Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნეტავ რა მუსიკას უსმენს ასეთი ხალხი, აგურის როლს რომ თამაშობს ძლიერ კედელში?

09 ივლისი 2019

ცვლილებას ითხოვს ყველა, მაგრამ ახალგაზრდები ითხოვენ აგურით ხელში. სხვანაირად წარმოუდგენელიც კია - ის პროტესტი, რაც ჩვენში გროვდება და ივსება, ადრე თუ გვიან ამოხეთქავს კიდეც. როგორც წესი, ემოცია ჭარბობს გონიერებას, მაგრამ ამ აქციებზე თუ ვინმემ გონიერება გამოიჩინა, ეს სწორედ ახალგაზრდები არიან.

მოცემულობა ასეთია - „რუსი კომუნისტის გამო ქართველმა გოგო-ბიჭებმა დაკარგეს თვალი“. ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ არათუ გახარია, არამედ მთელი მთავრობა უკანმოუხედავად წავიდეს სახლში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში „ვაის გავეყარე, უის შევეყარეს“ რეჟიმში ვართ, სიფრთხილეც გამოვიჩინეთ და გონიერებაც. ის, რომ მხოლოდ გახარიას გადადგომას ვითხოვთ, ეს უკვე კომპრომისია.
 

ხელისუფალნი საუბრობენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სიმშვიდეზე მეტად თავისუფლება გვსურს, იქ, სადაც თავისუფლება არ არის, არც სიმშვიდე იქნება. 

დიდი ხანია ყველას ესმის, რომ საპროტესტო აქციებით ცვლილების მიღება ახალგაზრდების გარეშე ვერ მოხდება. რევოლუციაც კი შეუძლებელი იქნება ახალგაზრდული სულის გარეშე. ნებისმიერ მმართველსა თუ მმართველობის სისტემას სჭირდება ის ჩახლეჩილი ხმა, რომელიც მეტწილად რწმენით არის გამყარებული და არა გამოცდილებით. ამიტომ მათი გამოყენებისა და მანიპულირების სტრატეგიაც დიდი ხანია შემუშავებულია. 

ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში აქტიურობდნენ კარიერული წინსვლით შეგულიანებულნი, ორწლიანი ქებათა-ქება მთავრობის მიმართ და პარტიის ახალგაზრდული ფრთისკენ გზა ხსნილი იყო; ან პირდაპირ პარტიაში, გააჩნია, სტუდკავშირელის წარმოთქმული სიტყვა რა გავლენას მოახდენდა დანარჩენ სტუდენტებზე ან საზოგადოებაზე.

ასე იკარგება ახალგაზრდული სული, არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ხარ, ხელისუფლების ნამოქმედარის დასუფთავებას რომ მიჰყოფ ხელს, უმალ იქცევი იმ გადაღრძუებულ გადმონაშთად, ბრეჟნევთან რომ აქვს ნაზასავები.

არც ცვლილებების შემდეგ დავიწყებია ვინმეს, რომ ახალგაზრდების ხმა მნიშვნელოვანია. თუ ისინი გაქებენ, პანღურით ვერავინ გაგაგდებს, საპროტესტო აქციები მათ გარეშე შედეგს ვერ მოიტანს. 

პატრიოტთა ბანაკებიც ამ მისიის ნაწილი იყო. მეზობლად, ჩრდილოეთში, კარგი შედეგებიც მოიტანა. პუტინის რუსეთში შექმნილი ხისთავიანი პატრიოტები ქუჩებში დარბოდნენ, ოპოზიციონერებს „უსადკავებდნენ“ და კვერცხებს ესროდნენ. ყველა იმ ადამიანს აშავებდნენ, პრეზიდენტს რომ უპირისპირდებოდა. ქვეყნისა და პატრიოტიზმის სახელით ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. არც პოლიცია უშლიდა ხელს, აბა, ახალგაზრდა პატრიოტს, რომელიც სახელმწიფო მმართველებს იცავს, ხელს ვინ შეუშლიდა? 

ასე იქცა სემუელ ჯონსონის სიტყვა საქმედ - „პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია“. 

თითქმის ანალოგიური სურათი მივიღეთ განახლებულ საქართველოშიც. თითქოს ევროპისკენ გვქონდა გეზი და პუტინს ვესესხეთ შიდა პოლიტიკის განმამტკიცებელი იდეა. მაშინ აღზრდილ „პატრიოტებს“ სახელმწიფო დროშა დღემდე პარტიული საკუთრება ჰგონიათ, ჰიმნსაც პარტიული ნიშნით ცნობენ. მათი საყვარელი სიმღერით - „მიშა მაგარია!“ მკრეხელებს, ანუ მათი კერპის წამბილწველებს ემუქრებოდნენ და ხანდახან უსწორდებოდნენ კიდეც.

