Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავისუფლება სკოლას

03 აგვისტო 2019

წარმოიდგინეთ საავადმყოფო, რომლის ექიმები ყველა პაციენტს ერთნაირად ექცევიან. მიუხედავად იმისა, თუ რა სიმპტომები აქვს ან რა მდგომარეობაშია, პაციენტს ექიმები ერთი და იმავე მეთოდით მკურნალობენ და ერთსა და იმავე წამალს უნიშნავენ. როგორი იქნება ასეთ ადგილას მოხვედრილ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა? რამდენი მათგანის გამოჯანმრთელებას შეძლებს ასეთი სამკურნალო დაწესებულება? 

საჯარო სკოლების დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ზემოთ აღწერილ საავადმყოფოს, ქართული განათლების სისტემა კი იმ ექიმებს, რომლებიც ყველა პაციენტს ერთნაირ დიაგნოზს უსვამენ და ერთნაირად მკურნალობენ სიმპტომებისდა მიუხედავად. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად განსხვავებულია სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მოსწავლეთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, სკოლის გეოგრაფიული მდებარეობა... განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლას ერთსა და იმავე რეგულაციებს უწესებს.

რეგულაციები მრავალგვარია. ზოგი მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობას ეხება, ზოგი კი - დირექციისას. სკოლის დირექციას და მასწავლებლებს საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა თითქმის არ გააჩნიათ.

სამწუხაროდ, გვინდა თუ არა, გვიწევს ჩვენი შვილების ასეთი საავადმყოფოსთვის ჩაბარება, რადგან ამ დანიშნულების თითქმის ყველა დაწესებულება ასეთია. დანარჩენებში მკურნალობის თანხას კი ვერ ვწვდებით. 

სტატიკური სისტემა

ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, რა მასალა უნდა მოიცვას მასწავლებელმა სასწავლო წლის განმავლობაში. ასევე, სისტემა არ აძლევს მათ საშუალებას გაკვეთილის მოსამზადებლად აუცილებელი რესურსები ან თვითონ მოიძიონ, მოირგონ და გამოიყენონ ისინი კლასებში. ამ მხრივ ორი პრობლემა წამოიჭრება ხოლმე: პირველი ის, რომ არ არსებობს „გავლილი“ მასალის ეფექტურობის შემაფასებელი მექანიზმი. ხშირ შემთხვევაში მასწავლებელს ნაჩქარევად უწევს მიჰყვეს სახელმძღვანელოს, რომლის გამოყენებაც „მისჯილი“ აქვს; მეორე პრობლემაც მსგავსია - იმის გამო, რომ მასწავლებელს არ გააჩნია მოტივაცია საკუთარი რესურსის შექმნის და მისი გავრცელების საშუალება, ის პროფესიულად ვერ ვითარდება. 

მასწავლებლის თავისუფლების შეზღუდვის არგუმენტი თითქოს ის არის, რომ თავისუფალი მასწავლებლები იბნევიან, ვერ ამზადებენ საკმარისად გამართულ საგაკვეთილო გეგმებს და არ იციან, როგორ შექმნან საკუთარი რესურსები. ეს არგუმენტი კი მყარი არ არის, თვითონვე უთხრის ძირს თავის თავს: რა თქმა უნდა, მასწავლებელი, რომელსაც შეზღუდული აქვს თავისუფლება, ვერ გაართმევს თავს თავისუფალი სასწავლო გარემოს პრობლემებს. მაგრამ, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ის თავისუფალი არ არის. არ აქვს შესაძლებლობა სცადოს, დაუშვას შეცდომები, შესაბამისად, ისწავლოს და განვითარდეს.

ადამიანს, რომელმაც ველოსიპედის მართვა უნდა ისწავლოს, ვსვამთ ველოსიპედზე, რომელიც ხარაჩოებითაა გამყარებული, ბოქლომი აქვს დადებული, სრულიად სტატიკურია და არანაირი მოძრაობის საშუალება არ გააჩნია. ასე იმიტომ ვიქცევით, რომ მან არ იცის ველოსიპედის მართვა, ვერ ინარჩუნებს წონასწორობას და თუკი მივცემთ თავისუფლებას, ის წაიქცევა. არადინამიკური სისტემით გამოწვეული პრობლემების გამო სისტემას დინამიკურს ვერ ვხდით. განვითარებისა და მოძრაობის მცდელობისას წაქცევის გვეშინია და უძრაობას ვირჩევთ.

ეს სტატიკური სისტემა არა მხოლოდ მასწავლებელს უზღუდავს წინ სვლის შესაძლებლობას, არამედ განათლების სისტემის განვითარებასაც უშლის ხელს. არ იქმნება ახალი სასწავლო რესურსები, არ არსებობს მათი მიმოცვლის შესაძლებლობა. არ ვითარდება უკვე არსებული სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოები, ან მათი განვითარება ძალიან ნელია და არ ითვალისწინებს რესურსებთან თუ სახელმძღვანელოების შემქმნელებთან მასწავლებლის უკუკავშირს.

