Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წერილები ზღაპრების შესახებ

28 ივლისი 2021
დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, არასტერეოტიპული აზროვნების უნარ-ჩვევებს, მნიშვნელოვანი გვგონია წერილების ეს ციკლი ზღაპრებსა და მეტაფორულ, მეტაფიზიკურ აზროვნებაზე. მის ავტორს, გია რაზმაძეს იცნობენ, როგორც "გია მასი" რაზმაძეს. ის მასწავლებელიცაა და ფილოსოფოსიც, რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, და უშურველად და უანგაროდ უზიარებს თავის ცოდნას ნატურალური აგრომეურნეობის შესახებ ყველა დაინტერესებულ ადამიანს. მისი ზღაპრებთან ურთიერთობაც არ არის შემთხვევითი - გია 10 წელი ცხოვრობდა ძეგვის ბავშვთა სახლში. ყველა მისი აღზრდილი, ამ დროს, დიდი სიყვარულით იხსენებს.

წერილი  პირველი

თანამედროვე ყოფამ ზღაპრებს ადგილი აღარ დაუტოვა და ახლა ისინი ძველ წიგნებში არიან გამოკეტილნი. სამზეოზე შეიძლება მხოლოდ ზოგიერთმა გამოაღწიოს მულტფილმის ან კარგად ილუსტრირებული წიგნის საშუალებით. ზოგიერთი ზღაპარი სასტიკად გვეჩვენება, ზოგიც სულელურად და შესაძლოა, ვფიქრობთ, რომ ზღაპრები მავნეა ბავშვისათვის. მაგრამ გვავიწყდება, რომ მეზღაპრე ხშირად სიმბოლოების ენაზე მეტყველებს და მისი ნათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება არ შეიძლება. 

მაგალითად, ზღაპარში „კონკია-ჟღარუნა“, ძროხა რქებიდან აწვდის დამშეულ ობოლ გოგონას რძესა და თაფლს. არადა, ყველამ ვიცით, რომ ძროხა ძუძუებიდან იწველება, თანაც თაფლს ძუძუებიდანაც კი ვერ მოგვცემს. გვატყუებენ? თუ ზღაპარში მოთხრობილ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, დიახ. მაგრამ საქმეც ის არის, რომ რქიდან გადმოდენილი რძისა და თაფლის ხსენებით მთქმელი „გვიკრძალავს“ ამ ამბის პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას და ამ ხერხით სიმბოლოების გააზრებისკენ გვიბიძგებს.

რქა, რძე და თაფლი

ასეთი მაგალითი ბევრია ქართულ ფოლკლორში. ზღაპარ ,,წიქარაში“ ხარი კვებავს მშიერ ბიჭს რქიდან ამოღებული ერბოთი, სვანურ თქმულება „კახანში“, გველეშაპს სამი კიბე აქვს მიდგმული ტანზე და ამ კიბეებთან ერთად ცხოვრობს, ალბათ, იმისთვის, რომ ვინმემ აიაროს ეს კიბეები და ისარი ესროლოს. აქვეა მეორე  ამბავიც: გველეშაპის შხამით მოწამლული მომაკვდავი გმირი კახანი სოფლის საზღვართან დახვედრებულ რძეში იბანავებს და გამოჯანმრთელდება. არადა „კახანი“ ზღაპარი არაა, მასში მოთხრობილი ამბავი ხალხს სიმართლედ მიაჩნდა. სულელები იყვნენ? რა თქმა უნდა, არა. 

ძველ სამყაროში რქა ცისა და მიწის შემაერთებელ სიმბოლოდ ითვლებოდა (ისევე როგორც ალვის ხე, მაღალი კოშკი, მთა, ზიქურათი, დროშა, ნაცარქექიას ცაზე მოჭიდებული ხელი...). აღთქმის კიდობანზე, რომელიც მოსემ ღმერთის კარნახით გააკეთა, ოთხი ოქროთი მოვარაყებული რქა იყო დამაგრებული; ზიქურათიც აუცილებლად ოთხი რქით ბოლოვდებოდა. რქები ედგა ძველ მეფეთა მუზარადებს. ალექსანდრე მაკედონელს ორრქიან ალექსანდრეს ეძახდნენ. 

მაინც რას ნიშნავს ცისა და მიწის კავშირი? ძველ სამყაროში მეფე ღვთის შემცვლელად ითვლებოდა. იგი აღასრულებდა მის ნებას. სულ ერთია, უდაბნოში სარწყავი არხები გაჰყავდა თუ რომელიმე მეზობელ ქვეყანას ეომებოდა. ამ ქმედებით ის ქაოსს ამარცხებდა და მის ნაცვლად კოსმოსს, ღვთაებრივ წესრიგს ამყარებდა. ორრქიანი ალექსანდრეც ღვთის ნებას ასრულებდა, როდესაც მსოფლიოს დაპყრობას ცდილობდა. თვითონ ასე მიაჩნდა. 

