Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეჭვიანობამ რა ჰქმნა

04 სექტემბერი 2019

საფეხბურთო ნაკრების თამაში ახლოვდება, გამოძახებულ ფეხბურთელთა სია, როგორც ყოველთვის, კამათის საგანი გახდა და რამდენიმე გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის ჩემიც.

თუმცა ყურადღება სულ სხვა რამემ მიიპყრო, სხვადასხვა სპორტულ გვერდზე არაერთი ქომაგი გამოთქვამდა წუხილს, რომ შემადგენლობას არა მთავარი მწვრთნელი, არამედ იქ, ზევით, ვიღაც სხვა აყენებს. ეს მანიაკალური ეჭვი ჩემთვის ნაცნობია, ეს ბოღმით სავსე ეჭვი ერთხელ აგვიფეთქდა კიდეც. ჰო, ასე აღმოჩნდა, რომ ხანდახან ეჭვიც ფეთქდება. ის დღე გააშავეს და არასდროს არავის ამაზე არ უსაუბრია, მაგრამ გულშემატკივარში შემორჩენილი კვლავინდებური ეჭვის გადამკიდე სიამოვნებით გავიხსენებ.

მაშინ 13 წლის ვიყავი, მთელი ქალაქის მსგავსად მეც განერვიულებული ვცდილობდი ჩვენი კიდევ ერთი მარცხის დავიწყებას. ძალიან მტკივნეული გამოდგა, რადგან ევროპის ჩემპიონებთან წავაგეთ, ჩემპიონებთან ადრეც წაგვიგია, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო, მთელი ქვეყანა ამბობდა, რომ ბერძნებმა ანტიფეხბურთით მოიგეს ჩემპიონატი, ჩვენ კიდე ეგრე არ შეგვიძლია: თუ ვთამაშობთ - მხოლოდ ლამაზად, მხოლოდ შემტევი სტილით! მოგვიანებით ეგ მითიც თავზე ჩამოგვენგრა, მაგრამ მაშინ ასე გვჯეროდა.

საბერძნეთს კიდე გაუვარდა - როგორც ეზოში შეკრებილები ამბობდნენ. საფრანგეთთან, იმ დროისთვის ძალიან ძლიერ ჩეხეთთან და მასპინძელ პორტუგალიასთან, თანაც ორჯერ. ყველასთან გაუვარდათ.

როცა ჩვენს ჯგუფში მოხვდნენ, შანსი მოგვეცა, მათი ანტიფეხბურთის შემხედვარეს წამოცდენილი სიტყვები სისრულეში მოგვეყვანა. - ამათ ხო ჩვენც მოვუგებთ, კაცო?! - დავიწყეთ მზადება, რომ ყველასთვის გვენახვებინა, ჩვენ უკეთ შეგვეძლო ბურთაობა, ვიდრე ბერძნებს.

ასე იყო ტრადიციულად და ასე იქნება ყოველთვის.

აბა, ჩვენთან რომ მესხი ფინტებს იგონებდა, ბერძნები სად იყვნენ?! ან 81-ში რომ ჩვენმა ოქროს ბიჭებმა ცეკვა-ცეკვით მოიგეს, ბერძნები სად იყვნენ?! არსად! ჩვენ კიდე გენებში გვაქვს , სისხლში გვაქვს!

ჰოდა, წავაგეთ.

ჯერ არ წაგვიგია თუ რა...

ეს მაინც განსაკუთრებული მარცხი იყო. დანაღვლიანებული ტელევიზორს მივუჯექი, სადაც კოკა ყანდიაშვილის „რა ხდება“ გადიოდა. სტუმრად ჰყავდა მაშინდელი „შაბათის შოუს“ მსახიობები - მიშა ანდღულაძე და ვასო ფხაკაძე. მოგვიანებით გაფითრებული გოჩა თანდარაშვილიც შეუერთდათ, გაფითრებული იმიტომ, რომ სტადიონზე იყო, მერე, არ დაიზარა და მაინც მივიდა გადაცემაში. სახე წაშლილი ჰქონდა და ალაგ-ალაგ ძალდატანებით იღიმებოდა.

ამ დროს მაყურებელმა დარეკა („რა ხდებაში“ ასე რეკავდნენ ხოლმე, ხანდახან დანიიდანაც) და შოთი არველაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, ნაკრებიდან წადიო!

