Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული კვალი საფეხბურთო იმპერიის დამხობაში

26 სექტემბერი 2019

ერთ დროს ისტორიაში საუკეთესო კლუბად მიჩნეული „ბარსელონასგან“ თითქმის აღარაფერია დარჩენილი. არც სათამაშო სტილი, არც ფილოსოფია. კლუბმა ზუსტად ის დაკარგა, რის გამოც მილიონობით ადამიანის სიყვარული და აღიარება დაიმსახურა.

ბევრი იწერება იმის შესახებ თუ საიდან დაიწყო დასასრულის დასაწყისი და ვის რა ბრალი მიუძღვის იმაში, რომ „ბარსამ“ სახე დაკარგა.

ზოგი მწვრთნელს აბრალებს, ზოგი - მმართველობას, ისეთებიც გამოჩნდნენ, ფეხბურთელებისკენ რომ იშვერენ ხელს, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. შემდეგ კი მიჰყვა ჯაჭვური რეაქციით.

კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტის არჩევისა და აღზევების პარალელურად იწყება რუსული მაფიის დამკვიდრება „ბარსელონაში“. დაახლოებით 2003 წლიდან. 2005 წელს უკვე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა სახელწოდებით „კრაზანა“, რის შედეგადაც მაფიის წევრები აიყვანეს, მაგრამ ბოსმა გაქცევა შეძლო.

ხუან ლაპორტას სპორტული მიმართულებით სწორი ხედვა ჰქონდა. ეს თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ მრჩევლად იოჰან კრუიფი ჰყავდა, რომელმაც ჯერ რაიკარდის მიყვანა ურჩია (რის შემდეგაც კრიზისს თავი დააღწიეს), მოგვიანებით კი პეპ გვარდიოლა, რასაც საფეხბურთო მწვერვალზე ასვლა მოჰყვა.

აქვე იღებს სათავეს მტრობის ისტორიაც. Non Serviam - თქვა სანდრო როსელმა, დაცემული ანგელოზის მსგავსად. პრეზიდენტს აუჯანყდა, ბრალდებები წაუყენა და კლუბი დატოვა. არადა, სანდრო ის კაცია, ვინც გუნდში რონალდინიო მიიყვანა. ეს მისი პირადი დამსახურებაა და გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ხუან ლაპორტას ვიცნობთ როგორც პოლიტიკოსს. ყოველი მომდევნო პრეზიდენტი, რომელსაც „ბარსა“ ირჩევს, მოდის ყველაზე პოპულარული ლოზუნგით: გაუმარჯოს დამოუკიდებელ კატალონიას!

პროფესიით იურისტი მოგვიანებით კატალონიის პარლამენტშიც ამოყოფს თავს. მისი კავშირებით ეს გასაკვირი სულაც არ არის.

ლაპორტას მესამე, ანუ ბნელი მხარეა კავშირი რუსულ მაფიასთან (ქართული განშტოებებით). მართალია, იმერეთში დაბადებული და მესის მეზობლად მცხოვრები კაცი სპეცოპერაციას დაუძვრა, მაგრამ მისი კლანის წევრები ესპანეთში დარჩნენ. მათ შორის, ბოსის მარჯვენა ხელი, რომელიც კლუბის ერთ-ერთ მენეჯერად დაინიშნა, მისი მეუღლე კი სულაც ლაპორტას პირადი მდივანი იყო.

ოღონდ, როგორც მცოდნე ხალხი ხუმრობს, სიგარეტზე ლაპორტას აგზავნიდნენ და არა პირიქით.

ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდა. როგორც სკორსეზეს ფილმებში მთავრდება ხოლმე.

არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიყვანეს, იმდენი ნაძარცვი ნივთი ამოიღეს, რომ ალბათ ლუვრშიც არ დაეტეოდა. ამოყვინთეს გვარებმა, რომლებიც აქამდე შენიღბვას ახერხებდნენ და ლაპორტას კარზეც დააკაკუნეს.

მართალია, არჩევნების სახით გადაწყვიტეს ყველაფერი, მაგრამ მცოდნე ხალხმა იცოდა, რომ ლაპორტას პრეზიდენტის პოსტზე დარჩენის ნებართვას არ მისცემდნენ.

ისევ გამოჩნდა სანდრო როსელი, რომელმაც ყველაფერი იცოდა მისი ყოფილი პარტნიორისა და მთავარი კონკურენტის შესახებ.