წყალობა და მსხვერპლი

ადამიანები მუდმივად რაღაცას გასცემენ და რაღაცას იღებენ. წყალობა ისეთი ურთიერთობაა, რომლის დროსაც მიმღებიც გახარებულია და გამცემიც. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ დედისა და ჩვილის ურთიერთობაა. დედა აძლევს ჩვილს რძეს. ჩვილი იღებს და ორივე ბედნიერია. რძე დედას სწორედ იმისთვის მიეცა, რომ  ჩვილი გამოეკვება. ამიტომაცაა რძე წყალობის სიმბოლო. რძის გაცემა დედას, ანუ გამცემს აბედნიერებს. ასევე ხდება თაფლის შემთხვევაშიც. ნექტარი ყვავილს იმისთვის ეძლევა, რომ მწერები გამოკვებოს. ფუტკარი აგროვებს ამ ნექტარს და მას თაფლად აქცევს. თუკი ადამიანი აიღებს თაფლს, რომელიც ფუტკარს აღარ სჭირდება, მაშინ ეს წყალობა გამოვა. მაგრამ თუ წაართმევს იმდენს, რომ ფუტკარს გაუჭირდეს, მაშინ უკვე ეს წყალობა კი არა მსხვერპლია. რძეც შეიძლება მსხვერპლად იქცეს. თუ მე ვუვლი ძროხას, ვკვებავ, ვბან, ვიცავ .... შემდეგ კი ვწველი, ეს, რა თქმა უნდა, წყალობა გამოვა მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ ხბოს საკმარის რძეს დავუტოვებ. ეს რძე ხომ პირველ რიგში ხბოსთვის მიეცა ძროხას. მაგრამ თუ მე ხბოს საკმარისი რძე არ დავუტოვე, მაშინ ეს წყალობისმიერი ურთიერთობა აღარაა. ამ შემთხვევაში მე წავართვი რძე ხბოს, რადგანაც ის მე მჭირდებოდა. ეს უკვე მსხვერპლისმიერი ურთიერთობაა. რაღა თქმა უნდა, მსხვერპლია ისიც, თუ მე ძროხა დავკალი. ძროხას ხორცი იმისთვის არ მიეცა, რომ ის მე მეჭამა. თუმცა, შემიძლია დავკლა ძროხა და მისი ხორცი შევჭამო, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება წყალობად. შესაძლოა, მე კი ვარ კმაყოფილი იმითი, რომ ხორცი ვიშოვე, მაგრამ ძროხას ხომ არ უხარია, რომ დაკლეს. 

ძროხის დაკვლას წყალობად ვერც ის ფაქტი გადააქცევს, რომ მაგალითად, მე ის ღმერთს შევწირე, მისი ხორცით მშივრები დავაპურე, ან სტუმრებს ვუმასპინძლე. ვინმეს ან რაიმეს მოკვლა წყალობა ვერ იქნება. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია არის მცდელობა, რომ მსხვერპლი დადებით მოვლენად ჩაითვალოს და ეს მიუხედავად იმისა, რომ იესო გარკვევით ამბობს: „წადით და გაიგეთ რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“. ძველ აღთქმაშიც (ოღონდ არა მასორეტულ რედაქციაში, არამედ სეპტუანგინტაში), აბელისა და კაენის ამბავშიც ღმერთს მოსწონს აბელი და მისი ძღვენი, ხოლო კაენი და მისი მსხვერპლი - არა. ამისდა მიუხედავად, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ღმერთს (ან ეკლესიას) უნდა შესწიროს ლოცვა, ფული, შრომა, ახალგაზრდობა... ღმერთი კი გვეუბნება, რომ მას ჩვენი მსხვერპლი არ სჭირდება,  რომ მას მხოლოდ ისეთი რამ უნდა გავუკეთოთ, რაც ჩვენც გვიხარია, მაგრამ  გვასწავლიან (ღმერთის სახელით), რომ მსხვერპლი კარგია და ჩვენც ვუჯერებთ ,,მასწავლებლებს“. 

ამ სამწუხრო ტენდენციის მიზეზი გასაგებია: ძალაუფლება წყალობას ვერ დაემყარება, შესაბამისად ვერც - სახელმწიფო. ამიტომ სახელმწიფო რელიგიები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, რომ ღმერთს თითქოს მსხვერპლი მოსწონდეს. ამიტომაცაა, რომ მითების უმეტესობაში განდიდებულია მსხვერპლი (მითებს ხომ სახელმწიფო აკონტროლებს). მათში სამყაროს წარმოქმნაც მსხვეპლის საშუალებით ხდება. მარდუქი კლავს თიამათს და მისი სხეულისგან ქმნის სამყაროს (შუამდინარეთი), პან-დუ თავის სხეულს სწირავს სამყაროს შექმნის საქმეს... თუმცა, ისეთი მითებიც არის შემორჩენილი, რომლებშიც სამყარო წყალობით, დედაშვილობის პრინციპით იქმნება. მაგალითად, საიდანღაც მოფრენილი იხვი დებს კვერცხს და მისგან იჩეკება ქვეყნიერება...

