Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველაფერი, რაც არ მავიწყდება

02 ოქტომბერი 2019

დღეს 2019 წელია და ჩემი ცხოვრების გარიჟრაჟზე ვინმეს რომ ეთქვა, ამ წელს შეხვდებიო, გამეღიმებოდა. წელს 89 წელი შემისრულდა, ჩემ თვალწინ გაიარა მთელმა იმ უბედურებებმა და საშინელებებმა, რაც საბჭოთა კავშირში ტრიალებდა. არ ვიცი, საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკი საიდან დავიწყო, ალბათ 5 წლის ასაკიდან, ძირითადად იქიდან იწყება ჩემი მეხსიერება. პირველი მოგონება არა სათამაშოებთან ან მშობლების სიყვარულთან, არამედ საბჭოთა იმპერიის ტორებთანაა დაკავშირებული.

5 წლის ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი გააკულაკეს და ბაბუა ამას ემსხვერპლა. ყველაფერი წაგვართვეს: ოჯახის მარჩენალი წისქვილი, მიწის ნაკვეთები, სახლიდან სკამები, მაგიდები და წვრილ-წვრილი საოჯახო ნივთებიც წაიღეს. მერე იგივე კადრები 2008 წელს ტელევიზიით ვნახე, როგორ მიჰქონდათ რუსებს ქართული ოჯახებიდან დანა-ჩანგლები, თეფშები, სკამები, უნიტაზები, ლეიბები და მაშინ მივხვდი, რომ ამ ერის ცნობიერებაში ამ 80 წელიწადში არაფერი შეცვლილა. მაშინ განა მარტო ჩვენი ოჯახი მიიტაცეს? სოფელ სიმონეთში, ვისაც თავდაუზოგავი შრომით რაიმე ჰქონდა შეძენილი, ყველაფერი ჩამოართვეს. პატარა ვიყავი და მახსოვს, რომ ყველა ტიროდა. მამა შიშით სავსე თვალებით გვეფერებოდა და გვამშვიდებდა. გრიგოლ რობაქიძის ახლო ნათესავები ვიყავით და მამას ეშინოდა, ეს არ გამხდარიყო მისი დაპატიმრების მიზეზი. მამა მის წიგნებს სასოებით ინახავდა, ჩვენ, ბავშვები, ჩუმად ვაღებდით ხოლმე ჩაკეტილ კარადას და მალულად ვკითხულობდით რობაქიძის და მიხეილ ჯავახიშვილის რომანებს, რომლებიც მაშინ აკრძალული იყო.

7 წლის ვიყავი, როცა რეპრესიები დაიწყო. მახსოვს, დედა და მამა ღამით ჩუმად ტიროდნენ, მესმოდა მათი ლაპარაკიც - ის დაუჭერიათ, ეს დაუხვრეტიათო, ხან ვისზე ამბობდნენ და ხან ვისზე. ხშირად იმეორებდნენ, „ტროიკებმა“ გამოუტანეს განაჩენიო. რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს „ტროიკები“, გაუგებარი იყო ჩემთვის. რეპრესიები რომ დაიწყო, მამამ სამსახური მიატოვა და სოფელში დაბრუნდა. მანამდე ტყიბულის ადგილობრივ რადიოში მუშაობდა ჟურნალისტად და სულ დაჭერის საფრთხეს გრძნობდა.

შემდეგ ომი დაიწყო გერმანიასთან და მამა ჯარში გაიწვიეს. სახლში დავრჩით მოხუცი ბებია, მამიდა, დედაჩემი და ჩემი ოთხი და-ძმა. ნახევრად მშივრები ვიყავით. ჩვენი საკვები ზაფხულობით მინდვრის ფხალი და ერთი იმერული კეცის მჭადი იყო შვიდად დატეხილი. დედა და მამიდა ყველაფერს ყიდდნენ ან სიმინდზე ცვლიდნენ სამეგრელოში.

მაშინ შორაპანსა და სამეგრელოს შორის პატარა მატარებელი დადიოდა, რომელსაც „დაბავოჩნს“ უწოდებდნენ, ამ მატარებლამდე 13 კილომეტრს ფეხით გადიოდნენ მძიმე ტვირთით, გზაში ორი მდინარე ხვდებოდათ, ფეხით უნდა გასულიყვნენ, რადგან ხიდი არ იყო. ორივეს ერთნაირი, ომამდელი ლამაზი კაბები ჰქონდათ. ერთხელაც, იმ კაბებით წავიდნენ სამეგრელოში და უკან უბრალო კაბებით დაბრუნდნენ, გაუყიდიათ.

