Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახლა გლოვის კი არა, ბრძოლის დროა!

01 აპრილი 2019

„თავი მაქვს დაბანილი და ბარემ გავალ აქციაზე!“ - ასეთი სამოქალაქო პოზიციით ქვეყანაში არაფერი იცვლება, მით უმეტეს იქ, სადაც ბიზნესმენი პოლიტიკოსების მილიარდებზეა საუბარი. როცა ჩვენი სიცოცხლე სხვის კეთილ ნებაზეა ჩამოკიდებული და ის ''სხვა'' როგორც დიაკვნის ბუტბუტს, წაყრუებით ისმენს ჩვენს თხოვნას, მართლა ხმალამოღებული ბრძოლის დროა, უმოქმედობა საპატიოდ არავის ჩაგვეთვლება, ჩვენი საზოგადოების მიზეზია დუმილი, რომელსაც შედეგად ეს გაუთავებელი სიკვდილები მოჰყვება.

რა უნდა მოხდეს მუშათა პრობლემებთან დაკავშირებით, მთავრობამ ხალხის უკმაყოფილება რომ ვეღარ შეაჩეროს და მართლა შეიცვალოს რაიმე? მაინცდამაინც სახლში უნდა მოგვადგეს სახელმწიფოსგან დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილი? ესეც მალე იქნება - ან ჩამონგრეულ მეტროში ჩვენ მოვყვებით, ან ჩვენი ოჯახის წევრი, ან ლიფტი ჩაწყდება, ან მინა დაგვეცემა სადმე, ან მიწა ჩამოგვეშლება თავზე, ან ამ ჰაერით კიბო გაგვიჩნდება, ან გაზი გაჟონავს, ან მშენებლობიდან გადმოგვივარდება ახლობელი და ეს ფიფქების ნაცვლად ციდან კანფეტების ცვენა კი არა, ან ბეღურების სკინტლი კი არა - ადამიანების სიცოცხლეა. და როდის შევძლებთ მართლა დიდ, მთავრობისთვის ანგარიშგასაწევ და გულანთებულ აქციებს ამ თემაზე?

ამ წერილის სათაური ერთი ჩემი ძველი სტატუსიდანაა,  რომელიც დღეს დაგეგმილმა აქციამ გამახსენა. მაშინ 4 მუშა დაიღუპა ტყიბულის შახტში, ბურთები მებჯინებოდა კისერში და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ამ ამბავზე ფიქრს რომ ვიწყებდი. ვიდეო ვნახე, როგორ წყევლიდა ივანიშვილს გარდაცვლილის და, ლამის ასჯერ დავატრიალე ეს კადრები და ზლუქუნით ვუყურებდი, მაგრამ თავს შემოვუძახე, ახლა გლოვის კი არა ბრძოლის დროა-მეთქი, გავედი აქციაზე  და ყველა სკანდირებას ჩემი სასიცოცხლო ენერგია მიჰყვებოდა. მერე რამდენჯერმე მოხდა მსგავსი ფაქტი, ერთი განცდის მივიწყებას ვერ ასწრებდა ორგანიზმი, რომ მეორე სიკვდილით გამოწვეულ აქციაზე მივდიოდი. ამ რამდენიმე თვის წინ ბიჭი გადმოვარდა მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან და იქვე გარდაიცვალა. ვიდეო ვნახე მის ჩამონგრეულ სახლთან ლაპარაკობდა მასზე მეზობელი, მთელი დღეები იმ სახლის ფანჯრებიდან ორპირი ქარით გამოტანილი ბრეზენტის ნაჭრების ფრიალი და ტკაცუნი არ ამომდიოდა თვალებიდან, მაგრამ მაშინ არ გავედი აქციაზე, საშინლად გაბრაზებული ვიყავი საკუთარ სამოქალაქო უუნარობაზე. დღეს მივდივარ აქციაზე - ''დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!'', მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი სამოქალაქო სინდისი დავიმშვიდო. როდის იქნება, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით აღარ ჩავივლი რუსთაველის პროსპექტს?! მივდივარ ხოლმე და დღესაც წავალ, მაგრამ არაფრის შეცვლის მოლოდინი არ მაქვს.

