Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

#ნელაზვიადი

15 ივნისი 2018

ჩვენი ქვეყნის კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ქალთა მიმართ დისკრიმინაცია ნორმადაა მიჩნეული, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქალების აბსოლუტური უმრავლესობა მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დანაშაულებებზე დუმილს ამჯობინებს. დუმილის შესანიშნავ მანიფესტაციად საგამოძიებო სტრუქტურებზე მიმართვიანობის მწირი სტატისტიკაც გამოდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 19 გაუპატიურების აქტია ჩადენილი. აქედან გახსნილია მხოლოდ ოთხი. ვფიქრობ, მოყვანილი ციფრები საკმარისი უნდა იყოს იმის გასააზრებლად, თუ რამდენად მძლავრ ტაბუსთან გვიწევს ბრძოლა, როდესაც გვსურს გაიხსნას სადისკუსიო სივრცე სექსუალური ხასიათის ძალადობაზე სასაუბროდ და მსხვერპლებმა საკუთარი გამოცდილებების საჯაროდ გაზიარება დაიწყონ, რითაც პრობლემის კულტურულ დონეზე დეკლარირება მოხდება. მსხვერპლი ქალების უნდობლობას, რომელიც ამ შემთხვევაში მიმართვიანობაში გამოიხატა, გარდა გადატანილი ტრავმის ხასიათიდან გამოწვეული სირცხვილისა, მძლავრი სოციალური სარჩულიც ახლავს.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება მუდმივ რეჟიმში ცდილობს გაუპატიურების მოტივის გამოკვლევას, რითაც თავისდა უნებურად პასუხისმგებლობის მძიმე ვექტორს მსხვერპლზეც ანაწილებს და ამით რეაბილიტაციისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის სოციალური პროგრამები, რომლებიც მსხვერპლის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს და სამართალაღსრულების გზაზე არსებულ ბარიერებთან უკომპრომისო ბრძოლაში ქალებს გამკლავების ბერკეტებს მისცემდა.

საზოგადოების უმეტესობა თანაგრძნობას არც ნაკლებად მძიმე ძალადობრივი ფორმის სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მიმართ განიცდის. არადა, გაერო-ის ქალთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი სექსუალურ შევიწროების მსხვერპლია. საგანგაშოა, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოში სექსუალური შევიწროების პრობლემის აღმოსაფხვრელად არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია. თუმცა, სტამბულის კონვენცია ცალსახად აღიარებს და განმარტავს სექსუალურ შევიწროებას ადამიანის დისკრიმინაციისა და ქალთა უფლებების დარღვევის ფორმად და მის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის რეკომენდაციას გასცემს. ამ კონტექსტში, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, სექსუალური შევიწროება კვლავაც რჩება ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად.

ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩაგვრის ეს ფორმა არ განასხვავებს კლასებს. ის თანაბრად მძაფრი პრობლემაა როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე. სექსუალური შევიწროების პრობლემამ შეძლო, ერთ ჩარჩოში მოექცია ჰოლივუდის მდედრობითი სქესის ვარსკვლავების ღამის კოშმარი, გავლენიანი მილიონერი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი და რუსთაველი სავარაუდო მოძალადე, რომლის სახელი და გვარიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასე აქტიურად ისმის საინფორმაციო გამოშვებებიდან.

სექსუალური შევიწროების მორიგი ქართული ამბების გამჟღავნება ზუსტად 12 კვირის წინ, ჩემ თვალწინ დაიწყო. ერთ გაზიარებულ ამბავს მეორე გამოეხმაურა. მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე და ასე დაგვათენდა ფეისბუქის ერთ დახურულ ჯგუფში თავმოყრილ ასეულობით ქალს. მართლაც ფეხის ორი ტერფივით მსგავსი ისტორიებით აჭრელდა „ქალთა მოძრაობის” სადისკუსიო სივრცე. რამდენიმე საათში აღმოვაჩინეთ, რომ ერთნაირ სირცხვილს, ტკივილს და ბრაზს ერთმანეთისგან სრულიად უცნობი, ათეულობით ქალი ატარებდა და ამ მომენტამდე ყველა მათგანს ეგონა, რომ ამ განცდებში სრულიად მარტო იყო.

