Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წერილები ზღაპრების შესახებ

05 აგვისტო 2021
დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, არასტერეოტიპული აზროვნების უნარ-ჩვევებს, მნიშვნელოვანი გვგონია წერილების ეს ციკლი ზღაპრებსა და მეტაფორულ, მეტაფიზიკურ აზროვნებაზე. მის ავტორს, გია რაზმაძეს იცნობენ, როგორც "გია მასი" რაზმაძეს. ის მასწავლებელიცაა და ფილოსოფოსიც, რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, და უშურველად და უანგაროდ უზიარებს თავის ცოდნას ნატურალური აგრომეურნეობის შესახებ ყველა დაინტერესებულ ადამიანს. მისი ზღაპრებთან ურთიერთობაც არ არის შემთხვევითი - გია 10 წელი ცხოვრობდა ძეგვის ბავშვთა სახლში. ყველა მისი აღზრდილი, ამ დროს, დიდი სიყვარულით იხსენებს.

მეორე წერილი
ზღაპრებში  გამოყენებული სიმბოლოები სამ  ჯგუფად შეიძლება დავყოთ: წყალობასთან დაკავშირებული (დედა, რძე და თაფლი, სახლი, ქორწილი, ზრუნვა), მსხვერპლთან დაკავშირებული (დედინაცვალი, გველეშაპი, დევი, მგელი, კუჭი.., გულ-ღვიძლი, სისხლი, ცრემლი, ოფლი.., ციხე, ცხრაკლიტული, მონელება) და ცისა და მიწის შემაერთებელი სიმბოლოები (ალვის ხე, კოშკი; რქა, ჯაჭვი, შიბი; ქორწილი, წიქარა, ძროხა, ირემი). 

ცალკე მდგომი სიმბოლოა, გზაჯვარედინი, რომელიც წყალობასა და მსხვერპლს შორის არჩევანს განასახიერებს. და კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც ზღაპრებში არ გვხდება,  მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა რძეში მოხარშული დუმა ან ციკანი. 

ჩვენ შემთხვევაში, პირველი და მესამე ჯგუფის სიმბოლოები შეიძლება გავაერთიანოთ, რადგან ზღაპრებსა და თქმულებებში, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, ცისა და მიწის კავშირი წყალობის საშუალებით მიიღწევა.  

ახლა, ცოტა ხნით, ისევ წიქარას დავუბრუნდეთ. სახლი დედინაცვალმა დაიპყრო. გაწამებულ ბიჭს ნუგეშად წიქარა გამოუჩნდა. მართალია, ბიჭი წყალობის სამყაროში აღარ ცხოვრობს, მაგრამ კავშირს ამ სამყაროსთან წიქარას მეშვეობით ინარჩუნებს. ბიჭს სიხარული უბრუნდება, მაგრამ დედინაცვალი ამას ვერ აიტანს და ბიჭს (სხვა ვარიანტის მიხედვით, წიქარას) სიკვდილი ემუქრება. სხვა გზა აღარაა. ბიჭი და წიქარა გარბიან. გრძნეულ ღორზე ამხედრებული დედინაცვალი უფსკრულში გადაიჩეხება. მსხვერპლის სამეფო ადრე თუ გვიან ყველა თავის წევრს ინელებს. წიქარა კი ბიჭს ერთ ლამაზ მინდორზე მდგარ ალვის ხესთან მიიყვანს. ბიჭი ალვის ხეზე იწყებს ცხოვრებას. აი კიდევ ერთი უცნაური რამ. რატომ აცხოვრებს მეზღაპრე ბიჭს ხეზე? ფანტაზია არ ჰყოფნის? მიეყვანა ბროლის ციხე-კოშკში, რომლის წვერიც ცას სწვდება. თუ მეზღაპრეს ცისა და მიწის კავშირის ხაზგასმა სურდა, ციხე-კოშკიც ხომ გამოდგებოდა სიმბოლოდ? მაგრამ მეზღაპრემ მაინც ალვის ხე არჩია, რითაც მოგვისპო საშუალება, რომ მისი მონათხრობი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ და ამით სიმბოლოზე დაფიქრება გვაიძულა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ალვის ხე? შესაძლოა ის ოჯახია, ან სოფელი ან კიდევ თემი, რომელიც წყალობის პრინციპებით ცხოვრობს. მაგრამ აქ ცხოვრებაც არ არის ბიჭის არჩევანი. ის სიკვდილისგან გაქცეული აღმოჩნდა აქ, ამიტომ ამ სამყაროს მკვიდრად ვერ ჩაითვლება - აქ ცხოვრება მან თავად უნდა აირჩიოს. მაგრამ პატარა, გამოუცდელი ყმაწვილი ბრიყვდება და სიკეთის სამოსელს ამოფარებულ მსხვერპლს ვერ ცნობს. მიუხედავად წიქარას გაფრთხილებისა, რომ არავითარ შემთხვევაში ხიდან არ ჩასულიყო, ჩავიდა და დედაბერსაც მიეხმარა. კუდიანმა დედაბერმა აცდუნა ბიჭი და სისხლი დააღვრევინა. მსხვერპლშემწირველი ბიჭი კი უკვე საკუთარი არჩევნით მსხვერპლის სამეფოს ტყვეა. მაგრამ ის, რაც მან ჩაიდინა, ბოლომდე მსხვერპლშეწირვა არ არის, რადგან ბიჭი მოტყუებულია. ასეა თუ ისე, ბიჭმა თხა მოსაკლავად მაინც გაიმეტა… ზის ახლა ცხრაკლიტულში, წიქარასაც ვერ უკავშირდება და ძალიან უბედურია. როგორც ირკვევა, თხის დაკვლამდეც დაუშავებია რაღაცეები. და მხოლოდ ამ დანაშაულების გააზრების შემდეგ უჩნდება მას წიქარასთან დაკავშირების საშუალება. 

