Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

10+ მონაცემი, რომლებიც სასწრაფოდ უნდა წაშალოთ CV-დან

02 აპრილი 2018

ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი CV და რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ის სასურველი სამსახურის პოვნის შანსების გასაზრდელად. თუმცა, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ის ინფორმაცია, რომლის მითითებაც აზიანებს კანდიდატის პროფესიონალურ იმიჯს და დამსაქმებელს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის საშუალებას აძლევს. ბოლო რამდენიმე თვეში ძალიან ბევრი CV-ის გადარჩევა მომიწია სხვადასხვა პოზიციაზე არსებული ვაკანსიებისთვის და გადავწყვიტე ჩამომეწერა ყველა არასაჭირო ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ შემხვდა და რომელსაც თქვენს ადგილას ახლავე ამოვშლიდი რეზიუმედან:

  1. დაბადების ადგილი და თარიღი - ასაკის მითითება არაპროფესიონალ დამქირავებელს ასაკობრივი დისკრიმინაციის საშუალებას აძლევს, ხოლო პროფესიონალს ნაკლებად აინტერესებს, როდის და სად დაიბადეთ;
  2. პირადი ნომერი (ასევე: პასპორტის ან ID ბარათის სერია და ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის და ვადის ამოწურვის თარიღები) - ეს ინფორმაცია დამქირავებელს ხელშეკრულების გაფორმებამდე არ დასჭირდება. თანაც, არასდროს იცით, ვის ხელში მოხვდება საბოლოოდ თქვენი პირადი მონაცემები და რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს მათ გასაჯაროებას;
  3. მამის სახელი (განსაკუთრებით ასე: ომარის ასული/გურამის ძე) - პირადი მონაცემების გასაჯაროების საფრთხეებზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ, იმაზე მაინც დავფიქრდეთ, რამდენად განსაზღვრავს მამის სახელი თქვენს პროფესიონალიზმს. ასევე, სადაც საჭიროა ამის მითითება, „მამის სახელის“ გასწვრივ მხოლოდ სახელი უნდა ეწეროს ყოველგვარი ძეების და ასულების გარეშე;
  4. მისამართი - მხოლოდ ორ შემთხვევაშია საჭირო: ხელშეკრულების გაფორმებისას და ადამიანის სტუმრად მოპატიჟებისას. გაგიკვირდებათ, და შესაძლოა რომელიმე დამქირავებელმა ლოკაციის მიხედვითაც მოახდინოს თქვენი დისკრიმინაცია  - „ეს იქიდან როგორ ივლის?!” არგუმენტით;
  5. სქესი, ეროვნება - დისკრიმინაციაზეც რომ არ ვიფიქროთ - უმეტეს შემთხვევაში მარტივი მისახვედრია სახელი-გვარიდან, და ასეც რომ არ იყოს, რამდენად განსაზღვრავს რომელიმე თქვენს კვალიფიკაციას?
  6. მოქალაქეობა - თუ საქართველოში ლეგალურად მუშაობის უფლება გაქვთ, მაშინ ეს ინფორმაცია უბრალოდ ზედმეტია;
  7. ოჯახური მდგომარეობა - კი, ყველა დამსაქმებელს აინტერესებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება აბსურდული სტერეოტიპების ზეგავლენით მიიღონ თქვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება;
  8. მეუღლისა და შვილების პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი) - ეს უკვე მეტისმეტია! იხილეთ პუნქტი 2;
  9. ჰობი - ძირითადად მაშინ წერენ, როცა არ იციან ნახევრად ცარიელი გვერდი რით შეავსონ. არ არსებობს ჰობი, რომელიც ყველასთან კარგ ტიპად წარმოგაჩენთ, თუ ეს გაქვთ განზრახული. მეტიც, შეიძლება თქვენი ჰობის ამოკითხვისას ვინმეს სახეც კი მოეჯღანოს და ავტომატურად სტერეოტიპების რომელიმე არასასურველ კატეგორიას მიგაკუთვნოთ;
  10. ფოტო - პროფესიების ძალიან დიდ ნაწილში თანამშრომლის გარეგნობას სამუშაოს ეფექტურად შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი არგუმენტიც არ უნდა თქვას დამსაქმებელმა დამაჯერებელი სახით CV-ში ფოტოს ან სხვა დამატებითი პირადი მონაცემის ჩამატების აუცილებლობაზე, ეცადეთ მხოლოდ ის ინფორმაცია მიაწოდოთ, რაც უცხო ადამიანს თქვენი უნარების, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შესახებ შეუქმნის წარმოდგენას. თუ მაინცდამაინც თვლით, რომ ფოტო აუცილებელია, ეცადეთ, მოერიდოთ საცურაო კოსტუმიანი, სიგარეტიანი, მოპრუწკულტუჩებიანი, სათვალეებიანი და ზოგადად თქვენი სოციალური ცხოვრების ამსახველი ფოტოებისა და სელფების ჩამატებას. ასევე, სრულიად გაუგებარია CV-სთან ერთად დამსაქმებელთან დამატებით სელფის გაგზავნის აუცილებლობა;
  11. დიპლომები, რეკომენდაციები, სერტიფიკატები, მართვის მოწმობა, და სხვა დამხმარე დოკუმენტები - არაერთი CV შემხვედრია, სადაც იმავე ფაილშია ჩასმული (უმეტესად უწესრიგოდ) ჩამოთვლილი დოკუმენტების ფოტოები(!). ეს ყველაფერი მოთხოვნის შემთხვევაში შეგიძლიათ ცალკე ფაილებად გაგზავნოთ.

კიდევ რა შევცვალოთ?

  • [email protected], list.ru და ნებისმიერი.ru! - ბასასუნა, სოფუშკები, ჩაქლეთბოი და მსგავსი ელექტრონული ფოსტა ნამდვილად არ წარმოგაჩენთ პროფესიონალად, მიუხედავად იმისა, რომელიმე რუსულ დომეინზე დაარეგისტრირებთ, თუ gmail-ზე;
  • ასჯერ და ათასჯერ გადაიკითხეთ CV მანამდე, სანამ წერისას დაშვებულ ყველა გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომას არ შეასწორებთ;
  • ინგლისურ ენაზე დაწერილ დოკუმენტში ყველაზე კარგად ჩანს რამდენად კარგად ან ცუდად იცით ინგლისური - ჰოდა, თუ კარგად არ იცით, ქართულად დაწერეთ CV და სწორად მიუთითეთ ენის ცოდნის დონე;
  • ნუ ჰყვებით ისტორიას: „ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს”; „დავამთავრე ესა და ეს უნივერსიტეტი” - ბოლომდე მაინც არავინ წაიკითხავს;
  • კი, კარგია რეზიუმეს გაგზავნა pdf დოკუმენტად, მაგრამ, თუ ამობეჭდილი დოკუმენტის დასკანერება ერთადერთი გამოსავალი გგონიათ, მანდ უკვე სულ ერთია რა წერია CV-ში.

ჩამონათვალი უსასრულოდ რომ არ გაგვიგრძელდეს, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ პროფესიისა და გამოცდილების მიუხედავად, თქვენი CV ყველაზე უკეთ მეტყველებს თქვენს უნარებსა და პიროვნულ თვისებებზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დამსაქმებლებისთვის კადრების შერჩევისას. ამიტომ, კრიტიკული თვალი გადაავლეთ თქვენს რეზიუმეს, წაშალეთ ზედმეტი ინფორმაცია და მუდმივად იზრუნეთ მის გაუმჯობესებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^