Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თავისუფალი ვარდნა“

07 ოქტომბერი 2019

„ფსიქიკური აშლილობის ამა თუ იმ ფორმით იტანჯებოდნენ: ერნესტ ჰემინგუეი, ლევ ტოლსტოი, მიქელანჯელო, პიოტრ ჩაიკოვსკი, რობერტ შუმანი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ბაირონი, პერსი ბიში შელი, ჩარლზ დიკენსი, რობერტ დაუნი-უმცროსი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰერმან ჰესე, ედგარ ალან პო, მარლონ ბრანდო, ფრენკ სინატრა, ჯიმი ჰენდრიქსი, ნინა სიმონე, ჯენეტ ჯექსონი, ბრიტნი სპირსი, სტინგი, შინეიდ ო’კონორი, ოზი ოსბორნი, რობინ უილიამსი.“ 

ასე მთავრდება ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის ბლოგი ფსიქიკურ პრობლემებზე. ვვარაუდობ, რომ ამ სიამ უკეთ უნდა გვაგრძნობინოს თავი, შეგვახსენოს, რომ  წარმატებულ და სახელგანთქმულ ხალხსაც მოსცხებია ეს ჭირი.

რას მივიღებთ, თუ სხვა პრობლემებზეც ასე ვისაუბრებთ?

„ძვლის ამა თუ იმ ფორმის მოტეხილობით იტანჯებოდნენ: ბრიუს ლი, ლეონარდო და ვინჩი, ჯულია რობერტსი…“ არ არის იუმორი ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ მგონი ისიც სასაცილოა, ერთსა და იმავე წინადადებაში ფსიქიკურ პრობლემას სულიერ ავადმყოფობას რომ ეძახი და თან საზოგადოებას აკრიტიკებ არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო. დაახლოებით ასეთივე პარადოქსი მგონია, ადამიანი თავს რომ მოიკლავს და ინსტაგრამზე სტიგმის საწინააღმდეგო პოსტში წერენ, მასში ჩაბუდებულ დემონებს ებრძოდაო.

მეც „წესით“ ფსიქიკური პრობლემები მაქვს. წესით იმიტომ ვამბობ, რომ ვერ აღვიქვამ ამას, როგორც ჩემი ერთ-ერთი ორგანოს თუ ნაწილის პრობლემად, ჩემი ზოგადი ყოფაა პრობლემური, ფიზიკურიც და მენტალურიც (თუ ფიზიკურზე მეტი გვაქვს რამე, დაე სულიერიც). ბოლო ოფიციალური დიაგნოზი ორი წლის წინ დამისვეს, მას მერე არ ვყოფილვარ ფსიქიატრთან და არ ვიცი, სრულად ვაკმაყოფილებ თუ არა რაიმე „შაბლონს“. ასე არაოფიციალურად, რეცეპტის და დიაგნოზის გარეშე მოგიყვებით, უბრალოდ რას ვგრძნობ და ვფიქრობ, და იქნებ მეც გავერკვიო საკუთარ თავში, ძალიან რომ გავთავხედდე, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს ყოველივე ეს რამეში.

მთავარი პრობლემაა პრობლემის უსტრუქტურობა, ამორფულობა, უსუნო-უგემო-უფორმობა. ვიყავი, ვარსებობდი, ძალიან ძლიერად მქონდა ჩემი იდენტობის, პიროვნების, ფასეულობების, მოკლედ, ჩემი თავის შეგრძნება.