ზღაპარი მითის წინააღმდეგ

ზღაპარი სულ სხვა მოვლენაა. მას პატარა ბავშვს უყვებიან. სხვა მსმენელი არავინაა. ზღაპრის გაკონტროლება არც სჭირდება ვინმეს და არც შეუძლია. მეზღაპრეს შესაძლოა, მხოლოდ თავისივე შინაგანი ცენზორი აკონტროლებდეს. შესაძლოა, რომ ის ვერ ახერხებდეს საზოგადოებაში გაბატონებული აზრებისგან გათავისუფლებას და მის მონათხრობს ეს დაღად აჩნდეს. ამიტომაც არსებობს ბევრი „ცუდი“ ზღაპარი. მაგრამ ზოგიერთი მეზრაპრე ახერხებს რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადასვლას, რომლის დროსაც ის თავისუფლდება სტერეოტიპებისაგან და მხოლოდ თავის შინაგან ხმას ეთათბირება. შედეგად ჩნდება ისეთი ზღაპრები, როგორებიცაა ,,წიქარა“, ,,კონკია-ჟღარუნა“, ,,ნატვრისთვალი“, ,,ლურჯი თევზი“...

ახლა უკვე ვიცით რას ნიშნავს სიმბოლურად რქა, რძე და თაფლი. მაგრამ რას შეიძლება ნიშნავდეს რქა, რომელშიც რძე და თაფლია? უხსოვარი დროიდან ძლიერნი ამასოფლისანი ცდილობდნენ, რომ თავიანთი პრეტენზიები ღვთის ნებად წარმოეჩინათ. თუ რომელიმე მეფეს სხვა ქვეყნის დაპყრობა მოუნდებოდა, რა თქმა უნდა, ამისი მიზეზი ღმერთის ნება იყო. ამის მაგალითად გამოდგება ნებისმიერი ძველი ომი: მაკედონელის ლაშქრობები, ჯვაროსნული ლაშქრობები... ასეთი იყო დამპყრობელი მეფის მიერ განხორციელებული კავშირი ცასა და მიწას შორის. ამ მოვლენის სიმბოლოდ ალბათ სისხლიანი რქა გამოდგებოდა, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს რძითა და თაფლით სავსე რქა? ალბათ, ცისა და მიწის ისეთ კავშირს, რომელიც წყალობის პრინციპით ხორციელდება. ალბათ ასეთ კავშირს ახორციელებდა დავით გარეჯელი და ამიტომაც მოდიოდნენ მასთან ირმები და თავიანთი რძით ასაზრდოებდნენ მასაც და მის მოწაფე ლუკიანესაც.

ახლა ერთ ზღაპარს მოვყვებით. 

წიქარა

ილუსტრაცია: გიორგი ჯინჭარაძე
გამომცემლობა: ზოლიანი კატა

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ერთი ბიჭი ჰყავდათ და მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ. ეფერებოდნენ, უმღეროდნენ...  მდიდრები კი არ იყვნენ, მაგრამ არც არაფერი აკლდათ. ბიჭის მამა ძროხებს უვლიდა, პურსაც თესავდა, პატარა ვენახიც ჰქონდა... ცხოვრობდნენ ასე მშვიდად და ბედნიერად, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა, უეცრად ბიჭს დედა მოუკვდა. რას იზამდნენ, დედის გარეშე გააგრძელეს ცხოვრება. მამა ცდილობდა, არაფერი მოეკლო შვილისთვის, მაგრამ საქმე ძალიან ბევრი იყო შინ თუ გარეთ. ერთი მეზობლის ქალი შემოეჩვიათ. სარეცხს ურეცხავდა, საჭმელს უკეთებდა, ბიჭს ეფერებოდა და ანებივრებდა. მამამ იფიქრა, მოდი ამ ქალს ცოლად მოვიყვან, ბიჭს დედობას გაუწევს და მეც მომეხმარებაო. ასეც მოიქცა. დედას ხომ ვერ გაუცოცხლებდა და ბიჭს დედინაცვალი დაუსვა სახლში.                                                                            

დედინაცვალი უცებ შეიცვალა. სადღა იყო ის კეთილი და მზრუნველი ქალი, გაავდა და გაკაპასდა. ბიჭს სიცოცხლეს უმწარებდა. სულ ეჩხუბებოდა, სცემდა, დილას გააგდებდა სამწყემსურში, თან ერთ ხმელ, კუტ პურს გაატანდა და ეტყოდა: 

შენც ჭამე, გამვლელ-გამომვლელსაც აჭამე და სახლშიც მთელი მოიტანეო.  დედინაცვლის შიშით იმ პურს როგორღა შეჭამდა?! იყო მშიერი მთელი დღე და მხოლოდ საღამოს, მამა რომ შინ დაბრუნდებოდა და სავახშმოდ დაჯდებოდა, მაშინ შეეძლო ეჭამა. სულ ჩამოდნა, დანაღვლიანდა, დედინაცვალი კი ძალზე გახარებული იყო ბიჭის უბედურებით.                      

