Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

29 ნოემბერი 2019

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში სახელოვნებო სფერომ განსხვავებული სოციალური მნიშვნელობები შეიძინა და ეს, პოლიტიკური ძალისხმევის შედეგად, ინსტიტუციონალურ დონეზე ითარგმნა. დამკვიდრდა სახვითი ხელოვნების ფორმები, რომლებიც გასცდა ინდივიდუალურ სტუდიურ პრაქტიკას და რამაც ხელოვანის (არტისტის) სოციალური როლი შესაბამისად უფრო მრავალმხრივი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური სახელოვნებო სცენის დიდი ნაწილი კვლავ კომერციულ საქმიანობას ემყარება - მრავალი ხელოვანის საქმიანობა გალერეებთან, აუქციონის სახლებთან თუ სახელოვნებო ბაზრობებთან თანამშრომლობას გულისხმობს, ბევრ ქვეყანაში ასევე განვითარდა აქტუალური სახელოვნებო პრაქტიკა, როგორც თანამედროვე კულტურული პოლიტიკის ნაწილი - ერთგვარი საჯარო სიკეთე. 

დასავლეთ ევროპის მრავალი სახელმწიფო: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი თუ სხვა, დიდ ძალისხმევას ახმარს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე მუზეუმების თუ არაკომერციული სახელოვნებო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ხელოვანის, როგორც ინდივიდის განვითარების მხარდაჭერასთან ერთად, ინსტიტუციები ითავსებენ სოციალური კრიტიკის, ისტორიის თუ ფასეულობების ხელახალი გააზრებისა და რეფორმის როლს. 

დასავლური ქვეყნები ქმნიან კულტურას, როგორც ხელშესახებ ფასეულობას - საზოგადოების იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტს. გლობალურ დონეზე ყალიბდება სახელოვნებო ენა, როგორც კომუნიკაციის ფორმა. გარკვეული ქვეყნების პოლიტიკური ძალისხმევაც სწორედ ამ ენაში გავლენის დამკვიდრებას ემსახურება. მეორე მხრივ, ის ფასეულობები, რომლებსაც დასავლური კულტურა/სახელოვნებო პოლიტიკა ატარებს, მოიაზრებს თვითრეფლექსიას, ინკლუზიურობასა და კრიტიკულობას. ერთი მხრივ, თანამედროვე ხელოვნება განასახიერებს დასავლური კულტურის დომინაციას, მეორე მხრივ კი, ფასეულობები, რომლებსაც ის ატარებს, გულისხმობს მარგინალური სოციალური ჯგუფების გააქტიურებას. დასავლური კულტურული „ცენტრისა“ და „პერიფერიების“ კონტექსტში, ეს პროცესი მოიაზრებს გარკვეულ დიალექტიკას: პერიფერიის იდენტიფიცირებას - გლობალური კულტურის ენით „უცხო რეალობის“ განმარტებას (რაც არაერთ შემთხვევაში გულისხმობს ეგზოტიზირებას) და ასევე რეპრეზენტაციას, თვითგამოხატვას - რამაც შესაძლოა მარგინალური სოციალური ჯგუფების გაძლიერებაც განაპირობოს. 

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში იზრდება და მყარდება კავშირები ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებს შორის, მნიშვნელოვანია განვითარების შესაძლებლობების ანალიზი „კულტურის გეოპოლიტიკის“ კონტექსტში. ამ მხრივ, ჩემთვის საინტერესო იყო ორგანიზაციის - „შექმენი კავშირისთვის -> შექმენი ცვლილებისთვის (Create to Connect -> Create to Impact)“ - მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასწრება, სადაც დიკუსია წარიმართა შემდეგი შეკითხვის გარშემო: რამდენად ქმედითია მონაწილეობითი ხელოვნება და რატომ ვირჩევთ მას?

CtC->CtI თექვსმეტ ევროპულ კულტურულ და კვლევით ორგანიზაციას აერთიანებს. მისი მიზანია სახელოვნებო კავშირების გამყარებით საზოგადოების გაძლიერება და ცვლილების, ინოვაციისა და ემანსიპაციის ხელშეწყობა. ორგანიზაცია ევროპის კომისიის კულტურული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს. 

ორგანიცია CtC->Ctl აერთიანებს სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, (Noorderzon - ჰოლანდია, Culturgest - პორტუგალია, NTGent - ბელგია და სხვა), ისე ორგანიზაციებს აღმოსავლეთ ევროპიდან (AltArt - რუმინეთი, Drugo more - ხორვატია და ა.შ). საქართველოდან CtC->CtI-თან საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი თვის წინ გაიმართა „პერფორმანსის დღეები“, რომელმაც ქართველ მაყურებელს რამდენიმე ძალიან საინტერესო ხელოვანი გააცნო. 