თურმე, ნურას უკაცრავად. სხვისი ჭირი ერთბაშად ყველას და მთელი არასამთავრობო სექტორის ჭირად გადაიქცა და ასე დავდექით ყველანი ახალი გამოწვევის წინაშე, რომელიც ჩვენს ღირებულებათა სიმყარეს სასტიკ გამოცდას უწყობდა. 

შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო. ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი პოსტის ქვეშ კი კომენტარები არ წყდებოდა. კამათიც იყო, თუმცა თანაგრძნობა და სოლიდარობა ჭარბობდა.

ზოგმა ეს გამოცდა ჩააბარა, ზოგმა ვერ… ზოგმა სეირს უყურა, ვიღაცებმა სქრინები გააცუნცულა სავარაუდო მოძალადის გასაფრთხილებლად. მე კი ვიჯექი და გულწრფელად მეშინოდა, რომ გათენება ამ ამბებს ისევ ყოველდღიურ რუტინაში გადაკარგავდა.

მიხარია, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჩემი შიშები არ გამართლდა და, გულის მოოხების გარდა, ერთმანეთის გამხნევებაში ქალების სრული მობილიზაცია მოხერხდა. მოხდა ის, რისიც ყველა მოძალადე კაცს ეშინია. ქალებმა დუმილის დარღვევა და სიმართლის დეკლარირება გადაწყვიტეს, მაგრამ მაინც არსებობდა ერთი - „მაგრამ”.

როგორ დაეცვათ ქალებს საკუთარი ოჯახის წევრები, იმ შესაძლო სირცხვილისგან, რომლის ქარ-ცეცხლშიც ჩვენი საზოგადოება, როგორც წესი, მსხვერპლ ქალებს და მათ ახლობლებს ატარებს ხოლმე?

აქედან გაჩნდა მსხვერპლთა სახელებისა და გვარების კონფიდენციალობის იდეა და შემდგომში აბსურდული სარჩელის მოპასუხე ქალების ნაწილის სასამართლო დავაში ჩასათრევი მიზეზიც.

ხმა კი, რომელსაც დღეს სხვადასხვა ქალის სახელი და გვარი მიეწერა, სინამდვილეში ერთი უკომპრომისო ხმაა. ერთი ძლიერი მესიჯის სხვადასხვა გახმოვანებაა, რომელიც ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულია და მოძალადე კაცები შეწყნარებას არ უნდა ელოდონ. ქალები ვითხოვთ ახალ წესრიგს, რომელშიც ქალის პატივი და ღირსება ძვირად ფასობს და ამ ბრძოლაში უკან დახევას არ ვაპირებთ. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე დასახელებული შესანიშნავი შვიდეული და არ გავჩუმდებით მანამდე, სანამ საზოგადოება ცალსახად კეთროვნად არ გამოაცხადებს ყველა მოძალადეს.

მათ კი, ვისაც ჭამს სტერეოტიპები და ქალები არასოლიდარულ სუსტ სქესად მიაჩნია, გირჩევთ ბოლომდე ადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას და დარწმუნდებით, რატომ არ ღირს ლამაზტერფიანი ქალების გაბრაზება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 ივნისი
12 ივნისი

სარაგბო ი(ა)პონია

- ახლავე გირჩევნია, თუ ხვალ - დამშვიდებულზე? ლამის ყვითელი ფერი დაჰკრავს ამ სათაურს და ძნელი გამოსაცნობია, რაგბისთან რა ...
07 ივნისი
07 ივნისი

ღია წერილი თეა წულუკიანს

მოგესალმებით ქალბატონო თეა! ალბათ გაინტერესებთ, რატომ გწერთ მედიის მეშვეობით, ღია წერილის ფორმატში. იქნებ იმიტომ, რომ ...
25 მაისი
25 მაისი

ხერხეს ფოტოხერხები

რა შეიძლება თქვა ახალი და გამორჩეული ადამიანზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია იცნობ? სამუშაო ოთახში წლებია გვერდით გიზის. თ ...

მეტი

^