გასულ წელს, პირველ მაისს მუშათა უფლებებისთვის აქცია-პერფორმანსი მქონდა რუსთაველის გამზირზე. ვიფიქრე, რომ ქუჩაა და ქუჩისთვის, აქციისთვის შესაფერი პირდაპირი, პლაკატური და ხისტი პერფორმანსი გამეკეთებინა, სახელიც შესაბამისი დავარქვი -''#დუმილიკლავს!''. პარლამენტთან, პირველი სკოლის წინ (სახით ქაშუეთისკენ), ავტობუსების გაჩერებაზე, დროშით იყო ჩამოხრჩობილი მსახიობი ირაკლი სირბილაშვილი, დროშით თვალებახვეული თამარ შუკაკიძე ერთ ადგილს ტკეპნიდა, პირაკრული ტატო ჩანგელია ხმაწართეულ და ხელებშეკრულ გიგი რეხვიაშვილს ცრემლებს წმენდდა. ამის პარალელურად პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მსვლელობა იყო, სადაც მუშებმა ჩამოიარეს. ჩამომხრჩვალი მსახიობი რომ დაინახეს ერთი ამბავი ატყდა, სახელმწიფო სიმბოლიკას როგორ იყენებთ, არ გვჭირდება ასეთი სოლიდარობაო. პოლიციას გამოუძახეს და ჩამოგვახსნევინეს მალევე ადამიანი გაჩერებიდან. მაშინ დავფიქრდი პირველად, საკომუნიკაციო ენის გაუცხოებაზე ჩვენსა და იმ ხალხს შორის, ვისაც ვესაუბრებით ხოლმე. გამვლელებს რეაქცია არ ჰქონიათ სახელმწიფოსგან სიტყვაწართმეულ ადამიანზე, არც თვალებახვეულზე და არც ხელებშეკრულზე, ერთადერთი, რამაც ყურადღება მიიქცია და დროშით ჩამოხრჩვალი ადამიანი იყო - სიკვდილი, გამოუსწორებელი და ფატალური მდომარეობა. იქამდე პატარ-პატარა სიკვდილები რომლებიც დიდი, ყოვლისმომცველი სიკვდილისთვის სამზადისია, უმნიშვნელოა ხოლმე ჩვენს საზოგადოებაში.

რეალობის გამძაფრებით ადამიანზე ემოციური ზემოქმედების მოხდენა არ გამოდგა ეფექტური, ყოველ შემთხვევაში ისე არ გამომივიდა, როგორც ვგეგმავდი. მუშებისთვის ეს ენა გაუგებარი გამოდგა თანაგრძნობისა და თანდგომის, ან თუნდაც მადლიერების ნაცვლად, მათში გაღიზიანება გამოვიწვიე.

ჩვენ ოფისებიდან კლავიატურამომარჯვებულები სოციალურ ქსელებში სტატუსებს ვწერთ, მარქსისტული იდეების ინტერპრეტირებასა და ჩვენებურ თარგმანებს ვაზიარებთ, თავს ვიწონებთ ერთმანეთთან, ყოველ ჯერზე ვიმყარებთ ინტელექტუალურ სივრცეში საკუთარ ნაბიჯებს, დავდივართ სამსახურებში, გვაქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური შემოსავალი და ვსაუბრობთ მხოლოდ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე, ტერმინებით, რომლებიც რამდენიმე ასეულ ადამიანს ესმის ქვეყანაში და გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში საკუთარ თავზე და ატარებს ყოველდღე ჩვენგან ფოკუსირებულ პრობლემებს. გვავიწყდება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში იმ ადამიანების გაერთიანება და მობილიზებაა საჭირო, რომლებიც ჩვენსავით დისტანცირებული კი არ არიან პრობლემასთან, არამედ შიგ დგანან ყოველდღიურად, და რომლებიც იქნებიან უკიდურესად გულანთებულები და გულწრფელები პროტესტის შემთხვევაში. ამ ადამიანებმა, რომლებმაც ფიზიკურ სიკვდილამდე იგემეს სიდუხჭირისგან განადგურება, ვერ გამოძებნეს ძალა ერთმანეთის სოლიდარობისთვის. ჩვენ ვერ მოვიცალეთ, რომ ერთმანეთს კი არ ვეპრანჭოთ ამ პრობლემაზე ლაპარაკით და პოზიციონირებით, არამედ მათთან მივიდეთ, მათ ენაზე ვისაუბროთ, დავეხმაროთ პრობლემის გააზრებაში, მიზეზებში, დამნაშავეზე სახელდებაში და დავეხმაროთ მათ, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ აღეგზნონ და გარეთ გამოვიდნენ, რადგან ჩვენ მათ გარეშე ყოველთვის გარე და ნაკლებად ემოციური ძალა ვიქნებით ბრძოლისას. ბრძოლაში გულწრფელობისა და ბოლომდე ჩართულობის მნიშვნელობაზე კი აღარ ვილაპარაკებ.

გასულ წელს, მაისში აქციებმა, რომლებიც ''ბასიანის'' მხარდამჭერასა და დეკრიმინალიზაციას ითხოვდნენ, შედეგი გამოიღო და ეს იყო ჩვენი საზოგადოების უდიდესი გამარჯვება, შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან პირველად მოხდა, პოლიტიკოსებისა და ლიდერების გარეშე, ქვემოდან - ხალხის მიერ სისტემის შეცვლა. კონტრაქციების და ხელისუფლებისგან ხალხის დანაწევრების მიუხედავად, გასულმა მაისმა გვანახა, რომ არც ისე მთხლე საზოგადოება ვართ და ეს მოხდა პირველ რიგში იმათი აქციაზე დაუღლელი დგომით, ვინც თავის თავზე გადაიტანა ბასიანის დარბევა და, ე.წ. ''ჩადებები''. არ ვიცი, როგორ, მაგრამ უნდა შევძლოთ გამოვიყვანოთ მუშათა კლასი მუშათა სიკვდილიანობის შესაჩერებლად, გავერთიანდეთ და ვისწავლოთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა ყველა რგოლმა, რომ ის, რაც გასული წლის მაისში შეძლო ჩვენმა საზოგადოებამ პრეცენდენტად კი არ დარჩეს ისტორიაში, სტატისტიკად გადაიქცეს.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^