Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაშვება არარატიდან

20 აგვისტო 2019

ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი მძიმე მარცხი დაფიქსირებულა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთი თამაშების გახსენებისას მხოლოდ სიცარიელის შეგრძნება მაქვს და ცუდი სიტყვები მადგება პირზე.

გუშინდელი შეხვედრაც ის ჭრილობაა, ნაიარევად რომ გაგვყვება მთელი ცხოვრება. მიზეზი, როგორც ყოველთვის, ბევრია, თუ რატომ დაგვემართა რაღაც ისეთი, რაზეც ვერცერთი ჩვენგანი ვერ იფიქრებდა.

გულშემატკივარს ყველაფრის უფლება აქვს (გარდა ბოთლის სროლისა სტადიონზე). უფლება აქვს, მცირე წარმატების მერე ეიფორიაში ჩავარდეს და თქვას, რომ ჩვენი მომგები ქვეყნად არავინ არის, თუნდაც ტოპ-კლასის გუნდებს დავეტაკოთ!

უფლება აქვს, წარუმატებლობის მერე სასოწარკვეთაში ჩავარდეს და დაიწყოს დაუსრულებელი მოთქმა იმაზე, რომ არასდროს არაფერი გვეშველება. წყევლოს ფეხბურთის მესვეურები და აძაგოს ყოველი თეთრი, რომელიც ფეხბურთს ხმარდება.- შეუწყდეს ფეხბურთს დაფინანსება! გააუქმეთ ფეხბურთი! - წაგების მერე ეს ყველაზე პოპულარული სიტყვებია.

გულშემატკივარს აქვს ამის უფლება, რადგან გულშემატკივრობა პროფესია არ არის. არ არსებობს პროფესიონალი ან არაპროფესიონალი ქომაგი. არსებობს კარგი და ცუდი. კარგი იმას ჰქვია, მძიმე დროში გუნდს მაინც მხარს რომ უჭერს, ცუდი ის არის, სტადიონზე მზესუმზირას რომ იფურთხება და თამაშს ისე უყურებს, როგორც ტელევიზორში შეხედავდა.

აი, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ჟურნალისტებს ამის უფლება არ აქვთ. არც ეიფორიის, არც სასოწარკვეთის, რადგან წესით და რიგით პროფესია არ უნდა აძლევდეთ ამის საშუალებას. მათ მოეთხოვებათ მუდმივად ცივი გონებით მუშაობა, ემოციის დათრგუნვა და სიტუაციის პრაგმატულად შეფასება.

საქმე ის არის, რომ ამ ხალხსაც გულშემატკივრის მენტალობა აღმოაჩნდა. ჩვენი არ იყოს, ისინიც ოცნებებში დაფრინავდნენ და თავი ქუდში ეგონათ.

მაშინ, როცა ორი კომენტატორი ფიქრად წასული უკვე „დუდელანჟს“ ეთამაშებოდა საფლეიოფო შეხვედრაში, სწორედ ამ დროს გაგვიტანეს პირველი გოლი.

თითქოს გამოსაფხიზლებელი გასროლა იყო, მაგრამ იმდენად გვიყვარს მაღლა ფრენა, რომ მაინც ვერ გამოგვაფხიზლა.

იგივე ეტყობოდათ ფეხბურთელებს და მწვრთნელსაც. შეცდომები, რომლებიც დაუშვეს, კონცენტრაციის ნაკლებობას მოჰყვა, ეს კი მაშინ ხდება, როცა რაღაც სხვაზე ფიქრობ.

ამ ციკლში არაერთხელ გამოჩნდა, რომ ფსიქოლოგიური მომზადება ჩვენი აქილევსის ქუსლია. სამწუხაროდ, ბევრი აქილევსის ქუსლი გვაქვს და ერთ-ერთი სწორედ ფსიქოლოგიაა. ამით აიხსნება ის, რომ „საბურთალოს“ სახლში თამაში უფრო უჭირს, ვიდრე გასვლაზე. ჯერ კიდევ ძალიან გამოუცდელი გუნდი წნეხს ვერ უძლებს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, რომელიც, როგორც წესი, ძალიან მომთხოვნია.

წლების წინ გიორგი დევდარიანმა ჩამოაგდო სიტყვა იმაზე, რომ ქართულ გუნდებს ფსიქოლოგი სჭირდებოდათ. გიჟი ეძახეს, მერე უთხრეს, შენ მანდ რისთვის ხარ, იკისრე ეგ ფსიქოლოგობაცო. აქ კიდევ ერთელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ცოდნა თანამედროვე ფეხბურთზე ძალიან ზედაპირულია. პრობლემა აშკარად ჩანს და ნაბიჯის გადადგმა რატომღაც არ გვინდა.

„საბურთალოში“ რომ ვთამაშობდი, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდი ჰყავდა ჩაბარებული.მისი გუნდები ყოველთვის ერთიანობით გამოირჩეოდნენ, ერთი ოჯახივით იყვნენ და „ჭიას“ ძალიან კარგად შეეძლო მათი მოტივირება, ეს მისი, როგორც მწვრთნელის, ერთ-ერთი მთავარი პლუსია, კარგი მოტივატორია. წაგებულ თამაშში კი გამოჩნდა, რომ ისიც ვერ კონცენტრირდა კონკრეტულ შეხვედრაზე და გონება „დუდელანჟისკენ“ გაექცა, რადგან არ ჰგავდა ჩვენი გუნდი კარგად მოტივირებულს.

სათამაშო ნიუანსებს რაც შეეხება, ახლა უკვე ყველამ ვიცით, რა შეცდომებიც დაუშვა. პირველ რიგში, ალბათ სწორედ თავად ხვდება ამას, თამაშის მერეც ხომ ეს თქვა - მთავარი დამნაშავე მე ვარ და პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებო.

ახლა მთავარია ფეხბურთში დასაქმებულები ისევ გულშემატკივრებს არ დაემსგავსონ და სასოწარკვეთაში არ ჩავარდნენ, წარსული გვიჩვენებს, რომ ამ დროს არა ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ, ვიდრე ეიფორიაში ყოფნისას.

არ გამკვირვებია პოლიტიკოსების ან პოლიტიკაში ჩართული ადამიანების გამოჩენა. ამის მთავარი მიზეზი „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. მიეცათ მიზეზი მისი ჩაწიხვლისა და თავს არც არავინ შეიკავებდა.

კიდევ ერთხელ გადმოაფრქვიეს თავიანთი დილეტანტიზმი ამ სფეროში, გაბრაზებული ხალხიც აიყოლიეს, რომელიც ტრადიციულად გაჰკივის, რომ „ფეხბურთი უნდა გაუქმდეს!“ ახლა ისღა დარჩენიათ, თეთრი მოსასხამები გადაიცვან, ჩირაღდნები მოიმარჯვონ და „ჭიას“ ან „ხეჩიკას“ სახლთან დახვდნენ, ჯვარზე გასაკრავად და ცეცხლს მისაცემად.

ამ დაუვიწყარი სანახაობისას თუ ვინმე ემოციებს მოერევა და ცივი გონებით შეეცდება მომხდარის ანალიზს, თუ ერთხელ და სამუდამოდ ისწავლის თუნდაც ძალიან მტკივნეული მარცხისგან საჭირო გაკვეთილის მიღებას, იმისათვის, რომ მომავალში კიდევ ერთხელ არ მოგვხვდეს მუშტი ცხვირში, ძალიან ბედნიერი შევიქნები, ამ ძნელბედობის ჟამს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^