Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რკალი

24 ოქტომბერი 2019

ქურდული ტრადიციები არ უნდა იყოს დასჯადი 

- ემზარ კვიციანი



ტყეში გავარდნილებს ღამით ცეცხლი დაენთოთ და ხელისგულებ მიშვერილნი ებრძოდნენ სიცივეს. ხეებთან დაბმული ცხენების აღელვება ცუდად ენიშნათ და საჭურველიც მოამზადეს, მაგრამ როგორც კი სტუმრად მოსული დაინახეს მალევე შეინახეს და ვინაობა გამოკითხეს.

ვინმე შემოსილი აღმოჩნდა. ადრინდელი მწიგნობარი. ეხლა კიდე ვმოგზაურობო. ისიც დააყოლა წინასწარ ვმეტყველებ, მაგრამ ღვთის სამსახურში შედგომის პირობა გავტეხე, რის გამოც დავიწყევლე და ჩემი აღარავის სჯერაო.

დაისვეს ცეცხლთან და გაფატრული კურდღელი უწილადეს.

შენ თუ წინასწარ მეტყველებ ჩვენი ბოლო რა იქნებაო. - ჰკითხეს.
ბოლო ყველას ერთი აქვსო. - იყო პასუხი.

ჩვენს სახელებს რაღა მოუვაო. - ჰკითხეს.
სხეულთან ერთად დაიმარხება, მაგრამ ეგ დაუმორჩილებლობა და კანონს გარეთ ყოფნა ტრადიციად გვექნება იქამდე სანამ უცხო ტომელი გვიწერს კანონსო.

ყაჩაღებს ესიამოვნათ ეს ამბავი. გარდა მკვლელებისა და მძარცველებისა, მათ შორის იყო ხალხი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოსწყდა ცხოვრებას, რომ უცხოს დაწერილი კანონი ვერ აიტანა, ავად მიიჩნია და თავისივე ნაკარნახევ მორალურ კოდექსში არჩია ცხოვრება. იარაღი კიდე დასაცავად ჰქონდა, რადგან გავარდნილებს კანონი ერჩოდა.

ასე იყვნენ სხვადასხვა მხარეში. ფირალებიც და აბრაგებიც.

თავისუფლებას თუ მოვიპოვებთო?
კი, მოვიპოვებთ და ჩასუნთქვასაც ვერ მოვასწრებთ ისე დავკარგავთ, სრული ოკუპირება გველის წინო.

დააძრო ერთმა დამბაჩა და გაბრაზებულ გულზე უმისამართოდ ისროლა, ტყეში სიჩუმე გააპო, მხეცები დააფრთხო, ცეცხლთან კიდე ნაკვერჩხალი აიშალა.

ისევ იქნებაინ კანონს გარეთ მყოფნიო? - ჰკითხეს.

იქნებიან, მაგრამ უკვე სახეცვლილნი. არა ყაჩაღებს, არამედ ქურდებს დაუძახებენ, მათაც თავისივე კოდექსი ექნებათ, კონსტიტუციისგან დამოუკიდებელი და მიმდევრებიც ეყოლებათო.

გაიხარეს. ულვაშიც დაივარცხნეს სიხარულით.


მერე რა იქნებაო. - ჰკითხეს.

მერე დიდხანს ნანატრ, ნაოცნებარ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ, მაგრამ მძიმე დღეები დაგვიდგება, რასაც მშობიარეს ტკივილს შეადარებენ, სიხარულის მოლოდინში, რომ ძალა ეძლევა და ყველაფერს ითმენს, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოდგება დიდად ჯანმრთელი.
რადგან კანონს ჩვენი ხელით დავწერთ, გადაჯიშებულნი კი ისევ მის გარეთ არჩევენ ყოფნას.
ასე უაზროდ და უმიზნოდ.

რაღა აზრი აქვს კანონს გარეთ ყოფნას, თუ კანონის წერა შენით შეგიძლიაო. - ჰკითხეს.

რა გითხრა.. ასე იტყვიან - სისხლში გვაქვს კანონდარღვევა და მაგის გარეშე არ შეგვიძლიაო.
მერე კიდე, პარლამენტიც შეიკვრება, ხალხის ერთი არჩეული კი იტყვის - ჩვენში ტრადიცია ეგეთია, აბა მაგის მოშლა როგორ შეიძლებაო.

როგორ კაცო? თან კანონს წერს და თან დარღვევა ტრადიციააო? შლეგია? ეგ შლეგი კიდე ხალხმა აირჩია? არა მჯერა მე შენი. - უთხრეს.

ვიცი, რომ არ გჯერათ, აკი გითხარით დაწყევლილი ვართქო.

ყაჩაღები ჩაიცინებენ - ჩვენ ბრძენი ხალხი ვართ, ეგეთი ამბავი არ დაგვემართებაო. - ღვინო გაუწოდეს და ყველაფრის დავიწყება ურჩიეს.

წინ რაც გელის, აბა იმას როგორ დაივიწყებ..  




 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^