Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შუაშია მურღულია და ,,ორი ღორი“?

08 აგვისტო 2018

ზაფხულია.მასწავლებლები შვებულებაში არიან, მაგრამ თან საქმეც აქვთ. სექტემბრისთვის სახელმძღვანელოები უნდა შეარჩიონ. დასრულდა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, შეირჩა გამარჯვებულები.

ამ პაპანაქება ზაფხულში მასწავლებლები დადიოდნენ შეხვედრებზე, ეცნობოდნენ სახელმძღვანელოებს, არჩევდნენ, კამათობდნენ. ყველამ თავის რჩეულს დაუჭირა მხარი. 2018 წლის სექტემბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეები განახლებული და უკეთესი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ჩვენ რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მადლობა გადავუხადოთ გრიფირების პროცესში ჩართულ ყველა მოქალაქეს თავდაუზოგავი შრომისთვის, მათი შრომა რომ არა, სახელმძღვანელოების განახლების პროცესი ვერ შედგებოდა. საქართველო ნამდვილად განვითარების გზაზე დგას და ეს ყველას გულს გვიხარებს.

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს თავისი ნორმები აქვს. ნორმა №66 მოითხოვს, რომ ადამიანი სანამ რაიმეს იტყვის, საზეიმოდ უნდა განაცხადოს:

„საზეიმოდ ვაცხადებ ჩემი ღირსებისა და სინდისის წინაშე, რომ ვილაპარაკებ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს, სიმართლის გარდა“. ასეც შეიძლება თქვას:

,,საზეიმოდ ვაცხადებ, რომ ჩემს მოვალეობას შევასრულებ ღირსეულად და პატიოსნად“.

მე კი პირველ ორ აბზაცში რაც დავწერე, არც სიმართლეა და ყველაფერია, სიმართლის გარდა. პირველ ორ აბზაცში რაც დავწერე, არც ჩემს ღირსებაზე მეტყველებს და არც ჩემს პატიოსნებაზე.

მაგრამ ვაგრძელებ წერას. დარწმუნებული ვარ მურღულია და ,,ორი ღორი“ არაფერ შუაშია.

სახელმძღვანელოების გრიფირება ბევრ საკითხს მოიცავს, მე რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

მასწავლებლის თავისუფალი არჩევანი:

სახელმძღვანელოს შერჩევის პროცესში მასწავლებლებს თავისუფლება აქვთ, შეუძლიათ შეარჩიონ რამდენიმე ალტერნატივა, პრიორიტეტები მიანიჭონ. სკოლა ირჩევს არა ერთ, არამედ რამდენიმე სახელმძღვანელოს. სახელმწიფო მასწავლებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, მაგრამ როგორც ბიზნეს გარიგების ერთ მხარეს, მას აგრეთვე აინტერესებს სასტამბო ხარჯების ოპტიმიზაციაც. მაგალითად, თუ მასწავლებლებმა შეარჩიეს 5000-ზე ნაკლები ეგზემპლარი, მაგალითად,თუ მასწავლებლებმა პრიორიტეტულ სახელმძღვანელოთა რანჟირებისას უპირატესობა მიანიჭეს 5000-ზე ნაკლები ტირაჟის მქონე სახელმძღვანელოს, მაგალითად, 4999-ტირაჟიანს, თუნდაც ეს სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის ან პეტრე მელიქიშვილის შექმნილი იყოს, სახელმწიფო ამ წიგნს არ დაბეჭდავს. არ უღირს, ძვირი უჯდება. შესაბამისად, მასწავლებელი მიიღებს მომდევნო პრიორიტეტულ სახელმძღვანელოს. 

4999 წიგნი 4999 მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, რაც,სულ მცირე, 200 კლასსა და 200 მასწავლებლის არჩევანს ნიშნავს. ეს - ერთ საგანში. ასე რომ, მასწავლებლის თავისუფალი არჩევანი აქაც ფიქციურია. ზეცენტრალიზებულ სისტემაში უწყება თავად წყვეტს, რისი დაბეჭდვა უღირს და რისი - არა. მასწავლებლის არჩევანი ღირებულებას არ წარმოადგენს.

