Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თაობა, რომელიც მოიგებს ომს

16 ივლისი 2019
თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ზუსტად ისეთი მომავალი საზოგადოება, როგორი განათლების სისტემაც აქვს დღეს, მაშინ ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც შექმნის გამარჯვებისთვის „განწირულ“ მომავალს. 

ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი რუსეთთან.

„იარაღი“ დავყარეთ და სახლებში შევიკეტეთ.

ეს არ ყოფილა ოკუპაციასთან პოსტსაბჭოთა თაობის შერიგება.

ეს ჩვენს წიაღში თავისუფალი თაობის დაბადების მოლოდინი იყო...

თაობის, რომელიც ერთხელაც მოიგებს „დაძველებულ" ომს.

რა შეგვეძლო დაგვეპირისპირებინა ჩვენ ოკუპაციისთვის?

თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ზუსტად ისეთი მომავალი საზოგადოება, როგორი განათლების სისტემაც აქვს დღეს, მაშინ ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც შექმნის გამარჯვებისთვის „განწირულ“ მომავალს. 

რა გავაკეთეთ ჩვენ ამისთვის?

ჩვენი ზოგადი განათლების სისტემა ინერციით აგრძელებს ფუნქციონირებას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დამოუკიდებელ საქართველოში არასოდეს გადაგვისინჯავს განათლების სისტემის ფუნდამენტური დანიშნულების არსი. 

ერთხელ კახა ბენდუქიძემ თქვა, რომ „საბჭოური განათლების მთავარი მიზანი იყო ბევრი სამეცნიერო ცოდნის მიღება. გავიდა დრო და არაეფექტიანობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაშალა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ახლა რა გვინდა?“ 

„ვისი სული შეიძლება გვსურდეს“ ქვეყანაში, რომელსაც მავთულხლართებით მოაჭრეს მიწა და გადარჩენილ ნაწილშიც ხელებს აფათურებენ? აქ არჩევანიც და არადანიც მარტო ერთია: 

არა ოკუპაციას! 

- ნიშნავს ისეთი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც თავისუფალია ძალადობისგან. 

ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემდეგ ბიჭებმა სიცოცხლე რომ შეწყვიტეს, ჩვენ „ვიტირეთ, ვიტირეთ და ბოლოს შევეჩვიეთ“. დოსტოევსკიმ როგორც თქვა, „მაინც რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა“. შევეჩვიეთ ისე, რომ არ გადაგვიაზრებია სახელმწიფო პოლიტიკა სკოლაში ბავშვთა შორის ძალადობის მიმართ; არ შეგვიქმნია სკოლაში ბავშვების ძალადობისგან დაცვის რეფერირების სისტემა, არ გადაგვიმზადებია მასწავლებლები და სკოლის თანამშრომლები ძალადობის ნიშნების ადრეული იდენტიფიკაციისა და პირველადი რეაგირების საკითხებზე. დღემდე არ არის მიღებული ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სიკვდილი დადგა, ურემიც გადაბრუნდა, მაგრამ გზა მაინც არ გამოჩნდა.

არა ოკუპაციას!

- ეს ნიშნავს ისეთი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც თავისუფალია კრიმინალური აზროვნებისგან. 

სკოლის მოსწავლეები ცდილობენ, ძალადობის გზით უპირატესობა მოიპოვონ თანასკოლელებს შორის. საამისოდ კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელ ქცევის პატერნებს იყენებენ სკოლის სოციუმში. ჩვენ არ ვუყვებით ბავშვებს ამბავს საბჭოთა კავშირის შესახებ, რომელიც იყო ბოროტების იმპერია და სადაც ქურდული სამყარო იყო ალტერნატიული ბოროტება, ანტიკომუნისტური განწყობილებების გამომხატველი. სახელმწიფოსთან გაუცხოებული საბჭოთა მოქალაქე ამ დილემის წინაშე იდგა. არ გვიჩნდება კითხვა, ჩვენ ხომ არ გამოგვრჩა რამე? სხვანაირად როგორ შეიძლება, დამოუკიდებელ და სამართლებრივ სახელმწიფოში სკოლის მოსწავლეს რაიმე ტიპის სიმპათია გაუჩნდეს დრომოჭმული ქურდული მენტალიტეტის მიმართ, რომელიც რეალურად უკიდურესი რეგრესის სიმპტომია. როდესაც „ქურდული სამყაროს წევრობა“ დანაშაულად გამოცხადდა, ჩვენ შევშფოთდით და არ მოგვეწონა, მხოლოდ სტატუსის გამო ადამიანის პასუხისგებაში მიცემის დაკანონება. ევროპულმა სასამართლომ აგვიხსნა, რომ ეს მიდგომა იყო ლეგიტიმური და პროპორციული, რადგან საქართველოში „ქურდული სამყარო“ არის საშიში ანტისოციალური მოვლენა, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ახალგაზრდებზე. ახალგაზრდების დაცვა აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი ევროპული სასამართლოსთვის. „ქურდული სამყარო“ არის სუბორდინაციაზე, საკუთარი ქცევის წესების უპირობო მორჩილებასა და კომუნიკაციის ქსელზე დაფუძნებული კრიმინალური ერთობა, რომელიც ორი რამით ცდილობს მოზარდების მოხიბვლას: ეს არის ძალაუფლება და სიმდიდრე. პასუხისმგებელი თანამდებობის პირები საჯარო სივრცეს უნდა იყენებდნენ არასრუწლოვნებთან დიალოგისთვის ამ თემებზე, მათი პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიო, რომ ილუზორულია კრიმინალური სამყაროს ძალაუფლება და მის ფინანსურ კაპიტალს არ აქვს გამოყენების პერსპექტივა ამ ქვეყანაში. ხელისუფლება არ უნდა ტოვებდეს სივრცეს ისეთი კითხვების გამოწვევისთვისაც კი, როგორიცაა „ძველი ბიჭების“ არჩევნებში გამოყენება და მათთვის ხალხის დაშინების ბერკეტის მიცემა. 

