Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩერქეზების გენოციდი

30 ივლისი 2012

ჩერქეზი ხალხის გენოციდის საკითხის წამოწევა რუსეთისთვის და განსაკუთრებით კავკასიის რეგიონისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს 2014 წელს სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის გამო.

საქართველოს ხელისუფლებისთვის კი ეს კარგი მიზეზია კავკასიაში რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის გამოსააშკარავებლად და ამ ყველაფრის საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

აშკარაა, რომ სოჭის ოლიმპიადა რუსეთის ძლევამოსილი პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრ პუტინის პირადი პროექტია. ამდენად, თუკი საქართველო ოლიმპიადის ჩატარებას რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს და რუსეთს ოლიმპიადის ჩაშლით დაემუქრება, ეს პირადად პრემიერ-მინისტრის პატივმოყვარეობას შეეხება.

მარტში თბილისში ჩატარდა კონფერენცია "გამქრალი ერები _ დაუსრულებელი დანაშაულებანი: ჩერქეზები და ჩრდილოეთი კავკასიის ხალხები წარსულსა და აწმყოს შორის". ამ ღონისძიების მხოლოდ სათაურმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია რუსი  პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და პრესის წარმომადგენლების წრეებში. ზოგიერთი რუსი დამკვირვებელი წინასწარმეტყველებდა, რომ კონფერენცია შეიძლებოდა იმით დასრულებულიყო, რომ საქართველოს ოფიციალურად ეღიარებინა მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდი.

მანამდე, თებერვალში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიასთან მეგობრულ ურთიერთობათა მხარდამჭერი საგანგებო ჯგუფი. მოსკოვში ამ ინიციატივასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში ქართველი კოლეგების ინიციატივა "სეპარატიზმის მხარდაჭერად" შეაფასეს. დეპუტატმა სერგეი აბელცევმა კი განაცხადა, რომ "ეს არის კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა".

ისტორიული ცნობებით, 1864 წელს, სავარაუდოდ, სწორედ იმ რაიონში, სადაც ოლიმპიადის ჩატარებაა დაგეგმილი, რუსეთის იმპერიის პოლიტიკას, რაც ამ მხარეში ეთნოგრაფიის  ძალადობრივად შეცვლას გულისხმობდა, ასობით ათასი ჩერქეზი ემსხვერპლა. ანუ 2014 წელს, როცა სოჭში მთელი მსოფლიო ახალ ოლიმპიადას იზეიმებს, ზუსტად 150 წელი იქნება გასული იმ სამწუხარო მოვლენებიდან.  ჩერქეზი აქტივისტები ამ გარემოებას სოჭის ოლიმპიადის გადადების საბაბად მიიჩნევენ, ან, ალტერნატივის სახით, რუსეთის მიერ გენოციდის ფაქტის აღიარებას და მისი შედეგების აღსაკვეთად ზომების მიღებას მოითხოვენ; კერძოდ _ მრავალრიცხოვანი ჩერქეზული დიასპორის (6-7 მილიონი) ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებას.

ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში, საკუთარ ისტორიულ სამშობლოში მხოლოდ 700 ათასამდე ჩერქეზი ცხოვრობს, 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე _ საზღვარგარეთ.  სწორედ  დიდი ჩერქეზული დიასპორის უცხოეთში არსებობა უშლის რუსეთს ხელს, რომ ეს საკითხი გააკონტროლოს და ჩერქეზ აქტივისტებს საშუალება არ მისცეს, მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება ამ საკითხისკენ მიაპყრონ.

მეორე მხრივ, თანამედროვე რუსეთის რეჟიმი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რეჟიმი, რომლითაც ის შეიძლება უახლოეს მომავალში შეიცვალოს, მთელი რიგი მიზეზების გამო, არ ცნობს ჩერქეზების გენოციდს. მით უმეტეს, კრემლი არანაირად ხელს არ შეუწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზი ლტოლვილების შთამომავალთა მასობრივ ჩამოსახლებას.

ჩერქეზი ხალხი აფხაზებს ენათესავება. ცნობილია, რომ 1990 წლების დასაწყისში აფხაზეთში ბევრი ჩერქეზი იბრძოდა. ამიტომაც, თბილისის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა ის, რომ თბილისი საკუთარ გავლენას გაიფართოვებდა ჩრდილო კავკასიურ წრეებში და მათი მეშვეობით, შესაძლოა, აფხაზეთშიც.

მე-19 საუკუნეში  ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიაში რუსეთის  ქმედებებს მკვეთრად გამოხატული კოლონიური ხასიათი რომ ჰქონდა, ამას თავად რუსი მეცნიერებიც არ უარყოფენ. იმდროინდელი რუსი გენერლებისა და ოფიცრების მრავალრიცხოვან ჩვენებებში ლაპარაკია ადგილობრივი მოსახლეობის რეგულარულ, მასობრივ მკვლელობებზე და რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ფაქტობრივ დეპორტაციაზე. მაშინ, რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოზიცია კი ის იყო, რომ ჩერქეზებმა ნებაყოფლობით გადაწყვიტეს ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა,  ექსპერტმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ოლივერ ბულოუმ ამ ისტორიული პერიოდის შესახებ წიგნი დაწერა და ჩერქეზების განადგურებას "ევროპის თანამედროვე ისტორიის პირველი გენოციდი" უწოდა.

