Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციკო ინაურის რეფლექსია: უნიტაზი, საწყისი და შენ

22 ოქტომბერი 2019

პირველად საბერძნეთში რომ ჩავედი, 14 წლის ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ვფიქრობდი ფილოსოფიაზეც, ფსიქოლოგიაზეც, ღმერთებზეც და ღმერთზეც, აკროპოლისში ხეტიალის დროს მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. თინეიჯერი ვიყავი და ათენის ღამის კლუბებზე ფიქრიცა და პლაკას ქუჩაზე მხიარული მოცეკვავეების ყურების სურვილიც ერთმა დიდმა გრძნობამ გადაფარა. ამ გრძნობას სახელი დღემდე ვერ ვუწოდე, თუმცა აგიხსნით და მიხვდებით, რომ იგივე თავადაც გიგრძნიათ. 

აკროპოლისი რომ ვნახე და ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე, დაღმართზე ჩამოსვლისას გარშემო ზეთისხილის ხეებთან შევჩერდი და დაახლოებით 20 წუთი ვფიქრობდი, რამდენი რამ უნახავთ ამ ხეებს. მის ქვეშ ხომ პლატონი წამოგორდებოდა და თავის მოსწავლეებს საოცრებებს ასწავლიდა. რომელიმე ხესთან მიწოლილი იყო არისტოტელეც, რომელიც მასწავლებელს დიდი ყურადღებით უსმენდა და შემდგომში მთელი თავისი დიალოგები სწორედ მას მიუძღვნა. შემდეგ ვიჯექი და ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვიქნებოდი, ამ ყველაფრის ნაწილი რომ ვყოფილიყავი, რა მაგარი იქნებოდა, ძვ.წ. 385 წელს მეცხოვრა და პლატონის აკადემიაში მესწავლა, საღამოობით კი პლატონთან ერთად ჯერ „აკადემიის ბაღში“, შემდეგ კი ზეთისხილის ხეებთან წამოვგორებულიყავი და უამრავ სისულელეზე/სიბრძნეზე მესაუბრა. ამაზე ფიქრის დროს წარმოსახვა იმდენად ძლიერია ხოლმე, რომ ის რამდენიმე წუთი ძალიან, ძალიან თავდაჯერებულად დარწმუნებული ვარ პლატონის მოწაფეობაში. რა არის ეს გრძნობა, წუთები, როდესაც ამას გრძნობ და შეგრძნება, რომელიც მოგვიანებით საოცარ ხასიათზე გაყენებს? შური, რომ იქ და იმ მომენტში არ არსებობდი? არა! შური რაღაც სხვაა. მუზა? რამაც შეიძლება მოგვიანებით რამე დაგაწერინოს? არა! მუზაც სულ სხვა რამეა. კი, ისიც ბერძნებთან და მუზა-ქალღმერთებთან ასოცირდება, თუმცა - არა! მუზა გაკეთებინებს და შემდეგ შედეგით განიჭებს სიამოვნებას, ეს კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა. 

ამ მარტივ, ვიღაცისთვის აბსურდულ, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ძვირფას შეგრძნებას, ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს: იდეები მარადიულნი, უცვლელნი და ერთიანნი არიან. მაგალითად, ჰერაკლიტეს თვისებრივი ცვალებადობის მიხედვით: წყალი როდესაც შეიკუმშება, მიწად იქცევა, თუ ის გათხელდება - ჰაერად, თუ აინთო - ცეცხლად, ხოლო ცეცხლი თუ ჩაქრება, ის ჰაერში გადადის. შეკუმშული ჰაერი - ღრუბელში, შემდეგ კი - წყალში. წყლისგან კი მიწა და ქვები წარმოიშობა. ეს ცვალებადობა უწყვეტია და ყველა არსებული საგანი ამ კანონს ემორჩილება. თუმცა არსებობს რაღაც სხვა - საწყისი, რის გამოც ამ ცვალებადობას აზრი აქვს. ამ საწყისს ყოველგვარი თვისებისა და ფორმის მიღება შეუძლია, თუმცა თავად არც ფორმა აქვს და არც თვისება. ის, რაც ყოველგვარი თვისების მიმღებია, ვერ იქნება რაიმე ფორმის, ხომ? 

