Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭირი იქა, ლხინი - აქა?

02 აპრილი 2018

ბავშვობაში ხშირად მიფიქრია, რატომ მთავრდებოდა ზღაპრების უმეტესობა ასე: „ჭირი იქა, ლხინი - აქა, ქატო იქა, ფქვილი - აქა“, ცოტა მოგვიანებით ამ ყველაფრის შეუსაბამობაზეც დავფიქრდი. როგორ შეიძლება, აქ ლხინი იყოს, თუკი იქ - ჭირია? როგორ შეიძლება ამ პატარა დედამიწაზე სადღაც დალხენილად ცხოვრობდეს ადამიანი და მისგან არც ისე მოშორებით ჭირს უსურვებდეს სხვას? განა ის ჭირი მის კარზეც არ მოაკაკუნებს?

რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ ზღაპარს თავისი განსაკუთრებული ენა აქვს, თავისი სტრუქტურა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ზღაპრებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო და ზღაპრის ძირითადი არსი ისაა, რომ კეთილი იმარჯვებს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც სულ მქონდა შინაგანი წინააღმდეგობა ზღაპრის ასეთ დასასრულთან.

რამდენიმე წლის წინ იდეა გამიჩნდა, ცნობილი ხალხური ზღაპრის, „რწყილი და ჭიანჭველას“ ახალი ვერსია დამეწერა. ამ ზღაპარში ისიც მიტოვებდა უკმარისობის განცდას, რომ დახმარების სანაცვლოდ ყველა რაღაცას ითხოვდა. ამიტომ ჩემს ვერსიაში, რომელსაც „ჭიანჭველა და რწყილი“ დავარქვი,  ყველაფერი შევატრიალე. ბოლოს კი ჩემი ბავშვობის დროინდელი საფიქრალიც გადავჭერი და ზღაპარი ასე დავამთავრე: „ლხინი იქაც, ლხინი - აქაც, სულ სიკეთით დამიბერდით“.

როცა ეს ზღაპარი დაიბეჭდა, ბევრმა მითხრა, რომ ასეთი დასასრული მოეწონათ. ახლახან კი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, ქალბატონმა მაია თოდრიამ ასეთი რამ მომწერა:

„საოცრად მომწონს ზღაპრის ასეთი დასასრული. ვცდილობ ბავშვებსაც ავუხსნა, რა კარგია, როცა ყველას დედამიწაზე ლხინს და კეთილ სურვილებს ვუგზავნით. ,,რუსეთსაც?" მეკითხება ერთი ბავშვი და პატარა მრგვალ თვალებთან წარბები კითხვის ნიშნებს წერენ...“.

ჩავფიქრდი. მასწავლებლის მსგავსად, მეც, ცოტა არ იყოს, დავიბენი. რატომ გაუჩნდა ბავშვს ასეთი შეკითხვა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. როცა შენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, როცა პოლიტიკური მდგომარეობა მუდმივად დაძაბულია, როცა ბავშვს, შესაძლოა, ეს ყველაფერი არა აქვს გაცნობიერებული, მაგრამ უფროსებისგან მუდმივად ესმის ამ თემაზე საუბარი, მასაც უჩნდება ასეთ დამოკიდებულება. მაგრამ რამდენად საჭიროა, ბავშვს ასეთ ასაკში მსგავსი საფიქრალი გავუჩინოთ?

სულ მალე დავრწმუნდი, რომ ბევრად უარესადაა საქმე და რომ ბავშვებს არათუ ასეთი შეკითხვებისთვის, არამედ ბევრად საშიში პასუხებისა და ფიქრებისთვის ვიმეტებთ ხოლმე დიდები.

კემეროვოში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში ნანახმა ზოგიერთმა გამოხმაურებამ ჯერ გამაოგნა. ვიფიქრე, რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო. მაგრამ სულ მალე იმდენი მსგავსი კომენტარი ვნახე, რომ უკვე შევშინდი. შევშინდი, ხომ არ ვკარგავთ ადამიანურ სახეს? ხომ არ ვწირავთ მომავალ თაობებს სიძულვილითა და ღვარძლით სავსე გარემოში ცხოვრებისთვის? არადა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც სიხარულს გამოხატავდნენ რუსეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთია? ახალგაზრდებიც და საპენსიო ასაკისანიც, კაცებიც და ქალებიც, უფლებადამცველებიც და ყოფილი პარლამენტარებიც... ადამიანები, რომლებიც ზრდიან შვილებს, შვილიშვილებს... რომლებიც მუშაობენ ადამიანთა უფლებების (!) დაცვაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კანონების მიღებაში... და ამ ყველაფერს ხან ღმერთის, ხანაც პატრიოტიზმის სახელით ნიღბავდნენ.

ბავშვების სიკვდილი ყველგან და ყოველთვის დიდი ტრაგედიაა. ეს იმდენად მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ არ მეგონა, ახსნა თუ სჭირდებოდა. ტრაგედიაა, როცა ბავშვები იხოცებიან ომისგან, სტიქიური უბედურებებისგან, უფროსების უგულობითა და დაუდევრობით გამოწვეული შემთხვევებისგან... ტრაგედიაა, როცა ბავშვები იხოცებიან საქართველოში, სირიაში, რუსეთში თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. თუკი ამას ვერ გავაცნობიერებთ, როგორ შევძლებთ, აღვზრდოთ შვილები და ემპათიის, სიყვარულის გრძნობა გავაღვივოთ მათში? ხოლო თუ ბავშვებს ამ გრძნობებით არ გავზრდით, მაშ, როგორ უნდა შევქმნათ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავალი? როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს, რას ნიშნავს „იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა“? როგორ უნდა გადავარჩინოთ მათში ადამიანი?

ნუთუ ასე პირდაპირ უნდა გავიგოთ ზღაპრებში გადმოცემული სიბრძნე? ნუთუ მართლა ასე ვაპირებთ ცხოვრებას - ჭირი იქა, ლხინი აქა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^