Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციკო ინაურის რეფლექსია: კარტოფილის ფილოსოფია

30 სექტემბერი 2019

#განწირული #თავისუფლებისთვის

ერთადერთი, რისგანაც ვერასდროს ვთავისუფლდებით და მუდმივად ჩვენი ნაწილია, ბავშვობის მოგონებებია, რომლებსაც როდის „ამოაგდებს“ ჩვენი მეხსიერება, სრულიად უკონტროლო მოცემულობას წარმოადგენს. ავადმყოფობის, სევდის, სიმთვრალის ან ნებისმიერ არაფხიზელ მომენტში, შეიძლება სრულიად უმიზნოდ მოგვივიდეს იმ ნამცხვრების ან კიდევ შემწვარი კარტოფილის სუნი, სკოლიდან მოსულებს ბებია რომ გვახვედრებდა. ასეთი მოგონება, რომელიც თავს სუნით გახსენებს, უამრავ შერეულ ემოციას იწვევს და, თუ კარტოფილის სუნის სევდას ძალიან ჩავუღრმავდებით, შესაძლოა, უამრავი ქვე-ფიქრის გავლით, „კარტოფილის ფილოსოფიამდე“ მიგვიყვანოს -  ახალ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ კვლევებამდე; ბევრი ფიქრისა და მსჯელობისგან ისეთ აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რომ საბოლოოდ დავასკვნით: სამყარო სიმულაციაა, ჩვენ მატრიცაში ვცხოვრობთ და როგორც კომპიუტერულ თამაშებს, ზუსტად ისე მართავენ ჩვენს ცხოვრებებსა და სევდებსაც. 

ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა მხოლოდ მათი ხვედრია, ვისაც ბევრი ფიქრისა და კითხვის დრო ჰქონდა; ვისაც ნაწილობრივ სჯეროდა ღმერთის და ადამიანობის; ვისაც ჰქონდა ილუზია, რომ შეიძლება არსებობდეს ნიცშეს ზეადამიანი, ან ცხოვრების რაღაც მონაკვეთში იწამეს ეგზისტენციალიზმი. მათ ჰქონდათ დრო, ეფიქრათ როგორც სისულელეებზე, ისე საკუთარ თავზე, გადაეწყვიტათ, ვისი იმედი უნდა ჰქონოდათ ცხოვრებაში, დაეჯერებინათ ან უარი ეთქვათ ღმერთის არსებობაზე, ერწმუნათ ადამიანების სიკეთე და აერჩიათ, თუ როგორები ყოფილიყვნენ. კი! ბევრი ფიქრი და თავგადასავალი მძიმეა, უამრავი ობსესიისა თუ ისტერიული მომენტის მომტანი, მაგრამ ის ერთი, კონკრეტული, გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება, რომ შეეშვა „კარტოფილის ფილოსოფიის“ დევნას და გადაწყვიტო, ვინ ხარ. 

ვინ გვინდა ვიყოთ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ამაში ვერც ღმერთი, ვერც მამა და ვერც დედა დაგვეხმარება. როგორც რაღაც ნაწილისთვის პოპფილოსოფოსი, ჩემთვის კი, ღმერთკაცი ჟან პოლ სარტრი ამბობს: „ჩვენ განწირულნი ვართ თავისუფლებისთვის და რად ვიქცევით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული“.

თუმცა რეალურად სრულიად სხვა სურათი გვაქვს. დღესდღეობით უამრავი ქალია, რომლებიც 15 წლის ასაკში ხან ცხვარ-ძროხაში გაცვალეს, ხან კიდევ კარგი გვარიშვილობის გამო გაათხოვეს და 18 წლის ასაკში უკვე ორ-ორ შვილს ზრდიან. კი! ეს თბილისის მიღმა სამყაროა, რომელიც ბევრ Range Rover-ზე შემომხტარ, „თითებდაშილაკებულ“ გოგოს მონაგონი და ბოდვა ჰგონია, მაგრამ ეს ის მწარე რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

ამ გოგოებს არც „კარტოფილის ფილოსოფოსობა“ დასცალდათ, არც სწავლა, არც სიყვარული და არც ცხოვრება. მამებმა დაუგეგმეს ცხოვრება და წაართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი - ღირსება. ღირსების დაკარგვა კი ყველაზე მარტივი გზაა დიდი კლინიკური დეპრესიისკენ.

გთავაზობთ ისტორიებს, რომელთა გასაჯაროების ნებართვაც თვითონ გოგოებისგან მივიღე (ნაამბობის სტილი დაცულია):

მაგდა, 16 წლის

ერთი წლის წინ გამათხოვეს. სახლის ეზოში დიდი ქორწილი გადაიხადეს. გაშალეს დიდი ხის მაგიდები, რომლებზეც უამრავი საჭმელი და სასმელი ეყარა. მე იმდენად ცუდად ვიყავი მაგიდაზე დახედვის მომენტში, საჭმელების ფერები ერთმანეთს ეზილებოდა და გულის რევის შეგრძნებისგან გული მიმდიოდა. სიცხე 40-ამდე ამეწია, სულ ოფლი მდიოდა, მაგრამ მაინც უნდა მეცეკვა. ვდგებოდი და ვცეკვავდი. მაგრამ რეალურად ვერ აღვიქვამდი, რომ ეს გოგო მე ვიყავი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სხვის ქორწილში ვიყავი, კადრებსა და ადამიანების მიხრა-მოხრას მულტ-ფილმად ვხედავდი. 

