Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრაიდის შესახებ

25 თებერვალი 2019

პრაიდი არის ლგბტქი აქტივიზმის ერთი ფორმა და მისი რამენაირად ჰომოფობიის პანაცეად წარმოსახვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. დღეს საქართველოში ლგბტქ ადამიანების უმეტესობა (ი-ინტერსექსი ადამიანებზე საუბარი უხერხულია, მაშინ როდესაც სულ ორ ადამიანს ვიცნობთ ამ მოცემულობით) სიდუხჭირეში ცხოვრობს. ეკონომიკური და სოციალური უფლებების განხორციელებას ვერ ახერხებს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, ამ მძიმე ყოფას ქვიარებისთვის ემატება ძალადობისა და დისკრიმინაციის გამოცდილება - ოჯახში, სამსახურსა თუ ქუჩაში. ბუნებრივია პრაიდის ერთი კვირეული ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის. ამ საავტორო პოსტში მინდა, პრაიდის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ვიმსჯელო, რადგან სიჩუმე, რომელიც ჩამოწვა, ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს.

პრაიდის შესახებ

საქართველოში სამოქალაქო აქტივისტები სხვადასხვა სფეროს პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ და გარემოს აუმჯობესებენ. ეს გაუმჯობესება უფრო მეტად აისახება გენდერულ საკითხებზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე, მაგრამ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს და ლგბტქ ადამიანების ჩაგვრაზე ამგვარი ხელშესახები ცვლილება არ გვქონია. ეს, ჩემი აზრით, ჰეტერონორმატიული ჩაგვრის ისტორიული ფესვებით, მისი კომპლექსურობით და ბოლო პერიოდში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გამოჩენითაა გამოწვეული.

თუმცა დასავლეთში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამარჯვებების ისტორიული გამოცდილება აქვთ. მეოცე საუკუნის 60-იან წლებში სტოუნუოლის მოვლენებმა, რომლებშიც გადამწყვეტი როლი ღარიბმა ქვიარებმა, ფერადკანიანმა ტრანსგენდერმა ქალებმა და უსახლაკროებმა შეიტანეს, აჩვენა, რომ პოლიციური ძალადობის პირობებშიც კი ქვიარებმა შეძლეს გაერთიანება და საკუთარი უფლებების დაცვა. მოგვიანებით შიდსის კრიზისის დროსაც, როცა ბიზნესებს და სახელმწიფოს არ აღელვებდათ ათასობით ადამიანის სიკვდილი, ქვიარების ბრძოლის შედეგად შესაძლებელი გახდა ანტირეტროვირუსული წამლები და მკურნალობა.

2019 წელს ნიუ-იორკი სტოუნვოლის მოვლენებიდან 50 წლის თავზე სამახსოვრო პრაიდის მარშს უმასპინძლებს. თუმცა დღეს ბევრი ქვიარი პრაიდპოლიტიკის კრიტიკით გამოდის, მის კომერციალიზაციასა და ფინქვოშინგზე საუბრობს. ეს ფრაზა გულისხმობს პოლიტიკურ და მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომ რეკლამა გაუკეთდეს პროდუქტს, კომპანიას, ქვეყანას ან ადამიანს, როგორც გეიმეგობრულს, რათა ისინი წარმოჩინდნენ როგორც პროგრესულები, თანამედროვეები და რეალურად ამით სარგებელი მიიღონ. ეს არის ლგბტქი ადამიანების სამომხმარებლო ჯგუფად აღქმა. სინამდვილეში ეს ინდივიდები თუ ინსტიტუციები თანასწორობის იდეას არ იზიარებენ ბევრი მიმართულებით და მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრობენ.

ქვიარების ყოფა საქართველოში

ბოლო წლებში საქართველოს კანონმდებლობა პოზიტიური მიმართულებით იცვლება. თუმცა ქვიარების ცხოვრება ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა ვერ შეცვალა, რადგან მას აღსრულების სუსტი მექანიზმები აქვს, მოქმედ უმრავლესობას კი, როგორც ჩანს, კანონის გაუმჯობესების თვალსაზრისით პოლიტიკური ნებაც კი არ გააჩნიათ.

 შსს-ში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნის შემდეგ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმი ამუშავდა. გაჩნდა განცდა, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობის ნიშნის გამო მუქარის, ძალადობის ან სხვა შემთხვევებში პოლიცია ადეკვატურად რეაგირებას გამოიჩენდა. მაგრამ თემის ბევრი წევრი დაქამინგაუთების, პოლიციის მხრიდან მეორადი ვიქტიმიზაციის შიშისა და სამართალდამცავი უწყების მიმართ უნდობლობის გამო ამ მექანიზმს არ იყენებს.

