Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დრო და შოკოლადი ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლეში“

07 სექტემბერი 2019

ტექსტი შეიცავს სპოილერებს

გერმანულმა გამომცემლობამ უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ თარგმნასთან ერთად გამოთქვა სურვილი, რომ თან დაერთო ბიბლიოთეკის სქემა, რადგან რომანში აღწერილი ბიბლიოთეკა ამავე დროს ლაბირინთია.

ეკო კატეგორიული წინააღმდეგი იყო. „მკითხველი უნდა დაიკარგოს!“ - ასეთი იყო მისი პასუხი. მხოლოდ ავტორმა უნდა იცოდეს, სად არის სინათლის წყარო. მკითხველმა კი ეძიოს პერსონაჟებთან ერთად, იხეტიალოს ჩაბნელებულ ბიბლიოთეკაში ხელის ცეცებით და შეეშინდეს, რომ ვერასდროს გააღწევს კოშკიდან.
პირველ ჯერზე ავტორის აზრი გაითვალისწინეს, მაგრამ მოგვიანებით წიგნს სქემა მაინც დაურთეს. გამომცემლობა დაემსგავსა „ვარდის სახელის“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ხორხეს, რომელიც ყველაზე უკეთ იკვლევს გზას ლაბირინთში, თუმცა ბრმაა. საბოლოოდ კი იმდენს იზამს, რომ ბიბლიოთეკა თავის უნიკალური ნამუშევრებით ფერფლად იქცევა.

თავისებური ლაბირინთია გაბო მარკესის „მარტოობის ასი წელი“. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამ წიგნის პირველად წაკითხვის შემდეგ არ გაბმულიყოს ბუენდიების ქსელში, სადაც ყველა ან აურელიანოა, ან ხოსე არკადიო.
აქაც იგრძნობა გერმანული ხელწერა, თარგმნასთან ერთად წიგნს ისევ მიაყოლეს გენეალოგიური სქემა, რომელმაც ზუსტად გააგებინა მკითხველს, თუ რამდენი ხოსე არკადიო ცხოვრობდა მაკონდოში. მერე ეს სქემა სხვადასხვა გამომცემლობამ გადახატა და ასე მოედო მთელ მსოფლიოს.

არადა, მკითხველი გაბოს აღწერილ ას წელშიც უნდა დაიკარგოს, თანაც ისე, რომ საბოლოოდ დაკარგოს მნიშვნელობა, ჩვიდმეტ აურელიანოთაგან რომელი იყო უფრო მეტად ბუენდია. სწორედ მაშინ, როცა პერსონაჟების სახელებს ანკესით აღარ დასდევ, ხედავ მაკონდოს სახეს და მიჰყვები მისი ცხოვრების რიტმს. ყველა ქალაქსა და სოფელს თავისი სახე და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პულსაცია აქვს.

ნინო ხარატიშვილის თბილისს გული რამდენჯერმე უსკდება და რაღაც აუხსნელი ძალით ისევ თავიდან იწყებს ფეთქვას, რასაც ყოველი მომდევნო თაობა სულ სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

როგორც კი „მერვე სიცოცხლე“ გადავშალე, მუხლებზე ფურცელი დამეცა, ზედ ორი გენეალოგიური ხე არის მიდღაბნილი და ამდენივე მომწიფებული გვარი ასხია.

გვარი ჯაშთა და გვარი ერისთავთა.

წიგნი გერმანულად დაიწერა, ჩვენ ნათარგმნი გვერგო. ხეებსაც გერმანელები დახატავდნენ, ჩვენ უბრალოდ გადმოვხატეთ.

ფურცელს თვალი შევავლე და წინასწარვე შევიტყვე, რომ ერისთავების გვარი ისეთივე განტოტვილი ყოფილა, როგორიც ჯაშის, არადა, კითხვისას სულ თან გდევს იმის განცდა, რომ მომდევნო ერისთავი აუცილებლად უკანასკნელი იქნება.

ჯაშების ოჯახი დანაშაულის გრძნობის გამო ჯიუტად ინახავს ერისთავებს და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულადაც იკვეთება მათთან.

