ომის მოსაგებად საუკეთესო ხერხია, აიძულო მტერი, თავად დაანგრიოს საკუთარი სახელმწიფო.
ხოლო საკუთარ სახელმწიფოს, როგორც წესი, მხოლოდ სამოქალაქო ომის დროს ანგრევენ სამხედროები, დანარჩენ შემთხვევებში მას მშვიდობიანი მოქალაქეები ანგრევენ.
სახელმწიფოს ანგრევს პედიატრი, რომელიც პაციენტის მშობლებს ეუბნება, რომ ვირუსი ბავშვს ბანანიდან შეხვდა და რომ ვაქცინაცია უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მის გარეშე ყოფნა.
სახელმწიფოს ანგრევს მეცნიერი, რომელიც საზოგადოებას ეუბნება, რომ ვაქცინაციით ლაბორატორიები ვირუსებს ავრცელებენ.
სახელმწიფოს ანგრევს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს მხოლოდ თავის საგანს ასწავლის.
სახელმწიფოს ანგრევს მღვდელმსახური, რომელიც ამბიონიდან მტრის სიკეთეზე ქადაგებს.
სახელმწიფოს ანგრევს ექსპერტი, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს გასაგებად არ განმარტავს და ამით შეთქმულების თეორიებსა და მითებს აძლიერებს.
სახელმწიფოს ანგრევს ჟურნალისტი, რომელიც ექსპერტის ნალაპარაკევიდან მხოლოდ მყვირალა ფრაზას გამოიტანს სათაურად და ამით მტრის პროპაგანდას უხსნის გზას.
მტრები და მათი პროპაგანდა კი იმაზე ბევრად მეტია ჩვენში, ვიდრე საჭიროა.
დაწყებული ალენ დალესის მითიური „დოქტრინიდან“ (რომელიც, რეალურად, არც არავის უნახავს, რუსული და ქართული „მედიისა“ და „მოღვაწეების“ გარდა) დამთავრებული ლუგარის ლაბორატორიიდან გამოშვებული ვირუსებითა და ბათუმის პორტში ჯერარაშენებული კარბამიდის ტერმინალის მიერ დაბინძურებული გარემოთი.
ამ ბოლო საკითხში განსაკუთრებით მძიმედაა საქმე - სრულიად უვნებელი სასუქი, რომელიც აქამდეც თავისუფლად შემოდიოდა (ძირითადად, რუსეთიდან), საწყობდებოდა და გადიოდა ქვეყნიდან, მხოლოდ მას შემდეგ იქცა „მომწამვლელ“ ნივთიერებად, რაც ბათუმში სპეციალურად მისთვის მოწყობილი, ულტრათანამედროვე ტერმინალის მშენებლობა დაიგეგმა და მასში მონაწილეობის სურვილი ამერიკელებმა გამოთქვეს.
ატყდა, მაგრამ რა ატყდა: სტატიები ცალკე უძღვნეს რუსულ მედიაში, აქციები ცალკე ატარეს და ახლაც აგრძელებენ, პოსტები ცალკე ავრცელეს სოციალურ ქსელებში - არიქა, ბათუმელებს გვწამლავენო.
დეზინფორმაცია იმ დონემდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთმა აქტივისტმა ფეისბუქის საკუთარ კედელზე დაწერა: ტერმინალის კედლებს რითაც აშენებენ, ის სამშენებლო მასალა რადიაციულია და ვინც შიგნით იმუშავებს, დასხივდება და დაავადდებაო.
არადა, აღნიშნული ტერმინალი რეალურად ძალიან დიდი მოვლენაა, როგორც ნაყარი ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის, ისე ეკონომიკის მხრივ - მისი აშენების შემდეგ საქართველო აზერბაიჯანთან ერთად გახდება აზიაში წარმოებული სასუქების ძირითადი ნაწილის გამტარი ქვეყანა.
აბა, თუ გამოიცნობთ, რომელი ქვეყანაა ამჟამად სასუქების მთავარი დერეფანი?
რა თქმა უნდა, რუსეთი.
ის ერთადერთია, ვისაც ბათუმში ამ ტერმინალის მშენებლობა არ აწყობს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით - რატომ უნდა აწყობდეს ოკუპანტ ქვეყანას ოკუპირებული სახელმწიფოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა?
ამიტომ საუკეთესო საშუალებაა, გაავრცელოს დეზინფორმაცია და ხალხს, რომელთაც პატრიოტიზმის მოტივით ნებისმიერი შეთქმულების თეორიაში აქამდეც არწმუნებდა, კიდევ ერთხელ აუბნიოს თავგზა.
მით უმეტეს, რომ ეს ყველაზე ბუნდოვანი თემაა ფართო საზოგადოებისთვის - მიუხედავად კარბამიდის პოპულარობისა, მისი ქიმიური შემადგენლობის ცოდნას, ბუნებრივია, ვერავის მოვთხოვთ.
ხოლო ადამიანებს ყველაზე მეტად იმისი ეშინიათ, რაც არ იციან.