ბავშვები ხან რაზე, ხან რაზე ვმუშაობდით, გაზაფხულზე ბარით - ყანებში, ზაფხულში - თოხით. დაღლილ-დაქანცულებს საღამოს გაკვეთილები ფიჩხის ალზე უნდა გვესწავლა. მახსოვს, მე და ჩემს დას ერთი წყვილი ფეხსაცმელი გვქონდა და რიგრიგობით ვიცვამდით. სხვადასხვა ცვლაში ვსწავლობდით და ვახერხებდით, სკოლა არ გაგვეცდინა. მდინარის პირას ვხვდებოდით ერთმანეთს, მე ფეხს მდინარეში ვიბანდი, ჩემი და ფეხსაცმელს მაძლევდა, ვიცვამდი და სკოლაში მივდიოდი. მაშინ სიმონეთში ბევრი შიმშილით დაიღუპა, 5-7 წლის ბავშვები, მოხუცები, რომელთა დასაფლავებაზე თბილისში მცხოვრები შვილები ვერ ჩამოდიოდნენ და მეზობლები კრძალავდნენ ხოლმე.

ასეთ ყოფაში გვიხდებოდა ცხოვრება ომის წლებში. ცოტა ამოვისუნთქეთ, როცა მამა ფრონტიდან დაჭრილი დაბრუნდა. მან მალევე გერმანულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სკოლაში, სადაც დედა მათემატიკას ასწავლიდა. სოფელში დღე არ გავიდოდა, ვინმეს დაღუპვის ცნობა არ მოსულიყო. ქართველები ამ ომში მონაწილეობდნენ, როგორც საბჭოთა მოქალაქეები, რუსეთი რომ არა, აბა გერმანიას საქართველოში რა ესაქმებოდა?

1945 წელს, ომი რომ დამთავრდა, მეც მალევე დავამთავრე სკოლა, მედალზე და სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. სკოლის დამთავრებისას კომკავშირის კომიტეტში არ მივსულვარ და უნივერსიტეტში არ მიმიტანია კომკავშირის ბილეთი. ასე დავტოვე იმავე წელს ის გაერთიანება და თითქოს მთლიანად შევაბიჯე ფეხი ცნობიერ ცხოვრებაში.

რატომ დავტოვე კომკავშირი? ერთი, რომ კომკავშირი სკოლაში არაფერს აკეთებდა. მეორეც - ვხვდებოდი, ყველა უბედურებისა და გაჭირვების მიზეზი ის პარტია და იდეები იყო, რითაც იქ ტვინს გვიტენიდნენ. მახსოვს, გაკულაკების დროს სწორედ ახალგაზრდა კომკავშირელები ასმენდნენ მეზობლებს და მოუძღოდნენ ოჯახებში სასოფლო საბჭოების წევრებს. დედა გამიბრაზდა, სკოლის მეგობრებიც მირჩევდნენ, რომ არ გამოვსულიყავი კომკავშირიდან, მომავალ საქმიანობაში ხელს შეგიშლისო. მამა კი ჩუმად იყო, მხოლოდ ერთხელ მითხრა - რა გითხრა, შვილო, შენ უკვე ზრდასრული ხარო... ამ საკითხზე უნივერსიტეტშიც ბევრჯერ დამიბარეს და მოითხოვდნენ, დამეწერა განცხადება კომკავშირში აღდგენის თაობაზე, მაგრამ გავჯიუტდი. ამან ჩემს წარმატებას ხელი შეუშალა. სპეციალობის საგნებს ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და მაღალი ნიშნები მქონდა, მაგრამ ხშირად სტიპენდიას მაკარგვინებდნენ სპეციალურად - რუსულში, პარტისტორიაში და ამგვარ საგნებში ქულების დაკლებით.

საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, ჩემს მთავარ სათქმელზე გადავალ. სულ ვფიქრობ, რა არის მიზეზი ჩვენს აზროვნებაში დაუნგრეველი საბჭოთა კავშირის? რა არის მიზეზი თაობებს შორის კომუნიკაციის ასეთი წყვეტის? ჩემი ასაკის ხალხზე რა ვთქვა? მტერსაც არ ვუსურვებ, რაც ჩვენ გამოვიარეთ: 30-იან წლებში კოლექტივიზაცია და გაკულაკება, 1937 წლის რეპრესიები, ომი და სხვა ათასი უბედურება, მაგრამ მაინც იმ სიმახინჯეს მისტირიან და კითხვას - რატომ? - მარტივი პასუხი აქვს, - საკუთარი ახალგაზრდობა ენატრებათ.

