Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

28 ოქტომბერი 2019

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობის, მაგრამ აუცილებელი არ იყო, მღვდლისთვის ეს მეგრძნობინებინა; შემეძლო მხოლოდ ჩემს ცოდვებზე მომეთხრო, რათა მონანიებაში დამხმარებოდა“ - წერს სილვია პლათი თავის ერთადერთ პროზაულ ნაწარმოებში „ზარხუფი“. გუშინ მისი დაბადების დღე იყო - ქალის, რომელიც სიკვდილის შემდეგ უამრავი გოგოს პირად ღმერთად და სარკედ გადაიქცა. მასავით გულწრფელად, ემოციურად და მძიმედ, ალბათ არავინ წერს სამყაროში, თუმცა, „ზარხუფის“ დროს მაინც ყველაზე მეტს ვიცინით. იგი ზედმეტად რეალურად აღწერს თავზე ზარხუფჩამომხობილი გოგოს ცხოვრებას, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებებს თინეიჯერობაში, შემდეგ უნივერსიტეტში და შემდეგ უკვე „დიდურ“ ცხოვრებაში. ჩვენ ყველა გავდივართ იმ ფაზებს, რაც ესთერმა გაიარა, მაგრამ ზოგი ვცოცხლობთ სიბერემდე, ზოგი კი თავს ვიკლავთ. ეს უბრალოდ გამართლებაა. იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გაგვიმართლებს და მოვიშორებთ ჩვენს პირად ზარხუფებს, ან კიდევ მათთან ერთად ცხოვრებას შევიყვარებთ. ზოგადად იშვიათია, რომ ადამიანმა, რომელსაც არანაირი ტანჯვა და სევდა არ გაუვლია, ძლიერი ხელოვნება შექმნას. საერთოდაც ზარხუფების, მრგვალი საგნებისა და ბურუსის გარეშე ხელოვნება ვერ იქმნება. აი დააკვირდით - ის ადამიანები, რომლებმაც ომი ნახეს, დევნილები არიან, ბევრი საყვარელი ადამიანი დაკარგეს, რამე დაავადება გადაიტანეს, ზარხუფჩამოცმულებმა უამრავი წელი გაატარეს და დიდხანს ცდილობდნენ გაერკვიათ ზღვარი რელობასა და არარეალობას შორის, უფრო ძლიერი, ემოციური და შთამბეჭდავი ხელოვნება შექმნეს. საერთოდ არსებობს კი ვინმე სევდის გარეშე? არა! უბრალოდ ზოგი იჭერს ამ სევდას და რამე ფასეულში იყენებს, ზოგიც კი ცდილობს სხეულის ქვეკუნჭულებში ჩამალოს და აღარასოდეს გაიხსენოს. ჩამალვა რომ უშედეგოა, ამაზე აღარავინ დავობს. ყველა დამალული და თითქოს მივიწყებული სევდა, რომ როცა უნდა მაშინ ამოტივტივდება და ჩამოვგვახურებს ახალ ზარხუფს, არც ამაზე, მაგრამ დავობენ იმაზე, თუ სად მოვხვდებით სიკვდილის შემდეგ.