ერთი ხარი ჰყავდათ, წიქარა. ბიჭს ძალიან უყვარდა. სულ ეფერებოდა, აბანავებდა. ერთ დღესაც სამწყემსურში მშიერი ბიჭი ქვაზე ჩამოჯდა და ატირდა. უეცრად წიქარამ ადამიანის ხმით ჰკითხა: რა გატირებს, ჩემო პატარა მეგობარო? ბიჭს ძალიან გაუკვირდა წიქარას ხმის გაგონება, ყელზე მოეხვია და ტირილით უთხრა: აბა როგორ არ ვიტირო, მთელი დღე მშიერი უნდა ვიყო და საღამოსაც არ ვიცი მაჭმევენ რამეს თუ არაო. მაგაზე ნუ დარდობ. აი, ერთ რქაში თაფლი მიდგას, მეორეში კი - ერბო, მიირთვი რამდენიც გენებოსო.

ბიჭმა მალე მოიკეთა, ლოყები გაუვარდისფრდა, გახალისდა. დედინაცვალი კი ჯავრისგან გულზე სკდებოდა. ერთ დღესაც ჩაწვა ლოგინში და თავი მოიავადმყოფა. დაღლილ-დაქანცული მამა სახლში რომ დაბრუნდა, კვნესა-კვნესით უთხრა: ძალიან ავადა ვარ და თუ გინდა არ მოვკვდე, წიქარას (ზოგ ვარიანტში ბიჭის გულ-ღვიძლს ითხოვს) გულ-ღვიძლი უნდა მაჭამო, სხვა არაფერი მომარჩენსო. 

სხვა რა გზა ჰქონდა მამას? დილა რომ გათენდა, ადგა და დანის ლესვას შეუდგა. მამი, დანა რად გინდაო? - ჰკითხა ბიჭმა. წიქარა უნდა დავკლათო, - უპასუხა მამამ. ატირებული ბიჭი წიქარასთან გაიქცა და ყველაფერი უამბო. ეჰ, მე კი არა, შენ გიპირებენ დაკვლასო, - უთხრა წიქარამ. გაიქეცი სახლში, აიღე ერთი სავარცხელი, ერთი ბოთლი წყალი, ერთიც სალესი ქვა და სწრაფად მოიტანეო. ბიჭი ასეც მოიქცა. წიქარამ შეისვა ბიჭი კისერზე და გაიქცნენ.   

დედინაცვალმა ბიჭის გაქცევა რომ გაიგო, ერთი გრძნეული ღორი ჰყავდა, იმას მოაჯდა და გაქცეულებს გამოუდგა. აბა ერთი უკან მიიხედე, რას ხედავო, - შეეკითხა ბიჭს წიქარა. ბიჭმაც მიიხედა. ბუზის ტოლად რაღაცა მოჩანსო. ეგ ღორზე ამხედრებული შენი დედინაცვალია, გადააგდე სავარცხელიო. ბიჭმაც გადააგდო და უეცრად მათ უკან ისეთი გაუვალი ტყე გაჩნდა, რომ შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდა. ღორი შეჩერდა, მერე მიადგა და თავისი ალმასივით გალესილი ეშვებით გზის გაჭრას შეუდგა. მალე გზა გაჭრა და ტყიდან გააღწია. აბა ახლა რასა ხედავო, შეეკითხა ბიჭს წიქარა. ისევ ბუზის ტოლად რაღაცა მოჩანსო, - უპასუხა ბიჭმა. გამოუღწევიათ ტყიდანო. ახლა ბოთლი წყალი გადააგდეო. გადააგდო ბიჭმა და მათ უკან თვალუწვდენელი ზღვა გაჩნდა. შეცურა ღორმა ზღვაში და რის ვაივაგლახით, მაგრამ გადაცურა ზღვა და ისევ გამოუდგა გაქცეულებს. ერთხელაც მიიხედე, ხომ არაფერი ჩანსო, - შეეკითხა ბიჭს წიქარა. ისევ ბუზის ტოლად რაღაცას ვხედავო, - უპასუხა ბიჭმა. ახლა სალესი ქვა გადააგდე, იქნებ მაგან მაინც გვიშველისო. გადააგდო ბიჭმა სალესი ქვა და მათ უკან ისეთი მაღალი კლდეები აღიმართა, რომ კაცი თვალს ვერ ააწვდენდა. ღორი კლდეს მიადგა, ცოტა შეისვენა და ეშვებით საფეხურების ჭრა დაიწყო. შუამდე რომ ავიდა, დაუცდა ფეხი და ისიც და ბოროტი დედინაცვალიც თვალუწვდენელ უფსკრულში გადაიჩეხნენ.