ქვიარ ადამიანებისთვის ქვეყანაში გაჩნდა მეგობრული ადგილები, ტექნოკლუბები და ბარები, სადაც თემის წევრები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სათემო ცენტრები  ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობენ ადამიანებს. თუმცა რესურსები ამ მიმართულებით საკმაოდ მწირია და ხშირად სათემო ცენტრებს იმ ტიპის სერვისის მიწოდება უწევთ ქვიარებისთვის, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა.

უსახლკარობა, მძიმე სამუშაო პირობები, დისკრიმინაცია და ოჯახში ძალადობა, ისევე როგორც ბულინგი სასწავლო დაწესებულებებში, სამედიცინო საკითხები მოუწესრიგებლობა - სახელმწიფოს მხრიდან ზოგადი და სპეციფიკური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაზე ან სისუსტეზე მიუთითებს.

ეს საჭიროებები ამოდის ყველა კვლევიდან, რომლებიც ლგბტქ საკითხებზე ტარდება. კვლევებში პრაიდკვირეულის მოთხოვნას ან სხვა ამგვარ საკითხებს თქვენ ვერ ნახავთ.

პარტიული პოლიტიკა/პოლიტიზაცია

ამ პირობებში მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მკვეთრი რადიკალიზაციით გამოირჩევა, ლგბტ საკითხების თანმიმდევრულ, მავნებლურ პოლიტიზაციას ახდენენ. ულტრამემარჯვენე, რელიგიური, ნეონაცისტური ან კონსერვატორულად მონიშნული ძალები („ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძის პარტია, ვასაძის ჯგუფი, კონსერვატორები „ქართული ოცნებიდან“) თავიანთი თავის აქტუალიზაციისათვის ლგბტ საკითხებს იყენებენ. სხვა საკითხებზე ისინი ვერ ახდენენ ამომრჩევლების მობილიზებას, ამდენად იყენებენ რა არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს, ამძაფრებენ და საკუთარ პოლიტიკურ იდენტობებს, გზას უხსნიან სიძულვილს.

ლიბერალურ პოლიტიკურ სპექტრში, შეხვდებით პარტიებს, რომლებიც პროგრესულობის შირმის გამო ლგბტქ თემის საჭიროების გათვალისწინების გარეშე ცდილობენ ამ საკითხებზე ასაუბრონ პარტიის რამდენიმე წევრი. ცხადია, ეს ადამიანები შეიძლება განიხილონ როგორც მოკავშირეები, მაგრამ მათ პარტიულ ვერტიკალში ძალაუფლება არ გააჩნიათ. ამ პარტიებს ქვიარსაკითხები საკუთარი პროდასავლურობის დასამტკიცებლადაც სჭირდებათ, უშუალოდ პოლიტიკის დონეზე კი არსებული რეალობის შეცვლის არანაირი მზადყოფნა მათ არ აქვთ. ამგვარ დამოკიდებულებებს თქვენ შეხვდებით „ქართულ ოცნებაში“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტიაში „ევროპული საქართველოსთვის“.

2013 წლის 17 მაისის მოვლენების დროს ლგბტ საკითხები არასწორად დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ეს, ცხადია, ოპონენტებისა და იმ პოლიტიკაზე ხალხის უარყოფითი დამოკიდებულებების გამო მოხდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში აწარმოებდა. ამ დროს რთული გასარჩევი აღმოჩნდა ის, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ მათ შორის ლგბტქ ადამიანებმაც ძალადობრივი პოლიტიკა საკუთარ ზურგზე იწვნიეს.

უფრო კომიკურია „გირჩის“ პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც, ერთი მხრივ, თითქოს ლგბტქ თემის მხარდამჭერია, მაგრამ რიტორიკის დონეზე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის წინააღმდეგია, ხოლო პოლიტიკაზე თუ მიდგება საუბარი, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ის თემები, რომლებიც თემს აწუხებს, მათ სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ამავე დროს კი არ ჩანს მემარცხენე ან ცენტრისტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ზოგადი კეთილდღეობისა და განათლების პერსპექტივებიდან მხარს დაუჭერდნენ თანასწორობის იდეას.

ამ პოლიტიკურ ვითარებას ამძიმებს ზოგადი რადიკალიზაციის ფონი, პარტიები მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებენ ძალაუფლების მოსაპოვებლად. ყველა ემზადება 2020 წლის არჩევნებისათვის.

ხელისუფლებისთვის პრაიდის ჩატარება შეიძლება გახდეს დემოკრატიულობის ჩვენების შირმა დასავლეთის თვალში, როცა არსებითად პრობლემურია მათ მიერ თანასწორობის და სამართლიანობის საკითხები.

