Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უპუროდ დარჩენილი სანახაობა

27 აგვისტო 2019

ორგანიზებული ქაოსის პირობებში ბანკირი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, ფეხებით ჩამოკიდეს, რაც ლოგიკურია.

საერთოდ, მილიონერებს, გნებავთ მილიარდერებს, არ უყვართ ღიად პოლიტიკაში ჩარევა და პარტიების შექმნა; არც არასდროს ჰყვარებიათ, ყოველთვის ჩრდილში ყოფნა და ჩუმად საქმის კეთება ერჩივნათ. ასე ერჩივნა ბადრის, ასე ერჩივნა ბიძინას და, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძესაც, მაგრამ როცა ირიბად ხარ ჩართული დიდ საქმეებში, მთელი პოლიტიკური კლასი ეცდება, რომ ღიად ჩაგითრიოს.

„არ მკითხოთ, როგორ ვიშოვე ჩემი პირველი მილიონი“ - ამ სიტყვებს ზოგი ჰენრი ფორდს მიაწერს, ზოგიც ჯონ როკფელერს, რეალურად კი ერთსაც ეკუთვნის და მეორესაც, შეეძლოთ ყველაფერი მოეყოლათ პირველი მილიონის გარდა. პირველი მილიონის გახსენებას ყველა ერიდება. პოლიტიკა კი ის ადგილია, სადაც ადრე თუ გვიან ყველაფერს ამოგითხრიან.

2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა გაერთიანებული ოპოზიცია და ვის თავშიც აქტიური ნეირონები შეიენიშნებოდა, მან იცოდა, რომ ეს პოლიტიკური ბლოკი სწრაფად დაიშლებოდა. მათ არ ჰქონიათ საერთო ფასეულობები ან საერთო იდეოლოგია, ჰქონდათ მხოლოდ ღერძი, რომელსაც წარმოადგენდა კაცი ბევრი ფულით და გაუგებარი მეტყველებით.

ის კაცი ბიზნესიდან მოვიდა. წარმატებული ბიზნესმენია, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მდიდარი კაციც კია. ხანდახან წამოაძახებენ, არცერთი ენა წესიერად არ იცის და ნეტავ ფული რა ენაზე იშოვაო. მიამიტური შეფასებაა.

ბიზნესს თავისი საკომუნიკაციო ენა აქვს და საერთოდ არ არის საჭირო, რომელიმე ენას სხლავდე. ამავე დროს, ბიზნესს ყოველთვის თან ახლავს აზარტი, რომელთან გამკლავებაც ძალიან ცოტა ადამიანს თუ მოუხერხებია. საქმის და ჩვეული დღის რეჟიმის გარეშე არ შეუძლიათ და არა მგონია, ეს პინგვინის მოყვარული კაცი გამონაკლისი იყოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიტიკასაც ცხოველური აზარტი ახლავს თან, ოღონდ ბიზნესაზარტისგან საკმაოდ განსხვავებულია და ადამიანს თუ ეს ორი მისწრაფება ერთმანეთში აერია, კარგი არაფერი ელის წინ.

არადა ფაქტია, რომ აერია.

ჭორვილიჩი მმართველ პარტიას ისე მართავს, როგორც კომპანიას. ამ ყველაფრის შემხედვარე ყოველთვის სტივ ჯობსის სიტყვები მახსენდება: „აზრი არ აქვს ჭკვიანი ადამიანების დაქირავებას, თუ შემდეგ მიუთითებთ, რა აკეთონ. ჩვენ ვქირაობთ ჭკვიან ადამიანებს იმისთვის, რომ მათ გვითხრან, რა ვაკეთოთ ჩვენ“. რაშიც სტივ ჯობსი აზრს ვერ ხედავდა, ბიძომ დაინახა.

ასე დაიცალა „ოცნება“ ინტელექტუალური რესურსისგან და დარჩა მხოლოდ ხელის ბიჭებისგან შემდგარი პარტია, რომლის წევრებიც ყოველთვის იმას აკეთებენ, რასაც ზემოდან ეტყვიან. მარგველაშვილი იყო ერთადერთი, ვინც ზარებს არ პასუხობდა და აკეთებდა იმას, რაც საჭიროდ მიაჩნდა. ალბათ კიდევ ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ ჭორვილიჩი მიხვდეს, თუ ვინმემ საკუთარი პარტიიდან სიკეთე მოუტანა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ყოფილი პრეზიდენტია.

სიკეთე იყო ბალანსი, რომელსაც პირადად ყოფილმა პრეზიდენტმა მიაღწია. იმ საღი აზრის შემოტანით, დრო და დრო რომ დაუმორჩილებლად გამოხატავდა, ყველას გულზე რომ ხვდებოდა - ოპოზიციიდან დაწყებული, ხელისუფლების შტოებით დამთავრებული. ბალანსს იწვევდა ის, რომ, გარდა საღი აზრისა, ის გვთავაზობდა ალტერნატივას, რომელსაც ქვეყანაში არსებული ორი ყველაზე დიდი პარტია არ ცნობს. სამაგიეროდ, სრულ თანხვედრაში იყო საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილთან.