ერთადერთი, რაც საქართველოს ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში დააბრკოლებს, ეს არის კრემლის რეაქცია.

თუმცა, სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიის, საქართველოსთვის დაწესებული სავაჭრო ემბარგოსა და სატრანსპორტო ბლოკადის შემდეგ რუსეთს საქართველოს დასასჯელად ბერკეტები თითქმის აღარ დარჩა. ერთადერთია სამხედრო აგრესია. მაგრამ, მსოფლიო ვერ გაიგებს, თუკი რუსეთი საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარებას სამხედრო აგრესიით უპასუხებს.

და მაინც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნამდვილად ღირს საკითხის უფრო ღრმად შესწავლა. რა შეიძლება შესთავაზოს რუსეთმა საქართველოს ჩერქეზების გენოციდის არაღიარებისა და ამ საკითხის დახურვის სანაცვლოდ? აფხაზეთიდან და სამხრეთი ოსეთიდან გასვლა?  ცხადია, არა.

დავუშვათ, საქართველომ აღიარა ჩერქეზების გენოციდი. შეძლებდა კი ეს სოჭში 2014 წელს ოლიმპიადის ჩაშლას? ესეც ნაკლებად სავარაუდოა.

მაშ, რა დივიდენდებს მოუტანდა ეს ქართველებს და ასევე ჩრდილოკავკასიელ ჩერქეზებს? სავარაუდოდ, ერთადერთი დივიდენდი იქნებოდა _ "ღრმა კმაყოფილების გრძნობა". თავად ჩერქეზებისთვის კი ეს დამატებით, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა. კრემლი მათ ამას არასოდეს აპატიებდა.

ერთ-ერთ თავის სტატიაში, რუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი რამდენიმე დაუფარავ საფრთხეს შორის მოსკოვის შესაძლო რეაქციის პროგნოზსაც აკეთებს: "რუსეთის ხელისუფლება გარკვეულ რეპრესიებს განახორციელებს ადიღეური ნაციონალური მოძრაობების წინააღმდეგ. ამასთან, ამ რეპრესიებში უდავოდ მოყვებიან ის ორგანიზაციები და ის ლიდერები, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ ამ აღიარებასთან, ან  ეთანხმებიან მას; თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს მანქანა სხვებსაც გადაუვლის".

რუსეთში ჩერქეზების მცირერიცხოვნების გათვალისწინებით, ეპიფანცევმა ასევე ივარაუდა: "რუსული საზოგადოებრივი აზრი ამ აღიარებისადმი [ჩერქეზების გენოციდის] უაღრესად ნეგატიურად განეწყობა და ჩერქეზების მიმართ დამოკიდებულება გაუარესდება, რასაც შესაძლოა, ნაციონალურ ნიადაგზე კონფლიქტები და შეხლა-შემოხლა მოჰყვეს".

გამოდის, რომ ჩერქეზების გენოციდის აღიარება განსაკუთრებულ დივიდენდებს არ უქადის არც საქართველოს და არც _ ჩრდილოკავკასიელ ჩერქეზებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩრდილოეთი კავკასიის მიმართულებით საქართველოს მთელი აქტივიზაცია ამაოა, და მარცხისთვისაა განწირული?

სრულიად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს ასე არ გახლავთ. ჩრდილოეთი კავკასია დღეს მდორედ მიმდინარე სამოქალაქო ომის ვითარებაში იმყოფება, ირგვლივ  საინფორმაციო ბლოკადაა, ხოლო მოსკოვისა და რეგიონის ინტერესებსა და ხედვას შორის უზარმაზარი უფსკრულია.

პირადი თავისუფლების დონე რეგიონში დღეს უფრო დაბალია, ვიდრე საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს. ამ პირობებში საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში  ბევრისთვის  ერთგვარი "ამოსუნთქვის" საშუალებად აღიქმება, "ევროპაში ფანჯარად". ამიტომ საქართველოს საუკეთესო შანსები აქვს ამ რეგიონში თავის გავლენის გასაძლიერებლად.

იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხის საშიშროება სულ უფრო იზრდება რეგიონში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს, უფრო აქტიური ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის გატარება მხოლოდ საქართველოს მთავრობის არჩევანი კი არა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხიცაა. ჩერქეზების გენოციდის აღიარება კარგად ჯდება ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკის გააქტიურების ჩარჩოებში. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მოკლევადიანი აქცია, რომლისგანაც ქართველები მყისიერი დადებითი შედეგის მიღებას შეეცდებიან.

აქ საუბარია თანმიმდევრულ პოლიტიკაზე ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში. ეს ურთიერთობები მეტნაკლებად მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებსა და პრინციპებს უნდა დაეფუძნოს; ასევე ევროსაბჭოსთან, აშშ-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და, შეძლებისდაგვარად, რუსეთთან ურთიერთობასაც.  ჩრდილოეთ კავკასია, რუსული და ქართული განვითარების მოდელებს შორის თანამშრომლობის თუ არა, სულ ცოტა, "მშვიდობიანი შეჯიბრის" ადგილად შეიძლება იქცეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^