წიქარამ ბიჭი ერთ ლამაზ მინდორზე გაიყვანა. მინდვრის შუაგულში ულამაზესი ალვის ხე ამოსულიყო, წვერი ცისთვის მიებჯინა, იქვე წყარო მოჩუხჩუხებდა. მინდორი ნაირფერი ყვავილებით იყო აჭრელებული, ფუტკრები ბზუოდნენ და ჩიტები ჟივილ-ხივილით იკლებდნენ იქაურობას. წიქარამ ბიჭს ორი სალამური მისცა და უთხრა: ეს სალამურები გამომართვი და ხეზე ადი. ეს ერთი სალამური სალხინოა, როცა მაგას დაუკრავ, მთელი ბუნება გაიხარებს. ირმები, ჩიტები, ლომები... მოგროვდებიან და სიხარულით აცეკვდებიან, ბულბულები და იადონები ამღერდებიან... სასმელ-საჭმელი თავისით მოფრინდება შენთან, არც მოიწყენ და არც არაფერი მოგაკლდებაო. თუ ჩემი ნახვა მოგინდება, მეორე საჭირვარამო სალამურს ჩაჰბერე და მეც იმწამსვე  შენთან დავიბადებიო. მარტო ერთ რამეს გაგაფრთხილებ: რაც უნდა მოხდეს, ხიდან არ ჩამოხვიდეო. გადაეხვივნენ ერთმანეთს, დაემშვიდობნენ. მერე ბიჭი ალვის ხეზე ავიდა, წიქარა კი საბალახოდ და სხვების მისახმარებლად გაეშურა.

იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალამურს და მის ირგვლივ ყველა და ყველაფერი ხარობდა. ერთ დღესაც მეფე წამოსულიყო იმ ადგილებში სანადიროდ. სალამურის ხმა მოესმა და ძალიან მოეწონა. ხედავს, ბიჭი ზის ალვის ხეზე და უკრავს. ბიჭო, ეგ სალამური მე უნდა მომცეო, ასძახა ხელმწიფემ. ბიჭი სულელი ხომ არ იყო, არაო, -  გაუბედა ხელმწიფეს. აბა სასწრაფოდ ხე მოჭერით, ბიჭი გაკოჭეთ და სალამური მე მომართვითო, - უბრძანა თავის ჯარისკაცებს. ჯარისკაცებმა ნაჯახები მოიმარჯვეს და ხის მოჭრას შეუდგნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, როგორც კი ხეს ნაფოტს გააგდებინებდნენ, ხე იმწუთშივე მთელდებოდა. ვერაფერი გააწყვეს. განრისხებული და დაღონებული ხელმწიფე სასახლეში დაბრუნდა, მაგრამ რა მოასვენებდა, სალამურის ხელში ჩაგდება უფრო მეტად მოუნდა. გამოაცხადა: ვინც იმ სალამურს მომიტანს, ნახევარ სამეფოს ვაჩუქებო. გადიოდა დრო და ვერავინ მოახერხა სალამურის ხელში ჩაგდება. ბოლოს ერთი დედაბერი მივიდა ხელმწიფესთან და უთხრა: მე მოგართმევთ იმ სალამურს, ოღონდ ერთი თხა, ერთი სადგისი, ერთი კალათი გემრიელი სასმელ-საჭმელი და ცოტაოდენი ბანგი დამჭირდებაო. მისცეს ყველეფერი და გაისტუმრეს. დედაბერი ალვის ხესთან მივიდა, სადგისი ამოიღო და საბრალო თხას ჩხვლეტა დაუწყო.  შეწუხდა თხა, აკიკინდა... დედი, რას ერჩი მაგ თხას, რა დაგიშავაო? - ჩამოსძახა ბიჭმა. რამეს კი არ ვერჩი, მინდა რომ დავკლა და ვერ მომიხერხებია, თუ შეგიძლია, ჩამოდი და მომეხმარეო... 

გაბრიყვდა ბიჭი, ჩამოვიდა, თხა დაკლა, გაატყავა. „მადლიერმა“ დედაბერმა უთხრა: შვილო, რახან ეგეთი სიკეთე მიყავი, უარს ნუ მეტყვი, სადილზე დამეწვიეო. ამოალაგა კალათიდან ნაირ-ნაირი ნუგბარი და შეუმჩნევლად ღვინოში ბანგი შეურია...  ჩაძინებული ბიჭის გაკოჭვას რაღა უნდოდა? გაკოჭა, ვირზე დააკრა და ხელმწიფეს მიჰგვარა.       

