Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამის ბლოგი - წერილი N1

25 ივლისი 2019

„მამის ბლოგის“ დაწყების მიზანი, პირველ რიგში, შვილისთვის ჩემი აზრების გაზიარებაა. კომუნიკაციის ამ საშუალების გამოყენება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მივხვდი, რომ საუბრის დრო ორივეს სულ უფრო ნაკლები გვრჩება და რომ დიალოგისას ხშირად ემოციები სჭარბობს შინაარსს. ამასთან, თუ სხვა მშობლის სათქმელსაც ვიტყვი, იქნებ სხვისთვისაც გამოსადეგი იყოს ჩემი წერილები? 

შეიძლება ბევრს ვითხოვ. ვიცი, საკუთარი თინეიჯერი შვილის (და შემდეგ უმცროსის) დაინტერესებაც რთულად მისაღწევია, მაგრამ ადამიანებზე დადებითი გავლენის მოხდენის იმედი და სურვილი მამოძრავებს უნივერსიტეტში ლექციების კითხვის და კომპანიის მართვის დროსაც. ასეთსავე მცდელობას არ დავიშურებ ახლა უკვე ამ სივრციდან. 

აქვე აღვნიშნავ, რომ მე ფსიქოლოგი არ გახლავართ, განათლება და გამოცდილება ადამიანების და ორგანიზაციების მართვაში მაქვს მიღებული. შესაბამისად, ფსიქოლოგები შეიძლება რაღაცაში არ დამეთანხმონ ან ენა დამიწუნონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მთავარია, რომ მე ისეთივე რიგითი მშობელი ვარ როგორიც თქვენ ხართ და რომ მეც, ისევე როგორც ალბათ თქვენ, ჩვენი შვილების ცხოვრებისთვის მომზადების სურვილი მამოძრავებს. 

წერილი N1

პირველი ღიმილის და ტყუილის შესახებ

დავიწყებ იმით, რითაც საერთოდ იწყება ადამიანებს შორის ურთიერთობა და რითაც დაიწყო ჩემი შენთან ურთიერთობა - პირველი ღიმილით და ნდობის მოპოვებით. 

იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც პირველად გამიღიმე და მივხვდი, რომ უკვე „მიცნობდი“, არასოდეს მომიტყუებიხარ და სიტყვა არ გამიტეხავს. ვიცი, პირველს გააპროტესტებ და მომიყვან, როგორც ეს ახლახან გააკეთე, ორ მაგალითს. 

პირველი, ცუდი სიზმრები როცა მოსვენებას არ გაძლევდა ხოლმე, მე გარწმუნებდი, რომ ასეთი სიზმრების შემდეგ ძალა გემატებოდა. მეორე, თოვლის ბაბუას როცა ვაბრალებდი საახალწლოდ შენთვის საჩუქრების ჩუქებას, მისთვის წინასწარ წერილებს გაწერინებდი. 

უნდა ვაღიარო, სრულ სიმართლეს არ გეუბნებოდი, თუმცა არც ბოლომდე ტყუილის თქმა გამომდიოდა. განსაცდელს, იქნება ეს ფიზიკურად თუ მხოლოდ ემოციურად განცდილი (ამ შემთხვევაში სიზმრის საშუალებით), შეუძლია გაგაძლიეროს და რთული ცხოვრებისთვის მოგამზადოს. შეუძლია, თუ მის მიმართ სწორი მიდგომა გექნება.

საჩუქრების ჩუქებას და წერილის წერას რაც შეეხება - ცხოვრებაში რეზულტატი არ დგება მყისიერად, ის დროში გაწელილია. ის ფაქტი, რომ საჩუქრების ლოდინი გიწევდა, ზრდიდა შენს ნებისყოფას და გამზადებდა სამყაროს ამ კანონზომიერებისთვის. ამ შემთხვევაში შედეგის უზრუნველმყოფი სანტები შენი მშობლები იყვნენ, მაგრამ სხვა შემთხვევებში ეს „სანტები“ სულ სხვადასხვა ადამიანი იქნება. რა განსხვავებაა, რას დავუძახებთ და როგორად წარმოვიდგენთ მათ? 

