Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამის ბლოგი - წერილი N8

08 ნოემბერი 2019

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდა მოგწერო ძილზე, როგორც შენი განვლილი და მიმდინარე ცხოვრების საიმედო ბარომეტრზე.

დღეების განმავლობაში უსაქმურობა, ვინმესთან რამე სახის გაურკვევლობა, ცუდად ნათქვამი ან უთქმელი სიტყვა, სიმართლის დამალვა, სიმარტოვე, სხვის ან საკუთარ ტყუილში გახლართვა, საქმის ბოლომდე ვერმიყვანა, ჩადენილი ან განცდილი უსამართლობა, ბოღმა, ღალატი, ფარისევლობა, არასწორი კვება, გადაჭარბებული ალკოჰოლის მოხმარება და ცხოვრების სხვა მსგავსი შემადგენელი ძილზე აუცილებლად აისახება. ის არ მოგცემს არც ადვილად დაძინების საშუალებას, არც ღამე მოგასვენებს და ამის გამო დილითაც დაღლილს გაგეღვიძება.

ამიტომ, თუ რამდენად ადვილად შეძლებ დაძინებას ან დილით ადრე ადგომას, ამას ფხიზლობაში შენი გადაწყვეტილებები, შენი ცხოვრების ხარისხი განსაზღვრავს.

იმისთვის, რომ „ტკბილად“ დაძინება შეძლო, დღე რაღაც ღირებულის კეთებაში, ახლის აღმოჩენაში უნდა გაატარო, გონებრივად და ფიზიკურად კარგად უნდა დაიღალო. უნდა ეცადო დასანანი, გულგასატეხი და გასარკვევი საღამომდე არ მოიტოვო... და თუ რამე მსგავსი შეგემთხვა, მშვიდი ძილისთვის აუცილებელია საღამომდე საკუთარ თავს „შეურიგდე“.

ამასთან, იცოდე, რომ ბევრი რამ შენზე არც იქნება დამოკიდებული. ხშირად გარემო და ირგვლივ მყოფი ან ამ სივრცეში თუნდაც რამდენიმე წამით შემოჭრილი ადამიანები განსაზღვრავენ შენს ყოფიერებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია გარემო სწორად შეარჩიო, კარგად მოირგო და ემოციის, დროის „ინვესტირება“ „სწორ“ ადამიანებში მოახდინო.

ხალხთან ურთიერთობა ბიზნესში ინვესტიციასავითაა - თუ შენი მოლოდინი ერთ დღეში გამდიდრება იქნება, აუცილებლად გაწბილებული დარჩები. ამის ნაცვლად, თუ შერჩევისას გონიერებას გამოიჩენ, თავის გასულელების ნაცვლად, ადამიანს გარკვეული პერიოდი ყურადღებით დააკვირდები და ურთიერთობებში საკმარის სიკეთეს დათესავ, თავის დროზე ამ ურთიერთობებიდან მოსავალს აუცილებლად მოიმკი.

რაც შეეხება დილით დროულად ადგომას, ამაშიც სასურველი გარემო, სიცოცხლის ხალისი და საქმის კეთების სურვილი დაგეხმარება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იცხოვრებ ისეთ გარემოში, რომელიც შენი შინაგანი ესთეტიკის შესაფერისი იქნება (ამაზე მომავალში უფრო მეტს მოგწერ), გვერდით შენთვის სასურველ ადამიანებს შემოიკრებ და შენს საქმეს, შენს პასუხისმგებლობებს შეიყვარებ, რაზეც ადრეც მოგწერე.

ამიტომ ჩემი რჩევაა, ცხოვრების განმავლობაში ხშირად დააკვირდე, რამდენად ადვილად იძინებ, როგორ გძინავს და როდის იღვიძებ, რომ მიხვდე, როგორ იცხოვრე და როგორ ცხოვრობ...

ძილი ნებისა,

მამა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...
24 ოქტომბერი
24 ოქტომბერი

რკალი

ქურდული ტრადიციები არ უნდა იყოს დასჯადი  - ემზარ კვიციანი ტყეში გავარდნილებს ღამით ცეცხლი დაენთოთ და ხელისგულებ მი ...

მეტი

^