მხედველობაში მაქვს მისი პოზიცია სასამართლოსთან და მედიასთან მიმართებით. გარიყეს მონსტრად ქცეულმა პარტიებმა, რადგან ერთსაც და მეორესაც მხოლოდ მათი კონტროლი უნდა და არა თავისუფალი მედია, ან ნულიდან დაწყებული საქმე სასამართლოში.

მას მერეც იყო ბალანსის შემოტანის მცდელობები, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა მარტივი საქმე. როცა გრიგოლ ვაშაძე კენჭს იყრიდა პრეზიდენტობისთვის, ჩვენმა ერთ-ერთმა მწერალმა  გამოაქვეყნა ბლოგი, რომელშიც გაცემული ხმის მოტივად სწორედ ძალთა გადანაწილებით გამოწვეულ ბალანსს ასახელებდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ბალანსი ყოველთვის საღ აზრს შემოაქვს და არა ძალთა გადანაწილებას.

შეძლებდა ვაშაძე რომელიმე ეტაპზე საღი აზრის დაფიქსირებას? - როგორც ბებიაჩემი იტყოდა, მეტი არაა ჩემი მტერი.

ამიტომ ხალხი ისევ მართალი აღმოჩნდა - ბოლო არჩევნებზე ისეთი კანდიდატები შემოგვთავაზეს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიგვეღო, მაინც იმ ქაოსში აღმოვჩნებოდით, რომელსაც მცირე ლოგიკა მაინც შემორჩენია.

დრიმერებმა ყველანაირი რესურსი ამოწურეს, ბავშვებს თვალიც ამოთხარეს, რაც ისტორიას აუცილებლად დარჩება. დიდი ხნის წინ უნდა მივმხვდარიყავით, რომ ისტორიასაც თავისი პრინციპები აქვს; გარდა იმისა, რომ ბევრ უზუსტობას და ტყუილს ინახავს, აუცილებლად იმახსოვრებს სისხლს და ულმობელია ომიდან გაქცეულების მიმართ. ისეთი ულმობელი, რომ ცოტა არ იყოს მებრალება კიდეც ყველა გაქცეული.

მეოცნებეებს წინამორბედების სახით გადასარევი მაგალითიც ჰყავდათ, მაგრამ ვაი, რომ ვერც ვერაფერი ისწავლეს.

როცა ყველანაირი რესურსი იწურება, რჩება მხოლოდ ის ძირძველი და ყოველთვის შედეგის მომტანი ხერხი - პური და სანახაობა.

პურის შანსი არ არის - ლარი გარბის და ვერ ეწევიან. შინიდან გაქცეულს წერილიც დაუტოვებია, მომბრუნებლის ისა და ესაო. წერილის შინაარსს არაფრით არ ასაჯაროებენ, გვიმალავენ და გვაჯერებენ, რომ უბრალოდ სამოგზაუროდ წავიდა, გაივლის და დაბრუნდებაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით - ვინც თავქუდმოგლეჯილი გარბის, უკან იშვიათად ბრუნდება.

დავრჩით სანახაობის იმედად.

ჩვენი მენტალურად მონარქისტი ხალხი ყველაფერს ბოლო წამამდე ითმენს და ყლაპავს, იქამდე, სანამ გზაზე მღვდელს არ გააუპატიურებენ, საპყრობილეში ცოცხს არ გათხრიან ვინმეს, ან ქუჩაში თვალს არ ამოსთხრიან. ამის მერე ამოხეთქილი მრისხანების ჟამს რეპრესიებსაც სიამოვნებით ადევნებენ ხოლმე თვალყურს.

ოღონდ გარდამავალ წლებში. ცვლილებების ჟამს. იმ კაცს ბევრი რამ აერია-მეთქი, ვთქვი და რეპრესიის ჟამიც არევია. ყველას რომ 2012-ში დარეოდა, ნაცვლად კოჰაბიტაციისა, ეგებ პოპკორნის თანხლებითაც კი მიგვედევნებინა თვალი, მაგრამ ახლა მგონი გვიანია. როცა ტყავის გადასარჩენად, მხოლოდ სანახაობისთვის გაანძრევ ერთ ადგილს და არა იმის გამო, რომ კანონმა იკანონოს ან მორალური უფლება გქონდეს იმის თქმისა, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, დიდად ლამაზი სანახაობაც აღარ გამოდის.

მხოლოდ მშივრად დარჩენილები გაიხარებენ, რადგან ბანკირმა კარგად უწყის, რომ უპუროდ დარჩენილისთვის მთავარი სანახაობა სწორედ ბანკირის ფეხებით დაკიდებაა, მაგრამ აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ თავადაც ბანკირია და ჩვენ ისევ მენტალურად მონარქისტები ვართ, ანუ ძაან გვეხალისება, ყოფილ მმართველს რომ სახრჩობელაზე ჩამოჰკიდებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^