ისინი ამბობენ, არჩევანის თავისუფლება არსებობსო, მე კი არ მგონია, ეს არჩევანის თავისუფლება იყოს. ვკითხოთ სამინისტროს, იქნებ რაიმე გვეშლება? მათ უკეთ იციან.

წარმატებით დასრულებული გრიფირების პროცესი

გაცხადდა, 2018 წელს 1-6 კლასში ჩვენს ბავშვებს ექნებათ განახლებული სახელმძღვანელოები, რადგან არის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი (რაღა თქმა უნდა), უკეთესი სახელმძღვანელოები.

საქმის ვითარება კი როგორია?  სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს და დღეს არ არსებობს სახელმძღვანელოები “მე და საზოგადოება”, “ჩვენი საქართველო” და “ისტი” .

ისინი ამბობენ, გრიფირება წარმატებით დასრულდაო, მე კი მგონია, რომ ჯერ არ დასრულებულა. ესეც უნდა ვკითხოთ სამინისტროს, გავარკვიოთ დასრულდა თუ არ დასრულდა. რას ნიშნავს გრიფირების პროცესის დასრულება.

როდის იქნება მზად 7-12 კლასის სახელმძღვანელოები

მე არ ვიცი. რომც წამეკითხა სადმე მომზადების ვადები, ეჭვით შევხედავდი და აი, რატომ.

2006 წელს დამტკიცდა პირველი ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლებმა სწავლა დაიწყეს ახალი სახელმძღვანელოებით. მძიმე წლები იყო. მტკივნეული რეფორმის წლები. ეს მძიმე პერიოდი მასწავლებლებმა გადალახეს. დღეს უჩვეულო აღარაა სასწავლო პროექტები, მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ა.შ.

მოგეხსენებათ, სრულყოფილება სამყაროში არ არსებობს და ყველაფერს, მათ შორის სახელმძღვანელოებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმასაც, განახლება სჭირდება. დადგა 2011 წელი და განახლდა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლებული სახელმძღვანელოებიც დაიბეჭდა. დამტკიცდა პირველთან შედარებით უფრო დეტალიზებული გეგმა  და ზუსტად განისაზღვრა შესასწავლი ინფორმაცია, შეფასების კომპონენტები და რაოდენობაც კი. ფასების რეგულირების მიზნით (ხალხი ჩიოდა, სახელმძღვანელოები ძვირიაო), სამინისტრო სახელმძღვანელოების თანამესაკუთრე გახდა და დაარეგულირა ფასები. სამწუხაროდ, გამომცემლობები სამინისტროს ამ გარიგებას დათანხმდნენ.

2016 წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა კლასისთვის ახალი სახელმძღვანელოები უნდა ყოფილიყო მზად. 2018 წელია და 1-6 კლასშიც კი არ არის დასრულებული პროცესი.

არა, მთავრობამ ვადები შეცვალა, უკანონო არაფერია. ამბობენ, მალე იქნება მზად დანარჩენილი სახელმძღვანელოებიო, მაგრამ მე არ მჯერა.

ვკითხოთ სამინისტროს, რატომ შეფერხდა ეს პროცესი და რას გეგმავს ამ მიმართულებით.

რამ გამოიწვია სკანდალი, ცუდი მენეჯმენტმა თუ კორუფციამ?

ალბათ ორივემ ერთად.

ამ ბოლო დროს დაუჯერებელი ამის შემსწრენი ვართ. ამბის ქრონოლოგია ამგვარია:

1 აგვისტოს ინფორმაციით, გრიფი ჰქონია ირინე იაშვილის,  ლელა ქისტაურის, ნინო მესხორაძის, ხათუნა რაზმაძის,  ნინო მხეიძისა და მაგდანა აბესაძის წიგნებს. 

3 აგვისტოს კი გრიფი მოუხსნეს.

იგივე ბედი ეწია მათემატიკის სახელმღვანელოებსაც.

განათლების სამინისტრომ რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე: 1) ეს ამბავი დააბრალა შეცდომას; 2) აღიარა დარღვევები და მინისტრის თქმით, ამ საკითხს აუდიტი შეისწავლის.

ასეთი ამბებისგან ქვეყანა დაზღვეული ვერ იქნება, თუ ვერ მოხერხდა როგორც პროცესის კარგი მენეჯმენტი, ასევე - პოლიტიკისგან და უწყების ფავორიტებისგან დისტანცირება.

