Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვართ თუ არა ქართველი ქალები ქართველ კაცებზე ბევრად ღარიბები?

08 მარტი 2019

სიღარიბე ქვეყნის პრობლემაა და არა კონკრეტული სქესის, ასეთი შეიძლება იყოს მყისიერი პასუხი კითხვაზე - ვართ თუ არა ქალები კაცებზე ღარიბები. სინამდვილეში პასუხი ბევრად უფრო კომპლექსურია და დიდ დაფიქრებას მოითხოვს. 

ოქსფამის 2018 წლის მაჩვენებლით, მსოფლიოს მასშტაბით ქალები უმეტესწილად კონცენტრირებულნი არიან დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე. ისინი 23%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. განვითარებადი რეგიონების ქალების 75% არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩაბმული, სადაც სოციალური დაცვის გარანტიები, შრომითი კონტრაქტები, უფლებები მოშლილია და მხოლოდ სიღატაკეში გადარჩენაა მთავარი მიზანი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან 64.9%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებლია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ორიდან ერთი ადამიანი არაფორმალურადაა დასაქმებული, საქართველოში არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალები ფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით წელიწადში საშუალოდ  42%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.  არაფორმალური სექტორის მანკიერი პრაქტიკაა ხელზე აღებული შრომის ანაზღაურება, სახელფასო ისტორიებისა და შრომის კონტრაქტები არარსებობა. ეს მოცემულობა მშრომელის სიღარიბეში ჩატოვების ხელშემწყობი ფაქტორია.

კაცების სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით ქალებს სიღარიბის მიმართ სპეციფიკური მოწყვლადობა ახასიათებთ. ზოგად ეკონომიკურ გამოწვევებთან ერთად ქალების სიღარიბეში გადამწყვეტ როლს თამაშობს პატრიარქალური კულტურა. დღეს საქართველოს მოქალაქე ქალის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ოთხი ძირითადი ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას:

  1. სახლის მზრუნველობითი შრომა კვლავ ტოტალურად ქალების მიერ სრულდება, რაც ართულებს მათ სრულფასოვან რეალიზებას სამუშაო ბაზარზე;
  2. გაერო-ის ქალთა ფონდის 2018 წლის კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ქალი ოჯახში ქმრის მოთხოვნის საფუძველზე დიასახლისად რჩება;
  3. დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, სქესის ნიშნით განსაზღვრული არათანასწორი შრომითი ანაზღაურება;
  4. ქალების მაღალი კონცენტრაცია დაბალანაზღაურებად, ე.წ. ქალურ სამუშაოებზე - კერვა, დალაგება, მზრუნველობითი შრომა, მასწავლებლობა, ექთნობა და სხვ.

ღირსეული შრომის სტანდარტი და საქართველო

ღირსეული შრომის პირობები იქმნება არამხოლოდ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით, არამედ ღირსეული ანაზღაურებით. კერვა, ე.წ ქალურ პროფესიათაგან ერთ-ერთია. თუ ვიეტნამში მკერავ ქალს საათში 1$-ს უხდიან, და ქალები საშუალოდ 60 საათს მუშაობენ, წლების მანძილზე ანალოგიური სტანდარტი მოქმედებს ქუთაისში, "სს იმერში“ ქალებს  საათში 1.52 ლარს უხდიან, ხოლო „ შპს ჯორჯიან ტექსტილში“  კი საათში 1.16 ლარს.  სწორედ ინვესტორებისთვის შექმნილმა მსგავსმა „ხელსაყრელმა“ პირობებმა შეაფერხა ქუთაისში ZARA-ს სამკერვალოს გახსნის პროცესი. აღმოჩნდა რომ, ესპანური ტანსაცმლის ბრენდი ZARA ჩვენი ბაზრის ათვისებისგან თავს იკავებს, რადგან ქართული კანონმდებლობა მინიმალურ ხელფასს 20 ლარის ოდენობით განსაზღვრავს და ეს კანონი 1999 წლის შემდგომ არცერთ ხელისუფალს არ გადაუხედავს. ამის საპირწონედ ევროკავშირის წევრი 28 სახელწიფოდან 22-ში კანონითაა გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი და მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. პოლონეთმა სწორედ  მინიმალური ხელფასის პერიოდული ზრდით დააბალანსა სხვაობა ქალისა და კაცის ანაზღურებებს შორის და დაბალანაზღაურებადი სახელფასო პრაქტიკა. დასავლურმა დემოკრატიებმა სიღარიბის აღმოფხვრაზე ზრუნვა ხელფასზე და შრომის გაუფასურებაზე დაკვირვებით დაიწყეს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ნათელი, რომ მიზერული ხელფასები სწორედ ქალების სოციალური ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი.

ე.წ. ქალური და დაბალანაზღაურებადი სამუშაოები

სწორედ ის ფაქტორი, რომ პროფესიებსა და სექტორებს აქვთ სქესი, ზემოქმედებს ქალების შემდგომ სიღარიბეზე. საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება საფინანსო სექტორშია და ის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემით, კაცებისთვის 3817 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი განათლების სფეროშია. ამასთან ერთად, მაღალანაზღაურებადი სექტორისგან განსხვავებით, დაბალანაზღაურებადი სექტორი ტოტალურად ქალებითაა დაკომპლექტებული. ცხადია, რომ პატრიარქალურ აზროვნებასთან შეზრდილი საბაზრო ლოგიკა ქალებს არ გვიშვებს იმ სივრცეებში, სადაც დიდი დოვლათი ტრიალებს. საფინანსო სექტორი ხელფასთაშორისი უთანასწორობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. აქ ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება კაცისას 2 360 ლარით ჩამორჩება და მკვეთრად კაცებით დომინირებულ სფეროს წარმოადგენს.

ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორები, განათლება და მასწავლებლის პროფესია მკვეთრად ფემინიზებულია. 2017 წლის მონაცემით 57 015 ქალი პედაგოგი იყო, ხოლო მამაკაცი კი 9 358.  2017 წლის მონაცემით ამ სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქალებისთვის 560, ხოლო კაცებისთვის 658 ლარია. ქალებით დომინირებულ დაბალანაზღაურებად სექტორშიც კი  ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი ჩამორჩება ამავე სფეროში კაცების  საშუალო ნომინალურ ხელფასს. ეს ფაქტები ცხადყოფს არასამართლიანი ანაზღაურების პირობებს, ქალების დაბალ რგოლებში შენარჩუნების მანკიერ პრაქტიკას, ქალების შრომის ღირებულების გაუფასურებას კაცის შრომასთან შედარებით. გამოკვეთს კაცებით დომინირებულ სექტორებს და იმასაც, რომ ქალებით დომინირებული სექტორებიც ფინანსურად კაცებისთვის მეტად სარგებლიანია.

ფაქტია, რომ ჩვენი შრომა უფრო იაფადაა შეფასებული, ვიდრე ის სინამდვილეში ღირს, ფაქტია, რომ ეს მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიო პრობლემაცაა. თუ საქართველოში ქალის ანაზღაურება კაცისას საშუალოდ 432 ლარით, ანუ 36,2%-ით ჩამორჩება, ევროკავშირში კაცის საშუალო ანაზღაურება ქალისას 16,3%-ით აღემატება. მიუხედავად ამისა, ამ  მძიმე რეალობასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში არც საკანონმდებლო და არც პოლიტიკის დონეზე ძვრები არ ხდება. არადა, წინ გვაქვს ქმედითი, ევროპული პრაქტიკა, რომლითაც  თანასწორი ანაზღაურების ვალდებულება შრომის კოდექსით, სპეციალური კანონებითა და შიდაკორპორატიული სტანდარტებით განისაზღვრება.

 სახლის შრომა - ქალის ტვირთი

სიღარიბეს რომ სქესი აქვს, ამაზე მეტყველებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც  2018 წლის მაჩვენებლით საარსებო შემწეობის მიმღები 435 450 ათასი ადამიანიდან 196 355 კაცი იღებს საარსებო შემწეობას, ხოლო ქალების რაოდენობა კი 239 095-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცების სოციალურ ჯგუფთან შედარებით 42 740-ით მეტი ქალი გაღატაკდა. სიღატაკის ამ მაჩვენებლის ერთ-ერთი პირდაპირი განმსაზღვრელი სახლში დიასახლისად დარჩენილი ქალები არიან. ისინი დაბერებასთან ერთად ეკონომიკურად უფრო მოწყვლადი ხდებიან. პროდუქტიული ასაკის ყოველი მეოთხე ქალი საკუთარ თავს მიიჩნევს დიასახლისად და საშუალოდ სახლის საქმეზე კვირაში 45 საათს ხარჯავს, რაც სრული განაკვეთით მუშაობასა და რეგულარულ ზეგანაკვეთურ შრომას უდრის. ქალების სახლში ჩატოვება და მათი სამუშაო ბაზრიდან დისკვალიფიკაცია მათი სამუშაო უნარების ჩამორჩენა/დაქვეითებას იწვევს და მათ ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად გარდაქმნის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის პუბლიკაციის მიხედვით ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის 42%-ს ქალები, ხოლო 25%-ს კაცები შეადგენენ. 

ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა არამხოლოდ ამ სოციალურ ჯგუფს, არამედ საერთო კეთილდღეობას ემსახურება. თანაბარი ანაზღაურების, თანაბარი შრომისათვის ბრძოლამ ბევრ ქვეყანაში შეამცირა სიღარიბის ზოგადი დონე, დასაქმებული ქალების რაოდენობის ზრდამ შვედეთის ჯიდიპი მნიშვნელოვნად გაზარდა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება ბევრად ამცირებს მათ მოწყვლადობას ძალადობის მიმართ.

პროგრესულმა ქვეყნებმა ქალების ეკონომიკის გაძლიერებით მოახერხეს ამ უთანასწორობის აღმოჩენა და მის დაძლევაზე საუბარი. დიდი ხანია ნათელია, რომ საქართველოში სიღარიბეს აქვს სქესი. პირველი რიგის ამოცანა ამ ფაქტის აღიარებაა. ჩვენ კვლავ კაცებზე მეტს ვმუშაობთ სახლებში, ამ შრომაში გასამრჯელოსაც კი არ ვიღებთ, ვასრულებთ იდენტურ საქმეს, მაგრამ ანაზღაურება ბევრად ცოტა გვაქვს, ვიდრე მათ. ბაზარი კვლავ წინასწარ გვისაზღვრავს მუშაობისათვის დაბალანაზღაურებად, არამყარ სივრცეებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მივცეთ ქალის მიერ გაწეულ შრომას ადეკვატური ფასი, რათა მათი ერთადერთი სოციალური როლად აღარ დარჩეს ოჯახისა და თაობების უფასო მოჯამაგირეობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^