საქართველო გაბრწყინების გზას დაადგა, უნივერსიტეტი გაივსო „პატრიოტებით“! თვითმმართველობაში ძალიან მარტივად გაიკვლიეს გზა. იქ მოსახვედრად „მიშა მაგარია“ უნდა გემღერა შეცდომის გარეშე, ხმას და სმენას დიდად არავინ დაგიდევდა, მთავარია, სულისკვეთება დაენახათ ჟიურის წევრებს.
იქ მოხვედრილს საქმე აწყობილი გქონდა. სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში უნდა ჩაგეკლა ყველანაირი კრიტიკული აზრი. თუ ვინმე მამაცი შეეცდებოდა ხმის ამაღლებას, გაიწოვდი სადმე მოფარებულში და ჩასცხებდი მარჯვენას!

 
დასმული რექტორიც მოგიწონებდა. ასე პირდაპირ არაფერს გეტყოდა, მაგრამ თავისი დუმილით გაგრძნობინებდა, რომ მაგრად ევასები. მნიშვნელოვან აგურად მიგიჩნევდა უმყარეს კედელში, ალაგ-ალაგ პროტესტანტები რომ დანგრევას უპირებდნენ.

ნეტავ რა მუსიკას უსმენს ასეთი ხალხი, აგურის როლს რომ თამაშობს ძლიერ კედელში?

თვითმმართველები, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, უკვე იყვნენ ნაცების ახალგაზრდულ ფრთაში და ღიად უჭერდნენ მხარს თავიანთ მფარველებს. მოგვიანებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმდნენ, სხვადასხვა სამინისტროში გადანაწილდნენ და ზოგი მინისტრის მოადგილედაც კი წამოაკუპეს.

როცა ხელისუფლებას „გადაცდომები“ დაუფიქსირდება... ეგრე არ ამბობენ ხოლმე? მენსტრუირებული არასრულწლოვანივით - გადაგვიცდაო. ხელისუფალის მორჩილმა, ენერგიით სავსე ახალგაზრდამ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა „გააპრავოს“ გადაცდენა. შევარდნაძისეული კარიერისტული წიაღსვლა დაიკმაყოფილოს, გაიღიმოს იქ, სადაც საჭიროა, წელში გაიმართოს, თმა გადაივარცხნოს და, დრო რომ მოვა, სულ ზევით, „იმას“ ხელი ჩამოართვას. მერე აღარ დაიბანოს და იმავე ხელით ჩამოკრას. საოცარი ეფექტი აქვს, ფაქტობრივად, ბელადი გინძრევს! 

სულ მეფიქრებოდა, რით განსხვავდებიან კოჰაბიტირებულები-მეთქი? რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია მათში სხვაობა, ცხრა წლის ჟამს, ალბათ იდეალური ბალანსი ექნებათ. ამისათვის კი ახალგაზრდული სექტის შექმნაა საჭირო. ეს არის ის განსხვავება, რაც ლურჯსა და წითელ აბებს შორის ჯერ კიდევ არსებობს. დრიმერების მოსაქმებულს ისტერიული ახალგაზრდები არ ასუფთავებენ.

მერამდენე აქცია უნდა მოვუწყოთ პარლამენტთან, რომ ამას მიხვდნენ? დროში ასე გაწელვაც არ შეიძლება, სწრაფადვე უნდა შექმნან თავისივე სეგმენტი, რომელიც კონკრეტულ თაობაშივე გამოიწვევს კონფლიქტს და წინააღმდეგობრიობას. ახალგაზრდებს ვერ ექნებათ ერთიანი ხმა, თუ სტუდენტების ნაწილი ბელადის უძლეველობას უმღერის ან ბერას რეპავს ხოლმე ჩურჩულით. 

ჰოდა, ჩვენმა პრემიერმა (რომელიც მთელი არსებით ითხოვდა, მისი გადაყენება მოგვეთხოვა და სულ სევდიანი თვალებით გვეაჯებოდა, მეც მკარით ხელი და რამე მნიშვნელობა შემძინეთო) ახალგაზრდული პლატფორმის იდეა წამოაყენა. წამოაყენა რა... წამოაყენებინეს. თავისით რომ აყენებდეს, იქნებ მისი გადადგომაც მოგვეთხოვა. „ეცადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა!“


თავის მხრივ, სტუდენტებმაც ხელი შეუწყვეს. წერილი მისწერეს. მაშინ, როცა ჩვენი ჩახლეჩილი ხმა ისმის რუსთაველიდან ისევ წრეზე წასული უსამართლობის გამო, ვიღაც კალმოსანმა პერო დააძრო, მელანი დაიწუნწკლა და მარჯვენაც მოამზადა კვალის დასატოვებლად. 


„ახალგაზრდები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ქვეყნის თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის 35 სტუდენტს აერთიანებს. „ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის“ -  აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^