ჩვენს შვილებს შედარებით მშვიდ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, მაგრამ - თითქოს მშვიდობიანში! ესეც მოჩვენებითი იყო, საბჭოთა სისტემა მთლიანად იმორჩილებდა ადამიანს და მონურ ფსიქოლოგიას უყალიბებდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ვერ წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა იმისგან განსხვავებულად აზროვნება, რასაც პარტკომი და მაშინდელი იდეოლოგიური მანქანა ნერგავდა. სკოლიდანვე ზრდიდნენ კომუნისტური სულისკვეთებით, რაც მორჩილებასა და ინდივიდის განადგურებაზე იყო მიმართული. მე სკოლაში ვმუშაობდი და ვიცი, თუკი მასწავლებელი დირექციის მითითებებს არ ასრულებდა, წარუმატებელ მასწავლებლად მიაჩნდათ.

დღეს ჩვენი ახალგაზრდა თაობის მშობლები სწორედ იმ სისტემაში არიან აღზრდილი და რა გასაკვირია, რომ თავიანთ შვილებს ვერ უგებენ. ისინი, უკვე მშობლები, იმდენად არიან დაშინებული და დუმილს მიჩვეული, რომ ვერ წარმოუდგენიათ მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლა და სკანდირება. თაობები ნელ-ნელა თავისუფლდებიან და მშობლის მონა-მორჩილი ბავშვი ახლა ცოტაა.

მოზარდების აზროვნება უფრო თავისუფალი იქნებოდა, მე-20 საუკუნეში ჩარჩენილი ზოგიერთი პედაგოგი რომ არ უშლიდეს ხელს მათ განვითარებას; პედაგოგებს პედაგოგიურ საქმიანობაში ხელს არ უშლიდეს მთავრობის ჩარევა; სკოლის პარტაქტივად გამოყენება; მათი თავისუფალი ნების ფაქტობრივი უგულებელყოფა... ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაგები ხდება კარგი პედაგოგების სტრესული მდგომარეობა. ისინი ყოველთვის განიცდიან მთავრობის წნეხს (ია კერზაიას მაგალითიც კმარა ამისთვის).

მიუხედავად ამისა, არიან რჩეული, მებრძოლი პედაგოგებიც და მშობლებიც, რომლებმაც გადალახეს ე.წ. კომუნისტური აღზრდის ზღვარი და საღი აზრის მეუფებაში ზრდიან შვილებს. ასე რომ, ძველ და ახალ თაობას შორის მდგომარეობა მთლად საგანგაშო არა, მაგრამ არც მისასალმებელია.

ახლა, 89 წლის ასაკში, კომპიუტერთან ვზივარ, მაშინ როცა ჩემს ახალგაზრდობაში მხოლოდ ხაზის რადიოთი ვიღებდით ინფორმაციას, სწორედ იმას, რაც მაშინდელ სისტემას სჭირდებოდა რომ მათზე გაგვეგო. მერე ტელევიზორი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მერე ტელევიზორი პულტით, მერე მობილური ტელეფონი და დღეს ციფრული სამყაროს მეშვეობითაც ვეკონტაქტები გარემოს. სულ ვცდილობდი, დრო არ გამქცეოდა და მე სადღაც არ დავრჩენილიყავი. ახალაც ასეა, მინდა, ახალ თაობასთან (ვგულისხმობ ჩემს შვილიშვილებს და მათ მეგობრებს) მეგობრული დამოკიდებულება მქონდეს და ხშირად ვახერხებ კიდეც. გაგებით ვეკიდები საყურიან, თმაშეღებილ ბიჭებსაც და შარვალშემოხეულ გოგონებსაც, ეს ალბათ მათი შინაგანი თავისუფლებისთვის აუცილებელი გარეგნული გამოხატულებაა და როგორ გინდა ან რა იდეით გინდა ამ სურვილის დაოკება?! აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი ხნის ადამიანებისაც მესმის, რთულია მათთვის, თაობათა ასეთ მკვეთრ გარდასახვას ფეხი აუბან.

ყველა თაობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ყველა საუკუნეს ახალი მიმართულება აქვს და ჩვენ, ვინც ამ თაობების, საუკუნეების და ორი სხვადასხვა ქვეყნის (საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველო) ცხოვრების გამოწვევებს შევეჩეხეთ, გარკვეულ თანაგანცდას ვიმსახურებთ - ყველა, ვინც ვერ გამოჰყვა დროის მატარებელს და ისინიც, ვინც მოახერხა ამ გაქცეულ ვაგონებს შეხტომოდა. ჩვენი საზოგადოების დანაწევრება კიდევ იმ ნიშნით, რომ ის ძველმოდურია და მე თანამედროვე, ცუდის მეტს არაფერს მოგვიტანს. ეს ისევ რუსული პოლიტიკის წისქვილზე ასხამს ჩვენს ქვეყანაში წყალს, ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, უნდა შევძლოთ გაერთიანება ფუნდამენტური იდეების ირგვლივ.

