Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემნას წითელი წაღები

18 მარტი 2018

დემნა გვასალიას Vetements-ის ახალი კოლექცია და განსაკუთრებით ახალი „ჩაკეცილი" ფეხსაცმელები, რომელიც ალბათ მდიდრებს გულს აუჩუყებს, ხოლო რადიკალურ მემარცხენეებს კი - აურევს, ზუსტად აღნიშნავს დღევანდელი მოდის ინდუსტრიის მკვეთრად გამოხატულ სოციალურ თუ ესთეტიკურ მნიშვნელობას. „წარმატებული სოხუმელი ბიჭის" ფენომენმა (იმის მიუხედავად, გვინდა თუ არა, ვაღიარებთ თუ არა) ნამდვილად შეცვალა დასავლური მოდის ვექტორი. ის თანამედროვე „ინდუსტრიული კონკიას" ახალ მითს ქმნის - წარმატების მიღწევა რევოლუციური იდეების, ავანტიურისა და რაიმე გარღვევის გარეშე, შეუძლებელია. 

მაღალი მოდის ვიტრინებში გაქვავებული ხატები დემნა გვასალიამ ქუჩაში გამოიტანა და ფაქტობრივად, მოძრავ „სოციალურ გამოფენად" აქცია. ძონძების ესთეტიზაციას კი იმგვარი შთაგონება მოახმარა და ისეთი დამცინავი ფასი დაადო, რომ დიორის ოქროს ძაფებით შეკერილი კაბებიც კი შეძრწუნდებოდნენ. და მაინც, ის პირველი არ არის, რადგან მანამდე მოდის ინდუსტრიას „წითურმა ალქაჯმა", ვივიენ ვესტვუდმა გავეშებით შეუტია პანკური ფლანგებიდან. თუმცა საბოლოოდ, ეს ამბავი მაინც ურბანული სუბკულტურისა და მაღალი მოდის ზავით დასრულდა.

დემნა გვასალია რაღაც ეშმაკის მანქანებითა თუ ჭინჭრაქას მოხერხებულობით მაინც განაგრძობს გაზულუქებული მოდის სამყაროს გაბრუება-გაოცება-დაბოლებას და ახალ, ჩაკეცილ ფეხსაცმელსაც შესაბამის ფასს ადებს - 1390 დოლარს! რაც ნიშნავს რომ, სინამდვილეში, მოხმარებასა და მოთხოვნილებას შორის ბევრად სხვა, ჯადოსნურ-ქაჯურ-ეკონომიკური კავშირები არსებობს, ვიდრე ამას მაღალი მოდის ესთეტიკური მნიშვნელობა თუ ლამაზად უსარგებლო ღვარჭნილობა გულისხმობს.

ჩემთვის ესთეტიკური კონვერტაცია ასეთია - დემნა გვასალიას ახალი ფეხსაცმელი ღირს იმდენი, რამდენიც დაახლოებით ეღირებოდა ერთად აღებული, გამორჩეული თანამედროვე რეჟისორებისა თუ ქორეოგრაფების (ივო ვან ჰოვეს, კრისტოფ მარტალერის, ტომას ოსტერმაიერის, რომეო კასტელუჩის, იან ფაბრის, მიხაილ ტალჰაიმერის, ალვის ჰერმანისის, კარინ ჰენკელის, ალან პლატელის, საშა ვალცის, ირჟი კილიანის, მათს ეკის, ალექსადრ ეკმანის, ანჟელინ პრელჟოკაჟის და ა.შ.) სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთი. თუმცა პოეტისა არ იყოს, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი" და მათ შორის მათაც, ვისაც მოდაც აღელვებს და ეკმანის თანამედროვე ცეკვაზეც უთრთის ნერვიული სისტემა.

გასაგებია, რომ ასეთი ათვლა და კონვერტაცია ძალიან პირობითია, ისევე როგორც, იმის მტკიცება, რომ მოდის სამყარო ბინძურია და რასაც მას გვასალია უკეთებს, სწორედ რომ გამიზნული სოციალური და ესთეტიკური შურისძიებაა და სხვა არაფერი. ყოველ შემთვევაში, მისი „ჩაკეცილებიც" და ნაირგვარი „წაღებიც" მოდის საზღვრებს სცილდება და ბრჭყვიალა ვიტრინებისა და 90-იანი წლების ბაზრობებების დაახლოების მცდელობას ჰგავს.

ან იქნებ, ეს სოციალური კონცეფცია კი არ არის, არამედ ტრავმული წარსულის (დემნა სოხუმელი ლტოლვილია) მუდმივი შეხსენება და ესთეტიზაცია. ჩვენთვის ასე გასაგები და ნაცნობი 90-იანი წლების დრამატული ამბები, ისტორია, სიმბოლოები და სამოსი, რომლებიც შესაძლოა დასავლელ ადამიანს არაფერს და ვერაფერს ეუბნება, გაცილებით მეტ ფანტაზიას და სივრცეს უტოვებს სწორედ დემნა გვასალიას. რადგან გააზრებული თუ შთაგონებული ირონიისათვის ბევრად მეტი მიზეზი და შესაძლებლობა დაუგროვდა, ვიდრე სხვა დასავლელ დიზაინერებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, დემნა გვასალიას ფენომენი უკვე არსებობს და მისი „წითელი წაღები" თუ შავი, ჩაკეცილი ფეხსაცმელები უფრო მეტია, უფრო ექსტრემალური და უფრო დამცინავი, ვიდრე აქამდე მოდის სამყარო ქმნიდა, იცნობდა და იტანდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^