ამაზე წერდნენ ათასი წლის წინ, ასი წლის წინ და წერენ დღესაც. სამყაროში, ადამიანებს დაავადებები რომ აღარ შეაწუხებთ და შეიძლება ძალიან დიდხანსაც იცოცხლონ, ისინი მაინც დაელოდებიან ერთ ამოუხსნელ მოლოდინს - სიკვდილს; და ცხოვრებას, რომელიც სიკვდილის შემდეგ გველოდება. თუმცა, ვფიქრობ, პასუხი ამ კითხვაზე 200 წლის შემდეგაც ისევე ბუნდოვანი და მრავალფეროვანი იქნება, როგორც დღეს. ეს არის თემა, რომელსაც ვერასდროს მივწვდებით და ერთადერთი, რითიც შეიძლება მას მივუახლოვდეთ, ჩვენი ფანტაზიები და სიზმრებია. ჩემს სიზმრებში სიკვდილის შემდეგ ადამიანები ძაღლებად იბადებიან და ბევრად უკეთეს ადამიანებად ევლინებიან დედამიწას. ამიტომაც არის ძაღლი სამყაროში ყველაზე კეთილი და ერთგული არსება. ის მეორედ ჩნდება ისეთად, როგორიც სულ უნდოდა რომ ყოფილიყო და ადამიანობის გამო ვერ მოახერხა. ერთგული და სიყვარულით სავსე, დაუჯერებლად მეგობრული და კეთილი, რომელიც სხვა ადამიანის - თავისი მეგობრის გამო, კვდება კიდეც. რატომღაც მგონია, რომ რეალურად ყველას გვინდა ასეთ არსებად ყოფნა, თუმცა ვერ გამოგვდის. როგორც არ უნდა გვიყვარდეს, სიკვდილსა და ადამიანების დაკარგვას, წლებთან ერთად, ისეთივე მოცემულობად ვიღებთ, როგორიც ადამიანის დაბადებაა. სიკვდილი ჩვეულებრივ ამბად იქცევა და ხდება ცხოვრების სტანდარტული და ერთ-ერთი აქტი. ჩვენგან განსხვავებით, ჩემი სიზმრების მიხედვით, ძაღლად მოვლენილი ადამიანები სიკვდილს ვერ ეგუებიან და თავის მეგობართან ერთად კვდებიან. ეს ჩემი ფანტაზიაა, ჩემი სიზმრები, მაგრამ ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, რომლის მიხედვითაც ადამიანები ხან ძაღლებად იბადებიან, ხან ჩიტებად, ხანაც კი არაფრად. ქრებიან ჰაერში და როგორც ჩემი საყვარელი მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი ამბობდა, რჩებიან „უმწეოდ მიყრილად დარვინის ამარა“. ისინი კი, ვისაც რელიგიური ფილოსოფიის გულწრფელად სჯერა და სამოთხეს ან ჯოჯოხეთს ელის, ალბათ შედარებით ნაკლებს ფიქრობენ სიკვდილზე, მაგრამ ფაქტი ერთია: რომ არა ეს დიდი ბუნდოვანი მოცემულობა, არ გვექნებოდა ასეთი ემოციური და ძლიერი ხელოვნება. სიკვდილის ფილოსოფიაა ის, რაც ბევრს ბოლო გამოსავლად ევლინება ცხოვრებაში და ზარხუფჩამოცმულს მხოლოდ ის უვლენს შვებას. ასევე სიკვდილის ფილოსოფიაა ხელოვნებაც, გვინდა რაღაც დავწეროთ, შევქმნათ, დავხატოთ, რომ როცა მოვკვდებით, ვინმეს მაინც დავამახსოვრდეთ. სწორედ სიკვდილის ფილოსოფიაა სხვა ადამიანების გაჩენა, რომლებიც შენს გენს გააგრძელებენ და იმ იმედით მოკვდები, რომ დედამიწაზე რაღაც მაინც დარჩა შენი სახით. ასევე სიკვდილის ფილოსოფიაა მეგობრობა, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იმდენ სიყვარულს გაშვებინებს გარესამყაროში, რომ ღამე კმაყოფილმა დაიძინო და კარგი სიზმრები ნახო. საერთოდაც, ძილი სიკვდილის სიმულაციაა. ჩვენ გვეთიშება სხეული, გონება და მივდივართ სხვა წარმოსახვით სამყაროში. ვხედავთ და წარმოვიდგენთ იმას, რაც გვინდა და არ გვაქვს. იქნებ სწორედ ეს ხდება სიკვდილის შემდეგ? ჩვენ ილუზიის ნაწილი ვხდებით და უამრავ სიზმარს ვხედავთ, ძაღლებზე, ადამიანებზე და ციყვებზე? ან იქნებ, მართლაც, უბრალოდ „უმწეოდ მიყრილნი ვართ დარვინის ამარა“?

სოკრატე, რომელსაც, საბედნიეროდ, ყველა ადამიანურ ქცევასა და ცხოვრებისეულ აქტზე აქვს დაწერილი, სიკვდილზე ასეთ ფილოსოფიას გვთავაზობს: თუ სიკვდილი ის არის რაც არის, არ ვცდები, როცა ღმერთის ძალას ვუწოდებ მას. თუ ის გარდაცვალებაა და სულის სხვა ქვეყნად გადაბარგება და თუ მართალია, რომ იქ ერთად იყრიან თავს მიცვალებულნი, რა შეიძლება არსებობდეს ამაზე დიდებული? თუ ჰადესს ჩასული საბოლოოდ თავისუფლდება ამქვეყნიური თვითმარქვია მოსამართლეებისგან, რათა იქ ჭეშმარიტ მსაჯულთა წინაშე წარდგეს, რომლებიც, გადმოცემით, მიცვალებულთა სულებს განიკითხავენ. მინოსის, რადამანითისის, ეაკეს, ტრიპტოლემოსის და ყველა იმ ნახევარღმერთის წინაშე, რომელთაც ამქვეყნიურ სიცოცხლეშიც ვერავინ შეედრებოდა. რას იტყვით, შეიძლება ასეთი გადაბარგება ბოროტება იყოს? პირიქით, დიდი პატივია, ორფევსის, მუსეოსის, ჰესიოდეს, ჰომეროსის გვერდით ყოფნა. მე მზად ვარ ათასჯერ მოვკვდე, თუკი ეს მართალია! 

მართლაც, რა მაგარი იქნებოდა სიკვდილის შემდეგ სილვია პლათთან, ვირჯინია ვულფთან, ემილი ბრონტესთან და სიმონ დე ბოვუართან ერთად ვისკის წრუპვა, არა? 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^