კომპრომატებს იქამდე ინახავდა, სანამ არჩევნები არ მოახლოვდა. მერე ამბავი გასკდა და სანდრომ უპირტესობა მიიღო. ფინანსური დარღვევებიც აღმოაჩინეს და ლაპორტამ როგორც გულშემატკივრის, ისე პოლიტიკოსების მხარდაჭერა დაკარგა. არადა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კლუბის პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. სწორედ ამიტომ, ესპანეთში დიდი კლუბების შიდა სამზარეულო ყოველთვის პოლიტიზებულია.

როსელის არჩევა დიდ რისკს უკავშირდებოდა. საფეხბურთო სამყარომ იცოდა, რომ მას კონფლიქტი ჰქონდა იოჰან კრუიფთან. ამის გამო რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა გვარდიოლასთანაც და იყო იმის დიდი შანსი, რომ მისი არჩევის შემდეგ პეპი გუნდიდან წასულიყო.

ასე აგიხდეთ ყველაფერი...

როსელის არჩევისთანავე კრუიფი „ბარსას“ საქმიანობას მთლიანად ჩამოსცილდა. სანდრო იმასაც ამბობდა, „მოხუცმა რაც უნდა ის ილაპარაკოს, კლუბში დასაქმებული არ არის და მოვლენებზე გავლენაც ვერ ექნებაო“.

მთელი სეზონის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გვარდიოლას და როსელს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არაფერი თქმულა, ყველა ხვდებოდა, რომ გვარდიოლას უკომენტაროდ დატოვებული კითხვების უკან სწორედ ის პასუხები იმალებოდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ „ბარსას“ ფანებს.
სულ რაღაც ერთი სეზონის მერე კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელმა გუნდი დატოვა.

ახალი რისკის ჯერი მოვიდა. ერთი მხრივ, ხელმძღვანელობას სურდა, რომ სათამაშო ხარისხი და ხედვა შეენარჩუნებინათ, ამიტომ ფსონს პეპის თანაშემწეზე, ტიტო ვილანოვაზე დებდნენ. მეორე მხრივ, იცოდნენ, რომ ტიტოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ერთხელ უკვე მოუწია შუა სეზონში კლუბის მიტოვება.

როსელმა გარისკა, მაგრამ ამ ნაბიჯმა არ გაამართლა. ვილანოვას ყელის კიბო დაუდგინდა, გუნდი ისევ მიატოვა და სამკურნალოდ წავიდა. კარგად დაწყებული საქმე წყალში ჩაიყარა. უმწვრთნელოდ დარჩენილი გუნდი არაფერს აღარ ჰგავდა.

ორ წელიწადში ტიტო გარდაიცვალა.

ამ ქაოსურ პერიოდში გაიზარდა შანსი, რომ მესი გუნდიდან წასულიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მომაკვდავი ტიტოს უკანასკნელი სურვილი სწორედ მისი „ბარსაში“ დარჩენა იყო. მოგვიანებით თავად მესიმ დაადასტურა, რომ სწორედ ამან გადააწყვეტინა გუნდში დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსა“ მწვერვალიდან დაშვებას განაგრძობდა.

ნგრევის მომენტში მოვიდა შურისძიების დროც. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც როსელის მხარემ ლაპორტას წინააღმდეგ ფინანსური დარღვევები გამოავლინა და არჩევნებშიც დაამარცხა, სწორედ იმავე საქმით იყო დაკავებული ლაპორტას გუნდიც. მათ დაიწყეს როსელის წინააღმდეგ საქმის ძიება და სულ მალე კომპრომატები, რომლებიც ფინანსურ დარღვევებს ადასტურებდა, იმ ხალხის ხელში აღმოჩნდა, ვინც ასეთ დარღვევებს არავის პატიობს და პურსაც ასეთი საქმეებით ჭამს.

სანდრო როსელი დააპატიმრეს. მისი საქმის ძიება დღემდე გრძელდება. თუ დაუმტკიცდა 15 მილიონის მითვისება, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასე აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში კაცი, რომელსაც თავის დროზე რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, არც არავინ აირჩევდა. ხოსეპ მარია ბართომეუ - კაცი, რომელიც არ დაბადებულა დიდი საქმეებისთვის.

მისი გადაწყვეტილებები უკანასკნელი სამსჭვალი აღმოჩნდა „ბარსელონასთვის“. პირველი დიდი შეცდომის მიზეზი უბრალოდ პანიკა იყო. „ბარსამ“ იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა გაიღო ივან რაკიტიჩის და ლუის სუარესის ტრანსფერისთვის.
სეზონის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ რაკიტიჩი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ჩავის შეცვლიდა. მას არ შეეძლო ბურთის ისე კონტროლი, როგორც ჩავის, არ შეეძლო ტემპის ცვლა და გუნდის დირიჟორობა, არ შეეძლო ინიესტასთან ისეთი დუეტი შეექმნა, როგორიც „ბარსას“ ექვსიანმა შექმნა. ივანს თავის პლუსები აქვს და სანამ ამ უპირატესობების გამოვლენის საშუალება მიეცემოდა, სეზონის ნახევარიც მიილია.

