Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცი მწერალი, ქალი მწერალი...

12 აპრილი 2018

ამას წინათ მეგობართა წრეში ვბაასობდით ქალ მწერლებზე.

აზრები, როგორც ყველგან და ყველაფერზე, აქაც ორად გაიყო - იყვნენ სკეპტიკოსები და იყვნენ ფემინისტური სულისკვეთებით მოკამათენი. მე, ჩვეულებისამებრ, ოქროს შუალედში აღმოვჩნდი - არც ერთი პოზიცია მიმაჩნია უტყუარ ჭეშმარიტებად, არც - მეორე, ანუ არც სკეპტიკურად ვუყურებ ქალის მწერლობას და არც იმის მტკიცებას შევუდგები, ქალები ტოლს არ უდებენ ამ საქმეში მამაკაცებს-მეთქი, რადგან ორივე პოზიციას საყოველთაო ჭეშმარიტება არყევს.

ჯერ ერთი, მსოფლიო ლიტერატურას უკვე იმდენი მწერალი ქალი ჰყავს და, თანაც, - ისეთი მნიშვნელობის, მხოლოდ უცოდინრობით თუ მივიჩნევთ მათ ნაწერებს შემთხვევითობად. მეორე პოზიციას კი არყევს უბრალო მოცემულობა - მსოფლიოში არსებულ მამაკაც მწერალთა რიცხვს საგრძნობლად ჩამოუვარდება ქალთა ოდენობა. ეს არითმეტიკული მოცემულობებია და ამაზე კამათი წყლის ნაყვა იქნებოდა, ამიტომ აზრთა მდინარებას სხვა მხარეს წავიყვანდი - რა იყო იმის მიზეზი, რომ ასეთი უთანასწორობის მოწმენი ვართ, რატომ არ წერდა იმდენივე ქალი, რამდენიც - მამაკაცი?

ცივილიზაციის დღევანდელ საფეხურზე დიდი უკუსვლა იქნება, თუ ვინმე იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ მამაკაცის ინტელექტუალური შესაძლებლობები აღემატება ქალისას და ეს არის მიზეზი იმისა, რომ კაცები უფრო უხვად ქმნიდნენ ინტელექტუალურ პროდუქტს. დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს სურათი ყველა პირობას იძლევა ამ მოძველებული აზრის უარსაყოფად.

ქალები არიან ყველგან - მეცნიერებაში, ხელოვნებაში, განათლებაში. და ისიც უნდა ითქვას, რომ ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა, ძირითადად, მე-19 საუკუნიდან მოხდა. მასობრივი გამოსვლა იგულისხმება, რისი წინაპირობაც იყო ევროპის ქვეყნებში მომხდარი სოციალური ძვრები - იქნებოდა ეს საფრანგეთის რევოლუცია თუ მას მოდევნებული სხვა მოვლენები, კერძოდ, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა. ეს მოძრაობა მე-19 საუკუნის ევროპიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება შედარებით ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, ჩვენშიც.

ამ ბრძოლის უთანასწორო და შემზარავ სურათებს გადმოგვცემს, თუნდაც, ბოლო ათწლეულში მომხდარი ფაქტები, რომელთაც ნათლად აჩვენეს, რომ ჩვენში ქალს ჯერ კიდევ ისე უყურებენ, როგორც ნივთს, როგორც საკუთრებას, ლამის, უსულო საგანს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფემიციდი ეთნიკური თუ ეროვნული მოვლენა არ არის და განვითარებულ ქვეყნებში ჯერ კიდევ ვხვდებით ფემიციდის და ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევებს. მასკულინური კულტურა იმდენად დიდი ხნის მანძილზე დომინირებდა მსოფლიო ცივილიზაციაზე, რომ მისი სრული „განეიტრალება" ასეთ მოკლე დროში ყოვლად წარმოუდგენელია.