დინამიკური სისტემა

თუ გვინდა, რომ საგანმანათლებლო სისტემამ წინ გადადგას ნაბიჯი, აუცილებელია მასწავლებლებს თავისუფალი გარემო და შეცდომების დაშვების შესაძლებლობა მივცეთ. მასწავლებელი უნდა ქმნიდეს სასწავლო რესურსების რაღაც ნაწილს. უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახში გამოსცადოს ინოვაციური მეთოდები, დაგეგმოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და არა მხოლოდ ზედაპირული ცოდნის მიღებაზე. საჭიროა შეიქმნას სივრცე, სადაც ეს რესურსები, ინოვაციები, პროექტები ერთად მოიყრის თავს. მასწავლებლების გამუდმებული უკუკავშირი კიდევ უფრო განავითარებს და გაამრავალფეროვნებს ასეთ მასალებს. სისტემა გამოცოცხლდება. დაშვებული იქნება არაერთი შეცდომა, მაგრამ ისინი გამოსწორდება. დღეს არსებული ტექნოლოგიური რესურსები ხელს შეუწყობს უკუკავშირის სწრაფად დამყარებას და ამ პროცესში მრავალი მასწავლებლის ჩართულობას. 

დინამიკური სისტემა ასევე გაზრდის მოსწავლეთა განათლების ხარისხს და ბუნებრივად გაამრავალფეროვნებს როგორც მასწავლებელთა კატეგორიებს/კონტინგენტს, ისე მათ საქმიანობასაც. გაკვეთილის დაგეგმვის თავისუფლება მასწავლებელს გაუზრდის მოტივაციას, მოიძიოს მეტი ინფორმაცია, გამოიყენოს მეტი წყარო, თავის სასწავლო მეთოდიკაზე მოირგოს რესურსები. ასე გაკვეთილიც უფრო ეფექტური გამოვა და მასწავლებლის თვალსაწიერიც გაფართოვდება. რაც მთავარია, ერთი მასწავლებლის პროგრესი სხვებზეც აისახება და ისინიც შეძლებენ კლასებში ინოვაციური პრაქტიკისა და მოძიებული ცოდნის გაზიარებას. მასწავლებელი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთ სახელმძღვანელოზე.

შეფასების სისტემა

მოსწავლის შეფასების კომპონენტების მკაცრი განსაზღვრა კიდევ ერთი რეგულაციაა, რომელიც სასწავლო სისტემის განვითარებას აფერხებს. დღეს მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლე შეაფასოს სამი კომპონენტით: საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებებით. განსაზღვრულია ისიც, რომ თითოეული კომპონენტის წონა საბოლოო ნიშნის 33,3%-ს შეადგენს. შეფასების ეს კრიტერიუმები გამოიყენება თითქმის ყველა საგანში მეხუთედან მეთორმეტე კლასამდე. 

შეფასების ასეთი სისტემის არსებობა უსაფუძვლოა და უაზროდ ზღუდავს მასწავლებლის თავისუფლებას. ადამიანს, რომელსაც ვანდობთ მომავალი თაობის აღზრდას და განათლებას, არ ვანდობთ თავის კლასში შეფასების სტრუქტურის განსაზღვრას. შექმნილია ხელოვნური ბარიერი, რომელიც ართულებს კლასში ინოვაციური სასწავლო მეთოდიკის და პროექტზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრაციას, არა მხოლოდ მასწავლებლებს შორის, არამედ საგნებსა და ასაკობრივ ჯგუფებს შორის არ ხდება დიფერენცირება. მოსწავლეების მოტივაციის ნაკლებობაში ასეთ შეფასების სტრუქტურას დიდი წვლილი მიუძღვის. 

მასწავლებელს უნდა შეეძლოს, თუ სურვილი აქვს, შემოიტანოს დამატებითი შემაფასებელი კომპონენტი, რომელიც წაახალისებს მოსწავლეებს. შესაძლოა, ზოგიერთ კლასში შეფასება ხელს უშლის მოსწავლეთა განვითარებას და ასეთ კლასებს საგანმანათლებლო სისტემაზე მეტად მასწავლებლები იცნობენ. 

რა თქმა უნდა, ყველა სკოლა არ არის მზად სრული დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი სხვა სკოლების ზედმეტად რეგულირებისა. საგანმანათლებლო პოლიტიკა განსხვავებული უნდა იყოს განვითარების სხვადასხვა დონის სკოლებისთვის. ისევ ველოსიპედს რომ დავუბრუნდეთ, ზოგ შემთხვევაში საჭირო იქნება დროებითი დამხმარე ბორბლების მიშველება, სანამ სისტემა წონასწორობაში მოვა. სისტემაში წონასწორობა დამყარდება. საბოლოო მიზანი კი ყველა ველოსიპედის ორ ბორბალზე მოძრაობაა. ხშირად წავიქცევით, ხშირად ვიტკენთ მუხლებს, ხშირად მოგვიწევს გაჩერება, მაგრამ ბოლოს მაინც წამოვდგებით, მაინც ვცდით კიდევ ერთხელ და მაინც განვაგრძობთ წინსვლას.

---------

გუგა ვარდიაშვილი - ფიზიკოსი, მათემატიკოსი, მასწავლებელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^