მაგრამ მაინც უნდა ვკითხოთ სამინისტროს, როგორ შეეშალა მავანს და რატომ შეიყვანა ამდენი ადამიანი შეცდომაში. ყველაფერს გავიგებთ. შეცდომა ვის არ მოსვლია?

გრიფირების ვერდიქტის წერის მძიმე ხვედრი

მაგრამ სკანდალი, რის სკანდალია თუ გმირი არ ჰყავს, ამ საქმეში მურღულია და ,,ორი ღორი“ არაფერ შუაშია, თუმცა მაინც მონაწილეობენ.

როგორც აღმოჩნდა, ქართულის პირველი კლასის სახელმძღვანელო არ მოსწონებია ბატონ მურღულიას და მისი ვერდიქტის გამო ვერ მიუღია წიგნს გრიფი. უფრო სწორად, რომ გვეგონა, რომ მიიღო, ეს შეცდომა ყოფილა, სინამდვილეში არ ჰქონია მიღებული. სამინისტრომ გამომცემლობას გადასცა ბატონი მურღულიას დასკვნა.

ბატონი მურღულიას დასკვნა ემყარება სამ არგუმენტს:

  1. საანბანო პერიოდში სახელმძღვანელოს ავტორთა მიერ გამოყენებული მეთოდი მიუღებელია და ბავშვი ასე ვერ ისწავლის. მე არ შევეცდები ამ საკითხის ჩაშლას, რადგან სფეროს სპეციალისტებმა საკმაოდ დამაჯერებლად ახსნეს ანბანის შესწავლის მეთოდების მრავალფეროვნება და ასევე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ გამოყენებული მეთოდის შესახებ.
  2. გარდა ენობრივი შეცდომებისა ბატონი მურღულიას აზრით დამახსოვრებაზე ორიენტირებული კითხვები სჭარბობს სააზროვნო კითხვებს და მაგალითიც მოჰყავს. თუმცა ამავე დროს აკრიტიკებს სწორედ მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელ დავალებებს, როგორებიცაა: რას გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, ან ჩემი მომავალი პროფესია. ცხადია, ამგვარ დასკვნებზე კამათი უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მე არ შევხვედრივარ არც ერთ პატარა ადამიანს, რომელსაც დიდი ხალისითა და ფანტაზიით არ შეუძლია მოყვეს, რას გააკეთებს საქართველოსთვის, ან რა პროფესია მოსწონს ყველაზე მეტად.
  3. ბატონი მურღულია ასევე იწუნებს სახელმძღვანელოში მოყვანილი ტექსტების მხატვრულ ღირებულებას,მოიხსენიებს ეპითეტით „მდარე“. ამავე დროს, არ ითვალისწინებს კონკრეტული ტექსტის შეტანის საგანმანათლებლო მიზნებს.

ვფიქრობ, ეს დასკვნა არ უნდა იყოს სახელმძღვანელოს გრიფირების მინიჭების ან გრიფის მოხსნის საფუძველი, მისი არაკომპეტენტური ხასიათის გამო.

საზოგადოებრივი საბჭოები, კომისიები, როგორც სამინისტროს ფარი

აი, ახლა კი იწყება ამ ბლოგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. სადაც ოდნავ მეტად იკვეთება მურღულიასა და ,,ორი ღორის“ ამბავი. როგორც ზემოთ დავწერე, ამ პროცესის გაუმართაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს, მაგრამ მოქალაქე მურღულია საკუთარ თავზე იღებს საზოგადოების კრიტიკულ შენიშვნებსა და აგრეთვე ხოტბას.

ბატონი მურღულია იცავს დასკვნას და საფუძვლად მოჰყავს ტექსტების ხარისხი და საზოგადოებას უსვამს პათეტიკურ კითხვას, მოსწონთ თუ არა ასეთი ტექსტები.

საკონტროლო გასროლასავითაა ლიტერატურულ გემოვნებაზე საუბარი და, მით უმეტეს, ტექსტებისთვის შეფასების მიკერება - „მდარე“. ცხადია, ლიტერატურას შეხიზნული ერისთვის, რომელსაც გული უჩქროლდება, როდესაც ქართული პოეზიის დიდებას ისმენს. ღელავს, როდესაც ამ დიდებას ჩრდილი ადგება.