ანალოგიური სურათი მივიღეთ სუარესთან მიმართებითაც. დისკვალიფიკაციის გამო (კიელინი დაკბინა) ლუისმა სეზონი გვიან დაიწყო. ადაპტაციის პროცესი გაუგრძელდა. წნეხის გამო ბართომეუ პანიკაში ჩავარდა და ნაჩქარევი, ისტერიული გადაწყვეტილება მიიღო - სპორტული დირექტორი სუბისარეტა თანამდებობიდან გაათავისუფლა. სუბის მალევე მიჰყვა ახლად დანიშნული თანაშემწე კარლეს პუიოლი.

სულ რამდენიმე თვეში, სეზონის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ორივე ტრანსფერი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ სუბის მობრუნება აღარ გამოვიდოდა და მადლობაც კი არ უთქვამს არავის.

მის ადგილზე კლუბში მოვიდა „ბარსას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სპორტული დირექტორი ანდრეს ფერნანდესი, რომელსაც კატალონიელმა ფანებმა „კლუბის კიბოც“ კი უწოდეს.

მან 400 მილიონი დახარჯა ფეხბურთელებში, რომლებსაც არანაირი სარგებელი გუნდისთვის არ მოუტანიათ. ამ ფეხბურთელების ნაწილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პარაზიტის როლს ირგებდა. კლუბი მათ წასვლას თხოვდა, მაგრამ ჯიუტად რჩებოდნენ, მიუხედავად უთამაშებლობისა და საკმაოდ სარფიანი კონტრაქტით კმაყოფილდებოდნენ.

ანდრეს ფერნანდესის ბოლო გასროლა იმ კაცის მოყვანა იყო, რაღაცით ბესიკ ხარანაულს რომ ჩამოჰგავს. ნეტავ ფანტაზიითა და პოეტურობითაც ჰგავდეს. ერნესტო ვალვერდე ხომ მთლიანად დაცლილია ყოველგვარი ფანტაზიისგან. აღარც კი გვახსოვს, როდის ჰყავდა „ბარსას“ ასეთი პრაგმატული მწვრთნელი.

ერთ დროს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი რაღაც გაუგებრობას დაემსგავსა. კი, ტიტულები მოდის, მაგრამ, როგორც ლეგენდები აღნიშნავენ, გუნდმა დე-ენ-ემი დაკარგა.

დიდი დრო არც ბართომეუს უწერია და არც ვალვერდეს. თუმცა სიტუაციის რადიკალურად ცვლილების პერსპექტივა „ბარსელონას“ უბრალოდ არ აქვს.
სპორტული მიმართულებით, ადრე თუ გვიან, ცვლილება მოხდება, რადგან იმ ეპოქალური გუნდის ფეხბურთელები მენეჯმენტში დასაბრუნებლად უკვე ემზადებიან.

აი პოლიტიკის თვალსაზრისით პერსპექტივა ფსკერზეა. ყოველი მომდევნო პრეზიდენტი ეცდება ამომრჩევლით მანიპულირებას და ტრადიციისამებრ გაეხვევა კორიფციულ გარიგებებში.

როგორც სერვანტესის პრემიის ლაურეატმა, ედუარდო მენდოსამ გვითხრა, ეს ულამაზესი ქალაქიც, სხვა დიდი ქალაქებისა არ იყოს, განგსტერებისა და მძარცველების აშენებულია.

ქაოსის ჟამს, სანამ „ბარსელონას“ ფეხბურთელები დასვენების დღეებში რუსული მაფიის (ქართველები არიან, ვფიცავ!) საკუთრებაში არსებულ ღამის კლუბებში ერთობიან, მათი სახლები პანტაპუნტით იძარცვება.

ამაზე უკვე ხუმრობენ კიდეც - თუ ახალი ხარ, უნდა გაიძარცვო!

უკვე მერამდენე წელია, ვარჯიშიდან დაბრუნებულ გუნდის ახალწვეულებს სახლი ცარიელი ხვდებათ.

მაფიას უყვარს ფეხბურთელების უბანი.

მათი ბოსიც ასეთ უბანში ცხოვრობდა.

ზუსტად იმ სახლში, ერთ დროს დიეგო მარადონას რომ დაედო ბინა.

P.S.: თქვენნაირების გამო დაემხო რომი!

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^