Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იგი წავა და სხვა მოვა...

19 ივნისი 2019

ბავშვობაში თუ ვინმე ფერს კარგავდა, სუნთქვა უჭირდა და სიკვდილის ჩაბღაუჭებულ კლანჭებს გრძნობდა, აუცილებლად რუსეთში გააქანებდნენ ხოლმე. იმ დროს ექიმებსაც თავიანთი უძლურების დასტურად ხშირად უთქვამთ პაციენტისთვის, სასწრაფოდ მოსკოვში ხარ გასაფრენიო. სიცოცხლის ბილეთის დათრევას ვიღაც ახერხებდა, ვიღაც ვერა.

დღეს ისევ იმავე ბილეთებით ვვაჭრობთ, ოღონდ მარშრუტი შეიცვალა. ხალხი ძირითადად თურქეთში მიფრინავს თავის გადასარჩენად. აქვეა მეზობლად, ჩახვალ, გაგჭრიან, გაგკერავენ და აგრძელებ ცხოვრებას, სანამ მოწამლული ჰაერი კიბოს არ დაგმართებს ან ვინმე მამაცი კომბალით თავს არ გაგიხეთქავს.

უკვე მოხუცები დანანებით მიყვებიან, რომ იყო დრო, როცა სამედიცინო მომსახურებით გაცილებით წინ ვიყავით, ვიდრე მეზობლები. რაღაც გვარებსაც ახსენებენ, რომელიც არ მეცნობა, მაგრამ თვალები ისე უბრწყინავთ ვხვდები, რომ თავიანთი დროის ვარსკვლავებზე საუბრობენ, სკალპელს ხემივით უსვამდნენ, საოპერაციოში ნამდვილი დირიჟორები იყვნენო.

ამ სფეროშიც იგივე მოხდა, რაც სხვაგან. საბჭოთა კავშირი დაიშალა, ფინანსები ვეღარ მოვიძიეთ და შეუძლებელი გახდა არსებობა.

90-იანი წლები ყველასთვის რთული იყო, მაგრამ ექიმების ყოფას მაინც განსაკუთრებით გამოყოფენ. პირადად ვიცნობ უამრავ ექიმს, რომელიც იმ პერიოდში ქვეყნიდან წავიდა ან საერთოდ შეწყვიტა ექიმობა და სხვა სფეროს მიაშურა.

მიუხედავად საშინელი პირობებისა, საავადმყოფოები გატენილი იყო. თავის სარჩენ თანხას ხან იღებდნენ, ხან ვერა.

მუქარაც ტრადიციად იქცა იმდროინდელი საძმოების მხრიდან, უკვე გარდაცვლილ სხეულს მიუგდებდნენ და ეტყოდნენ - „თუ შემოგაკვდება შენც მოკვდები“.

თავდასხმის ფაქტებიც ხშირი ყოფილა, როცა მომაკვდავთან მიისწრაფოდნენ, მათ შეფერხებას სწორედ იარაღის ძალით ცდილობდნენ, რომ დაჭრილი არ გადაერჩინათ. ერთი სიტყვით ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ. მთელი ქვეყანა თუ მესამე კარიბჭემდე იყო ექიმები, მეშვიდეს უკაკუნებდნენ.

ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდა, ქვეყანაში კერძო კლინიკებიც გაჩნდა და რაღაც ნაწილი ნორმალურ პირობებში ახერხებს მუშაობას, მაგრამ სიცოცხლის ბილეთი ისევ თურქეთისკენ მიდის.

რესპუბლიკური საავადმყოფო გარედან მიღებ-მოღებეს, მერე იმ ტანადმა კაცმა ტრიბუნა დაიდგა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა. თავის ჩვეული ცინიკური ღიმილ-სიცილით.

შიგნით რა შეიცვალა? არც არაფერი. არც ახალი აპარატურა, არც ახალი აღჭურვილობა. არაფერი. მხოლოდ შეღებილი კედლები.

ფილმი, რომელიც აჩიკო ქავთარაძემ გადაიღო, გასაგებ მიზეზთა გამო ყველაზე მეტად ციხის გამო დაამახსოვრდათ, მაგრამ ეს ფილმი ასევე ზუსტად აღწერდა საავადმყოფოებისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების მდგომარეობას. სრული ქაოსი და განუკითხაობა. ერთსა და იმავე სართულზე საოპერაციოები და ლტოლვილთა საცხოვრებლები, ერთსა და იმავე ადგილზე განთავსებული სამედიცინო აღჭურვილობა და მცხოვრებლების სარეცხი.

