგნი გქონდა ჩაბღუჯული და გაუთავებლად იმეორებდი: „ძმას, იროდიონს, პატივისცემის ნიშნად“. ვერც კი ხვდები, რა მშრალი და არაფრისმთქმელი წარწერა გაუმეტებია იმ კაცს შენი სახელოვანი ბაბუსთვის. ქუჩაში კი ხალხი დარბოდა ტრანსპარანტებით, გარეული ხალხი, საშიში, გამოჩენილი და გამოუჩენელი, მშიერი და ციხეში გაშვებული, მუშა და პოლიციელი, მეშახტე და ექიმი, შვილმკვდარი დედები და სოციალურად დაუცველები, ყველა რაღაცას გემართლებოდა. ცხვარი რომ გეგონა, ის ხალხი. წარმოვიდგინე, როგორ გინდოდა შენს სასახლეში, ლომისფეხება მაგიდის ქვეშ შემძვრალიყავი, მაგრამ არ შეგეძლო, ღმერთი რომ გაგხადეს იმათმა, დაგავალეს ასე. მე კი მოვდიოდი დაცემულ ადამიანებს შორის, უფულო და არამგრგვინავი ხმით და არც კი იცი, როგორ მეცოდებოდი. ადრე რომ შევხვდით, მინდოდა მერჩია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ჩაგეტენა საჭმელი, გულისრევამდე. ეგენიც მაძღრები გეყოლებოდნენ და შენ იჯდებოდი ახლა შენს საყვარელ რესტორანში და დიეტის სახელით ზღვის პროდუქტების სალათას დააგემოვნებდი. გავჩერდი კიდეც, მაგრამ ხელი ამიქნიე და წახვედი - მათხოვარი გეგონე, ამდენი დრო სად გქონდა, ჩემთვის გესმინა. ახლა კი რა გამოვიდა, ისინი ღმერთობას ჩამოგართმევენ და ამ ხალხსაც ვერ შეუერთდები, სად უნდა წახვიდე, რა გააკეთო, როგორ იცხოვრო. ფული კი გაქვს, მაგრამ ძალაუფლება? ფეხის ბიჭები? ჩემნაირი დაცემულების ხმა?

ზაპონკებიანო ყოფილო ღმერთო, შერჩევითი სამართლის ყოფილო ღმერთო, ბატონო ყოფილო ადამიანო, თქვენო აღმატებულებავ და უმდიდრესობავ, ჩამოწიეთ გოგრა ესე თქვენი და გადახედეთ ნაგავსაყრელებს ქალაქისას ამისას, საკუთარს და სხვისას, შეიგრძენით სურნელი იგი ცოცხლად დამარხულებისა, მშიერი ადამიანებისა და ორფეხა ცხოველებისა „ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს“, - ომახიანად დასჭექე ადამიანურ ნაგავსაყრელებს, სადაც წვანან უფლებაგადამეტებული თუ პატიოსანი პოლიციელები, ამპუტირებულფეხიანი მეშახტეები, ძუძუებდაჭრილი ქალები, დამნაშავეები და უდანაშაულონი, ნარკოპოლიტიკის მსხვერპლნი და გამოჩენილები, ყველა ერთად. და ახლა მაინც დამიჯერე, რასაც გეტყვი: ამ ადამიანების გეშინოდეს,  ამ ადამიანების! დაცემული ღმერთების გეშინოდეს და გაიქეცი, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცი აქედან,  რადგან უკვე „ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის“... და ბაბუაშენისთვის ნაჩუქარი წიგნი სულ ფურცელ-ფურცელ მიაქვს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 სექტემბერი
11 სექტემბერი

გამოცხადებული ტერორის ქრონიკა

კუდიანებზე ნადირობა თრილერები ვისაც გიყვართ, ალბათ, ამ ქრონიკას უცებ წაიკითხავთ. თუ ქვემოთ მოთხრობილ ამბებზე არაფერი გ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

"ოთარაანთ ქვრივი", ანუ რატომ ვერ ვიმჩნევ ...

თავის დროზე ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ რომ წავიკითხე, ვერ გავიგე. არ უყვარდა და ნუ უყვარდა. არც იყო ვ ...
02 სექტემბერი
02 სექტემბერი

მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ

ხანგრძლივი მოწყენილობა ხშირად დეპრესიად აღიქმება, უფრო სწორად, დეპრესია მაქვსო, ადამიანები ასე ახასიათებენ თავიანთ მდგომ ...

მეტი

^