მიხარია, რომ სხვა არაფერი გაქვს ამ მხრივ გასახსენებელი და აგიხსნი ამის მიზეზსაც. 

სიყვარული ნდობით იწყება. არ ვიცი, ნდობის გარეშე არსებულ სიყვარულს რა ვუწოდო… გრძნობა ნდობაზე ფუძნდება, ნდობა კი ტყუილის გამორიცხვით და დანაპირების ერთგულებით მოიპოვება. ამიტომ ყოველთვის ვუფრთხილდებოდი შენთან სიტყვას და გავურბოდი ტყუილის თქმის აუცილებლობას. 

ლიტერატურაში, ნიცშეს ზარატუსტრა გეტყვის, რომ თუ ტყუილი არ გითქვამს, არც სიმართლის ფასი იციო. დოსტოევსკის რაზუმიხინი დააყოლებს - ტყუილი საყვარელი რამეა, რადგან სიმართლემდე მიჰყავხარო. ამასთან, რუსთაველი პლატონის სიტყვებს გაამეორებინებს ავთანდილს და გეტყვის, რომ ტყუილი მავნეა და ყველანაირი უბედურების თავი ის არისო. ვის უნდა დაუჯერო? 

ჰოდა დაიმახსოვრე: თუ პასუხს ეძებ, საბოლოო ჯამში, მაინც საკუთარ თავში ჩახედვა და გრძნობებზე დაკვირვება მოგიწევს. უხერხულობა და ზოგჯერ გულისრევაც, რომელსაც მნიშვნელოვანი ტყუილის თქმის შემდეგ გრძნობ, ისევე როგორც შვება და სიხარულიც, რომელიც თუნდაც მწარე სიმართლეს მოაქვს, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. 

ამასთან გაითვალისწინე, რომ ცხოვრება რთულია და ხშირად პატარა, უმნიშვნელო ტყუილები სირთულეებისგან გამოგაძვრენს; მაგრამ, თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობ და სიმართლის ერთგული არ იქნები, პატარა ტყუილები აუცილებლად გადაიზრდება დიდ ტყუილებში, რაც გაცილებით რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდებს. 

გარდა ამისა, სხვების ხშირი მოტყუება საკუთარი თავის მოტყუებისკენ გიბიძგებს და იცოდე, რომ ამაზე უარესი ცოტა რამ არის. საკუთარი თავის მოტყუების დაწყებით მთავრდება ობიექტურობის აღქმა, რაციონალური აზროვნება და განვითარება. აქედან იწყება საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის რეგულარულად ზიანის მიყენება, რაც, საბოლოო ჯამში, თუ მას თავი ვერ დააღწიე, მარტოობით და მძიმე სულიერი მდგომარეობით მთავრდება.

ღიმილის მნიშვნელობას რაც შეეხება, ამაზე ცალკე მოგწერ; უბრალოდ, აქ ორი სიტყვით გეტყვი, რომ ადამიანებთან ურთიერთობის ღიმილით დაწყება ნდობის გაჩენის კარგი წინაპირობაა. ერთია, შენ რას გასცემ, მეორეა, რა დაგხვდება. ამიტომ ვინც „გხვდება“, იმის ღიმილით „მომზადება“ მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, ჩემი რჩევაა რომ არ დაგავიწყდეს ადამიანებთან ურთიერთობა დაიწყო ღიმილით, კარგად, პასუხისმგებლობით დაფიქრდი ვიდრე რამის გაკეთების პირობას დადებ და ნუ მოიტყუები. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ იცოდე, რომ შესასრულებლად ძალიან რთული და ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პირველი სამი წესია.

წარმატებები...

მამა

-----------------------

რესან ქიქავა - საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი;
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^