Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მათი პასუხი ჩემბერლენს

06 ივნისი 2019

თვეც არ გასულა, რაც HBO-სა და Sky Atlantyc-ის მიერ გადაღებულმა სერიალმა - „ჩერნობილი“ - პოლიტიკური ნევროზებით სავსე მსოფლიო დრამატული, დამთრგუნველი და ვიტყოდი, ზაფხულისთვის არასაჭირო არტ-კონტრაპუნქტით კიდევ ერთხელ შეაშფოთა. ის კი არა, კრიტიკოსების აზრით, სერიალმა თავისი პოპულარობით „სამეფო კარის თამაშებსაც“ გაუსწრო. ამასობაში კრემლმა თავისი კულტ-მუშაკების არმადა უკვე კარგად დაქოქა და „ჩერნობილის“ კონტრ-ვერსიის გადასაღებად ემზადება. „იმპერიის საპასუხო დარტყმას“ მაყურებელი რამდენიმე თვეში იხილავს. 

თავი რომ გავანებოთ ორგანიზებულ და საყოველთაო ისტერიას, რაც სერიალის ირგვლივ რუსულ მედიაში, განსაკუთრებით ტვ-ში ხდება, აშკარაა რუსეთი ჩერნობილის ტრაგედიას ცხადი და მიზანდასახული იდეოლოგიისთვის გამოიყენებს. ბედის ირონიით, ახალი სერიალი ოდესღაც ცნობილ ოპოზიციურ და ამჟამად კი რუსულ სამთავრობო არხზე - HTB-ზე გავა და მას რუსეთის კულტურის სამინისტროს დიდი ფინანსური მხარდაჭერით გადაიღებენ. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ გმირები არა ჩერნობილის ატომური სადგურის მეხანძრეები იქნებიან, არამედ საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლები. დანარჩენს უკვე სერიალის გამოსვლის შემდეგ თავად ნახავთ და მიხვდებით. 

ხუთსერიანი დრამა „ჩერნობილი“ ბელორუსში, 1986 წელს, ქალაქ პრიპიატში მდებარე ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდგომ ამბავს ყოფითი ფსიქოლოგიური ტრილერის ფორმით უფრო ასახავს. ნობელიანტი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის „ჩერნობილის ლოცვის“ მოტივებზე სერიალის შესაქმნელად შვედმა რეჟისორმა იოჰან რენკმა გასაგები მიზეზების გამო ვიკინგ-პროფესიონალებს - სტელან სკარსგარდსა და ემილი უოსტსონს უხმო. სკარსგარდი საბჭოთა ფუნქციონერ ბორის შჩერბინს თამაშობს, რომელიც კრემლმა ჩერნობილის ავარიის შემდგომ შექმნილი საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა, ემილი უტსონი - ბირთვული ფიზიკის სპეციალისტს ულანა ხომიუკს, რომელიც ერთ-ერთი პირველი ხვდება ჩერნობილის კატასტროფის მიზეზს.

თუმცა მთავარი პერსონა სერიალში მაინც ჯარედ ჰარისია, ამერიკელი მსახიობი, რომელიც ბირთვული ფიზიკის სახელოვან საბჭოთა მეცნიერს, ვალერი ლეგასოვს ასახიერებს. ცხადია, არიან სხვებიც, არანაკლებ გამრჯენი და დამაჯერებელნი (მაგალითად: პოლ რიტერი, ჯესი ბაკლი, ადრიან როულინსი, სემ ტროტონი...).

ვიღაცებს აუცილებლად გააღიზიანებთ „მიწისქვედა“ მუშების თავგანწირული რაზმი, რკინისგან ნაკეთი ჩინოვნიკები, რომელთაც სინდისის გარეშე შეუძლიათ ათასობით ადამიანი სიკვდილისათვის გაწირონ; რაღაცნაირი, მისტიკური ერთგულებით გამორჩეული ფანტომი-ქალები, რომლებიც ბოლომდე რჩებიან თითქმის გვამებად ქცეული მამაკაცების გვერდით.

დაწუნების კიდევ უფრო ფორმალურ მიზეზებს ხომ რა გამოლევს - მაგალითად, მეტალოპლასტმასის ფანჯრები, რომლებიც იმ დროს საბჭოეთში არ არსებობდა, ცუდად მიკერებული ვარსკვლავები სამხრეებზე, ან იმ დროისთვის ზედმეტად თანამედროვე ჭურჭელი. ყურს ჭრის ლამის ყოველწუთიერი გადაძახლიც - „ტავარიშჩ“, ისევე როგორც ზედმეტად აპოკალიფსური ატმოსფერო, თითქოს ბურუსში ჩაძირულ ჩერნობილში კიდევ ერთი უცნობი საბჭოთა გულაგი აღმოვაჩინეთ...  „მეორადი“ ლაფსუსების მიუხედავად, მთავარი და არსებითი  „ჩერნობილში“ მაინც სულის შემძველი, დამთგრუნველი, ტოტალური და შიშის მაუწყებელი ატმოსფეროა, რომელიც ნამდვილად გიქმნით ხილული სასპენსის შეგრძნებას. გამოსახულება მაინც სატელევიზიოა, „გვერდითაა“ და არა კინემატოგრაფიული ხატებივით „ზემოთ და მაღლა“.

კინემატოგრაფიული ნაკლის მიუხედავად, რომ არა იოჰან რენკის სერიალი, ასობით მილიონი მაყურებელს ვერასოდეს გაიგებდა, რა მოხდა ჩერნობილში! თუნდაც იმიტომ, რომ სვეტლანა ალექსიევიჩის შესანიშნავი „ჩერნობილის ლოცვა“ ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას ამგვარ სერიალს. უფრო პირიქით, სერიალის შემდეგ ამ წიგნის მიმართ და ზოგადად, ჩერნობილში მომხდარი დანაშაულის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. სწორედ ეს გახდა რუსეთში მოუსვენრობისა და ახალი კონტრ-სერიალის სასწრაფოდ გადაღების  მიზეზი.  

„ჩერნობილის ლოცვის“ მოწმეები და პუტინის მოწმეები ხომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ხალხია?! ეს ხომ იმ დროის შეხსენებაა, როცა საბჭოთა სისტემა ამ უბრალო მეშხტეების, მეხანძრებისა და სპეცსამსახურების ფანტომებისგან შემდგარი ერთობლიობა იყო. ასეთი ხუთსერიანი გმირობების მიღმა კი ხუთტონიანი ბეტონის შიში იდო, რომლის საბოლოო დამსხვრევას კიდევ ათობით „ჩერნობილი“ არ ეყოფა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^