Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაზა ურუშაძემ კინოაკადემია დატოვა

12 სექტემბერი 2019

კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას.

არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს, - წერია ზაზა ურუშაძის განცხადებაში.

კინოაკადემიის პრეზიდენტი აღარ დაელოდა გადადებულ ყრილობას, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო და თანამდებობა დატოვა. პირველი ყრილობა კი აგვისტოში ჩატარდა ხმაურის ფონზე, თუმცა კვორუმი არ შედგა და ჩაიშალა.

აგვისტოში გამართულ ყრილობაზე ზაზა ურუშაძის გადადგომას რამდენიმე მხარე ითხოვდა:

ერთ მხარეს იყო სოსო ჯაჭვლიანი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, მსახიობი, რეჟისორი, მკლავჭიდელი, კაი პურის მჭამელი და ხელის დამრტყმელი კაცი.

მეორე მხარეს - რეჟისორი ბუბა ხოტივარი, რომელიც ასევე განიხილავდა თავს მოქმედი პრეზიდენტის პოტენციურ შემცვლელად.

ყრილობაზე ასევე აქტიურობდა კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი გიორგი გურგულია, რომელიც ასევე ითხოვდა ზაზა ურუშაძის გადადგომას.

როგორც აღმოჩნდა, მათ თავიანთი ელექტორატიც ჰყავთ, ძირითადად ხანშიშესული ადამიანებისგან შემდგარი, რომელთა ხელმოწერებიც წარადგინეს აგვისტოს ყრილობაზე, მაგრამ მოწვეულმა ნოტარიუსმა არალეგიტიმურად ცნო კინოაკადემიის იმ წევრების მინდობილობები, რომლებიც ყრილობას არ ესწრებოდნენ. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, კვორუმი ვერ შედგა და ყრილობა ჩაიშალა.

კანდიდატებმა განმარტეს, რომ ხელმომწერთა ნაწილი შეუძლოდ იყო, ზოგიც ქალაქიდან გასულიყო და სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს ყრილობაზე დასწრებაო.

ნამდვილად საინტერესო სეგმენტია. ქართულ კინოში მიმდინარე მოვლენებზეც დიდად გული შესტკივათ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ერთი ქართველი ვაჟკაცი მეორესთან სიყვარულს მიეცა და ეს ყველაფერი კინოკამერაზე აღიბეჭდა. თანაც სულ ცეკვა-ცეკვით იმასუქნიათ.

ამ ჯერ არჩამოსულ კინოს რომ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ეს ძველი ამბავია. სხვადასხვაგვარი შეფასებები მოვისმინეთ და ერთ-ერთი ზაზა ურუშაძე იყო, ვინც ჰუმანური განცხადებით გამოირჩა, არ ვიცი, ეს ჰუმანიზმი აკინის კინოს მიება თუ ზოგადად დააფიქსირა თავისი აზრი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ აღნიშნული სეგმენტიდან ერთ-ერთმა, აი ხანში და დროში როა შესული, ჭაღარაც რომ შეეპარა და სტაჟიანი ეპოქასთან მოჭიდავე რომ ბრძანდება, ზაზას მშობელთან დარეკა და სულ პედერასტი ეძახა. აი როგორც საბჭოთა მმართველობისას ხდებოდა, ზარი ტელეფონზე და საყვედური მშობელს - თქვენი შვილი არასწორად იქცევაო!

იქნებ სადმე აიჭრა ეს ხალხი ან მარაზმი დაეწყოთ... იქნებ კომპარტიის წევრი ჰგონია თავი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - იმ შორეული წარსულიდან მოყოლებული, ყურმილი არ გაუგდიათ ხელიდან. ასე, ვიწრო წრეში, შინაურულად გაასილაქეს.

ჩვენთან ხომ კინო ჯერ კიდევ ვიწრო წრის კუთვნილებაა!

ამ აურზაურის საწყისი კი სახინკლე გახდა. მკითხველი იფიქრებ, სად ერეკლე და სად ჩემი... სახინკლეო, მაგრამ თუნდაც დაუკვირვებელი თვალი, არხეინად რომ იხედება იქით, საითაც გაუსწორდება, აუცილებლად შენიშნავს კინოაკადემიის შენობაში ხინკლის სახლს.

იქ ნორმალური ხინკალი აქვთ და ხანდახან მოქკავშირისდროინდელი მომღერლებიც შეიყრებიან ხოლმე. მაძღარ ხალხს ძველ ჰიტებს უმღერიან.

გენო, ფონოგრამა!

თავის დროზე, როცა კინოაკადემია ჯერ კიდევ კინოკავშირი იყო, ქართულ კინოზე მზრუნველმა ხალხმა ეს ადგილი გაყიდა და გაიხსნა სახინკლე. გადარჩენილი შენობა 90-იანების დროის მიტოვებულ ქარხანას დაემსგავსა, „რაზბორკების“ და წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის რომ არის ზედგამოჭრილი.

„ვაჭრების“ შემდგომ მმართველობას არაფერი გაუყიდია, სამაგიეროდ, არასდროს გადასახადი არ გადაუხდიათ და ძალიან დიდი ვალი დატოვეს.

მას მერე, რაც მმართველი ზაზა ურუშაძე გახდა, ყველაფერი დაიწყო ნულიდან. კინოკავშირი გადაკეთდა კინოაკადემიად, შეიცვალა მმართველობის სისტემა, გაჩნდა განვითარების გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ყველაფრის აღდგენა.