სალამური უნდა მომცეო, - უბრძანა ხელმწიფემ. ვერაო, - შეჰკადრა ბიჭმა. ხელმწიფის ბრძანებით ბიჭი ცხრაკლიტულში ჩაამწყვდიეს, ეგდოს მანდ, სანამ ჭკუაზე არ მოვაო. ბიჭი ჭკუაზე არ მოდიოდა, სამაგიეროდ ბევრს დარდობდა და პაწაწინა სარკმლიდან ცას გაჰყურებდა. როგორმე საჭირვარამო სალამური უნდა ჩაეგდო ხელში, წიქარასთვის მოეხმო და მერე რაღა უჭირდა, წიქარა ამ დღეში ხომ არ დატოვებდა. უეცრად დაინახა, რომ ყორანი მოფრინავდა და დაუძახა: ყორანო, ყორანო, შენი ბახალების დაზრდას, ამა და ამ ხეზე სალამურები დამრჩა და იქნებ მომიტანოო?  აღარ გახსოვს, შურდულს რომ მესროდი და კაკლის ხეზე ვერა ვჯდებოდი შენი შიშითო? არაფერსაც არ მოგიტანო, - უპასუხა ყორანმა და გაფრინდა. გაახსენდა ბიჭს, რომ მართალს ეუბნებოდა ყორანი და ატირდა. ახლა ბეღურა დაინახა ბიჭმა და იმას შეეხვეწა: ბეღურავ, ბეღურავ, შენი ბარტყების დაზრდას, ამა და ამ ხეზე სალამურები დამრჩა და იქნებ მომიტანოო. შენ რომ კაკანათებს გვიგებდი და ბუდეებს გვინგრევდიო? არაფერსაც არ მოგიტანო, - უპასუხა ბიჭს და გაფრინდა. 

ისევ ატირდა ბიჭი და ამ დროს მერცხალმა ჩამოიფრინა. მერცხალო, მერცხალო, შენი ბარტყების დაზრდას, ამა და ამ ხეზე სალამურები დამრჩა და იქნებ შენ მაინც მომიტანოო. შენგან მეც ბევრი ცუდი მახსოვს, მაგრამ გაპატიებო, -  უთხრა მერცხალმა. გაფრინდა და სალამურები მოუტანა. დაუკრა ბიჭმა საჭირვარამო სალამური და წიქარაც მაშინვე იქ დაიბადა. დაინახა ბიჭის გასაჭირი და ცხრაკლიტულს რქებით დაეძგერა. შეანგრია პირველი კარი, მერე - მეორე, მესამე... და მერვე კარიც რომ შეანგრია, რქები მოტყდა. დაჯდა დაღონებული. აღარ იცოდა რა ექნა, როგორღა ეშველა ბიჭისთვის რქების გარეშე? უეცრად საიდანღაც პატარა წრუწუნა გამოძვრა და წიქარას ჰკითხა: რქები რომ გაგიმთელო, შენს ლეშს მაჭმევო? კიო, - მიუგო წიქარამ. მაშინ გაცუნცულდა წრუწუნა, რაღაც ბალახები დაკრიფა, მიუსვ-მოუსვა წიქარას და გაუმთელა რქები. დაეძგერა წიქარა მეცხრე კარს და ისიც შეანგრია. გამოიყვანა ბიჭი ცხრაკლიტულიდან. გადაეხვივნენ ერთმანეთს.

ამ ხვევნა- ალერსში რომ იყვნენ, საიდანღაც ისევ ის თაგუნა მოცუნცულდა და წიქარას ჰკითხა: პირობაზე როგორა ხარო? თანახმა ვარო, უპასუხა წიქარამ. მაშინ თაგვმა რაღაც ბალახები მოიტანა, წაუსვა წიქარას და ისიც მაშინვე მოკვდა. დაჯდა თაგვი და ლეშის ჭამას შეუდგა. ატირდა ბიჭი, ოღონდ წიქარა გააცოცხლე და მე შემჭამეო,  - სთხოვა თაგვს. კი ბატონოო, ჩემთვის სულ ერთია რომელს შეგჭამთო. გააცოცხლა წიქარა და  ბიჭს წაუსვა სასიკვდილო ბალახი. შეუდგა ბიჭის ჭამას. ახლა წიქარა ატირდა: ისევ მე მომკალი და ბიჭი გააცოცხლეო. თაგვმა ბიჭს მაცოცხლებელი ბალახი წაუსვა და გააცოცხლა. მერე მეგობრებს მიუბრუნდა და უთხრა: რახან ასე გყვარებიათ ერთმანეთი, ორივეს გაჩუქებთ სიცოცხლეს, იცხოვრეთ ბედნიერადო. ეს თქვა და გაუჩინარდა. წიქარამ ბიჭი ისევ ალვის ხესთან მიიყვანა, სალამურები მისცა, დაემშვიდობა და გზას გაუდგა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის, უკრავს სამხიარულო სალამურს და მთელი ქვეყანა ხარობს. თუ წიქარა მოენატრება, საჭირვარამო სალამურს დაუკრავს, ... ცხოვრობენ ასე  ბედნიერად. ახლა მათ ვეღარც ბოროტი მეფე მისწვდებათ და ვეღარც  კუდიანი დედაბერი.

