Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნუ გვეშინია ვიყოთ ამუნდსენები!

22 მაისი 2019

არჩევნები, არჩევნები, არჩევნები... მოდით, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ არჩევნებზე ლაპარაკი და სხვა მხრიდან შევხედოთ ჩვენს რეალობას. რა განსხვავებაა ჩრდ. პოლუსის გარშემო არსებულ 100 ჰექტარსა და მთელ დანარჩენ ყინულეთს შორის? რამე განსაკუთრებული ხდება ამ ადგილზე? მაგნიტური ველები რომ გემებს ძირავენ და თვითმფრინავებს აფეთქებენ, მაგის აღარ გვჯერა და ვრჩებით ყინულის ნაჭრის ამარა, რომელსაც ყველა სხვა მსგავსი ნაჭრისგან ერთი დიდებული რამ განასხვავებს - იდეა! იდეა, რომ ეს არის დედამიწის უკიდურესი წერტილი. დამეთანხმებით, რომ ლამაზად ჟღერს და თავის დროზე ბევრი ადამიანიც შეეწირა მის ძებნას.

რა იდეით ვცხოვრობთ საქართველოში? რატომაა ეს მიწის ნაჭერი განსაკუთრებული? ვიღაც უცნაური ტიპები მათთვის გაუგებარი, დაწერილი ტექსტებით  გველაპარაკებიან ტელევიზორებიდან და ჭკუას გვარიგებენ; რაღაც ნაწილი ვირეშმაკობს და „ქონების დათრევაზე“ ჩალიჩობს; სხვებმა წვერი მოუშვეს, ხმა დაიბოხეს და ხელზე კოცნას ითხოვენ; ბორდელის მეპატრონე ქცევას ინანიებს; „შეყვარებულების“ მხარდასაჭერად, დემოგრაფიის ფონდი იქმნება… ეს ყველაფერი ფილმი არ არის, რეალურია. ესაა ჩვენი იდეა?

ამდენ სისულელეს ბევრი ვერ უძლებს და მიდის. მიდის საკუთარი წინაპრების სოფლიდან, ქალაქიდან, ქვეყნიდან... მიდის და თან მიაქვს კითხვა: რატომ უნდა მივცეთ იდიოტებს ჩვენი ნერვების გაფუჭების უფლება? რატომ უნდა მივცეთ ჩვენი ღირსების შელახვის უფლება? რატომ უნდა ვაჭამოთ ასობით ათას უსაქმურს ჩვენი ნაშრომი? ვინ გაისტუმრებს ვალად აღებულ ფულს, რომლის ერთადერთი დანიშნულება უნიტაზი და მტკვარია? ვიღებთ ვალს, რომ სიღარიბიდან თავი დავაღწიოთ? ანუ, ვღარიბდებით, რომ ღარიბები აღარ ვიყოთ? ხო ვიცით, რომ ნასესხები ფულით უბრალოდ მორევში ვიძირებით? შედეგად კი ვიღებთ ცარიელ საქართველოს, გაუკაცრიელებულ სახლებს და ულამაზეს ადგილებს, სადაც არავის უნდა შექმნას იდეა, მოიგონოს რაიმე სიახლე.

სტიმული ნახევარი საქმეა. თუ გვჯერა, გავიმარჯვებთ და შევქმნით. მეცნიერება, სახელად პოლიტიკა, რწმენის ძალის ყველაზე კარგი დადასტურებაა. შეუძლებელი გააკეთეს სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველოცაა. ოთხწლიანი ნახტომი საკმარისი იყო ენთუზიაზმისთვის და შედეგი დაიდო. ეს ენთუზიაზმია, რომელიც ბანკიდან ვალს აგაღებინებს, რისკისკენ გიბიძგებს და პროექტის შექმნის ენერგიას გაძლევს. შენების ენთუზიაზმია, რაც გარემოს რეალურად ცვლის და მეტ შესაძლებლობას ქმნის. ამდენი სისულელის ყურებით ეგ ენთუზიაზმი ქრება, მშრომელი ხალხი მიდის და ქმნის სხვაგან.

გამოსავალი არსებობს და არჩევნებზე ფიქრი ასეთი გამოსავალი არ არის. გამოსავალი იდეაზე ფიქრია.

არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი პერიოდული შემოწმება. გვამოწმებს და გვაძლევს მიმართულებას. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა განახლების იდეაა. მთავარია შექმნა, მოიგონო, აღმოაჩინო. ჩვენ აღმოჩენები გვჭირდება, გვჭირდება „ამუნდსენები“, ისინი, ვისაც არ დაეზარება ერთი შეხედვით არაფრისმომცემ ადგილზე მოიგონოს კონცეფცია, დახარჯოს ჯანმრთელობა, დრო და შექმნას. ისე, როგორც პოლონელმა წყვილმა შექმნა სასტუმრო უდაბნოში და როგორც ქართველმა მშრომელმა ააშენა სახლი ჯუთაში... ამის მაგალითიც უამრავია, მაგრამ ამ კარგ ხალხთან ერთად გამარჯვების აღნიშვნის ნაცვლად, მათი მიბაძვის ნაცვლად, დეპრესიის მორევში ვიხრჩობით და უაზრო კინკლაობებს ვაყოლებთ დროს.

მთავარი შიში დაბადების მომენტშია. მუჭშეკრული და ბრძოლისთვის განწყობილი ჩვილი ცდილობს თავი დაიცვას უცხოპლანეტელებისგან და მისტირის თბილ სახლს. იმ შიშს თუ ვუმკლავდებით, დანარჩენ ყველა შიშსაც უნდა გავუმკლავდეთ და არ მივცეთ აზროვნების გათიშვის უფლება. კარგ ქვეყნებში ამ საქმეს ეკლესიები, სამეზობლოები აკეთებენ, აერთიანებენ თანამოაზრეებს და ერთად მოქმედების სივრცეს სთავაზობენ. სახელმწიფომ სადაც თავის თავზე ეს საქმე აიღო, გაკოტრდა, ან დიდი დანახარჯის, დანაკარგის და საკანონმდებლო ავტორიტარიზმის ხარჯზე ცდილობს მიზნის მიღწევას.

ახლა კი გამოფხიზლების დროა! გვთავაზობენ არჩევნებზე ფულს? მოვითხოვოთ ბევრი. თუ გადამხდელები არიან, გადაიხადონ. ჩვენს მეზობელს იჭერენ და გამოშვების პირობით უნდათ ხმა მიგვაცემინონ, ჩვენც დავარღვიოთ კანონი და ჩვენც დაგვიჭირონ, დაგვაჯარიმონ... რეპრესიული სისტემა ძლიერია, მაგრამ არც ისე, რომ აიტანოს საყოველთაო დაუმორჩილებლობა, საყოველთაო სიმამაცე. რატომ დაგვავიწყდა, რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია? რატომ დავკარგეთ საკუთარი თავის რწმენა? იქნებ იმიტომ, რომ უამრავ ბუშტს ვხედავთ საქმეების ნაცვლად? მაგალითად, ქვეყანაში არსებობს:

პოლიტიკის ბუშტი - ბატონი ბიძინა ბრძენია!

ანტიკორუფციული საქმიანობის ბუშტი - ახალი კვლევა დავწერეთ კორუფციაზე!

დანაშაულთან ბრძოლის ბუშტი - ნუ წააქეზებთ და არ ჩაიდენენ დანაშაულს!

ეკონომიკური ბუშტი - არ იცით, თორემ კარგად ხართ!

იქნებ დროა, შევეშვათ ამ ბუშტებით თამაშს და ჩვენ თვითონ დავიწყოთ კონკრეტული საქმეების კეთება?

აქ გვადგება 1999 წელს დარსი დინუჩის Web 2.0 პლატფორმის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მონაწილედ და შემქმნელად აქცევს. მოდით, შევქმნათ ასეთი პლატფორმა და გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, დავანახოთ სურათი, ჩამოვხსნათ ნიღბები გაბღენძილ პინგვინებს.

გამოსავალი მარტივია და ამ გამოსავლის ძიებაში ბევრი ასობით და ათასობით კილომეტრის მოშორებით მიდის, მაშინ, როცა აქვე შეგვიძლია შევქმნათ პროექტი, ჩვენ თვითონ ან თანამოაზრეებთან ერთად, დავასახლოთ პატარა კუნძულები და მოვიპოვოთ თავისუფლება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ზაზა ურუშაძემ კინოაკადემია დატოვა

„კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმ ...

მეტი

^