გაბოს „ასი წლისა“ არ იყოს, აქაც თითქმის ასწლეულია აღწერილი, ბევრი გზაა და უფრო მეტი პერსონაჟი, მაგრამ ეს მაინც არ არის რომანი, სადაც იკარგები. ეს არის რომანი, სადაც გარბიხარ. ხან სახლიდან, ხან ქვეყნიდან, ხანაც საკუთარ თავს გაურბიხარ, რომ ვიღაც სხვამ იცხოვროს შენი ცხოვრებით. ამ ისტორიაში კი კაცები ისაკუთრებენ ქალების ცხოვრებას.

შვიდი თაობის ოჯახში შვილები არ ჰგვანან მშობლებს, გენეალოგიურ ხეზე მყარად მოკალათებულს უკვე აღარც გახსოვს, როგორი იყო შოკოლადის ფაბრიკანტი, მაგრამ მისი რეცეპტი ინახება და შოკოლადიც გემოს ინარჩუნებს.

ყოველი მომდევნო თაობა უპირველესად საკუთარ დროს ჰგავს. უფრო სწორად კი, დროებას. როცა კიტი თავს დააღწევს საბჭოთა საზღვრებს, მასთან ერთად მკითხველიც ხვდება, რომ საზღვრის მიღმა დრო სხვანაირად გადის და, ქალაქის არ იყოს, დროსაც თავის სახე აქვს. ქალაქი, კონკრეტულად კი ლონდონი, გვევლინება ადგილად, სადაც, ძალიან რომ მოინდომო, მაინც ვერ დარჩები მარტო, იმიტომ რომ შენნაირი მარტოსულები აუცილებლად შემოგიღებენ კარს.

კიტი აღმოაჩენს, რომ სევდიანი ამბების სიმღერით მოყოლა შეუძლია, მაგრამ არა ჩაკეტილ წრეში, მშობლების ან ძმის საამებლად, ან სტუმრების თვალწინ დასამღერებლად, როგორც ხდება ხოლმე ჩვენში, არამედ შეუძლია იმღეროს ყველასთვის, თან ისე, რომ ლონდონელი პატი სმიტი გახდეს და ამავე ქალაქში დამკვიდრდეს.

კარს გაუღებს ახალ ადამიანებს და იმ სურვილებს, რომლებსაც ოკუპირებულ მიწაზე ყოფნისას უგულებელყოფდა. კიტის გაქცევა და ევროპაში დამკვიდრება გვაჩვენებს, რომ ყველა საბჭოთა ადამიანს ჰყავდა მეორე მე, რომელიც საზღვრებს მიღმა სულ სხვა ადამიანად იქცეოდა და სულ სხვა ცხოვრებით იცხოვრებდა.

სახლში კი შოკოლადი ისევ მზადდება და ისევ ისეთი გემრიელია, როგორიც ყოველთვის იყო. ერთი ეგ არის, რომ ამდენი უბედურება, რაც საბჭოეთში დატრიალდა, რეცეპტის მესაიდუმლე ქალებმა სულ შოკოლადს დააბრალეს.

მაინც ჭამენ. იმპერიებისგან დაგლეჯილნი ჩვენ დღემდე ის მიამიტი ბავშვები ვართ, რომლებიც ყოველთვის ჭამენ იმას, რაც გემრიელია, მიუხედავად იმისა, სასარგებლოა თუ არა. ვჭამთ დაპირებებს, გაურკვეველ გზავნილებს და ოცნებებსაც კი. რაც უფრო მეტად მოწყვეტილია რეალობას, რაც უფრო მეტად ილუზიური და ტკბილია, მით უფრო გულიანად შევექცევით, რადგან კარგ ოცნებაზე გემრიელი ჩვენთვის არაფერია.

ამიტომ ამბობს სტასია, რომ შოკოლადი დაწყევლილია, უბედურება მოაქვს, სიკვდილიც მოუტანია, მაგრამ როგორც კი ვინმე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ძალა აღარ შესწევს პრობლემას გაუმკლავდეს, მაშინვე უგემრიელეს შოკოლადს სთავაზობს. ერთგვარ თავდავიწყებას, ნარკოტიკს, რომელიც ისევ მოჰფენს მათ სახეზე სიამოვნების ღიმილს, პრობლემას კი მიივიწყებს.