პრობლემა ის არ იყო, რომ ამ გადაცემას ნახევარი ქვეყანა უყურებდა, პრობლემა ის იყო, რომ ამ მაყურებლის განწყობას და მოწოდებას მთელი ქვეყანა იზიარებდა. გოჩას გარდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაფითრებული იჯდა, მაინც მოიკრიბა ძალა და, ისტორიაში პირველად, სატელევიზიო სივრცეში იქცა ერთადერთ ადამიანად, რომელმაც ყოველგვარი ემოცია და გულისტკივილი გვერდზე გადადო და თქვა ის, რაც სათქმელი იყო - ერთი შეცდომის გამო დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს კარისკენ არ უნდა მიუთითო.

ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ ეს ცალკეული შემთხვევა ფიქსირდება, როცა ადამიანი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ გავეშებული და ჭკუიდან გადასული ხალხი სულ სხვაგვარად ფიქრობს.

შოთი მართლა წავიდა. ოთხ დღეში თურქეთთან გვქონდა თამაში, მაგრამ ადგა და წავიდა. მოგვიანებით იტყვის, ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძნიაო.
...და მაინც, რა მოხდა იმ დღეს?

ძალიან არ მიყვარს, ყველა მოვლენის ანალიზისას რომ საბჭოთა პერიოდისკენ იშვერენ ხელს, მაგრამ მაინც იქით მომიწევს წასვლა. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის შეპყრობილი იყო ისტერიული, შეშლილი კაცის ეჭვებით, რასაც ტრადიციულად ასე გამოხატავდა - „ესენი რაღაცას ჩათლახობენ...“

ვვარაუდობ, რომ ეს იმდროინდელი სენია, როცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას „ზემოთ“ იღებდნენ, „ზემოთ“, ანუ მოსკოვში, ამის გამო ბევრი მწარე სილაც მოგვხვედრია.

მაგალითად, საბჭოთა ჩემპიონობა ჩამოგვართვეს, უფრო სწორად, თავიდან გვათამაშეს და წაგვაგებინეს. ქართული კლუბები და განსაკუთრებით „დინამო“ ყოველთვის სხვაზე მეტ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ და ქართველი ფეხბურთელებიც სხვებზე მეტად იჩაგრებოდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. მარტო ყიფიანის მაგალითი რად ღირს. მისი დატოვებით ხომ მთელი ქვეყანა დასაჯეს.

მერე კი მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ 70 წლის განმავლობაში რომ მენტალობა გიყალიბდება, იმას ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მოიცილებ, თან ისეთი პერიოდი მოჰყვა ნგრევას, რომ ხალხმა ერთმანეთი სულ მოიძულა. თბილისელები ცენტრალური უბნებიდან კი განსაკუთრებით მოიძულეს მხედრიონის „გმირობების“ გამო.

სიტყვას ფორმა არ უცვლია - „ესენი რაღაცას ჩათლახობენ“, მაგრამ ამათში უკვე სათავეში მოსულები იგულისხმებოდნენ და არა მოსკოველები.

შოთის დანაშაული თბილისელობა იყო, მხედრიონელებსაც კარგად იცნობდა, ვერის საძმოელებსაც, ზოგთან მეგობრობდა კიდეც, ფედერაციის პრეზიდენტიც მისი ძმაკაცი იყო და გულშემატკივრის ნახსენებ ამ ურყევ ჩათლახობაში ავტომატურად გაერია.

„თბილისელები წყვეტენ მანდ ყველაფერს“ - ესეც ძალიან ნაცნობი სიტყვებია. გაღმიდან ან თბილისის მიღმა სივრციდან წამოსული, ასე აღნიშნავდნენ, რომ სხვებს უსამართლოდ ჩაგრავდნენ, მაგალითად ზაზა ჯანაშიას, რომელიც ნაკრებიდან მოკვეთილი იყო და რუსეთში მძიმე წონას უშედეგოდ ებრძოდა.

საბერძნეთთან შეხვედრის დროს ბევრი რამ შეცვლილი იყო. რევოლუცია მოვიტოვეთ უკან. პრეზიდენტიც შეიცვალა, მაგრამ ფედერაციაში ამჯერად რეზიკო არველაძე გამოისახა და შოთის ისევ ეჭვის თვალით უყურებდნენ, ქართველის ეჭვიანი ბუნება არსად გამქრალა და, პირიქით, ფედერაცია ისე დაკომპლექტდა, რომ გაორკეცდა კიდეც.