მთელი საკაცობრიო ისტორია მასკულინიზმით დეტერმინიზდება, ამიტომაც კარგა ხანს მოგვიწევს მამაკაცურის „ჩაჩოჩებასა" და ქალთა უფლებების წინ წამოწევაზე ზრუნვა. ეს პროცესი ერთგვარად არ აღიქმება თავად ქალებშიც, რადგან მათი ფსიქიკაც იმდენად არის აწყობილი მასკულინიზმზე, ურჩევნია  სხვა მართავდეს, სხვა ინახავდეს, სხვა იღებდეს პასუხისმგებლობას, თავად კი მშვიდად და თავაუღებლად წარმართავდეს მისთვის „მისჯილ" საქმიანობებს, რაც ადვილი არ არის, მაგრამ მიჩვეულია, იცის მისი ავან-ჩავანი, ხოლო მამაკაცს, როგორც ცნობილია, ჭკვიანი ქალი "ისე მართავს, რომ იგი ვერც გრძნობს".

ახლა, რაც შეეხება მწერლობას, მის მასკულინურ და ფემინისტურ ნაწილებს. როგორც ზემოთ ვთქვით, რაოდენობრივად იმდენად მასშტაბურია მამაკაცთა მემკვიდრეობა, სულ რომ დაანებონ წერას თავი, ალბათ, საუკუნე მაინც დასჭირდებათ ქალებს მათ „დასაწევად", ამიტომ ასეთ უტოპიებზე ფიქრს არც აზრი აქვს და არც მართებულობა. უფრო სასურველი იქნებოდა, გვეფიქრა, რატომ არ წერდა ანდა, მართლა არ წერდა ქალი? ხოლო თუ წერდა, სად არის მისი ნაწერები, სად აღიბეჭდა, სად გამოიცა თუ გამოიცადა და ა.შ. ერთი შეხედვით, ათასი პასუხგაუცემელი კითხვა გაგვიჩნდება.

არადა, ქალები დამეთანხმებიან, რომ, როგორც წესი, ქალი არანაკლებს წერს, მაგრამ წერს თავისებურად, მამაკაცისგან განსხვავებულად - ქალი წერს თავისთვის, აკეთებს ჩანაწერებს, ადგენს დღიურებს და მასში ინახავს გულის საიდუმლოებებს. მეეჭვება, უმცირესი გამონაკლისების გარდა, არსებობდნენ გოგოები და ქალები, ვინც დღიურებს არ აწარმოებენ, თუნდაც ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. ხოლო დღიურთა დიდი უმრავლესობა ძალიან ღრმა, ამბებითა და განცდებით დატვირთული და უაღრესად საინტერესოა, რადგან იგი ერთი კერძო გოგოს თუ ქალის პირად განცდებს აღწერს, პირადი განცდები კი, რაც უნდა ერთგვარ გარემოში იზრდებოდნენ ადამიანები, მაინც განსხვავებულია და მხოლოდ იმ ერთი გოგოს თუ ქალის საკუთრებაა. ეს დღიურები არსებობენ, უფრო სწორად, ივსებიან, გადაიწერებიან, ინახებიან მანამ, სანამ მათი ავტორი ცოცხალია, მაგრამ სად მიდის ეს საიდუმლო ნაწერები მათი სიკვდილის შემდეგ, ეს კი ერთ-ერთი ურთულესი კითხვაა, რომელზე პასუხიც ნამდვილად არ არსებობს.