კი! ვერ იქნება და სამყაროში არსებობს ამბები და გრძნობები, რომლებსაც სახელიც კი არ გააჩნია. არსებობს: 1) რაც ხდება 2) რაშიც ხდება და 3) რატომაც ხდება. სწორედ ეს „რატომ“ არის უფორმო მოცემულობა და ახალი საწყისი, რომლის გამოც ყველაფერს აზრი ენიჭება. ის არც წყალია, არც ჰაერი, არც ცეცხლი და არც მიწა; ის უბრალოდ უფორმოა და არ შეიგრძნობა. ის არ არის, განუსაზღვრელია, მაგრამ არის საწყისი, რომელსაც მხოლოდ გონებით ვწვდებით. ის მხოლოდ ჩვენია, მისი დანახვა ჩვენ გარდა არავის შეუძლია. 

მატერიას, საწყისს, და ფილოსოფიას თავი რომ დავანებოთ, და ამ ყველაფერს ჩვენებური ამჟამინდელი მოცემულობით მივუდგეთ, მივიღებთ ძალიან მარტივ ფილოსოფიას. რომ ადამიანი, თავისი ცხოვრების წესით, ქცევებით, ზოგადი შეგრძნებებითა და არსით ზუსტად ისეთივეა, როგორიც მეორე, სხვა ადამიანი. თუმცა ერთადერთი, რაც შეიძლება სხვანაირად გვაქცევდეს, ჩვენი შინაგანი საწყისებია. ჩვენი წარმოსახვები და მორალური სისტემა, ჩვენი ემოციური განწყობა და ძალა, რომელიც ბევრ რამეს გაგვაკეთებინებს, ან პირიქით, დაგვაკარგვინებს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რას ავირჩევთ და ჩვენი მზაობა სამყაროზე, რომელიც, როგორც არ უნდა წარმოვისახოთ, მაინც არსებობს და არსებობს ზუსტად ისეთი ფორმითა და მოცემულობით, როგორადაც ვხედავთ. ზეთისხილის ხეებისა და ჩემი ასეთი რომანი, ვფიქრობ, სწორედ ამ საწყისით აიხსნება, რომელსაც სახელი არ გააჩნია. 

პორტუგალიაში რომ ვმოგზაურობდი, უამრავი სასახლე ვნახე, რომლებიც საოცრად ლამაზი, ფერადი და გრანდიოზული იყო, თუმცა არცერთ სასახლეს არ გავუძეგლებივარ ისე, როგორც ერთ-ერთ სასახლეში არსებულმა ოთახმა გამაოგნა. ეს იყო მეფის ძველი ოთახი, სადაც სამყაროში პირველი ნივთები ინახებოდა. პირველი უნიტაზი რომ დავინახე, ზუსტად ისე გავძეგლდი, როგორც ზეთისხილის ხეებთან. და უნიტაზზე ტირილი დავიწყე. წარმოვიდგინე პირველი ადამიანი, რომელმაც პირველად ნახა და გამოიყენა უნიტაზი, რომელმაც პირველად გადადგა ნაბიჯი ცივილიზებული აუცილებლობებისკენ და ამ ამბავზეც ზუსტად იმავენაირად დავსევდიანდი. ძალიან სასაცილოა ხომ? კი, სასაცილოა გოგო, რომელიც უნიტაზსა და ზეთისხილის ხეებს დასტირის, ან რომლისთვისაც, კვიპროსში ას ოც მეგობართან ერთად გართობის ნაცვლად, მხოლოდ მიტოვებული, ბუფერული ზონა „ფამაგუსტა“ რჩება მის მთავარ მოგონებად. სეირნობის დროს, ქუჩაში ძაღლიც რომ არ დადის და გარშემო სულ მიტოვებული ადგილებია. 

