Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰამიდ სადიხის გაკვეთილი

16 ოქტომბერი 2019

გეოგრაფიის მასწავლებელმა ჰამიდ სადიხმა მწვავედ გააკრიტიკა აზერბაიჯანული თემის უხუცესები (აღსაკალები). ჰამიდმა დაუფარავად ამხილა ისინი, რომ ხშირად ხელს უწყობენ გარიგებებს, რომელთა ძალითაც გოგონებს ადრეულ ასაკში აიძულებენ დაქორწინებას. მასწავლებლის თქმით, სწორედ ასეთი იძულების მსხვერპლი გახდა მისი მოსწავლე, რომელსაც სურს სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს.

ჰამიდი ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ უბედურების წინააღმდეგ ძალაუფლებას დაუპირისპირდა. არ დაუწყია ლაპარაკი ხალხის ჩამორჩენილობაზე, ზოგადად დრომოჭმულ ტრადიციებზე ან პირად პასუხისმგებლობაზე. ამის ნაცვლად პირდაპირ მიუთითა მანკიერი პრაქტიკის მონაწილეებზე. შესაძლოა, ყველაზე დაბალი რგოლის წარმომადგენლებს, მაგრამ მაინც ამ წრეში ჩართულთ, აშკარად დასდო ბრალი.

აქ შევეცდები დისკუსია წამოვიწყო მნიშვნელოვან საკითხებზე: ვინ ფლობს ძალაუფლებას აზერბაიჯანულ თემში, რა ფუნქცია აკისრიათ უხუცესებს და როგორი ბედი აქვთ უბრალო მოქალაქეებს.

ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა ჰამიდ სადიხს საჯაროდ ბოდიშის მოხდა აიძულეს. ამ ყველაფრის ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა. ეს მძიმე შემთხვევა მკაფიოდ უჩვენებს აზერბაიჯანულ თემში შექმნილ ვითარებას. აუცილებელია, რომ ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ, ზედაპირულად არ შევაფასოთ და აქ მხოლოდ ჩამორჩენილ ტრადიციებსა და თანამედროვე ცხოვრების წესს შორის დაპირისპირებას არ ვხედავდეთ.

გარიგებას, რომლის ძალითაც ადამიანების ბედი წყდება, გააჩნია კონკრეტული საფუძველი და ამგვარი შემთხვევები მხოლოდ დაგვირგვინებაა იმ ძალაუფლებრივი ურთიერთობის, რომელიც ცხოვრებას ართმევს ადგილობრივებს.

მედიაში ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევს, თუ რომელიმე მხარე გარიგების პირობებს არ ეთანხმება. უმეტესად და ტიპურ შემთხვევაში, ყველაფერი უხმაუროდ მთავრდება, ამიტომაც აუცილებელია, თვალი არ ავარიდოთ ადგილზე შექმნილ უთანასწორობას, ძალაუფლებრივ მიმართებას, ყოველდღიურობას და დასკვნები არ გამოვიტანოთ სკანდალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

წარსულში, უხუცესები აზერბაიჯანული თემის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს კისრულობდნენ. თავიანთი გამოცდილებითა და ავტორიტეტით ისინი ახერხებდნენ კონფლიქტური ვითარებების მოგვარებას, იცავდნენ თემის ინტერესებს, თუმცა უკვე მრავალი წელია მათ დაკარგეს ძველი მდგომარეობა და ფუნქციები, აღარ გამოხატავენ ადგილობრივების ნამდვილ მისწრაფებებს და მხოლოდ ძალაუფლების მქონეთა ინტერესების გამტარ დაბალ რგოლად იქცნენ.

ამიერკავკასიაში რუსეთის გაბატონების შემდეგ, იმპერიამ ამიერკავკასიის აზერბაიჯანულ სახანოებში თავდაპირველად სამხედრო მმართველობა დანერგა, მოგვიანებით ის ჩაანაცვლა ახალი ტიპის იმპერიულმა პოლიტიკამ. მთავრობა აქ მკაცრ, კონსერვატიულ პოზიციებს ატარებდა, რაც ითვალისწინებდა მუსლიმი სასულიერო ელიტის სრულ კონტროლს და მათ ჩართვას იმპერიის კოლონიურ პოლიტიკაში. ამ გზით სასულიერო პირები და მათი გავლენის ქვეშ მოქცეული უხუცესები რუსული კოლონიური პოლიტიკის გამტარებად იქცნენ. პრივილეგირებული მუსლიმი სასულიერო პირები, მოჩვენებით, ისლამის დოგმებით განაგებდნენ ადამიანების ცხოვრებას. სინამდვილეში, ეს ყველაფერი სრულად ემთხვეოდა იმპერიის პოლიტიკას.

რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის გათვალისწინება ამ საკითზე საუბრისას აუცილებელია, რათა კარგად დავინახოთ, რომ კავკასიელი სუნიტი მუსლიმების დასაძლევად რუსეთი განსხვავებულ ხერხებს მიმართავდა, ხოლო შიიტი მუსლიმების დასამორჩილებლად მან კონსერვატიული პოლიტიკა აირჩია და მისი მოკავშირეები ადგილობრივი სასულიერო ელიტა და ავტორიტეტები იყვნენ. შესაბამისად, მომდევნო წლებში სუნიტი და შიიტი მუსლიმების თემში უხუცესთა ფუნქცია და მათი ძალაუფლების შინაარსიც განსხვავებული იყო.

კიდევ უფრო მოგვიანებით ადგილობრივი უხუცესების გავლენა კიდევ უფრო შემცირდა. საბჭოთა კავშირის დროს ისინი მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებდნენ სტატუსს და უმეტესად ადგილობრივი პარტიული ფუნქციონერების გავლენას ემორჩილებოდნენ.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საკუთრივ აზერბაიჯანულ თემში დაიწყო კაპიტალის გადანაწილების ქაოსური პროცესი. აქ სახელმწიფო ქონება, ყველაზე ნაყოფიერი მიწები და დიდი საძოვრები ხელში ეთნიკურად ქართველმა ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა ჩაიგდეს. ხალხის გაძარცვის პროცესი მაშინდელმა ჩინოვნიკებმა და საქმოსნებმა ნაციონალისტური საბურვლით გადაფარეს. ეს ყველაფერი წარიმართა „გაქართველების“ სახელით. წმინდად ფინანსური ინტერესები შეინიღბა ნაციონალისტური და რელიგიური სიმბოლიკებით.

ამ პროცესის პარალელურად, ხალხის ქონების მიტაცებაში ჩაერთნენ ადგილობრივი ეთნიკურად აზერბაიჯანელი წვრილი ბიუროკრატია და ჩინოვნიკები, რომლებიც, ცხადია, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობდნენ და რომლებმაც ბოლომდე გაძარცვეს მოსახლეობა. ამ უკანასკნელთა დასაყრდენი თითოეულ სოფელში იყვნენ სწორედ უხუცესები, რომლებიც ძალაუფლებას იღებდნენ და ინარჩუნებდნენ ფინანსურად ძლიერი კლანების ინიციატივით.

არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ დროისათვის უხუცესთა უმრავლესობას რაიმე რეალური გავლენა გააჩნდა, უბრალოდ, მაშინ, როცა ყველა სისტემა მოიშალა, საქმოსნები უხუცესების სახელს მაინც წარმატებულად ეფარებოდნენ.

სწორედ უხუცესების თანამონაწილეობითა და მათი გავლენის გამოყენებით დაიწყო ქვემო ქართლში მიწების ხელახალი განაწილება. ამ ყველაფერმა თემში უკიდურესი უთანასწორობა შექმნა. ჩამოყალიბდნენ „არენდატორები“, რომლებიც უზარმაზარ მიწებს ფლობენ, უბრალო მოქალაქეებს კი ერთი ჰექტარიც არ გააჩნიათ. ამ ყველაფერმა შექმნა ბაზარზე უიაფესი მუშახელის საჭიროება. „არენდატორების“ მიწებზე მიზერულ ხელფასზე მუშაობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოქალაქეები.

მიწების ამგვარმა განაწილებამ გამოიწვია წყლის არათანაბარი გადანაწილებაც. წყლის რესურსის ასეთი მიტაცება კი ადგილობრივებს უმძიმეს ვითარებაში აცხოვრებს.

ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემში უთანასწორობას შრომითი მიგრაცია ზრდის. გავლენიანი კლანები ფლობენ კავშირებს რუსეთში ან თურქეთში. სწორედ მათ შეუძლიათ იქ მაღალანაზღაურებადი სამუშაო გაუჩინონ სხვა ადგილობრივებსაც, ხოლო ვინც ძალაუფლების მქონეთა კეთილგანწყობით არ სარგებლობს, მოუწევს დაბალ ხელფასზე იშრომოს, ან საერთოდ მოტყუებული დაბრუნდეს შინ; ანდა სოფელში დარჩეს, მაგრამ აქ მას არც მიწა აქვს და წყალიც მსხვილმა მესაკუთრეებმა მიითვისეს.

სწორედ ამგვარი ეკონომიკური უთანასწორობის კულტურულ საბურვლად გვევლინება უხუცესების უდიდესი ნაწილი. წარსულში მათი საქორწინო რიტუალებში მონაწილეობა ლამაზი ტრადიციის ნაწილი იყო, ახლა ისინი ფინანსური გარიგებებით ადამიანის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობენ.

საქართველოში აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებით ბევრი უსაფუძვლო მითი არსებობს და ჩვენ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ეს უსაფუძვლო წარმოდგენები კიდევ უფრო არ გავამყაროთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თვალი არ დავხუჭოთ იმ დამანგრეველ უთანასწორობაზე, რომელიც თემში არსებობს.

აუცილებელია, რომ ექსპლუატირებულმა მოქალაქეებმა თავად შექმნან ადგილზე დემოკრატიული ორგანიზების პრეცედენტები და მათ წარმომადგენლებად ძალაუფლებამ არ წარმოაჩინოს უხუცესები, რომლებმაც რეალურად ეს ფუნქცია დიდი ხნის წინ დაკარგეს. ახალ დემოკრატიულ თვითორგანიზებაში უნდა თანამონაწილეობდეს ყველა - გამოცდილი უხუცესებიც და ახალგაზრდებიც, ნებისმიერი ასაკის ქალები და მამაკაცები.

ჰამიდის გაკვეთილმა ყველას მკაფიოდ გვიჩვენა, რომ უდიდესი პრობლემის წინაშე ვდგავართ და აქედან გამოსავალი არც ნაადრევ ქორწინებაზე ზედაპირული საუბარია და არც ჩამორჩენილობასთან თანამედროვე ცხოვრების წესის დაპირისპირება.

ქალებს, ქვემო ქართლის ქალაქებიდან და სოფლებიდან, ყველა გზა მოუჭრეს. სახელმწიფო მათ აძლევს უფლებას უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა, მაგრამ ამ გზას მხოლოდ ერთეულები მიჰყავს ბედნიერებამდე. სკოლაში არსებული მძიმე მდგომარეობა, ენის სრულყოფილად შესწავლისთვის მიცემული ძალიან მცირე რესურსი და დრო (1+4 პროგრამაში, ქართული ენის შესასწავლად გამოყოფილია ერთი წელი, ამის შემდეგ აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეები სხვებთან ერთად იწყებენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას) წარმოუდგენელს ხდის უნივერსიტეტში სპეციალობის სრულყოფილად დაუფლებას.

საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულებსაც ძალიან უჭირთ სამსახურის პოვნა. უმეტესად მომსახურების სფეროში თუ დასაქმდებიან, ან მშობლიურ სოფლებში „მუშათა ბაზრობაზე“ თუ იპოვიან დღიურ სამუშაოს.

სწორედ ეს ჩიხი უადვილებს ძალაუფლებისა და ფინანსური კაპიტალის მქონე კაცებს ასე იოლად იყიდონ მათი ცხოვრება და თუ ვინმე, ჰამიდის მსგავსად, იტყვის, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიბინძურეა, უპასუხებენ, რომ ეს ტრადიციების შეურაცხყოფაა. რეალური ძალაუფლების მქონენი არ გამოჩნდებიან და ყველაფერი უხუცესების პატივისცემის სახელით გაკეთდება.

ამ მარტივი ხერხით ისინი შეძლებენ საზოგადოებას გზა აურიონ, რადგან ქვემო ქართლშიც და თბილისშიც მხოლოდ მავნე ტრადიციებსა და ნაადრევ ქორწინებაზე ილაპარაკებენ და არა ამ უბედურების ნამდვილ საფუძველზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^