როგორც კი მეგობრის გასაჭირს გაიგებს, წიქარა უმალ მასთან დაიბადება. უნდა გადაარჩინოს მეგობარი. დაეჯახება ცხრაკლიტულს რქებით და შეანგრევს პირველ კარს, შემდეგ მეორეს... და მერვე კარის შენგრევისას რქები მოტყდება. რატომ? წიქარას რქები ცასა და მიწას წყალობის საშუალებით აკავშირებს. მათი გამოყენება კი რაიმეს დასანგრევად არ შეიძლება. წიქარა, რომელმაც ბიჭი მსხვერპლის სამეფოდან უნდა დაიხსნას, თავისი ქცევით, თავადაც ხდება ტყვე  მსხვერპლის სამეფოსი, რომელმაც ჯერ ბიჭი გადაყლაპა, სისხლის დაღვრის გამო, და შემდეგ - წიქარა, ნგრევის გამო. აქედან გაღწევა კი იოლი არ არის. მათ თავიდან უნდა აირჩიონ წყალობის ქვეყანა და ეს არჩევანი უნდა დაამოწმონ კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ საჩუქრად საკუთარ და მეგობრის სიცოცხლესაც და კვლავ წყალობის ქვეყანას უბრუნდებიან. „ახლაც ზის ბიჭი ალვის ხეზე და უკრავს სამხიარულო სალამურს. თვითონაც ხარობს და ირგვლივაც  ყველას ახარებს. როცა წიქარა მოენატრება, დაუკრავს საჭირვარამო სალამურს და წიქარაც მაშინვე მასთან დაიბადება“.

მხოლოდ ამას გულისხმობდა მეზღაპრე, როცა „წიქარას“ შესახებ გვიამბობდა? არ ვიცი, მე შემიძლია ასეც გავიგო, სხვამ, შესაძლოა - სხვაგვარად, და ძალიანაც კარგი. მეზღაპრე მხოლოდ თავის შინაგან ხმას უნდა მიჰყვეს და საინტერესო და დამაჯერებელი ამბავი მოიგონოს. დანარჩენი - მკითხველის (მსმენელის) საქმეა. მაგრამ მკითხველმა უნდა იცოდეს, თუ რას გულისხმობს მეზღაპრე ამა თუ იმ სიმბოლოს უკან. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ყოველ წერილში ერთი ან ორი სიმბოლოს შესახებ გიამბობთ.

დედინაცვალი

ზღაპრებში დედინაცვალი ცალსახად უარყოფითი პერსონაჟია. (რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეშიც ყველა დედინაცვალი ცუდია). ზღაპრის დედინაცვალი მსხვერპლი სამეფოს მთავარი წარმომადგენელია. ის ახერხებს სახლში (წყალობის სამყაროში) შეღწევას დედის სიკვდილის შემდეგ, თითქოს იმისთვის, რომ დედის საქმე განაგრძოს. მაგრამ სინამდვილეში, მისი სახლში შესვლით დედის (წყალობის სამეფოს) წესრიგი ემხობა და დედინაცვლის (მსხვერპლის სამეფოს) წესრიგი მყარდება. სახლის სახლობა უქმდება: ზრუნვა და სიხარული ქრება, ეს უკვე ჩაგვრისა და ტანჯვის ადგილია, ციხეა. სულ ერთია, ზღაპრის გმირი დედინაცვლის საბრძანებელში აღმოჩნდება, თუ გველეშაპი გადაყლაპავს, ან უძირო ჭაში, ქვესკნელში ჩავარდება, ან ცხრაკლიტულში გამოამწყვდევენ... ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ გმირი მსხვერპლის სამეფომ დაატყვევა. მაგრამ ის წყალობის კანონების ერთგულებით ამტკიცებს, რომ მისი ადგილი აქ არ არის და ამიტომ (ბევრი წვალების შემდეგ) თავისუფლდება. ის უბრუნდება თავის ადგილს, წყალობის სამეფოს. ეს შეიძლება იყოს სახლი, ქორწილი, ალვის ხე...  