ოპოზიციისთვის შეიძლება პრაიდი იქცეს შინაარსისგან დაცლილ აქტივობად, რომელსაც ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს, მაშინ, როდესაც თანასწორობა და ქვიარადამიანები  რეალურად არ აინტერესებთ.

 სწორედ ამ პოლიტიკურ ვითარებაში ანონსდება თბილისის პრაიდის კვირეული.

ზიანის შემცირების სტრატეგია

წინა წლების გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრაიდის კვირეულის დაანონსებასთან ერთად იზრდება ძალადობა ქვიარების წინააღმდეგ. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ტრანსგენდერი ქალები და არაჰეტერონორმატიული ადამიანები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ქვიარებისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით საფრთხილო ხდება. ამიტომ ყველა რესურსი ამ ადამიანების უსაფრთხოებისა და ძალადობის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა მობილიზდეს.

პრაიდის გუნდისთვის განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება სანდოობა. მაშინ, როდესაც არცერთი სათემო ორგანიზაცია არ არის ჩართული ამ კვირეულის ორგანიზებაში, ყველა საკითხზე გადაწყვეტილებებს აქტივისტთა მცირე ჯგუფი იღებს. ისინი უკვე მზა „პროდუქტებს“ აცნობენ სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფებს, ამიტომ ამ ჯგუფს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც ეკისრება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, როცა ძლიერი გახდა ნარატივი ერთ-ერთი ორგანიზატორის კონკრეტულ პარტიასთან კავშირის შესახებ. მეტი ჩართულობა ამ მოვლენას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან აფილირებისაგან დააზღვევდა. პრაიდის კვირეულის ფარგლებში ამ ჯგუფს მოუწევს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ამავე დროს მისი კრიტიკაც. ეს სერიოზული გამოწვევაა, რამაც შესაძლოა გავლენა ჰპოვოს პრაიდის მარშის უსაფრთხოებაზე.

პრაიდის კვირეულის მთავარი შედეგი ალბათ უფრო საერთოობის, სოლიდარობის, სიყვარულის განცდა უნდა იყოს. ეს განცდა კი დაპირისპირების, ერთმანეთზე გადავლის, ერთმანეთის არგათვალისწინების გარეშე არ მოდის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმ ნაპრალების ამოვსებაზე, რომლებსაც წლებია ვაჩენთ.

პრაიდის კვირეულის შინაარსი მნიშვნელოვანია. ამ კვირეულის განმავლობაში თუ ჩვენს რეალურ პრობლემებზე არ იქნა საუბარი, საერთოდ აზრს კარგავს ის დისკომფორტი, რომელსაც ქვიარადამიანები პრაიდის კვირეულის დაანონსების შემდეგ მიიღებენ. ნეოლიბერალური რიტორიკა, საზოგადოების ბნელებად და ნათლებად დაყოფა განსაკუთრებით დააზიანებს თანასწორობის იდეას, რაც, ჩემი აზრით, ჩვენი აქტივობების მიზანი უნდა იყოს.

ძალიან მტკივნეულია, როცა გამოხატვის თავისუფლება იმგვარად ხორციელდება, როდესაც სოციალურ ჯგუფებს გალიების მსგავსად შემოსაზღვრულ სივრცეებში უწევთ საკუთარი აზრის დაფიქსირება. ხშირად ასეთ მოვლენას კარცერულ აქტივიზმს ვეძახით. ქალაქის იმ ნაწილებში, რომლებშიც ვცხოვრობთ, დავდივართ, ვმუშაობთ, ერთ დღეს იძულებულნი ვხდებით, საკუთარი ხმა პოლიციური ძალების არნახული მობილიზების ფონზე გავაჟღეროთ. ამას თუ პოლიციის მხრიდან კონტრდემონსტრანტებზე რაიმე ფორმის ძალადობა დაემატება, ვშიშობ საზოგადოებაში უფრო გავზრდით ჰომოფობიურ განწყობებს. ამიტომ სახელმწიფომ და პრაიდის ორგანიზატორებმა მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რომ არ მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება, არა მხოლოდ პრაიდის მხარდამჭერებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის, არამედ უნდა შეიზღუდოს პოლიციური ძალების გამოყენება და პოლიციამ ძალადობის პრევენციისათვის თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს.

საზოგადოებაში არსებულ წინასწარგანწყობებს სჭირდება სისტემური მუშაობა და მიდგომა. დიალოგის და განათლების გარეშე რეალური ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი აქტივიზმი უნდა იყოს რუტინული, განმარტებითი და ეხებოდეს იმ რეალურ საჭიროებებს, რომლებიც ქვიარებს საქართველოში დღეს აქვთ. ამ თვალსაზრისით სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სახით ჩვენ ძალიან ბევრი მოკავშირე გვყავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^