ვარაუდის გამოთქმა ძნელი არ არის - ან სიცოცხლეშივე წვავს მათ ავტორი, ან შთამომავლებს უტოვებს, ან ანდერძს იბარებს, თან ჩაატანონ, ან მარტოხელა ქალის ნაწერებს ისევე მოისვრიან ცეცხლში, როგორც მის ჩრჩილნაჭამ კაბებს - უდარდელად, გულის წყვეტისა და სინანულის გარეშე. ეს არის ბედი ამ ნაწერებისა, რომელნიც, უმეტესწილად სასიყვარულო განცდებზეა აგებული, თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ არცერთი სიტყვა ამ გრძნობის ადრესატს არათუ არ წაუკითხავს, არც არაფერი სმენია, რადგან მორიდებული და კდემამოსილი გოგონა სიკვდილს არჩევდა, ვიდრე თავისი გულის მოძრაობები უცხო ბიჭისთვის გაემხილა. ასეთ ნაწერებს თუ შევკრებთ, იქნებ, მოცულობით ნაკლებიც არ იყოს მამაკაც მწერალთა წიგნებზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ნაწერს, თუ მას მკითხველი არ ეყოლება - რა როლს ასრულებს იგი ადამიანთა ცნობიერებაში, თუკი ავტორის გარდა არავინ კითხულობს?! (წიგნი ხომ მას შემდეგ იწყებს სიცოცხლეს, რაც მკითხველი გამოუჩნდება, იგი ამის შემდეგ ხელახლა „იწერება" და იწერება უწყვეტად, იწერება მანამ, სანამ კითხულობენ). უმეტესი ჩვენგანი იტყვის -  არც არავითარს! რა მნიშვნელობა აქვს ნაწერს, თუკი იგი არავის წაუკითხავს, ანდა, თუნდაც, ორ-სამ უახლოეს მეგობარს აქვს წაკითხული და მეტს - არავის. მაგრამ ცოტა მეტს თუ ვიფიქრებთ და გადავხედავთ სამყაროს თავისებურებებს, ეჭვი გაგვიჩნდება, რომ ამ ნაწერებს რაღაც კვალის, თუნდაც, ობობას ქსელივით ნაზის და სათუთის დატოვება უთუოდ შეუძლიათ, რადგანაც, რომ არა ეს ფარული, საიდუმლო მემკვიდრეობითობა, როგორ გაჩნდებოდნენ ამდენი „მწერალი" გოგონები?! ვისგან, საიდან ეცოდინებოდათ, რომ გულის ზრახვების ქაღალდისთვის გადაცემა კარგია მაშინაც კი, თუ არც წიგნად გამოცემას აპირებ და არც იმდენი გამბედაობა გაქვს, ერთი-ორი მეგობრის გარდა ვინმეს წააკითხო. სავარაუდოდ, ეს ფარული ნაწერები, როგორც გროტებში ჩამარხული უცნაური ცივილიზაცია, თავის საქმეს აკეთებდნენ, რადგანაც, ერთ დღესაც გოგონათა ერთმა ნაწილმა სამართლიანად დაიჯერა, რომ მათაც შეუძლიათ წერა, ხატვა, ასპარეზზე გამოსვლა და საკუთარ განცდებსა და დაკვირებებზე საჯარო წერა, რომ ისინიც ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან ამ სამყაროსი, როგორც მათი, ე.წ. ძლიერი ნაწილი, ანუ მამაკაცები.

ამ რწმენას მოჰყვა, უსათუოდ, ასეთი ძლიერი ქალური ნაკადის მოხეთქვა მსოფლიო მწერლობაში. დღეს უკვე იმდენი და იმ დონის ქალი მწერალი იცის მსოფლიო ლიტერატურამ, რომ მათ გარეშე წარმოუდგენელია ხელოვნების ამ დარგის წარმოდგენა. გამოდის, ქალებს მხოლოდ გამბედაობა აკლდათ და ეს შეიძინეს ახალ დროებაში? არ მგონია. მაშინ ისიც უნდა ვიკითხოთ, რა განაპირობებდა მათ გაუბედაობას, ანდა რამ შეცვალა მათი კდემა და რამ აქცია ისინი ასეთ თამამ და გაბედულ არსებებად? იქნებ, დროებამ, რომელმაც ჩათვალა, რომ თუ სამყარო თანასწორობისა და ბალანსის პრინციპზეა აგებული, მაშინ ყველგან და ყველაფერში უნდა ვეძიოთ ეს თანასწორობა, რადგან დიდი რყევების წინაშე მდგომი სამყაროს წონასწორობისთვის მხოლოდ ამ „ორად გახლეჩილი" ფენომენის - ადამიანის - ფსიქიკაში უნდა აღდგეს ეს წონასწორობა. მას ვერც ცხოველები შეძლებენ, ვერც ფრინველები და, მით უმეტეს, ვერ შეძლებენ ბუნების ბრმა, უგონო ძალები.