ორგანიზაციის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყანას, რომლებშიც თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკებს განსხვავებული ისტორია აქვს. თუ დასავლეთევროპულ კულტურულ ორგანიზაციებს სხვა სახის - საგანმანათლებლო თუ საგამოფენო ინსტიტუციები უმაგრებენ ზურგს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელი ინიციატივისა და საზოგადოებრივი ძალისხმევის ხარჯზე ფუნქციონირებენ. სწორედ ამიტომ, CtC->CtI-ს მსგავს ურთიერთდამაკავშირებელ წამოწყებებთან თანამშრომლობა მათთვის (და ჩვენთვის) დიდ ალტერნატიულ რესურსს წარმოადგენს. 

CtC->CtI ხელოვნებას განიხილავს როგორც ურთიერთკავშირზე დაფუძნებულ ცვლილებების მექანიზმს. ეს არის ერთგვარი იდეოლოგიური ჩარჩო, რომელსაც ევროპის კომისიის ეს პროექტი ეფუძნება.

  1. მნიშვნელოვანია აქტიური მონაწილეობა საზოგადოებაში

  2. მნიშვნელოვანია მრავალკულტურულობა და მიმღებლობა

  3. ხელოვნება არის კავშირების შექმნისა და სოციალური ცვლილების განხორციელების ფორმა

მეორე მხრივ, ორგანიზაციის წევრი სახელოვნებო პლატფორმები სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ და განიცდიან იმას, თუ რა არის სახელოვნებო პრაქტიკა და რას ნიშნავს მასში მონაწილეობა. ეს განსხვავებები ეფუძნება კულტურულ განსხვავებებსა და კულტურის პოლიტიკას, რომელსაც ესა თუ ის სახელმწიფო მისდევს. 

შესაბამისად, გასათვალისწინებელია კონტექსტის განმასხვავებელი ფაქტორები. ქვეყნებში, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის, იქმნება სოციალური ინფრასტრუქტურა და წარმოებულ ხელოვნებას, მის საბაზრო ჯაჭვსა თუ სხვა ქმედით ფაქტორებს გარკვეული ადგილი უჭირავს საზოგადოებაში. იქ, სადაც კულტურა ეფექტურად ახდენს რეალობის მედიაციას, კულტურული პოლიტიკა, ინსტიტუცია და სახელოვნებო ენა მიზანმიმართულია, ხდება ფასეულობის იდეოლოგიზაცია კულტურულ დონეზე. ინდივიდის, არტისტის თვითგამოხატვა - ეს არის არსებულ ფასეულობათა სისტემაში ნავიგაცია. გარდა ამისა, ხელოვნების პრაქტიკა მოიაზრებს თვითრეფლექსურობის ხარისხს, რომელიც კულტურულ წარმოებას დიალექტიკურ პროცესად აქცევს.

საქართველოში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, სახელმწიფო მწირ ძალისხმევას ახმარს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. ამიტომაც ხელოვნების როლი საზოგადოებაში ხშირად მყიფეა და, კონკრეტულ პრინციპებზე მეტად, ადამიანურ ურთიერთობებს ემყარება. ერთი მხრივ, ეს ართულებს კარიერულ განვითარებას, ჯანსაღ, სტრუქტურულ კრიტიკას, ხშირად თანამშრომლობასაც და რთულდება განვითარების ერთიანი ღერძის შემუშავება. „განვითარებული დასავლეთის“ მიდრეკილებიდან გამომდინარე, რომ მოახდინოს პერიფერიის ეგზოტიზირება (Berlin is out, Tbilisi is in), არსებობს თვითეგზოტიზირების საფრთხეც. 

ინსტიტუციონალური შუამავლობისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევის არარსებობის პირობებში საჯარო სახელოვნებო სივრცის შექმნა თვითორგანიზებული ჯგუფების პასუხისმგებლობა ხდება. აქ კი ბევრი სირთულე იჩენს თავს. რესურსებისა და თვითგამოხატვის არსებული ფორმების სიმწირის გამო აქტუალურია დასავლური ესთეტიკის ფეტიშიზაციისა და იმიტაციის საფრთხე. 

იმის გათვალისწინებით, რომ დასავლური სახელოვნებო ცენტრის ინტერესი ქართულ ხელოვნებაზე ხშირად ჩვენი „პერიფერიულობიდან“ გამომდინარეობს, ნაციონალური ეგოცენტრიზმის მიდრეკილება კიდევ უფრო იზრდება. 

თუმცა, თუ სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ინიციატივა, შეიქმნას და დაიხვეწოს კულტურული მედიაციის სტრუქტურული ჩარჩო აქტუალურ ხელოვნებასთან მიმართებით, ხელოვნებას შეუძლია არა კულტურული პროპაგანდის, არამედ სოციალური ურთიერთგაძლიერების როლი შეითავსოს. ამისთვის კი თვითორგანიზებულმა ჯგუფებმა სისტემურ განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობის მექანიზმები უნდა შეიმუშაონ. მაშინ ინსტიტუციონალური სირთულეების გათვალისწინებითა და კრიტიკულობის შენარჩუნებით, შესაძლოა, „ევროპის ინტერესი“ თვითგანვითარებისთვის გამოვიყენოთ. მთავარია, საკუთარ ანარეკლში არ დავიკარგოთ და არ დაგვავიწყდეს, რა გვჭირდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^