მეორე ჯგუფის სიმბოლოების ჩამონათვალში არის ერთი სიმბოლო, კუჭი. ის ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს მსხვერპლის სამეფოს არსს: მოინელოს ყველაფერი, რაც მასში მოხვდება. მაგრამ საბედნიეროდ კუჭი ყველაფერს ვერ ინელებს, მაგალითად იმას, ვინც მის პრინციპებს არ ეთანხმება და წყალობის კანონების ერთგულია.

ამირანის თქმულებაში კიდევ ერთი ძალზე საინტერესო სიმბოლოა - ფაშვი. ჩვილ ამირანს მომაკვდავი დედის თხოვნის თანახმად, მონადირე ხარის ფაშვში ათავსებს, სადაც უნდა გამოშუშდეს... ფაშვი კუჭი არ არის, ის არ ინელებს, მაგრამ მოსანელებლად ამზადებს ჩვილს, ისევე, როგორც ჩვენი სკოლები, უნივერსიტეტები და სამწუხაროდ, ხშირად ოჯახებიც.

ზოგ ზღაპარში დედინაცვალი არ ჩანს და მის ფუნქციას ღვიძლი დედ-მამა ასრულებს. ასეა  მაგალითად, ზღაპარში „ნატვრისთვალი“.                                           

ნატვრისთვალი

იყო და არა იყო რა.
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი.
იყო ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი. ერთი ბიჭი ჰყავდათ და მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ბიჭსაც ძალიან უყვარდა მშობლები, მაგრამ ერთი უცნაურობა სჭიდა: არაფერს აკეთებდა, მთელი დღე ან კერიასთან იჯდა და ნაცარს ქექავდა, ან ტახტზე იყო წამოგორებული... ბიჭის დედ-მამა ძალიან დარდობდა: ჩვენ უკვე მოხუცები ვართ, ალბათ მალე დავიხოცებით და მერე რა ეშველება ჩვენს შვილს, ვინ შეინახავს, ნამდვილად შიმშილით მოკვდებაო.

გადაწყვიტეს, როგორმე, მისთვის შრომა ესწავლებინათ. დაუწყეს ხვეწნა-მუდარა ბიჭს: შვილო, წადი, ვინმეს მოჯამაგირედ დაუდექი, ერთი შენი ნაშოვნი ფული გვაჩვენე, რომ მშვიდად მოვკვდეთო. არ უნდოდა ბიჭს წასვლა, მაგრამ მშობლებს ხათრი ვერ გაუტეხა და წავიდა.

ერთი წელი მწყემსად ემსახურა ერთ მდიდარ გლეხს. ეს გლეხი ძალიან კმაყოფილი იყო ბიჭის მუშაობით. წლის ბოლოს დაპირებული ფულიც გადაუხადა და საჩუქრად ცოტაც დაუმატა კარგი მუშაობისთვის. წამოვიდა ბიჭი ბედნიერი, რომ ფულს მშობლებს მიუტანდა და გაახარებდა. თავის სოფელს რომ მიუახლოვდა, ტყისპირას ბავშვების ჩოჩქოლი შეამჩნია. მიუახლოვდა მათ და რას ხედავს: ხეზე კატა ჩამოუკიდიათ და ჯოხებით სცემენ. რას სჩადითო, - ჰკითხა ბიჭმა. ვერ ხედავ, კატასა ვკლავთო, - მიუგეს ბავშვებმა. ეგ კატა დამითმეთო. ვითომ რათაო? ფულს გადაგიხდითო. აბა გვაჩვენეო. ბიჭმა ამოიღო რაც ფული ჰქონდა და ბავშვებს მისცა. იმათ კი კატა ჩამოხსნეს და ბიჭს მისცეს. აიყვანა საცოდავი ცხოველი ბიჭმა და სახლისკენ გასწია. დედ-მამას ძალიან გაუხარდა შვილის დაბრუნება, ვახშამი გაუწყვეს და საჭმელად დასხდნენ. თანაც სთხოვეს, ყველაფერი მოეყოლა, რაც ამ ერთ წელში გადახდა. ბიჭმაც ყველაფერი უამბო. კატის ამბამდე რომ მივიდა, ერთი საცოდავად ამოიოხრეს: ეჰ, ნეტა ფული მოგეტანა სახლშიო და მეტი საყვედური აღარ დასცდენიათ. ბიჭი დადარდიანდა. ძალიან უნდოდა მშობლების გახარება. სხვა რა გზა ჰქონდა. მშობლებს გამოემშვიდობა და ისევ ფულის საშოვნელოდ გასწია.                                                                                                                          

