Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მორიგი გაქცევა თვითნაკეთი თავისუფლებისგან

11 ოქტომბერი 2018

ოცდახუთ წელზე მეტია დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები ახალი ისტორიის ისტერიულ მართლწერასა თუ უბრალოდ, კარნახის წერას ჰგავს. არა აქვს მნიშვნელობა რა დროს, რა ვითარებაში და როგორ ტარდება ეს არჩევნები, ან რა ტიპისაა იგი: საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი. გამონაკლისი არც 2018 წლის საპრეზიდენტო მარათონია, რომელშიც ერთი „ჩითის კაბა“, უფრო ზუსტად „ლა ფემე დიპლომატ“ და ბევრი „შარვალი“ უფლებაშეკვეცილი საპრეზიდენტო სავარძლის მორგებას ისეთი გავეშებით ცდილობენ, თითქოს „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ პირველად  და მხოლოდ ახლა დაიწყო.

საპრეზიდენტო შემოდგომის მარათონი, ძირითადად, კარგად ნაცნობი და უფრო დრამატულად „მოპირკეთებული“ მონაწილეებისგან შედგება, რომელთა შორის სახიფათო კავშირები ტრადიციულად შენარჩუნებულია, ხოლო კომიკური ურთიერთდამოკიდებულება არასავალდებულო... მეტადრე, ახალი ქართული პოლიტიკის ორ ძირძველ და მტრულ გვარს შორის. ეს ნიშნავს, რომ ქართული კინემატოგრაფის საყვარელი ჟანრი - ტრაგიკომედია, პოლიტიკურ თამაშებში გაცილებით შთამბეჭდავი,  ცოცხალი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდნავ გაცვეთილ მშობლიურ წიაღში.

საპრეზიდენტოდ წარდგენილთა მთლიანობა, ასე ვთქვათ მათი „გეშტალტი“, მაინც არ დაიყვანება ცალკეული ნაწილების მექანიკურ ჯამზე. ამას მიზნებისა და საშუალებების სიჭრელე და მრავალფეროვნება განაპირობებს. ვიღაცისთვის მთავარი მხოლოდ ოლიმპიური პრინციპია, ანუ არჩევნებში მონაწილეობა, ვიღაცისთვის საკუთარი განსაკუთრებული ზრახვებისა და  ექსტრავაგანტურობის დადასტურება, ვიღაცისთვის მძიმედ აკიდებული სოციალურ-პოლიტიკური კომპლექსებისგან გათავისუფლება (და შესაბამისად, არჩევნებსაც ფსიქოთერაპიის სეანსად უფრო მოიაზრებს), ვიღაცისთვის წარსულში დაგროვილი ტრავმების უხილავ, მაგრამ მაინც რევანშისტულ ქარბორბალად ქცევა, ან სულაც, ჰუმანისტურ-სოციალურ-ჰიპური პათოსი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს - „მინდა „ყველასათვის საყვარელი პრეზიდენტი გავხდე“.

ერთადერთი, ვისაც რეალურად გაცნობიერებული არა აქვს, რატომ და როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში, „შუშის სასახლიდან“ დანიშნული, უცნაური ზრახვებითა და კიდევ უფრო უცნაური ლექსიკით შეიარაღებული, ზეპარტიული ქალბატონია, რომელიც ისეთივე „დამოუკიდებელია“ როგორიც ის ბანკი, საიდანაც მილიონი უპროცენტოდ აიღო. თუმცა თამაში - „ვის უნდა მილიონი“ სხვა კანდიდატებსაც ძალიან მოეწონათ და იმ დამოუკიდებელი ბანკიდან კრედიტის აღებასაც შეეცადნენ... მაგრამ, მარტო სხვისი მაგალითით წვრთნა და აღჭურვა რას უზამდათ?!