თუ ტექსტის საგანმანათლებლო მიზანს უგულებელვყოფთ, მაშინ იქნებ ჯობდეს ,,ორი ღორის“ ნაცვლად გალაკტიონის „ი.ა.“ ვასწავლოთ ბავშვებს? აბა, როგორია 6 წლის პატარა გოგო და ბიჭი ლექსს რომ იტყვიან:

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი 
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით. 
და მწუხარების მალე ნიავში 
მოფრინდნენ ლურჯია ნგელოზები. 

სად ,,ორი ღორი“ და სად გალაკტიონის „ი.ა.“!

აღშფოთებული საზოგადოება დაირაზმა და დაგმო ,,ორი ღორის“ ბედნიერი ცხოვრების ბალადა, თავისი ყვავილებითა და გოჭებით და შეეხიზნა ჭეშმარიტ ლიტერატურას, რადგან ყველამ ვიცით, როგორ წერენ ქართველი პოეტები ლექსებს: ,,ლექსი მაგონებს მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ლექსების სწავლის დროც მოვა პატარა მოქალაქეების ცხოვრებაში, ჯერ კი მათ დასურათებული ტექსტებით გართობა ვაცადოთ.

მძიმე ბედისა ყოფილა ბატონი მურღულია. უკვე მერამდენედ იტვირთა სამინისტროს ფარის მძიმე ხვედრი. სააკაშვილის დროს, როცა სისტემას ხელმძღვანელობდა შაშკინი, 53-ე სკოლიდან გააგდეს მოსწავლე. პრეზიდენტმა მას ხულიგანი უწოდა. ბავშვი აღმოჩნდა საგანმანათლებლო სისტემის მიღმა და მისმა მშობელმა სრულიად სამართლიანი ბრძოლა წამოიწყო ბავშვის უფლებების დასაცავად. მთავრობა მაშინ მიხვდა, რომ დევნამ ცუდი ფორმა მიიღო და მშობელს დააბრალა, რომ კი არ დევნიდნენ, არამედ თვითონ არ მიჰყავდა ბავშვი სხვა სკოლაში. მაშინ უწყების ერთმა წარმომადგენმა ბატონ მურღულიასთნ ერთად ბრიფინგი გამართა. უწყების წარმომადგენელმა გვამცნო,  სკოლები მზად იყვნენ ბავშვის მისაღებად. მოწმედ კი ბატონი მურღულია მოიყვანა, რომელმაც თქვა, რომ მშობელი სიმართლეს არ ამბობდა. მაშინაც კარგი ფარი აღმოჩნდა უწყებისთვის ბატონი მურღულია. ბავშვის დევნა არ დაუგმია.

იგივე მოხდა, მაშინ როცა ჩაღლარის სკოლების დახურვის პროცესი დაიწყო. დაიჭირეს სკოლის დირექტორი და მასწავლებელი, ბატონიჩაბუქი, ხოლო დემირელის სკოლას ავტორიზაცია გაუუქმეს. მაშინაც იკისრა სამინისტროს ფარობა ბატონმა მურღულიამ და განაცხადა, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და სკოლაში დანაშაულის ნიშნებიც კი იკვეთებოდა. თუმცა დიდი მტკიცება არ უნდა იმ ფაქტს, რომ ეს მოვლენები უცხო ქვეყნის, თურქეთის პოლიტიკური გავლენა და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა იყო.

გვინდა ჩვენ ასეთი მონაწილეობა? შეიძლება ეს მონაწილეობა დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობად შეფასდეს? მე ვერ შევაფასებდი და მეტიც, ამგვარი ,,მონაწილეობები“ აფერხებს განვითარებას. ნამდვილად ზედმეტია და მეტისმეტად გროტესკულად გამოიყურება. მაგრამ მაინც ვკითხოთ სამინისტროს, მათ უკეთ იციან.


რა შეიძლება შეიცვალოს, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს?

რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც აუცილებელია მსგავსი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესზე პოლიტიკური გავლენა უნდა იყოს მინიმალური. სასურველია, თუ ორივე პროცესი მაღალი ავტონომიურობის მქონე ორგანიზაციების მიერ განხორციელდება. ეს შესაძლებელს გახდის მცირე ბიუროკრატიის პირობებში, ვადების დაცვით, უწყვეტად განხორციელდეს ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებისა და შესაბამისად, სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი.
  2. უწყებამ უარი უნდა თქვას იმ ადამიანების მონაწილეობაზე სხვადასხვა საბჭოებსა თუ კომისიებში, რომლებიც პარალელურად ასრულებენ მთავრობის ფარის ფუნქციას. საზოგადოებისთვის ნათელია მთავრობისა და ამ ადამიანების მოტივაცია. ზარალდება საქმეც და უწყების რეპუტაციაც.
  3. უნდა განისაზღვროს ეროვნული სასწავლო გეგმის განახლების მეთოდი და ზუსტი ვადები სახელმძღვანელოს მომზადების ვადებისა და პროცედურების გათვალისწინებით.
  4. სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში უნდა ჩაერთონ სფეროს სპეციალისტები, გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს ხისტი და არჩევანი საბოლოოდ მასწავლებელმა უნდა გააკეთოს.

მე ასე ვფიქრობ და ცხადია, სამინისტრომ უკეთ იცის!

მცირე მთავრობის იმედით

როგორც შევიტყვეთ, ჩვენს ქვეყანას მცირე მთავრობა უნდა ჰყავდეს. შევეცადე ამ საკითხში გარკვევას და ასე მგონია: მცირე მთავრობა არ ნიშნავს სუსტ მთავრობას, მაგრამ ნამდვილად ნიშნავს შემცირებულ ბიუროკრატიას და შემცირებულ ხარჯებს; ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მეტი იმოქმედონ და მეტი სიკეთე შექმნან. მთავარია, არ აღმოვჩნდეთ მცირე მთავრობის რიტორიკისა და დიდი მთავრობის პოლიტიკის პირობებში.

ყველაზე კარგად ამერიკის პრეზიდენტის,რონალდ რეიგანის საინაუგურაციო სიტყვა ასახავს მცირე მთავრობის იდეას: „დღევანდელ კრიზისში მთავრობა ვერ გადაჭრის ჩვენს პრობლემებს, მთავრობაა თავად პრობლემა“.

დიახ, პრობლემაა. რაც მეტს აკონტროლებს პროცესებს ძალაუფლების მქონეთა მცირე ჯგუფი, მით მეტია ელიტური კორუფცია, ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი და სხვადასხვა გარიგებების რისკი. დღეს თუ არა ხვალ მაინც აღმოაჩენენ ამ ამბების წყაროსა და მოქმედ გმირებს. მე მითქვამს და მომავალი გამოაჩენს.

დღეს 8 აგვისტოა. 10 წლის წინ ომის გამო შეშინებული გამოვიქეცი ხაშურიდან. 8 აგვისტო იმ ადამიანების დღეა, ვინც საქართველოს ფარად ყოფნა არჩია და  სამშობლოს დაცვის დროს გმირულად დაიღუპა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ცხოვრებას, შრომას, რომ გვქონდეს უკეთესი ქვეყანა, უფრო განვითარებული, უფრო განათლებული, უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული. მათ ვუძღვნი ამ ბლოგს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ოქტომბერი
16 ოქტომბერი

მიფრინავენ წეროები

სად? შორს… დედა სახლიდან სამ საათზე უკანასკნელად გავიდა. რამდენი წლის იყო? ავადმყოფობდა? 81-ის. ავადმყოფობდ ...
12 ოქტომბერი
12 ოქტომბერი

აბა ის სჯობდა?!

დადგა ისევ ის უმნიშვნელო დღე, როცა იურა უნდა მენახა. შვედეთში გაცნობილი რუსი მეგობარი. მე ჩრდილოეთით წამსვლელი არ ვ ...
11 ოქტომბერი
11 ოქტომბერი

მორიგი გაქცევა თვითნაკეთი თავისუფლებისგა ...

ოცდახუთ წელზე მეტია დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები ახალი ისტორიის ისტერიულ მართლწერასა თუ უბრალოდ, კარნახის წერას ჰ ...

მეტი

^