ბოლო რამდენიმე წელია, ეს ყველაფერი თითქოს გამომეცალა ხელიდან და ყველა სხვა კიდურიდანაც. თითქოს სხეულიდან და სულიდან რაღაც ამომაგლიჯეს და მას მერე ვარსებობ ზომბირებული - ცოცხალი რომ ხარ, მაგრამ მკვდარი. ჯერჯერობით, ამ შეგრძნების ყველაზე მკაფიო გამოხატულებას თავისუფალ ვარდნაში მივაგენი. ვგრძნობ, რომ ვვარდები, ვვარდები, ვარდნაში ვარ, უწონადობაში, უსუსურობაში, ვვარდები დაუსრულებლად, მაგრამ არასოდეს ვეცემი, უბრალოდ, ვვარდები და ეს ვარდნა მჭამს შიგნიდან, მწვავს, მტანჯავს - დავენარცხო რამეს! მოვიტეხო რაღაც, ვიგრძნო რამე მყარის შეხება, აღარ შემიძლია! მაგრამ არა, უბრალოდ ვვარდები დაუსრულებლად და უწონადობაში.

ბოლო რამდენიმე წელია ვწუწუნებ, რომ ახალი ადამიანების გაცნობა მინდა. იმდენად, რომ ჩემი მეგობრები თითქმის შეურაცხყოფილები არიან. მაგრამ ეს ბოლო პერიოდი სულ ვფიქრობ - აი, ვაიდა, რომ ჩავვარდე სადღაც უცხო ვინმესთან ერთად - ვინ უნდა გავაცნო, რა უნდა ვუთხრა საკუთარ თავზე? რა მიყვარს? რა მაღიზიანებს? რა მუსიკას ვუსმენ? ვუსმენ საერთოდ მუსიკას? რას ვაფასებ ადამიანებში? სად ვხედავ ჩემს თავს 5 წელიწადში? 10-ში? რას ვერ ვაპატი… წარმოდგენა არ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავი ვერ შევიცანი - ეგ პრობლემა 5 წლის წინ მქონდა. ახლა უბრალოდ აღარაფერი მაქვს შიგნით, რომ ჯერ მე შევიცნო და მერე სხვას გავაცნო. თითქოს ვყოფ ხურჯინში ხელს, რომ ლამაზ-ლამაზი საჩუქრები ამოვალაგო - რომ არ იცის არავინ, შიგნით რა დევს, მაგრამ ძალიან ლამაზად რომ არის შეფუთული -  ვაფათურებ ხელებს, მივდივარ ხურჯინის კიდეებამდე და უკან, აქეთ-იქით, წრიულად, ზემოთ ქვემოთ - არ არის, ბატონო, არაფერი. ვახ!. რა ვქნა ახლა? არადა, ელოდებიან საჩუქრებს, რა მივაჩეჩო ახლა ხელში - ვერაფერიც, მხოლოდ პირობა, რომ შემდეგ მოსვლაზე არ დავხვდები ხელცარიელი.

ამ პირობის ძიება გამიგრძელდა უკვე თითქმის 3 წელი - 3 წელია პიროვნულად სრულიად ცარიელი ვარ. სკოლის განსაკუთრებით ბოლო წლებში რომ ჩამეყო ხურჯინში ხელი, ანუ სულში რომ მეფათურა, მეგონა, პირდაპირ შევეხებოდი ჩემს პიროვნებას - მყარს, ბევრი ძაფისგან დახვეულ გორგალს, ბირთვში მწველს, სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულთან რომ რაღაც ძაფით იყო დაკავშირებული. ვიცოდი, რომ ქაოსი იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ ბაზა მქონდა, პოტენციალი, რომ გამეხსნა ეს კვანძები და ლამაზად გადამელაგებინა ძაფები თავიანთ ადგილებზე.