გზაჯვარედინი - გმირის არჩევანი

მეზღაპრე თავის მსოფლმხედველობას გვიზიარებს, ოღონდ ამას გენიალურად მოფიქრებული სიუჟეტის საშუალებით აკეთებს. მისი მსოფლმხედველობა კი ასეთია: ამ ქვეყანაზე ერთდროულად არსებობს ორი სამყარო, წყალობისა და მსხვერპლის. მთელი ზღაპარი ამ სამყაროთა შორის გმირის მიმოსვლას აღწერს. გმირი, პატარა ბიჭუნა, წყალობის სამყაროში იბადება. ეს არის მისი მშობლების სახლი. სახლი ბედნიერების ადგილია. აქ არ არის ჩაგვრა, ჩხუბი, სისხლის ღვრა. აქ მხოლოდ სიყვარულია, ერთმანეთსა და ბავშვზე ზრუნვაა, სიმღერა, ბედნიერება... მოკლედ ეს ნამდვილად წყალობის სამყაროა. სხვა ზღაპარში ღარიბული ქოხის ნაცვლად შესაძლოა სასახლე იყოს. მშობლები შეიძლება მეფე-დედოფალი იყვნენ. ეს არაა მთავარი. მთავარი ის წესებია, რომლებიც ამ სახლშია გამეფებული. მერე ხდება რაღაც ძალიან ცუდი. დედა კვდება და მის ადგილს სახლში დედინაცვალი იკავებს. წყალობის კანონები გაუქმებულია. სახლში მსხვერპლის კანონები მკვიდრდება. სახლი კარგავს სახლობას და ციხედ, სატანჯველ ადგილად გადაიქცევა. აქ უკვე მსხვერპლის სამყაროა და ზღაპრის გმირი, პატარა ბიჭუნა, უკვე მისთვის არასასურველ ადგილას აღმოჩნდება. თუმცა კი არჩევანი მას არ გაუკეთებია. აი, მამა კი ემორჩილება მსხვერპლის სამეფოს, ეგუება, და შეიძლება ითქვას, რომ ირჩევს მას. სახლი დაემხო. ის დედინაცვლის საბრძანებლად იქცა. გმირმა ორივე სამყარო ნახა და გამოსცადა. მან წყალობის სამეფოშიც იცხოვრა და ახლა მსხვერპლის სამეფოში უწევს ცხოვრება. მაგრამ ეს უკანასკნელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გმირს არ აურჩევია და ამიტომ ის არაა მისი ადგილი. გმირმა უნდა დატოვოს თავისი ნასახლარი. 

„წიქარაში“ ბიჭი გარბის, რადგან მოკვლას უპირებენ. სხვა ზღაპრებში გმირი შესაძლოა, გააგდონ როგორც უქნარა და უვარგისი, შესაძლოა გმირი თავისი ნებით წავიდეს რაღაცის საძებნელად, მაგრამ ადგილი, საიდანაც ზღაპრის გმირი გადის, სახლი აღარაა. ის უკვე მსხვერპლის სამეფოს ნაწილია, ციხეა, ტანჯვისა და სიკვდილის ადგილია. გმირი ვერ ეგუება ამას და მიდის სახლის, წყალობის ქვეყნის, საძებნელად. ბევრ ზღაპარში, სახლიდან გასვლის შემდეგ, გმირი გზაჯვარედინზე აღმოჩნდება. იქ დიდ ლოდზე ასეთი წარწერაა: მარჯვნივ წახვალ, ცოლს შეირთავ; მარცხნივ წახვალ, გამდიდრდები. პირდაპირ წახვალ, უკან აღარ დაბრუნდები. გმირი სწორედ არდაბრუნების გზას ირჩევს და მაინც ბრუნდება სახლში. ისევ გვატყუებს მეზღაპრე? გმირმა ხომ არდაბრუნების გზა აირჩია და მაინც დაბრუნდა?

სინამდვილეში გზაჯვარედინი არჩევანის სახეა. გმირი მსხვერპლის სამყაროდან გავიდა და აირჩია წყალობის ქვეყანა. ამიტომაც ის აღარ ბრუნდება უკან, მსხვერპლის სამეფოში. ზღაპრის გმირის გზა სახლიდან იწყება და სახლში მთავრდება. სქემატურად ის შეიძლება ასე გამოვსახოთ: 

წყალობის სამყარო → მსხვერპლის სამყარო → არჩევანი → გზა (კათარსისი) → წყალობის სამყარო.