როცა ოთხმოცდაათიანებში პურიც აღარ დარჩება ოჯახში, ამ უგემრიელესი შოკოლადით ნამცხვრებს დააცხობს, რომელსაც მთელი თბილისი შეექცევა.
მძარცველებიც და გაძარცულებიც, ყველანი შევჭამთ!

ეს არის რომანი, სადაც სილამაზე ვერ გშველის, როგორც ღვთისგან ან ბუნების ძალისგან ნაბოძები უპირატესობა. აქ სილამაზე ყველაზე სასტიკად და დიდი ტკივილით კარგავს სახის ნახევარს. ქრისტინე ჩვენი ლამაზი ქვეყნის გარეგნული სახეა, დაღდასმული რომ ხდება სტალინური დღეების აღსანიშნავად. სახის მეორე ნახევარი კი ინარჩუნებს სილამაზეს და წარმოადგენს იმედს, რომ ოდესმე ისევ იქნები თავისუფალი.

9 აპრილს ჩამოიძრობს თავის პირბადეს, აღარ აქვს არაფერი დასამალი, რადგან ის წამია კარზე მომდგარი, რომელმაც თავისუფლება უნდა მოგიტანოს. წასვლამდე ჰყვება ანეკდოტს, მოყოლამდე კი ნიცასთან ერთად თითოეულ ჩვენგანს გვაფრთხილებს, რომ საშინელი მოსასმენია, მაგრამ მაინც შეშლილივით იცინის.

როცა მთხრობელმა ძალა მოიკრიბა და გაგვიმხილა ამ საშინელი ანეკდოტის შინაარსი, მეც შეშლილივით გამეცინა.

შვიდნაწილიანი ამბის, თითქმის ასწლეულის მთავარი ადრესატი არის ანასტასია, რომელიც დაირქმევს ბრილკას და წიგნსაც სათაურის ქვემოთ აწერია „ბრილკას“. ბრილკას ანუ ჩვენ. ჩვენს თაობას, თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულების თაობას, მართალია დამწვარ-მინგრეულში, მაგრამ მაინც თავისუფალში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც შოკოლადს არ ჭამს, სწორედ ბრილკაა; მიუხედავად იმისა, რომ კვლავინდებურად ძალიან გემრიელი და მადის აღმძვრელია.

გარდა იმისა, რომ ბრილკა ჩვენი სახეა, ასევე ფიცჯერალდის ბენჯამინ ბატონსაც წააგავს.

ფიცჯერალდის მოთხრობის პერსონაჟი იბადება ხნიერი, ბებერი სხეულით და ბავშვის გონებით. მისი სხეული წლიდან წლამდე ახალგაზრდავდება, გონება კი ბერდება.

ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ სისხლიან ისტორიას გაეცნობა, კარგავს იმ სილაღეს, რაც ადრეულ წლებს მოაქვს და ერთვება იმ საუკუნოვან ბრძოლაში, რომელიც ისევ გრძელდება.

მხოლოდ ბენჯამინის მსგავსად, რაც უფრო მეტად დაშორდება მძიმე წარსულს, მით უფრო გაახალგაზრდავდება, ოღონდ დაშორდება არა დავიწყების, ანუ შოკოლადის მეშვეობით, არამედ გადააზრებით და საბოლოო უარის თქმით.

მხოლოდ ასე ვივლით ბენჯამინივით გაახალგაზრდავებისკენ და ხელახალი დაბადებისკენ.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

წმინდა ილიას ამბავი

როგორც წესი, საერთოდ არ ვეხებით და არ განვიხილავთ იმას, რასაც საკრალურ მნიშვნელობას ვანიჭებთ. „წმინდა“ ჩვენთ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

მამის ბლოგი - წერილი N5

ინგლისიდან საქართველოში რამ დაგაბრუნათ? ვერ დარჩით? - მეკითხებიან და ალბათ შენც საყვედურით გკითხავენ ხოლმე, ამიტომ მინდა ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

ხაზარაძე - დაფასთან!

ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ველი მთლიანად დაიკავა. ...

მეტი

^