ამიტომაც ქალის ფართო მასშტაბით გამოსვლას საზოგადოებრივ თუ სამწერლო ასპარეზზე წინ უძღოდა არა მხოლოდ მისი, არამედ, საპირისპირო სქესის ნებაც, რომელმაც თავის ინტელექტუალურ არსენალში მოიძია და აღმოაჩინა მარტივი ჭეშმარიტება - ადამიანი თავისი ორივე ნაწილით არის ძლიერი და საინტერესო და არა - ერთი რომელიმეთი. რომ დადგა დრო, სამყაროს ჰარმონიაზე მზრუნველმა ადამიანურმა გონმა ერთად შექმნას ღირებული ხელოვნება, მეცნიერება, ტექნიკა. რომ, თვით ყველაზე უფრო მყარი მოცემულობა, როგორიც არის მათი ფიზიოლოგია - სქესობრივი ნიშნით დაღდასმული - ცივილიზაციის ამ საფეხურზე აღარ წარმოადგენს ჩაკეტილ და საშიშ შეზღუდულობას, არამედ, აუცილებლობაა, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება „დაევალა" და, იქნებ, მეტი - არც არაფერი! ხოლო ფსიქიკა და ცნობიერება იმდენად მიახლოებული და თანმხმდევრი აქვთ, ზოგჯერ ჭირს კიდეც გარჩევა, რომელ სქესთან გვაქვს საქმე.

როდესაც ვკითხულობთ, ვინ გახსენდებათ უძველეს ქალ მწერალთა შორის, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს მსოფლიო კულტურაზე - ყველას ახსენდება ლესბოსელი პოეტი ქალი საფო, ქრისტემდე მე-6 საუკუნეში რომ ცხოვრობდა, რომლის ფრაგმენტულად შემორჩენილი ლირიკა უპრეცედენტოდ მშვენიერი და აღმტაცია. მართალია, სხვა პოეტებიც ყოფილან, რომელთაგან ზოგიერთის მხოლოდ სახელია ცნობილი, თუმცა, საფოს სიმაღლისთვის ვერავის მიუღწევია, ანუ, შეიძლება ითქვას, საფოს შემდეგ გვაქვს ერთეული შემთხვევები, რომელსაც მოსდევს ძლიერი ნაკადი, როგორც ევროპულ, ისე, ზოგადად, მსოფლიო მწერლობაში. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ისინი მრავლად არიან ჩვენშიც, თითქმის ისეთივე დოზით - როგორც ევროპაში. თუმცა, ზემოთ ნახსენები და ჩვენს ცნობიერებაში დალექილი კლიშეების გამო ხშირად, იქნებ, მათი სახელებიც არ გაგვახსენდეს, რაც დროებითი ამბავია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არ არის გამორიცხული, სულ მალე ქალ მწერალთა რიცხვმა სერიოზულ მასშტაბებს მიაღწიოს. ხოლო აქამდე არსებულ ნაწერებს თუ გადავხედავთ, სადავო არ უნდა იყოს, მათი ხარისხიც პირდაპირპროპორციული იქნება მათსავე რაოდენობის ზრდისა.

პატრიარქატ-მატრიარქატის ხანა კარგა ხანია მოვილიეთ, ახლა დიადი შემეცნების ეპოქა დადგა, რომელსაც „მთლიანი ადამიანი" თუ გაუმკლავდება და არა დაბზარულ-გახლეჩილი საბრალო არსება, რომელსაც წვრილმანი ვნებები უკან ეზიდებიან და უფსკრულისკენ უბიძგებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 აპრილი
12 აპრილი

ამბავი იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობა ...

 ყველაზე რთული რამეა, მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. რთულია, რადგან საზოგადოების უმრავლესობა თავიდანვე გეუ ...
10 აპრილი
10 აპრილი

ღმერთები და ანგელოზები ქართულ თეატრში

ერთხელ, როცა ერთმა თეატრმცოდნემ მთხოვა, გამომეთქვა პირველივე ასოციაცია, რომელიც ქართულ თეატრზე მომივიდოდა, მე ვთქვი ...
10 აპრილი
10 აპრილი

საბასთვის

- ვაა, ბატონო კაპიტანო. - როგორ ხარ, ჯობა? ჩემი სათამაშო მაისური წამოვიღე, რავი, თუ გამოადგებათ... რო არ გამოგვადგეს რ ...

მეტი

^