Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეფლექსია: სუპერ-ეგოისტი!

12 ოქტომბერი 2019

„ბევრ ადამიანს სინამდვილეში არ სურს თავისუფლება, რადგან ის პასუხისმგებლობას სთავაზობს, რომლის შიშიც ადამიანების უმრავლესობას აქვს“. ზიგმუნდ ფროიდი

თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა და არა მოცემულობა, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვლინდება. თავისუფლება რთულია და ზედმეტად წმინდა იმისთვის, რომ თავისი სურვილების მოწინააღმდეგე ადამიანს საკუთარი თავით ტკბობის უფლება მიანიჭოს. იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ და თავისუფალ ამოსუნთქვამდე მივიდეთ, შეიძლება მთელი სიცოცხლეც არ გვეყოს. ამიტომაც, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ძალა სწორედ მის მოპოვებას სჭირდება.

რამდენიმე თვის წინ სრულიად შემთხვევით ზიგმუნდ ფროიდის ხმის ჩანაწერი ვიპოვე. 

სალომე ასათიანის პოდკასტი - „ასათიანის კუთხე“, რომლის რეგულარული მსმენელი ვარ, რატომღაც ზუსტად იმ თემას მთავაზობს ხოლმე, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ემოციურად ყველაზე მეტად მჭირდება. შაბათი იყო. დილა. სევდიანი, წვიმიანი და რეფლექსიური. მეც ფინჯანი ყავით ხელში სავარძელში ჩავგორდი და ფროიდის ხმის მოსმენა დავიწყე. ჩანაწერის მოსმენა რთულია, რადგან მისი მომზადებისას ფროიდი უკვე მძიმედ დაავადებული იყო და ჩანს, რომ საუბარი უჭირს. თუმცა, თუ ყურადღებით მოვუსმენთ, მისი გაგება შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ბევრი ვიტირე. ვიტირე იმიტომ, რომ ვუსმენდი რევოლუციურ ხმას, რომელმაც, ჩემი აზრით, მთელი მსოფლიოს ტვინი და ემოციური მდგომარეობები გამოიკვლია. ჩანაწერი რომ დასრულდა, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ისეთი შფოთვა მქონდა, მეგონა, „ის საშინელება“ თავიდან დაიწყო. ის საშინელება კი შფოთვითი ნევროზია, თავისი პანიკური შეტევებითა და ადამიანურ ინსტინქტებზე უარის თქმით. 

რადგან ჩემს ბლოგს „თვითრეფლექსია“ ჰქვია, გავბედავ და მოგიყვებით, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაზე ფროიდს და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მოგცემთ ბიძგს, რომ საკუთარ თავს დააკვირდეთ. როგორც კი ადამიანი საკუთარი თავის თვითრეფლექსირებას იწყებს, ის მიდის ფროიდთან - მიდის ბავშვობასთან, ბავშვობის ტრავმებთან, ლიბიდურ წინააღმდეგობებთან, შიდა კონფლიქტების ანალიზთან. ამ ყველაფერზე ფიქრი კი ადამიანში აჩენს ყველაზე დიდ და საშიშ კითხვას - ვინ ვარ მე? ეს თვითანალიზია და ბევრ თერაპევტს რომ ჰკითხოთ, არასწორია, რადგან სწორედ ბევრი ფიქრი იწვევს ნევროზს. მაგრამ, რეალურად, თერაპევტის დახმარებაც ვერ გვიშველის, თუ არ დავიწყებთ პასუხის გაცემას ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე - „ვინ ვარ?“ 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დიდი პროცესია. დიდი და უმძიმესი, თუმცა მას ნელ-ნელა მივყავართ მეორე უმნიშვნელოვანეს კითხვამდე - „ვინ მინდა ვიყო?“. და ალბათ ღირს ეს ტანჯვა იმად, რომ საკუთარ თავს ეს კითხვა დავუსვათ და გავიაზროთ, რომ არის ჩვენში რაღაც, რაც არ მოგვწონს. იქნებ ზუსტად ეს გვაწუხებს? იქნებ იმიტომ არ მოგვწონს ჩვენი დღეები და საღამოობით იმიტომ ვსევდიანდებით, რომ არასდროს გვიფიქრია, როგორები გვინდოდა ვყოფილიყავით. 