დინარა, 21 წლის

ბავშვობაში სისხლის გათეთრება მქონდა. ხანგრძლივი მკურნალობისა და ტანჯვის შემდეგ გადავრჩი. თუმცა მაშინ ამ ამბავს ასე ტრაგიკულად ვერ აღვიქვამდი. თავისუფალი, ბედნიერი ბავშვი ვიყავი და არასდროს მიგრძნია, რომ რამე განსაკუთრებული მჭირდა. რომ გავიზარდე და ერთი ბიჭი შემიყვარდა (მეგონა, რომ შემიყვარდა), ოჯახის დიდი ზეწოლისა და იმ წესის გამო, რომ ქალი უნდა გათხოვდეს, სასწარაფოდ - დაახლოებით ოთხ თვეში გავთხოვდი. მალე ბავშვიც გაგვიჩნდა. მაგრამ როგორც კი ბავშვი ერთი წლის გახდა, საშინლად შევიცვალე. ქიმიების დროს არ ვყოფილვარ ისე ცუდად, როგორც ახლა. საშინელი აკვიატებები მაქვს და სულ თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. ქამრებსა და დანებს ვმალავ, რომ უცბად თავი არ მოვიკლა. დიაგნოზი, ფიქრის ობსესია დამისვეს და ვმკურნალობ, იმედია, გადავრჩები.

როგორ უნდა მოვაგვაროთ მსგავსი პრობლემები? წელიწადში რამდენიმე დიდი დემონსტრაცია იმართება ქალების უფლებების დასაცავად და უამრავი ორგანიზაცია სხვადასხვა გზითა და პროექტით ძალიან ბევრ ქალს სთავაზობს, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე მატერიალურ დახმარებას. მაგრამ ფაქტია - ამ პრობლემას არ ეშველა. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-იდან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, 5-იდან ერთი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა კვლავაც ჩვეულებრივ ამბად რჩება: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.

ასეთია ქალთა მიმართ ძალადობის რეალური მაჩვენებელი, თუმცა ამ კვლევაში არ ჩანან ის ქალები, რომლებიც ქრონიკულად განიცდიან გაუცნობიერებელ ფსიქოლოგიურ ძალადობას; ქალები, რომლებსაც უნდათ სწავლა და ვერ სწავლობენ; ქალები, რომლებსაც 20 წლის ასაკში ორი ბავშვის გაზრდა არ შეუძლიათ, მაგრამ ზრდიან; და კაცები, რომლებიც ოდესღაც მამის ძმაკაცებმა „ბოზებში“ წაიყვანეს და მას მერე სექსუალური კომპლექსებითა და საკუთარი სექსუალობის ვერაღქმით იტანჯებიან.

მათ არასდროს უფიქრიათ „კარტოფილის ფილოსოფიაზე“, მათ თავიდანვე წაერთვათ სისულელეებზე, ადამიანის რაობაზე, ეგზისტენციალურ კრიზისებზე და „მინდა“-ზე ფიქრის უფლება. ისინი მხოლოდ გადარჩენასა და ხშირად ლუკმაპურის შოვნაზე ფიქრობენ. სხვა რამისთვის დრო იმ ცხოვრებამ წაართვა, რომელიც დედ-მამამ და „გენეალოგიურმა ხემ“ დაუგეგმა. 

დავუბრუნდეთ ისევ სარტრს, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე ახლო და ადამიანური ფილოსოფოსია. მისი ეგზისტენციალური ფილოსოფიის მიხედვით, ადამიანი თავიდანვე მიგდებულ, მარტოსულ არსებად იბადება. ის ჯერ არსებობს და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს საკუთარ არსს. რომელ გზას აირჩევს და ვინ ენდომება, მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რადგან ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს. კონკრეტულ საკითხზე არჩევანის არგაკეთებაც ხომ არჩევანია, არა?

ჩვენ კი, ჩემი აზრით, უნდა ავირჩიოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ვისი შვილი ხარ ან რას აკეთებდა შენი ბაბუა, უმნიშვნელო უნდა გახდეს. ავირჩიოთ განათლება და თავისუფალი გონი, იმისთვის რომ გვიყვარდეს არა ის ქვეყანა, რომელშიც გავჩნდით, არამედ ის სამშობლო, რომელიც ჩვენია. ჩვენ უნდა ვიყოთ აქ და ახლა, სწრაფად ვაკეთოთ ის საქმე, რაც შეგვიძლია, დიდი ენერგიითა და ძალით შევცვალოთ საშინელი მენტალობა, რომელიც 21-ე საუკუნეშიც ისეთივე ბობოქარი და ძლიერია, როგორიც 90-იან წლებში იყო. „ბასიანისა“ და 20 ივნისის აქციები „ქართული მენტალობით“ ისევ „გეების“ და „ნარკომანების“ აქციად ინათლება, ქალების მხარდამჭერი აქციები „ლიზბიანკების“ თავშეყრის ადგილად. როდესაც ქუჩაში ქალს სცემენ და პატრულს იძახებ - პროვოკატორი ხარ, სექსუალური შევიწროების მსხვერპლობის დროს კი ბოზი, რომელსაც კაცი მობეზრდა და მოსაშორებლად ცდილობს, ციხეში გამოკეტოს.

საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ყველას არ ეხება, თუმცა, ყოველი მესამე თუ არა, ყოველი მეოთხე ბევრ საკითხზე სწორედ ასე ფიქრობს. ამიტომ, მგონი, დროა ხმა მივცეთ „კარტოფილის ფილოსოფიას“, თავისუფალ ფიქრს და იმედს, რომ დიდი ბრძოლის შედეგად საბოლოოდ მოვიპოვებთ იმ განწირულ თავისუფლებას, რომელსაც გონების თავისუფლება ჰქვია. ყველაზე დიდი სიმშვიდე და წონასწორობა ხომ სწორედ მას მოაქვს ადამიანისთვის, არა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^