პირველი გადასვლა წყალობის ქვეყნიდან მსხვერპლის ქვეყანაში გმირის არჩევანის გარეშე ხდება. სახლს დედინაცვალი იპყრობს და მას მსხვერპლის სამეფოდ გადააქცევს. გმირი არ ირჩევს მსხვერპლის სამეფოში ცხოვრებას, ის თავისი ნების გარეშე აღმოჩნდება იქ. 

მეორე გადასვლა გმირის არჩევანია. ის ტოვებს მსხვერპლის სამეფოს და წყალობის სამეფოს საძებნელად მიდის. გზაჯვარედინი სწორედ ამ არჩევნის მკაფიოდ წარმოსაჩენად სჭირდება მეზღაპრეს.

ზოგიერთ ზღაპარში გზაჯვარედინი საერთოდ არ ჩანს, მაგრამ არჩევანის გაკეთება გმირს აუცილებლად უწევს. ამის შემდეგ იწყება რთული გზა წყალობის ქვეყნისკენ. ამ გზაზე გმირმა უნდა დაამოწმოს თავისი არჩევანი. მან ბევრი რამ უნდა ისწავლოს, უნდა შეიცვალოს და იქცეს იმ ადამიანად, რომლის ადგილიც წყალობის ქვეყანაშია. სანამ გმირი სახლში ცხოვრობდა, ადვილი იყო წყალობის კანონების დაცვა. იქ ყველა ამ კანონებით ცხოვრობდა: გასცემდა წყალობას და იღებდა წყალობას. მაგრამ სახლის გარეთ ეს ადვილი საქმე აღარაა: გარემო ითხოვს გმირისგან მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას (ლურჯი თევზი, ირმის შვილი...) გარდა ამისა გმირმაც უნდა ისწავლოს უცხოებისგან წყალობის მიღება და ასევე უცხოსთვის წყალობის გაცემა. თითქოსდა ადვილია წყალობის მიღება შინაურისა და უცხოსგანაც, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. ხშირად ადამიანებს უჭირთ, ერცხვინებათ წყალობის მიღება და ურჩევნიათ ის მიიღონ რაც „ეკუთვნით“.  ერთ რუსულ ზღაპარში „გედები“ გმირი მაშინ აღწევს გამარჯვებას, როცა უცხოებისგან წყალობის მადლიერებით  მიღებას მოახერხებს. გმირმა უნდა ისწავლოს წყალობის გაცემაც, უნდა აღკვეთოს მსხვერპლი, ან თუ ეს არ შეუძლია, გაემიჯნოს მაინც მას (კონკია, ნატვრისთვალი, ლურჯი თევზი). 

მოკლედ, გმირმა უნდა მოახერხოს და სახლის გარეთ იცხოვროს სახლის, ანუ  წყალობის ქვეყნის კანონებით. მეტი მას არც არაფერი მოეთხოვება. ამ კანონების შესრულება საკმარისია იმისთვის, რომ გმირმა მიზანს მიაღწიოს. ბევრ ზღაპარში გმირის გამარჯვების მიზეზი არც მისი ძალაა, არც - ჭკუა და მოხერხებულობა, არამედ - წყალობის კანონების ერთგულება. შედეგად კი გმირი წყალობის სამეფოში აღმოჩნდება.

ამ ზღაპარში არის ერთი პერსონაჟი, წიქარა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძნელი გასარკვევია ის უფროა ზღაპრის გმირი თუ ბიჭი. ამ ზღაპრის გმირი ალბათ მაინც ბიჭია, რადგან ის გადის გზას სახლიდან - სახლამდე. მაგრამ ჩემი აზრით წიქარაც ზღაპრის გმირია, ოღონდ გმირი, რომელმაც უკვე გაიარა თავისი გზა სახლიდან  სახლში, წყალობის ქვეყანაში. წიქარას გზა ამ ზღაპარში არაა აღწერილი, მაგრამ ჩანს, რომ ის უკვე  „წყალობის ქვეყნის“ მოქალაქეა, ანუ მან უკვე გაიარა ეს გზა. წიქარას რქები განასახიერებს მის ცასთან კავშირს. ის მედროშეა, ამ სიტყვის ნადვილი (ფშავ-ხევსურული) მნიშვნელობით. ასე რომ, არ უნდა იყოს სწორი მოსაზრება, რომ თითქოს ზღაპარი აღარ გვიჩვენებს გმირის ცხოვრებას ქორწილის მერე. ვინ იცის, იქნებ ბიჭის ალვის ხეზე ცხოვრება წიქარას ცხოვრების მსგავსი იქნება და ახლა უკვე ის დაეხმარება სხვა ბიჭუნებს და გოგონებს წყალობის ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე.              

პირველი წერილი ამით დავასრულოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
05 აგვისტო
05 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^