არა ოკუპაციას!

- ნიშნავს ისეთი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობათა სისტემას აყალიბებს. 

ჩვენს სკოლებში სოციალურად დაუცველ ბავშვებს ამრეზით უყურებენ სოციალურად დაცული ბავშვები, პირობითად რომ ასე ვუწოდოთ. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებს ისე აგდებულად მიანიშნებენ მათი ეთნოსის კუთვნილებაზე, თითქოს ამ ეთნოსს საკუთარი პატივსაცემი კულტურა და ისტორია არ გააჩნდეს. დედებს და მასწავლებლებს არ უნდათ მათ კლასში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობდეს, რადგან შეიძლება გაკვეთილის ჩატარების პროცესი შეაფერხოს. ბავშვებს არა აქვთ ემპათიის განცდა თანატოლების მიმართ და ჩვენ მაინც ჯიუტად არ ვნერგავთ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებას და ტოლერანტობის კულტურას სკოლაში. არ გვეშინია, რომ გაიზრდებიან და აიღებენ ხელში კომბლებს განსხვავებული აზრის დასადევნებლად, ან კიდევ მიიღებენ ცოდნას და შემდეგ უპირობოდ უწოდებენ ბნელს მათ, ვინც მათ ცოდნას არ დაეთანხმება ან უფრო მეტიც, სახელმწიფო ძალაუფლება თუ ჩაუვარდათ ხელში, ძალმომრეობად გადააქცევენ მას. 

ჩვენ ვძალადობთ ახალგაზრდებზე, როდესაც რეზინის ტყვიებს ვუშვერთ ვუშენთ თავისუფლებისთვის შეკრებილებს, ჩვენ ვძალადობთ ბავშვებზე, როდესაც არ ვუქმნით თავისუფალ და უსაფრთხო გარემოს სკოლაში, და ვძალადობთ მომავალ თაობაზე ქუჩაში, როდესაც განათლების მიღების ნაცვლად მათ მუშაობის ან მათხოვრობის „ნებას ვრთავთ“.

არა ოკუპაციას!

- ნიშნავს ისეთი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეროვნულ ფასეულობათა სისტემას აყალიბებს.

ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს ოკუპაციის სივერაგეს, არ ვუყვებით ამბავს პატარა ქვეყანაზე, რომელიც იბრძვის... არ გვეშინია, თუ ისინი დაიჯერებენ, რომ წარმატება მართლა იმით იზომება, რომელ უნივერსიტეტში მიიღებენ განათლებას და რამდენ ფულს გამოიმუშავებენ დღეში. თითქოს თავად უნდა მიხვდნენ, რომ წარმატება იზომება იმით, რამდენად სასიკეთოა შენი საქმე იმ ქვეყნისთვის, რომელთანაც მოქალაქეობრივი და ემოციური კავშირი გაქვს და იმ ადამიანებისთვის, რომლებთან ერთად ერთ საზოგადოებაში ცხოვრობ. 

ჩვენ ეს ყველაფერი ამ თაობისთვის არ გვისწავლებია. ვასწავლეთ ფრაგმენტულად, სპონტანურად, მაგრამ არ გვისწავლებია თანმიმდევრულად, სისტემურად, საფუძვლიანად, გაანალიზებულად, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სახელმწიფო სისტემამ არ იტვირთა დღემდე ეს პასუხისმგებლობა, და არც ჩვენ მასთან ერთად. 

და აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდობამ ზედმიწევნით კარგად ჩააბარა გამოცდა იმ საგანში, რომელიც არ გვისწავლებია.

იქ მოვიმკეთ, სადაც არ დაგვითესავს.

გული ხმაურით მიფეთქავს, რომ წარმოვიდგენ, რა იქნებოდა, რომ გვესწავლებინა და დაგვეთესა?!

თუ საქართველო ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დღეს „არა ოკუპაციას“ მოითხოვენ სულით კიდემდე, და საქართველო ნამდვილად ეს არის... რომ გვესწავლებინა და დაგვეთესა, ხომ იქნებოდა ჩვენი საქართველო დღეს უფრო დიდი და ხვალ კიდევ უფრო დიდი და აღდგენილი თავის ისტორიულ საზღვრებში?! 

---------------

ელენე სიჭინავა - ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) ხელმძღვანელი

ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) ახორციელებს პროექტს ,,ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / ,,მიმეგობრეთ! მარტო ვარ სკოლაში.'' 
პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ზაზა ურუშაძემ კინოაკადემია დატოვა

„კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმ ...

მეტი

^