Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აიწიეთ ხელი, ვის არ გვეშინია?

16 თებერვალი 2019

მეთვრამეტე საუკუნეში, ჟან ჟაკ რუსო წერდა, რომ კაცები მოქალაქეებად და საზოგადო მოღვაწეებად, ხოლო ქალები ცოლებად და დედებად უნდა აღვზარდოთო. ფემინისტური იდეოლოგია სწორედ იმ დროინდელი მოაზროვნეების მრავალი სხვა ასეთი მავნებლური აზრების მიმართ, პროტესტით გამოწვეულ ნიადაგზე შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი, ქალთა უფლებების ადვოკატირების გარშემო ადამიანების კონსოლიდაციაა.

ფემინიზმისთვის, თავისთავად არც დედობაშია რაიმე პრინციპულად მიუღებელი და არც ქორწინებაში. მხოლოდ, ერთი გარემოების აუცილებლობით, რომ ყველა არჩევანი, ქალის თავისუფალი ნებით არის ნაკარნახევი.

პატრიარქატული ტრადიაციები გვასწავლის, რომ ქალისთვის ოჯახის შექმნა და დედობა თვითმიზანი უნდა იყოს. ჩვენი საზოგადოების მთავარი ფასეულობაც ოჯახია. შედეგად, ქალის ერთადერთი ზნეობრივი არჩევანი, გახდეს ცოლი და დედა, აღზრდისას ჩანერგილი და წინასწარ ნაკარნახები ქცევის პატერნი გამოდის. ფემინიზმი, სწორედ ქალის ქცევის და სურვილების მარეგულირებელ ამგვარ ჩარჩოს უპირისპირდება და ამბობს, რომ პატრიარქატულ კულტურაში ქალისთვის თავსმოხვეულ როლს, სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ზნეობასთან. მისი მიზანი, მხოლოდ ქალის თავისუფლების შეზღუდვა და დამორჩილება და კაცთა დომინაციაა.

ოჯახის ღირებულებების ირგვლივ, ქალის მთავარ განმსაზღვრელად მისი სანიმუშო ცოლობა, კარგი დედობა და შესაშური კულინარიული უნარები მიიჩნევა. ის ქალები, რომლებიც ურთიერთობის ამ მოდელს ირჩევენ, სამუდამოდ ამბობენ უარს საკუთარ პიროვნულ დამოუკიდებლობასა და განვითარებაზე.

პატრიარქატულ კულტურებში, ასეთი ქალი კაცის მთავარი მონაპოვარია.

განსხავებულ რეალობაში, ალტერნატიულ გენდერულ როლს ქალებისთვის ემანსიპაცია გვთავაზობს. რომელიც, მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლებასთან და შედეგად დამოუკიდებლობასთან. საუბედუროდ, არც აქ არის საქმე საყველპუროდ.

თავისუფალი კონკურენციის ილუზიამ, რომელსაც ქალებს დასავლური კონკურენციის მოდელი სთავაზობს, წარმატებისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო სასტიკი გახადა. ურჩობის შემთხვევაში, მასკულინური ძალაუფლების დინამიკა, ქალისთვის საკუთარი ადგილის შენარჩუნების მცდელობას მორალურ ტერორს უპირისპირებს.

ამ ტენდენციის დასადასტურებელად, იმ ქალებს გადამხდარი, ბოლო დროინდელი სამწუხარო მოვლენების გახსენებაც საკმარისია, რომლებიც წლების განმავლობაში, აქტიურად იყვნენ ჩაბმულები საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ნაკლებად, ან თითქმის არასოდეს იყენებდნენ საკუთარ ხმას, პრივილეგიას თუ პლატფორმას, სხვა ქალების გასაძლიერებლად. საბოლოოდ კი, მათი, როგორც ქალების სასტიკი და საჯარო დამცირების გულისამრევი სპექტაკლი ფართო აუდიტორიის წინაშე ვითარდება. ცალსახად და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის გათვლა ფართო აუდიტორიის ცნობიერებაში, ღრმად ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპებით არის ინსპირირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია ადამიანის ინტიმური ცხოვრება კომპრომატად იქცეს. პირადი ცხოვრება საჯარო ცხოვრებაში ჩაბმულ კაცებსაც ხომ აქვთ, მაგრამ რატომღაც არავის მოსვლია აზრად, ნებისმიერი მათგანის მიმართ, მსგავსი კადრების გასაჯაროებით ეძია შური. ჩვენს საზოგადოებაში სექსი, რატომღაც მხოლოდ ქალისთვის არის თურმე სირცხვილი. რაც გვაფიქრებინებს, რომ ინტიმური ცხოვრების კადრების, როგორც თითქოს სასირცხვილო ქმედების მთავარ სამიზნე აუდიტორიასაც კაცები შეადგენენ.

