Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ოთარაანთ ქვრივი", ანუ რატომ ვერ ვიმჩნევთ შეზღუდულ შესაძლებლობას?

06 სექტემბერი 2018

თავის დროზე ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ რომ წავიკითხე, ვერ გავიგე. არ უყვარდა და ნუ უყვარდა. არც იყო ვალდებული. საერთოდ სხვადასხვა გარემოდან, სხვადასხვა გარემოცვიდან და სოციალური წრიდან ადამიანებს იშვიათად უყვარდებათ ერთმანეთი. მაგრამ შშმ პირთა უფლებებზე რომ დავიწყე მუშაობა, მერე მეტად გავიგე, რა იყო მთავარი; კერძოდ ის, რომ კესომ უბრალოდ ვერ გაიგო, უბრალოდ ვერც კი მიხვდა, ვერც კი დაუშვა, რომ მებაღეს... თუნდაც ნიჭიერს... ასეა შშმ პირებთან მიმართებაშიც. საზოგადოება ხშირად ვერც კი უშვებს, რომ შშმ პირებს „ჩვეულებრივი, ადამიანური“ მისწრაფებები და ინტერესები შეიძლება, ჰქონდეს. შეიძლება, გვინდოდეს, ვიღაცისთვის სასარგებლონი ვიყოთ ან თუნდაც ჩვენივე თავისთვის; რომ შეიძლება, გვინდოდეს, ჩვენი საჭმლის თუ ტაქსის ფული ჩვენ გადავიხადოთ ან იქით დავპატიჟოთ ვინმე; რომ პოლიტიკაც გვაინტერესებდეს, პირადი ცხოვრებაც, სწავლაც, მუშაობაც, უფასოდ მუშაობაც; რომ შეიძლება, ჩვენც გვინდოდეს, ვიყოთ არამხოლოდ ბენეფიციარები, არამედ – შემოქმედებიც. ამას საზოგადოება უბრალოდ არ უშვებს.

            და არა მარტო არაშშმ საზოგადოებაზე მაქვს საუბარი. მაგალითად, მე. ხომ ვატარებ ზოგჯერ ტრენინგს უსინათლოსთან ადეკვატური მოქცევის შესახებ, სადაც მონაწილეებს ვეუბნები, რომ როცა უსინათლოსთან იწყებენ საუბარს, უნდა უთხრან, ვინ არიან. აგერ ორიოდე კვირის წინ გავიცანი უსინათლო გოგო. ველაპარაკე. მერე წავედი, მერე ისევ რომ შევხვდი, გავაგრძელე ჩვეულებრივ მასთან საუბარი. მან კი რეალობაში დამაბრუნა: მკითხა, რომელი ხარო. სულ ცოტა ხნის წინ გავიგე, და როგორც იქნა, ჩავწვდი, რატომ არის აუტიზმის მქონე პირებისთვის კბილების ამოღება დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. (იმიტომ, რომ როგორც წესი, ძალიან უჭირთ ფსიქოლოგიურად ადგილობრივი ანესთეზიით კბილის ამოღება. საერთო ნარკოზი სჭირდებათ. საერთო ნარკოზი კი ძვირი ღირს და ორგანიზმისთვისაც სტრესულია. ამიტომ 1 კბილის გამო არ იკეთებენ და იგროვებენ რამდენიმე ამოსაღებ კბილს, რაც უფრო ძვირიც ჯდება და უფრო რთული ოპერაციაცაა).

            თვითონ შშმ პირებს და მათ შორის, გაცნობიერებულ შშმ უფლებადამცველ აქტივისტებსაც კი გვიჭირს ხშირად ერთმანეთის საჭიროებების პრაქტიკაში გაგება, მიღება და მათდამი მისადაგება. არაშშმ საზოგადოებას ხომ - მით უმეტეს. ავიაბილეთს ვყიდულობდი STI-ში. ხშირად ვყიდულობ იქ. კარგი პირობებია. ავარჩიე პეგასუსის ბილეთი, უფრო იაფი რომ იყო, იმიტომ. თან მარტოსაც მიმგზავრია პეგასუსით ბუქარესტამდე და აეროპორტში დახმარების/მიცილების პრობლემა არ მქონია. სააგენტოს თანამშრომელმა კი ათჯერ მაინც გამიმეორა, რომ პეგასუსს უსინათლოს ასისტირების სერვისი არ აქვს; აქვს მხოლოდ ეტლის სერვისი. კი მაგრამ ეტლს ყოველთვის ადამიანი მოჰყვება და ამიტომ ლოგიკურია, რომ უსინათლოსაც არ მეტყვიან თუნდაც იმ ეტლით მიცილებაზე უარს. თანაც მიმგზავრია მარტოს და არ მქონია პრობლემა. და იმ თანამშრომელმაც იცოდა, რომ მიმგზავრია. იმიტომ რომ მაშინაც მან დამარეგისტრირა შშმ მგზავრის სერვისზე. მაგრამ მაინც არ მომასვენა; ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რომ ახლაც ასე გაგიმართლებთ. უსინათლოს მიცილების სერვისი, როგორც ასეთი, არ აქვთ და შეიძლება, უარი გითხრან. ყველაფერი ქნა, რომ უფრო ძვირი ბილეთის შეძენაში დავერწმუნებინე.

            და ყოველივე ამის მერე საზეიმოდ რომ აგვიფრიალებენ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობსო. ამით გვეუბნებიან, დაივიწყეთ თქვენი იდენტობის, თქვენი რაობის ნაწილი, თქვენი ცხოვრების წესის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისება. ასე ხომ ამ თვისების მარგინალიზაცია ხდება. კარგ რამეს ხომ არ მალავენ, მალავენ ცუდს, სისუსტეს, არასასურველს. თანაც პრობლემა თუ არ არსებობს, შეზღუდული შესაძლებლობა თუ არ არსებობს, ე.ი. გასაკეთებელიც არაფერია. შეიძლება, წლების წინ ამ ლოზუნგს შშმ პირებისთვის რაღაც დადებითიც მოჰქონდა. შეიძლება, იმიტომ იყენებდნენ, რომ ჩვენი, თუნდაც „შეზღუდული შესაძლებლობის გარეშე“ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის შეეწყოთ ხელი. აქაოდა, პირველ რიგში ადამიანები არიანო, ჩვენი თანასწორებიო, მაგრამ ახლა ეს ლოზუნგი ჩვენს უფლებებს ვნებს. ხიდჩატეხილობას და „ოთარაანთ ქვრივს“ დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ნოემბერი
13 ნოემბერი

დიდი გასეირნება ფრანკფურტში

რთული სათქმელია, ისტორია რას იტყვის, მაგრამ ფაქტია - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თანამედროვე ქართული მწერლობის, დრამატ ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

როგორ მოგვპარეს პოლიტიკა

ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ გაანადგურა პოლიტიკის იდეა. მან არჩევანი პოლიტიკის იმგვარ გაგებაზე გააკეთა, რომელიც მთავარ მიზნ ...
09 ნოემბერი
09 ნოემბერი

რა შემთხვევებში შეუძლია ახალ პრეზიდენტს ...

წლის ბოლოს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. დიდი ალბათობით ის ფიცს 23 დეკემბერს დადებს, რომლის წარმოთქმის შემდეგ ძალ ...

მეტი

^