მე ყოფილი მასწავლებელი ვარ და ყველანაირ ხსნას და ყველა იმედს განათლებაში ვხედავ. და მგონი აქ საკუთარი პროფესიის სიყვარული კი არა, რაციონალური განსჯის უნარიც არ მღალატობს. დიახ, განათლება მგონია ამ გაუვალი წყვდიადიდან გამოსავალი. მოზარდის აღზრდით უნდა იყოს დაკავებული სკოლა, სადაც ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევებს შეიძენს და გადაწყვეტილებების მიღებას მიეჩვევა; ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ინდივიდებს აღზრდის და არა მასებს სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის გასამყარებლად.

საბჭოთა დროს ბავშვები ათასნაირ წნეხს განიცდიდნენ - დაწყებითში ოქტომბრელები და პიონერები ხდებოდნენ, შემდეგ - კომკავშირელები. არც ერთი ორგანიზაცია სწავლის მაღალ ხარისხზე არ ზრუნავდა, პირიქით - ხელსაც კი უშლიდნენ. დღეს თითქოს ასე აღარაა, - მაგრამ ფასადურად! სხვა რა შეიძლება მაფიქრებინოს სკოლიდან საატესტატო გამოცდების მოხსნამ? რას შეიძლება მივაწეროთ მაგისტრატურის მეორე კურსის მოხსნა უმაღლეს სასწავლებლებში? სანაცვლოდ კი პოპულისტურ ფსევდოპატრიოტულ რეფორმას გვთავაზობენ, - გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებას სკოლაში დედნის სახით - რომელიც თავისთავად მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ 21-ე საუკუნის ბავშვისა და მისი სოციალური გარემოსთვის არაადეკვატური და გაუგებარი მგონია.

90-იან წლებში, როდესაც სსრკ დაინგრა, ეზოში დანთებულ შუაცეცხლზე გვიწევდა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საარსებო საკვების მომზადება, მაგრამ მაშინ ის გაჭირვება ლოგიკას ექვემდებარებოდა, იმ შიმშილის იქით იმედი იყო, რომ ქვეყანა აშენდებოდა. დღეს, როდესაც თითქმის 30 წელია გასული და ჩემი შემოსავალი ისევ საარსებო მინიმუმსაც ვერ უახლოვდება ოჯახის წევრების დახმარების გარეშე, ბუნებრივად მიჩნდება უიმედობა.

ამბობენ, ადამიანი მაშინ ბერდება, როცა ოცნებები აღარ აქვს, გეგმები შემოელევაო. ოცნებებიც მაქვს და გეგმებიც, მაგრამ დაბერებული ოცნებები ისევე საცოდავი აღსაქმელია, როგორც დაბერებული უსასოო სხეული. ჩემი ოცნება ჩემი გარემოს მომავალს უკავშირდება, ჩემს ოჯახს, როგორც მინიმუმ, ხედს ჩემი ფანჯრიდან, სადაც სანაგვეში აღარ იქნებიან თავით გადაყუდებული ჩემი ხნისანები თუ ჩემზე ახალგაზრდები; სადაც ადამიანებს ღირსების განცდა ექნებათ და მათი სამოქალაქო პოზიცია 20 ლარზე და 5 კილო კარტოფილში არ გაიცვლება.

რთულია ახლა ჩემთვის ამ წერილის წერა, მაგრამ ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს, იქნებ სიტყვებიც უძლური იყოს ჩვენი დარდების გამოსამზეურებლად, მაგრამ პირუტყვისგან სწორედ ეს განგვასხვავებს, - გამოვძებნოთ ჩვენი ტკივილისა და სიხარულის გამოსახატად სიტყვები და ვილაპარაკოთ იმ ადამიანებმა, ვისაც სულ გვაჩუმებდნენ, ვისი ხმაც არ მიაჩნდათ მნიშვნელოვნად . დღეს ინტერნეტია, სოციალური ქსელებია და გვეძლევა საშუალება, ერთმანეთს მივწვდეთ და ერთმანეთის გადაღლილი ხელებიდან ვიგრძნოთ მაინც ძალა. ძალა ერთობაშია და, ყველა პრობლემის მიუხედავად, ჩემი ყვავილების მსგავსად, სახე მზეს, ღმერთს მივუშვიროთ, მომავალს და არა წარსულს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^