მმართველობამ ფართის გაქირავების უფლება გონივრულად გამოიყენა, შენობის მესამე სართული მიაქირავეს უცხოელ ინვესტორს, რომელიც სასტუმროს ხსნის და შემოსული თანხა შიდა ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენეს.

ორგანიზაცია, როგორც იქნა, გათავისუფლდა წინა წლებში დაგროვილი ფინანსური დავალიანებისგან და სწორედ ამ დროს გაიღვიძა წარსულმაც - იმ შავბნელი წარსულიდან ითხოვდნენ, რომ ფართის გაყიდვაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ურუშაძის მმართველობას დაკისრებოდა, რასაც, რა თქმა უნდა, არავინ დათანხმდა. კამათი შეურაცხყოფაში გადაიზარდა და მოძალებული ემოციის ჟამს, როცა გონი ენას ვეღარ იჭერს, როგორც იქნა, ითქვა ის, რისი თქმაც ადრე არ შეიძლებოდა, ან მხოლოდ ჩურჩულით თუ იტყოდა ვინმე - წადით თქვენი მეხინკლე დედაცო...

ხალხი, რომელიც სექსუალური უმცირესობის მიმართ ჰუმანიზმს არ პატიობს არავის, აბა ამ გულის დამდაგველ სიტყვებს როგორ გადაყლაპავდა?!

ზაზას მოსთხოვეს ამ გასროლილი სიტყვების ავტორი, მისი მოადგილე გიო მგელაძე გადაეყენებინა. აი ასე, ჰკარი ხელი და მოიცილეო. ეგ გაფუჭებული ბიჭია, პლანებს ეწევა და ისეთი ჭკუამხიარულია, მაგან რა საქმე უნდა აკეთესო. არადა, კინოაკადემიის ერთ-ერთი დარბაზი სწორედ გიო მგელაძის ინიციატივით გაკეთდა.

ზაზას კიდე, რომ შეხედავთ, არ ჰგავს კაცს, ვიღაცის ჭკუაზე რომ დადის ან ცეკვავს.

მუქარაზე გადავიდნენ - გადაგაყენებთო.

მუქარითვე უპასუხა - ვინც არ გადამაყენოსო... და დაიწყო.

ამ რბილად რომ ვთქვათ უხეშმა გადაძახილებმა აკადემიის წევრთა კრიტიკა გამოიწვია. პროტესტი გამოთქვა მერაბ კოკოჩაშვილმა, რომელიც ძალიან უკმაყოფილო დარჩა იმ დამოკიდებულებით, რაც აკადემიის წევრებმა ერთმანეთის მიმართ გამოხატეს. თუმცა, როცა სიტუაცია შედარებით მიწყნარდა, შეთანხმდნენ, რომ ასეთი „მყვირალა“ გადაძახილებით არაფერი გამოვა და აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, მშვიდ ვითარებაში.

არც სიმშვიდით გამოვიდა რამე და არც დიალოგით.

დროა ითქვას, რა გაკეთდა.

პირველ რიგში, კინოაკადემიამ საკუთარი სახსრებით გაარემონტა მცირე, იგივე „ლურჯი კინოდარბაზი“. განახლდა იატაკი, სკამები, კედლები, სცენა. დარბაზი აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, დამონტაჟდა ახალი განათება, შეიცვალა გათბობისა და კონდიცირების სისტემები.

პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით მცირე კინოდარბაზს დაემატა კიდევ ერთი - წითელი კინოდარბაზი, რომელიც ასევე აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს ღონისძიებების ჩასატარებლად.

ასევე საკუთარი სახსრებით მოაწესრიგეს დიდი კინოდარბაზის ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში დაბინძურებულ მდგომარეობაში და უფუნქციოდ იყო. ამჟამად დარბაზი მზად არის სხვადასხვა მასშტაბური პროექტის მასპინძლობისთვის.

გარდა ამისა, ცვლილება უკეთესობისკენ ეტყობა ყველაფერს - გათანამედროვებულია კინოაკადემიის ვებგვერდი, კინოაკადემიის გვერდი სოციალურ ქსელში და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ, იმ უამრავი ღონისძიების ფონზე, რაც უკვე ჩატარდა, ყველაფერი მართლაც უკეთესობისკენ შეიცვალა.

საერთოდ აღარ არის გასაკვირი, რომ ამდენი ადამიანი გამოჩნდა სურვილით, თავად ჩაუდგეს სათავეში მილაგებულ-მისუფთავებულ აკადემიას. მერე რა, რომ ერთი აგურიც არ დაუდიათ. მივლენ, წამოსკუპდებიან და, ვინ იცის, იქნებ კიდევ რომელიმე ნაწილი გაყიდონ სახინკლის ან ჩინური მასაჟის სალონის გასახსნელად.

„დაბოლოს - ჩემი აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას“, - ასე ამთავრებს წერილს ზაზა ურუშაძე.

მე მგონი, ყველაფერი ნათელია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

წმინდა ილიას ამბავი

როგორც წესი, საერთოდ არ ვეხებით და არ განვიხილავთ იმას, რასაც საკრალურ მნიშვნელობას ვანიჭებთ. „წმინდა“ ჩვენთ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

მამის ბლოგი - წერილი N5

ინგლისიდან საქართველოში რამ დაგაბრუნათ? ვერ დარჩით? - მეკითხებიან და ალბათ შენც საყვედურით გკითხავენ ხოლმე, ამიტომ მინდა ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

ხაზარაძე - დაფასთან!

ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ველი მთლიანად დაიკავა. ...

მეტი

^