და მაინც, რა არის ეს გრძნობა? შეგრძნება, როდესაც ადამიანების ნასახლარები უფრო გხიბლავს, ვიდრე რეალური სახლები. როდესაც ხმაურიან ქალაქებზე მეტად მიგდებულ ქალაქის ქუჩებში ბოდიალი მოგწონს. ეს არის საწყისი? უსახელო შეგრძნება, რომელსაც მხოლოდ გონება აკონტროლებს?..

სოლიდარობა ადამიანობასთან და ადამიანად ყოფნის სურვილი. ადამიანობის სიყვარული და მადლიერება, რომ გაჩნდი ადამიანად, რომ გაქვს ხელები, ფეხები, გული და გონება, რომ შეგიძლია იფიქრო და დაიმახსოვრო, რომ ადამიანობაზე დიდი ხიბლი არაფერს აქვს და რომ პატარა ადამიანურ ამბებსაც კი, მაგალითად, უნიტაზის ისტორიას, აქვს ძალა შეგაყვაროს ადამიანობა. ვფიქრობ, ფილოსოფოსები სწორედ ამას ამბობდნენ, რა თქმა უნდა, უფრო ბრძნულად და გამართულად, მაგრამ საბოლოო დასკვნა სწორედ ესაა. ნამდვილად საოცრებაა როგორც საგნების, ისე ფიქრისა და აზრის, მატერიის არსებობა სამყაროში. ჩვენ მეთევზეებს ვგავართ, ვაგდებთ ანკესს და ველოდებით, როდის დავიჭერთ სასურველ თევზს. ეს სასურველი თევზი კი ხან სიყვარულია, ხან მეგობრობა, ხან ქონება, ხანაც უბრალოდ უცნაური შეგრძნებები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაახლოებს საწყისთან. გადაგდებულ ანკესს შესაძლოა ღმერთიც ამოჰყვეს, რომელიც ასევე მატერიაა და ჩვენი აბსურდული არსაიდან მოსული უფორმო ემოციები და შეგრძნებები ხშირად ძალიან ემსგავსება ამ ცნებას. ცნებას, რომელსაც ვერ ვხედავთ, რომელსაც წარმოვიდგენთ და ერთადერთია სამყაროში, რომელზე ფიქრიცა და წარმოსახვაც ყველა ინდივიდუალური აქვს. ზოგისთვის შეიძლება ასეთი მატერია მართლაც ზეთისხილის ხე აღმოჩნდეს. თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარია: ის, რაც არ ჩანს და უფორმოა, ჩვენთვის დავიტოვოთ. 

მატერია არის ერთადერთი რამ სამყაროში, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან, ეს არის ის, რაც არასდროს იქნება ზოგადი და ის, რასაც ყველაზე მეტად არ უხდება აფიშირება. ამიტომ, ნუ დამცინებთ უნიტაზზე. მერე რა, რომ მის გამო ვტიროდი? ეს ჩემი პირადი შეგრძნება იყო, რომელმაც წამიყვანა საწყისთან. ზოგს უნიტაზი, ზოგს ნამცხვარი, ზოგს კი უბრალოდ წითელი ნავთქურის სუნი დააბრუნებს ხოლმე საწყისთან. ეს ჩვეულებრივი ამბავია. სუნიც კი ხშირად მოგონებებთან ან საწყისთან პირდაპირი კავშირის დამყარების შესაძლებლობას გვაძლევს.

გახსოვთ მარსელ პრუსტი და მისი madeleines? როგორც კი მისი პერსონაჟი madeleine-ს შეჭამდა, სწორედ გემოთი და სუნით უახლოვდებოდა საწყისს და იხსენებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა. სწორედ იმიტომაა საწყისი იდეაზე გენიალური, რომ მის მიმღებლობაში სრულიად თავისუფალნი ვართ. ზოგი გემოში ხედავს ღმერთს, ზოგი წერის დროს გრძნობს ღმერთების თანადგომას, ზოგი კი უბრალოდ ხით არის აღფრთოვანებული და თავის წარმოსახვებში სწორედ ზეთისხილის ხეა მისი ერთადერთი ღმერთი!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^