მოკლედ, საკმაოდ მძაფრად მქონდა მე-ს შეგრძნება, განსაკუთრებით - როგორც ეთიკური ობიექტის. სხვა ყველაფერში თუ მუდმივად ეჭვი შემქონდა საკუთარ შესაძლებლობებში, ერთი, რასაც ყოველთვის ძლიერად ვგრძნობდი და ვენდობოდი, იყო ჩემი მორალური ინსტინქტები. ყოველთვის მხოლოდ შავ-თეთრად ვხედავდი სიტუაციებს - ძალიან გარკვევით მკარნახობდა რაღაც შიგნიდან, რა იყო სწორი, რა არასწორი და ჯარის სიმკაცრით ვთხოვდი საკუთარ თავსაც და გარემოსაც, რომ ამ გამყოფ ზოლებს სათანადოდ მიჰყოლოდნენ. ამ ხმის სრული სიაშკარავე იმედს მაძლევდა, რომ ყველა სხვა გაუგებრობა და დაბნეულობა დროთა განმავლობაში გაიფანტებოდა და ასეთივე აშკარა და გასაგები გახდებოდა ჩემთვის. მთავარია, ერთი დასაყრდენი მაინც მქონდა და დანარჩენ გამოწვევებს თავს გავართმევდი. გადავალაგებდი ამ ჩემს აბურდულ ძაფებს ნელ-ნელა და ეგ იქნებოდა - ჩამოვყალიბდებოდი როგორც ადამიანი, გამომესახებოდა წინ ჩემი ცხოვრების ტრაექტორია.

გავიდა დრო და იმის მაგივრად, რომ ამ საფუძველზე დამეშენებინა, ვგრძნობ, რომ ის ძლიერი, მჭექარე ხმაც, რომელიც საკუთარ თავთან მაახლოებდა, გაქრა. ჩაწყდა უბრალოდ ეს გორგალი, გამიქრა ძაფები და წავიშალე როგორც ადამიანი. მგონი, პირდაპირი გაგებითაც. დიდად არც აქამდე გამოვირჩეოდი small talk-ის სიყვარულით, შემეძლო, საათობით ვყოფილიყავი ვინმე უცხოს გვერდით და ხმა არ ამომეღო, რომ ეს გაუგებარი საწყისი საუბრები თავიდან ამერიდებინა, მაგრამ ახლა ტვინმა თითქოს დაწვა ყველანაირი კავშირები, რაც ამდენი წლის განმავლობაში უშენებია. შეიძლება, ვინმემ მითხრას რამე და როცა ჩემი პასუხის დრო მოდის, თავში არანაირი პროცესი არ იწყება, არ იქოქება მანქანა, არ იძებნება პასუხი, არ არის უბრალოდ არაფერი.

ასეთ მომენტებში ვიზუალურადაც ვხედავ სრულიად ჩამქრალ ეკრანს და ბუზის ხმა მესმის, მაგრამ იმ ბუზსაც კი ვერ ვხედავ ეკრანზე. წყვდიადი, სიცარიელე. გადის წამები, შეიძლება წუთები და მიწევს ისეთი პასუხის შექმნა, რომელიც ტვინს უკვე ავტომატიზებულად უნდა ჰქონდეს speed dial-ზე დაყენებული. ისედაც ძალიან ცოტა ადამიანი და თემა დარჩა, რაც ჩემში ოდნავ ინტერესს და ჩართულობას იწვევს და ამ არეალის ოდნავი აცილებაც ასეთ ვაკუუმურ შავ ხვრელში მაგდებს. მოკლედ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდხნიანი გამოზამთრებიდან ვიღვიძებ და შიგნით მიწევს სულ ახალი ადამიანი, რომელიც  თავიდან უნდა გავიცნო და გავითავისო, მაგრამ მიჭირს, იმიტომ რომ ამორფულია ახალი მდგმური - ვერ ვუპოვე ვერანაირი ხელმოსაკიდი, რომ საიდანღაც ავაწყოთ ურთიერთობა. ვცდილობ, ტოლერანტული ვიყო, მომთმენი, დაველოდო, რომ გამოიჩეკოს ბოლომდე და წარმომიდგინოს საკუთარი თავი, მაგრამ არ გამომდის - იმდენად გულნატკენი ვარ, იმდენად გაბრაზებული, იმდენად იმედგაცრუებული, საკუთარ თავში რომ ვერ ველოდები ამ ფერისცვალებას.

რას შვრება ამდენ ხანს?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^