Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამის ბლოგი - წერილი N2

09 აგვისტო 2019

გახსოვს, პატარაობისას რუკებს ხატავდი, სადაც განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული? შენს რუკებზე ნაჩვენები იყო გზა და სხვადასხვა დაბრკოლება, რომლებიც განძის მაძიებელს უნდა გადაელახა, ოქროთი სავსე ზარდახშის საპოვნელად. 

ახლა მინდა ყველაზე დიდი განძის შესახებ გიამბო, რომლითაც ადამიანი  იბადება, რომლითაც შენც დაიბადე. ამ განძის საპოვნელადაც ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევს და, როცა იპოვი, მისი გაფრთხილება შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იქნება.

ხშირად გვისაუბრია ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები უთანასწორო ომებში. ათიათასობით მოწამე შეგნებულად სწირავდა თავს. გვისაუბრია შენი ბაბუის შესახებ, რომელმაც დათმო ქონება, საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება. დღესაც ხედავ, რომ სულ რაღაცისთვის იბრძვის შენი ქვეყანა, სირთულეების მიუხედავად არ ნებდება, ებრძვის მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფოსაც.

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

იცოდე: ეს თავგანწირვა ხდებოდა და ხდება იმ ადამიანების მიერ, ამ თავგანწირვის მაგალითს იძლეოდნენ და დღესაც იძლევიან ის ადამიანები, რომლებმაც სწორედ ის განძი აღმოაჩინეს, რაზეც მე გესაუბრები და არ თმობენ, თუნდაც ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის სანაცვლოდ. ანუ არსებობს რაღაც სხვა ღირებულება, რაც თვით სიცოცხლეზე ძვირფასია…

ეს არის თავისუფლება. 

მაინც რა არის თავისუფლება და რატომ არის აღმოსაჩენი, თუკი დაბადებიდან შენშია? რატომ მოგიწევს მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა? ვიცი, ამ კითხვებს დასვამ და შევეცდები გიპასუხო.

თავისუფლებაა, გქონდეს აზროვნების უნარი და გადაწყვეტილების მიღების სურვილი. უამისოდ სამყაროში რამე ღირებულის შექმნა, შინაარსიანი ცხოვრება და შედეგად - კმაყოფილების/ბედნიერების შეგრძნება შეუძლებელია. ყველა სხვა ბედნიერება დროებითი და მყიფეა, უაზროა მისკენ სწრაფვაც. თავისუფლების გარეშე არ არსებობს პიროვნება, საზოგადოება და სახელმწიფო. მისი აღმოჩენა და დაცვა არის ის, რასაც ვაჟა-ფშაველა მეორედ დაბადებას უწოდებს... ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს მოგწერ.  

იფიქრებ, თუ ასეა, როგორ შეიძლება ვინმე თავისუფლებისკენ არ ილტვოდეს? მაგრამ ნახავ, რომ თავისუფალ აზროვნებასა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა; ამას შეიძლება მოჰყვეს სხვებთან და საკუთარ თავთან დაპირისპირებაც კი, რაც რთულია და ხშირად ბევრი ვერც ახერხებს მასთან გამკლავებას. ასაკს მნიშვნელობა არა აქვს - ზოგს ეს სურვილი და გამბედაობა ადრეული წლებიდანვე უჩნდება, ზოგი ასეთი სურვილის გარეშე კვდება. 

უნარი რატომღა გჭირდება? გჭირდება, რადგან თავისუფლება არ არის აკეთო ის, რაც „გინდა“, მაშინ მისი აღსრულება მარტივი იქნებოდა. თავისუფლებაა აკეთო ის, რაც შენი სინდისის მიხედვით მართებულად მიგაჩნია - აქ კი უამრავი საპირწონე და სააზროვნოა. ამისთვის საჭიროა დამოუკიდებელი აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც დროთა განმავლობაში და შესაბამის პირობებში იწრთობა. ვისაც აღკვეთილი ან დაკარგული აქვს თავისუფლების საშუალება და სურვილი, აზროვნება დაუჩლუნგდა, ვინც სხვაზეა მინდობილი - ასეთ ადამიანს ძალიან უჭირს კრიტიკული კითხვების დასმა და გადაწყვეტილების მიღება. 

განძი რისი განძია, მისი წართმევა სხვამ რომ არ სცადოს? 

სხვისი თავისუფლების ხელყოფას, დამონებას და ამით საკუთარი ძალაუფლების გამყარებას მუდამ ცდილობენ სხვა ადამიანები, სხვადასხვა ჯგუფი, საზოგადოებები. საზოგადოების დამონებას ცდილობენ ხელისუფლებები, ხელისუფლების დამორჩილებას - სხვა ქვეყნის ხელისუფლებები და ა.შ. ამასთან, თავისუფლების აღკვეთის ფიზიკური ფორმები მხოლოდ ზედაპირულია. ამ მხრივ ადამიანი, საპყრობილეში თუ მონასტერში, მარტოობაში შეიძლება უფრო თავისუფალი იყოს, ვიდრე ფიზიკურ თავისუფლებაში მცხოვრები. ამიტომ, დამონებაში ვგულისხმობ თავისუფალი აზროვნების, ნების წართმევას და არა ფიზიკურ დატყვევებას. აქვე გეტყვი და დაიმახსოვრე - სხვისი დამონებით ჯერ არავის უხეირია, არავინ გაბედნიერებულა სხვა ადამიანისა თუ ერისთვის მოპარული ბედნიერებით. ნურასოდეს აღმოჩნდები მათ შორის.

დაბოლოს - ახლა შენს მშობლებზე ხარ დამოკიდებული და მათი მორჩილება ამ პერიოდში ნორმალურია. ზოგადად, მორჩილება გარკვეული დროის განმავლობაში, გონებრივი და სულიერი სიმწიფის მიღწევამდე, აუცილებელია სინდისის, ღირებულებების იერარქიის ჩამოყალიბებისთვის. ეს შენი თავისუფლების, გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ბარომეტრი უნდა იყოს. ამასვე ემსახურება დისციპლინა, რომელიც ფიზიკური განვითარების, ცოდნისა და განათლების მიღების საშუალებას მოგცემს. 

მაგრამ, უნდა დადგეს დრო შენს ცხოვრებაში, როდესაც დადგები საკუთარი სინდისის და თავისუფალი ნების სადარაჯოზე, როდესაც აღარ დაემორჩილები ბრმად არავის, არანაირ გარემოებას, თუნდაც მთელი სამყარო შენ საპირისპიროდ მოძრაობდეს. მაშინ დაიბადები ხელმეორედ, ახლა უკვე პიროვნებად.

წარმატებები...

მამა    

-----------------------

რესან ქიქავა - საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი;
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

დროის ისარი

ადრეული ადამიანების დაკვირვებამ, რომ რაღაც მოვლენები პერიოდულად მეორდება, დროის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მიწათმოქმედები ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

სიკვდილი დაძრწის ამერიკის ქალაქებში

რატომ ვერ ახერხებს დიდი ამერიკული დემოკრატია ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას? (ციკლიდან: არაპოლიტკორექტული მოსაზრება)
03 აგვისტო
03 აგვისტო

თავისუფლება სკოლას

წარმოიდგინეთ საავადმყოფო, რომლის ექიმები ყველა პაციენტს ერთნაირად ექცევიან. მიუხედავად იმისა, თუ რა სიმპტომები აქვს ან რ ...

მეტი

^