მწვრთნელი ჟირესია, მაგრამ ქართველი იძახის, რომ შემადგენლობას „თბილისელები“ აყენებენ. ის ფრანგი კაცი უბრალოდ ბუტაფორიაა.

არველაძეს კლუბში საქმე აერია, გარდა იმისა, რომ ტრავმით დაიწყო და ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო, მაკლიში ძირითადში აღარ მოიაზრებდა. ბრიტანულ სტილზე გადაიტანა აქცენტი, ერთი ფიზიკურად ძლიერი, ტარანის სტილის ფორვარდი (დადო პრშო) და მეორე დაბალი, სწრაფი, მოძრავი ფორვარდი (ნაჩო ნოვო). შოთიმ ადგილი დაკარგა, მაგრამ ნაკრებში მაინც ჩამოვიდა და ისედაც ეჭვით შეპყრობილი ქომაგი უფრო მეტად გააღიზიანა.

მაშინ კომპიუტერი ძალიან ცოტას ჰქონდა, ვისაც ჰქონდა, ინტერნეტი არ ჰქონდა, ვისაც ორივე ჰქონდა, ელემენტარულად საიტს ვერ იპოვიდა, სადაც წინასწარ გაიგებდა გუნდის შემადგენლობას, ამიტომ მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე ვიგებდით ხოლმე გვარებს.

მახსოვს განწყობა, რაც მაშინ სუფევდა. გულშემატკივარი იყო დატენილი, სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვიტყვი, ყველა ელოდა, რომ ძირითადში შოთი იქნებოდა, მიუხედავად ტრავმებისა და უთამაშებლობისა; ოღონდ ელოდნენ არა იმიტომ, რომ ასე სურდათ ან ასე უფრო ლოგიკური იქნებოდა, ელოდნენ იმიტომ, რომ ის ეჭვით გაბერილი ჭია გაეხარებინათ და მერე გაესროლათ.

ასეც მოხდა. როგორც კი შოთის გვარს მოვკარით ყური, უკმაყოფილების ერთმა ტალღამ გადაიარა, მერე კი მთელი სტადიონი იყო ჩასაფრებულის პოზაში, ყველა ელოდა, როდის გააფუჭებდა მომენტს, როდის დაუცდებოდა ფეხი, როდის დაკარგავდა ბურთს, რომ მთელი ეს ნაგროვები ბოღმა, რაც კაცმა არ იცის, რომელი წლიდან მოდის (ალბათ სამოციანებიდან), ამ ერთი ფეხბურთელის კისერზე შეეგდოთ.

გოლი შევაგდეთ და წინ გავედით, ჩვენმა ეგომ წყალი დალია, ჩემპიონებს გავუტანეთ, „ხო გეუბნებოდი, ამათ ჩვენც მოვუგებთ-მეთქი“ - ისმოდა ნაადრევი სიხარული ტრიბუნებზე.

მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა. ტაიმის ბოლოს საკუთარ საჯარიმოსთან ჩამოსულმა შოთიმ ბურთს ფეხი ააცილა და მეტოქემ გაგვითანაბრა.

აი აქ აფეთქდა ის ბომბი, რომელიც წლობით იტენებოდა.

მთელი სტადიონი საშინელი სიტყვებით აგინებდა ჩემს კერპს. სფერო, რომელშიც არავისგან არაფერი გვესწავლება, სწორედ ლანძღვაა. შეუდარებლები ვართ.

ჩემი თაობისთვის შოთი პელე იყო, ქინქლაძე - მარადონა; ჩვენ არ გვინახავს არც ყიფო, არც დარასელია. უფროსებმა კი ნახეს, მათი გაოცება და აღფრთოვანება ძალიან რთული გახდა, ამიტომ გაიმეტეს ფეხბურთელი, რომელიც მათთვის განსაკუთრებული არაფრით ყოფილა, ჩვენთვის კი იყო.

მეხსიერებაში ჩამრჩა სურათი, რომელიც არცერთ კამერას არ აღუბეჭდავს, იმიტომ რომ კამერა ძირითადად ბურთს დასდევს და იქ ბურთი არ იყო, მხოლოდ შოთი იდგა, დამცირებული, დაზაფრული. გავეშებული ტრიბუნისკენ შემოტრიალდა და გულიანად ამოსძახა - წადით თქვენი დედაც...!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^