ჩვენ გავიზარდეთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც არც კი უკითხავთ, ვინ გვინდოდა ვყოფილიყავით. ჩვენ თავიდანვე დაგვიგეგმეს მომავალი. გვასწავლეს ის ენები, რაც თავად უნდოდათ, მოგვნათლეს იმ დროს, როცა მათ უნდოდათ, გვაჭმევდნენ იმას, რაც მათ უნდოდათ და საბოლოოდ, უნივერსიტეტისთვისაც იმ საგნებში გვამზადებდნენ, რაც მათ უნდოდათ. ეს - „მათ“ დიდი კოლექტივია: მშობლები და მათი მეგობრები, ბებიები და ბებიების მეგობრები, დეიდები და მათი მეგობრებიც... ისინი წყვეტდნენ, ვინ უნდა ვყოფილიყავით და სწორედ აქედან დაიბადა შფოთვაც. 

შფოთვა საკუთარ თავთან კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი გამოვლინებაა. პირადად მე, როდესაც შფოთვა მაქვს, მგონია, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწაზე ასეთი საშინელი შეგრძნებით. როცა მეუბნებიან, რომ ეს სხვებსაც სჭირთ, ვერ ვიჯერებ. იმ მომენტში წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ასეთ ტანჯვას შენ გარშემო მყოფი თუნდაც ათი ადამიანი განიცდის. მაგრამ, რეალურად, სწორედ შფოთვა და ეს ხანგრძლივი ტანჯვაა ხოლმე ახალი „მე“-ს საწყისი. მას ხომ ბევრი კითხვა და ასევე უამრავი პასუხები ახლავს თან?! 

ეს დიდი და სასაცილო პროცესიცაა. ორი დღის წინ ქალღმერთივით თავდაჯერებულ ქალს ორ წამში მოკუნტულ, ლაჩარ არსებად გაქცევს. გეშინია! გეშინია, რომ არ გაგიჟდე. და ერთადერთი, რაც გინდა, ფიქრებისა და კითხვების დასამარებაა. თუმცა სტუმარს, რომელსაც მე მოფერებით „მრგვალი“ დავარქვი, თავისი ყოფნის კონკრეტული დრო და მოქმედების სტრატეგია აქვს. მე ვერ ვიგებ, ვერ ვაანალიზებ, მაგრამ ის ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალურად საკუთარ თავთან გაუცნობიერებელ კონფლიქტში ვიმყოფები. ეს კონფლიქტი კი ჩემს შემთხვევაში, ბავშვობის ტრავმებიდან გამომდინარე, ყოველთვის კარიერულ ცხოვრებას უკავშირდება. მაგალითად: თუ ვმუშაობ, რომელიმე კორპორაციაში, მაქვს დიდი შემოსავალი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იქ მხოლოდ ფული მაჩერებს, მაქსიმუმ ერთი წლის თავზე მესტუმრება ხოლმე ჩემი საყვარელი მეგობარი, რომელიც ერთ თვეში მთელ ცხოვრებას მიცვლის. ან პირიქით, თუ მაქვს სასურველი სამსახური, რომელშიც მთლიანად ვრეალიზდები და ყოველ საღამოს ბედნიერი ვასრულებ მუშაობას, თუმცა მაქვს დაბალი ანაზღაურება, წლის ბოლოს ეს მოცემულობაც ზუსტად იმავე შედეგით სრულდება. როგორც კი ეს ყოველივე გავიაზრე, დაახლოებით ექვსი თვე საშინელმა განწყობამ შემიპყრო, რომ მე ვერასდროს მივიდოდი იმ თავისუფლებამდე, რასაც მშვიდად ძილი ჰქვია. თუმცა რამდენიმე საინტერესო წიგნთან ერთად ცხოვრებაში ალბათ უკვე მეასედ წავიკითხე ფროიდი და გავაანალიზე ფრაზა:

„შრომა ადამიანს, სულ ცოტა, რეალობის ერთი ნაწილის – საზოგადოების - წევრად მაინც აქცევს. ლიბიდოზური კომპონენტების უდიდესი – ნარცისისტული, აგრესიული და თვით ეროტიკული - ნაწილის შრომად და მასთან დაკავშირებულ ადამიანურ ურთიერთობებად გარდაქმნა მას თავისთავად ძალზე ღირებულს ხდის და, შესაბამისად, საზოგადოებაში მისი ადგილის განმტკიცება და აუცილებლობა აბსოლუტურად გამართლებულია“.