ცხადია, ვერც იმ ფაქტს გავექცევით რომ აუდიტორიის დიდი ნაწილი, პატრიარქატის ნებსით თუ უნებლიედ, შიშით თუ სიბრიყვით, უმეცრებით ან პრაგმატული გათვლით გულშემატკივარი ქალებიც არიან. სავალალოა, რომ პატრიარქატული კონსტრუქციების თავგადაკლულ გუშაგებად, რომელშიც ქალებისთვის მიყენებული ზიანი ფემიციდის და გაუპატიურების საგანგაშო სტატისტიკაში იზომება, ქალებიც გვევლიანებიან.

ქალები, რომლებიც ხშირად კაცებზე მეტს საუბრობენ პატრიარქალური წნეხით გამოწვეულ იმ ზიანზე, რომელსაც თითქოს კაცები ისევე განიცდიან, როგორც ქალები, ალბათ ფიქრობენ, რომ არსობრივად განსხვავდებიან იმ “სხვა ქალებისგან” რომელებიც იჩაგრებიან. თუმცა ცხადია, საბოლოო ჯამში პატრიარქატი ასეთ დაყოფას არ ცნობს და საჭიროების შემთხვევაში ძალაუფლების სათავეებთან, ათასი მანქანებით მოხვედრილებსაც, იგივე წარმატებით უსწორდება, როგორც ყველაზე მოწყვლად ქალს. ბედის ცინიკური ირონიაა, რომ ყველა ქალი, რომელიც გულგრილია ქალების საჭიროებების მიმართ, ადრე თუ გვიან, თავადვე იქცევა მსხვერპლად.

საბედნიეროდ, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა საკუთარი გენდერის მქონე ჯგუფის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობა, არამხოლოდ ქართული მოვლენაა. რაც ნიშნავს იმას, რომ გენდერული თანასწორობის მიმართ ნეგატიური ან სკეპტიკური დამოკიდებულების სენი მეტნაკლებად გლობალური პრობლემაა.

პირდაპირ საოცარია, მაინც როგორ მოახერხა პატრიარქალურმა წესრიგმა ასეთი რეალობის შექმნა. სადაც, ჩასაძირად განწირული ქალებით სავსე გემზე, მტრის ხატად და მთავარ კონკურენტად, ქალებს ისევ ერთმანეთი მიაჩნიათ.

რთული და არასწორია ვინმეს სულში ჩაუძვრე, მაგრამ მარტივი სავარაუდოა, რომ მუდმივად მაღალი სტრესის ქვეშ, წარმატებამდე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოვლილ ქალებს, იშვიათად თუ შერჩებათ ხოლმე ნება ანდა ენერგია, არ დაივიწყონ ყველა ის საზვერე, რომლის მსუბუქად გასავლელადაც ბევრი, ერთ დროს პრინციპული და ღირებულებითი საკითხების გზაზე დატოვება მოუწიათ.

მნიშვნელოვანია ყველა ქალს გვახსოვდეს, რომ მასკულინურ ველზე მიმდინარე სიმულაციური ომობანა კაცების მოგონილი თამაშია. მათზე მორგებული გენდერული ალგორითმებით და წესებით. ასეთ გარემოში, ქალის ნებისმიერი წარმატება მყიფე და უაზროდ ძვირია. ფსონებიც, დროში მხოლოდ მატულობს და შესაბამისად საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად ქალებს სულ უფრო ნაკლები ენერგია რჩებათ.

პატრიარქატში დაწინაურებული ქალები, რომლებსაც სწამთ, რომ საკუთარი გენდერული კატეგორიიდან საჯარო და პოლიტიკური ასპარეზის სუპერ ლიგაში გადავიდნენ, რეალურად კაცებისგან დომინირებულ, მაღალი რისკის ველზე ინაცვლებენ. სადაც პროცესები, ისევე წარმატებით შეიძლება დრამატულად განვითარდეს, როგორც დაბალი კლასის ქალების ცხოვრებაში. რა თქმა უნდა განსხვავება არსებობს და თუ დაბალი სოციალური და ეკონომიკური კლასის ქალებს გენდერული ნიშნით პირდაპირ ფიზიკურად უსწორდებიან და კლავენ, ძალაუფლების მქონე ქალებს მხოლოდ მორალური მკვლელობა ემუქრებათ.

სწორედ ამ საფრთხის არსებობის გამო, ალბათ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს ყველა ქალი, ღირს თუ არა იმ მონსტრის, საკუთარი ლოიალობითა და ერთგულებით კვება, რომელიც პირველივე პრინციპულ წინააღმდეგობაზე თავლისდაუხამხამებლად გაგანადგურებს.

თუმცა, პირადად ჩემთვის, ყველაზე სევდიანი ამ მოვლენათა განვითარებაში მაინც ისაა, რომ ურჩობისთვის დასჯილი ქალების ისტორიები, გამაფრთხილებელ და შიშის გამომწვევ დროშებად, კიდევ დიდხანს იფრიალებს ჩვენს თავზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^