ცოტა ხნით შევეშვათ გროტესკს და ვთქვათ, რომ აღარ გვაღგზნებს სატელევიზიო კომპრომატების ომები და არც საარჩევნო წელსქვედა ორთაბძოლების ქრონიკაა იმდენად შთამბეჭდავი, რომ ჩცდ-ს ვამჯობინოთ. შევეცადოთ ყრუდ, უემოციოდ და რაც შეიძლება ნეიტრალურად შევხედოთ მოვლენებს, როცა სისტემას უბრალოდ, ადეკვატური პასუხები არა აქვს. არჩევნები ამ შემთხვევეში მხოლოდ ააშკარავებს პოლიტიკურ კრიზისს და, შესაბამისად, სისტემა გარედან დაწოლას ვეღარ უძლებს, ხოლო პოლიტიკური პროცესების დაჩქარების ფონზე ხელისუფლებას არ ჰყოფნის არც გამბედაობა და არც ძალა, ამ პროცესს დაუპირისპირდეს და შეაჩეროს. პირიქით, დაპირისპირებამ, შესაძლოა თავად სახელისუფლებო ვერტიკალის სიმყარე ეჭვქვეშ დააყენოს. ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ შეიძლება უბრალოდ წააგოს, რაც აუცილებლად ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. მით უმეტეს, როცა გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა - მომავალი საპარლამენტო არჩევნები - ჯერ კიდევ წინაა!

ერთი შეხედვით პარადოქსულია, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ვერაფრით შევძელით პოლიტიკური განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა. საკითხავია - რატომ? - როდესაც იცვლებოდნენ სახელწიფოს პირველი პირები - პრეზიდენტები, პრემიერები, პოლიტიკური პარტიები, იცვლებოდა ოპოზიცია...  მაგრამ თითქმის ყოველთვის და ყველა ინსტიტუციაში საშუალება და მიზანი არასწორად იყო გაგებული. ის, რაც საზოგადოებისთვის ჰორიზონტალურ თავისუფლებას ნიშნავს (დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ოპოზიციის პროტესტი და ა.შ.), ხშირად დეფორმირებულად, ან სრულიად სხვაგვარად აღიქმება. რაც, არა იმდენად პოლიტიკური განწყობების ბრალია, რამდენადაც სახელისუფლებო-ვერტიკალური სივრცის სახიფათო ტრანსფორმაციის შედეგი.

სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, ან რეცეპტი, რომელიც ჰორიზონტალური და ვერტიკალური თავისუფლების გადაკვეთას ყველასთვის მისაღებს ან გასაგებს გახდიდა. სინამდვილეში, ეს ხანგრძლივი მეტამორფოზის, გარდაქმნის, დაპირისპირების თუ დაახლოების პროცესია. ვინაიდან, ხშირად  ჩვენ თავად ვართ სისტემის ნაწილი და ვიდრე სისტემა ჩვენს ბოლომდე გადაკეთებას შეძლებს, საჭიროა თავად ვიბრძოლოთ. შესაძლოა ათწლეულობით გადროვილმა და შემაკავებელმა საბჭოთა აკრძალვებმა გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო და სიყალბით შენიღბულმა მორალმა და გაცვეთილმა კანონებმა ძალა, სიმძიმე და გრავიტაცია დაკარგა.

ჩვენ გვსურდა რაღაც კალვინისტური სიმართლისა თუ სიშიშვლის დემონსტრირება - აი, შეგვხედეთ, ესა ვართ, რაც ვართ. თავისუფალნი და განახლებულნი, ამაყები და ძლიერები... მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში რატომღაც ხანგრძლივი თეატრალური კარნავალი გამოგვივიდა - ჯერ„პატრიოტული ტალღითა“ და ბრმა მეჩონგურეებით, შემდეგ შევარდნაძის მოქკავშირზე შეთხზული პარტიული სიმღერებით, მოგვიანებით „ვარდების ხელისუფლების“  რეფორმებით, საქანელებით, შადრევნებითა  და „ფერადი სახლებით“, რომელთა ფასადის მიღმა ხშირად ძალადობა ფხიზლობდა... დაბოლოს, ჩრდილში კარგა ხანს მყოფი მილიარდერის ვიზიტით“, რომელმაც სინათლეზე „გამოსვლით“ ზუსტად შეგვახსენა, რომ ბევრი ფული  აბსოლუტური ძალაუფლების მსგავსად, აბსოლუტურად რყვნის.

ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფლებისგან გაქცევის კიდევ ერთ უშედეგო მცდელობად რომ არ დარჩეს (სხვათა შორის, ერიხ ფრომს  გამოყენებული აქვს თავის ფსიქოლოგიურ ნაშრომში სწორედ ასეთი ტერმინები - „გან“ და „კენ“ თავისუფლება, რომელიც თავისუფლების ნეგატიურ და პოზიტიურ განსაზღვრებას გულისხმობს) აუცილებელია არჩევნის გაკეთება არა ვიღაცის, ან რაღაცის წინააღმდეგ, არამედ ცნობიერად, საარჩევნო პროგრამებისა და შემდეგ გულის კარნახით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^