და ამ ფრაზის გააზრებისა და ჩემს ყოველდღიურობაში დანახვის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მეპოვა ორნაირი სამსახური: ერთი, რომელიც ჩემს ეგოს დააკმაყოფილებდა და მეორე, რომელიც გადამიხდიდა იმდენს, რამდენის მოთხოვნილებაც მაქვს. ამ ქცევამ გაამართლა. სრულად ვერა, მაგრამ ჩემი შფოთვები გაანახევრა და სამყაროს აღქმა ძალიან მარტივად დამაწყებინა. რომ ყველა ქცევა, ქმედება, სოციალური აქტივობა, ჭამა და სმაც კი აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავრჩეთ ჰომოსაპიენსებად, რადგან ამ ყველაფრის გარეშე ვერ ვიარსებებთ. „სამსახური და სიყვარული - ეს არის თქვენი ადამიანობის ქვაკუთხედები“, - წერდა ფროიდი და თუ ამ ნათქვამსა და ზემოთ მოყვანილ ფრაზას გავიზარებთ, გავიზიარებთ, /// გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ცხოვრების ძირითადი ასპექტები, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებად გვაქცევენ, სწორედ სიყვარული და შრომაა. თუ ამ ორ ასპექტთან კონფლიქტი ნაკლებია, იკლებს ზღვა ემოციების, სენსიტიური გუნება-განწყობის და, პირველ რიგში, შფოთვის ტალღა. 

ამ ყველაფერს არ დავწერდი, დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი ერთ კონკრეტულ საკითხში: შფოთვა, იმედგაცრუების დიდი სევდა და გაორების ასეთი მძიმე პერიოდები ყველა ადამიანს ჰქონია. ბევრი ასეთი ადამიანი საჯაროდ ამბობს, რომ თავისუფალია. ეს კი ზედმეტად ხმამაღალი განაცხადია. თავისუფალი ადამიანი ალბათ ყველაზე ბედნიერი არსებაა სამყაროში, მაგრამ ასეთი რომ ბევრი არსებობდეს, ჩვენი პლანეტა ბევრად ჰუმანური, ძლიერი და რეალურად თავისუფალი იქნებოდა. თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მოცემულობაა, რომელიც ყველაზე დიდ შრომასა და ამაგს მოითხოვს. ამიტომ იმის თქმა, რომ თავისუფალი ხარ, საკმაოდ დიდ გამოცდილებას საჭიროებს. 

მე თავისუფალი ვარ! ჩემს ნაცნობებს რომ ჰკითხოთ, ჩემზე თავისუფალი, პირდაპირი და გულწრფელი ადამიანი ცოტა უნახავთ, მაგრამ მე არ ვარ თავისუფალი. მაშინ როდესაც ყველაზე ბედნიერი, მხიარული, თავდაჯერებული და სოციალური უნდა ვიყო, შეიძლება მომადგეს ჩემი მეგობარი შფოთვა, რომელიც ორ წუთში ლაჩარ და ყველაზე მშიშარა არსებად მაქცევს. ეს ხდება იმიტომ, რომ რაღაც გამომეპარა, გავაკეთე ის, რაც არ მინოდა, ვიყავი იქ, სადაც არ მინდოდა, ვუსმენდი მას, ვინც არ მინდოდა და ვიქცეოდი ისე, როგორც არ მინდოდა. ამიტომაც მოვიდა შფოთვა. მან გამახსენა, რომ მე „მე“ უნდა ვიყო, არ ვეძალაო საკუთარ თავს და მოვიქცე მხოლოდ და მხოლოდ ისე, როგორც მე მიმაჩნია მისაღებად. თუ იმას ვაკეთებთ, რასაც სოციუმი, ოჯახი, სამსახური, მეზობლები და „ლელები“ გვეუბნებიან, ისევ რამდენიმე ნაბიჯით ვშორდებით საკუთარი თავის-უფლებას და უკუსვლით შფოთვისკენ მივხოხავთ.

და ბოლოს ისევ ფროიდი - ადამიანობის და ცნობიერების, ტვინის და აზროვნების „სუპერ-ეგოისტი“ (ფროიდის ტერმინს სუპერ-ეგოს ვგულისხმობ):

„საუბედუროდ, ჩახშობილი ემოციები არ კვდება. მათ გაჩუმება აიძულეს და ისინი შიგნიდან აგრძელებენ ადამიანზე ზემოქმედებას“. 

კი, ასეა! გზა, თავისუფლებისკენ რომ ვიაროთ, ერთადერთია - ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისგან გათავისუფლება! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^