ამაზე დიდი ცინიზმი მე არ მახსენდება, ამ ყველაფრის შემდეგ ისიც კი ცინიზმია ექიმებს, რომ მზრუნველობას ვთხოვთ. აღარ არიან მზრუნველნი, ალბათ უკვე ყველა ამჩნევს, რომ ისინი გულგრილნი გახდნენ. მკურნალის გულგრილობა კი პაციენტის მიმართ საშინელი სანახავია.

თუმცა ეს ლოგიკური წერტილია. სხვანაირად შეუძლებელიც კი იქნებოდა.

ხელისუფლება ისევ შეიცვალა და ოდნავი იმედი მაინც გაუჩნდათ სასიკეთო ცვლილების. მინისტრად მივიღეთ სერგეენკო, რომლის სახელსაც პირველ რიგში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკავშირდება. ამ პროგრამას ყველგან, ყველა ქვეყანაში აქვს თავის მინუსები, მაგრამ შექმნილ მდგომარეობაში თითქოს საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ჩავარდა.

ეს არის და ეს, მეტი არც არაფერი დამამახსოვრდა. სურათი მეტწილად იგივეა და შეუძლებელია ერთმა კაცმა რამე შეცვალოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა და ვინ წავა. ამ სფეროში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, არ გვაქვს მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაწევის საშუალებას მოგვცემს. გეგმის გარეშე ყველაფერი წყალშია ჩაყრილი.

ჩემი დაკვირვებით ხელისუფალნი ყველა დროისა გრძელვადიან გეგმაზე უარს ამბობენ, იმიტომ, რომ საკუთარ ეგოს ვერ ერევიან, იციან, რომ ხალხს ბოლო წერტილი უფრო ამახსოვრდება, ვიდრე საძირკველი, ამიტომაც ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები პირდაპირ გუმბათიდან იწყებენ მშენებლობას.

ამ დროის განმავლობაში ასე თუ ისე მოვახერხეთ საკუთარი თავის გაცნობა და ვხედავთ, რომ ქართველს ცვლილება არ უყვარს, მე მგონი აშინებს კიდეც, მუდმივი არასტაბილურობის განცდა აქვს და ურჩევნია ხრწნის პროცესს უმზიროს, ვიდრე აქტიურად ცვალოს ხელისუფალი.

მოსვლის დღიდან იცოდნენ, რომ მინიმუმ რვა წელი ექნებოდათ, რვაწლიანი განვითარების გეგმა, ვფიქრობ, საკმარისი იქნებოდა ერთი საფეხურით მაღალ სტანდარტზე ასასვლელად, მაგრამ ასე არ მოხდა. აქ უკვე დაუძლეველი ეგოს გარდა, უგუნურება და არაპროფესიონალიზმიც იჩენს თავს.

გასაგებია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ფინანსების გამო ჩამოვრჩით. თურქეთი უკვე ისეთ სიმაღლეზეა მომდევნო ცხოვრებაშიც ვერ დავეწევით, რუსეთისთვის კი პრესტიჟის ამბავია ჩვენზე მაღლა იდგეს, მაგრამ ახალმა უბედურებამ წამოყო თავი - უკვე დიაგნოსტიკაშიც მოვიკოჭლებთ. მავანნი ამასაც აპარატურას დააბრალებენ, რაც მცდარი მოსაზრება იქნება, რადგან 50 წლის წინ იდეალური დიაგნოზისტები გვყავდა, მიუხედავად იმდროინდელი ტექნიკური აღჭურვილობისა, დღეს სურათი შეიცვალა, ხალხი ექიმთან დადის. მათ ან არასწორ დიაგნოზს უსვამენ, ან საერთოდ ვერ იგებენ, რა სჭირთ. ბერავენ უსარგებლო წამლებით და სულ ბოლოს ყველაფერს იწყებენ ბოდიშით.

რა ხდება, როცა პატრიარქი მიდის სამკურნალოდ არა თურქეთში ან რუსეთში, არამედ გერმანიაში, კიდევ უფრო მაღალ ლეველზე. ირონიულად, ხანდახან სიძულვილითაც წამოაძახებენ, თუ მაგარი ხარ აქ იმკურნალე და გაიგებ, რა დღეში ვართო.

ჩემი ღრმა რწმენით ესეც აცდენილი აქცენტია, ჩვენ უნდა ვითხოვდეთ, რომ აქ შევქმნათ ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომ არავის წასვლა არ მოუწიოს. არც პატრიარქს და არც მაყვალა ბებოს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^