ერთი წელი ერთგულად ემსახურა ისევ იმ გლეხს. გლეხს ისე მოსწონდა ბიჭი, რომ სთხოვა, ნუ წახვალ, დარჩი ჩემთან, მე - მამა და შენ - შვილიო. მაგრამ ბიჭს შინ მოხუცი მშობლები ელოდნენ, აბა, როგორ დარჩებოდა. გასამრჯელო აიღო და შინისკენ გასწია. სოფელს რომ მოუახლოვდა, დაინახა რომ ბავშვები ამჯერად ძაღლს კლავენ. შეეცოდა ბიჭს ძაღლი და მისი გადარჩენისათვის ისევ მთელი წლის ჯამაგირი გადაიხადა. დაბრუნდა სახლში ძაღლით და უფულოდ. ამჯერად მშობლებს ერთი საყვედურიც არ დასცდენიათ, მაგრამ კიდევ უფრო დანაღვლიანდნენ.

ორი დღის შემდეგ ბიჭი ისევ გზას დაადგა, იქნებ ფული სახლში ახლა მაინც მივიტანოო. ერთი წელი ისევ ერთგულად იმსახურა და ფულით სავსე ჯიბეებით სახლისკენ გასწია. მარამ ბედი არ გინდა? ახლა ბავშვებს გველი მიებათ გრძელ ჯოხზე და კოცონის თავზე ატრიალებდნენ. გველი საცოდავად იკლაკნებოდა. შეეცოდა ბიჭს გველი და მთელი წლის ნაშრომი ამჯერად მის გადასარჩენად გადაიხადა. წავიდა ბიჭი სახლისკენ და დარდობს, მშობლებს როგორ დავენახოო და უეცრად, გველი ადმიანის ხმით ეუბნება: შენი ძალიან მადლობელი ვარ სიკვდილს რომ გადამარჩინე, მე გველთა ხელმწიფის ვაჟი ვარ, ახლა ჩემს სასახლეში წავიდეთ, მადლობა უნდა გადაგიხადოო. სასახლეში რომ მივალთ, ჩემი მშობლები უამრავ ძვირფასეულობას შემოგთავაზებენ, მაგრამ შენ ნურაფერს გამოართმევ, უთხარი ენის ქვეშ რომ თვალი გაქვთ, იმის მეტი არაფერი მინდა-თქო.

მივიდნენ გველთა ხელმწიფის სასახლეში. გადაეხვივნენ უფლისწულს მეფე-დედოფალი. უფლისწულმა უამბო, თუ როგორ იხსნა ბიჭმა სიკვდილისაგან. ახლა ბიჭს გადაეხვივნენ, დაუწყეს ხვევნა-კოცნა. უამრავი ოქრო-ვერცხლი და პატიოსანი ქვა შესთავაზეს, მარამ ბიჭი უარზე იყო: ენის ქვეშ რომ ქვა გაქვთ, იმის მეტი არაფერი მინდაო. ძალიანაც არ უნდოდათ ამ ქვის მიცემა, მაგრამ უფლისწულმა უსაყვედურა: ჩემი გადამრჩენელისთვის განა რამე უნდა დაიშუროთო? მეტი რა გზა ჰქონდათ, მისცეს ბიჭს ქვა. დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ბიჭმა სახლისკენ  გასწია. მიდის და ფიქრობს: ნეტა ამ ქვას რა თავში ვიხლი, არა სჯობდა, ოქრო-ვერცხლი წამომეღოო? ამ ფიქრებში იყო ბიჭი, რომ გაიფიქრა, ერთი ამ გველის ქვას დავხედავო და უბიდან ქვა ამოიღო. როგორც კი ხელი ქვას შეეხო, უეცრად მის წინ მზეთუნახავი ქალი გაჩნდა და ჰკითხა: რას მიბრძანებ, ჩემო ბატონოო. დაბნეულმა ბიჭმა ამოილუღლუღა: ერთი მუჭა ოქრო მომიტანეო. იმავე წამს ქალმა ოქროთი გაავსო ბიჭის მუჭი. გახარებული ბიჭი ფრენა-ფრენით მივიდა სახლამდე და მშობლებს მაგიდაზე ოქრო დაუხვავა. გაიხარეს მოხუცებმა, აწი თუ გინდა დავიხოცოთ, ჩვენი შვილი თავის გატანას შეძლებსო. ცხოვრობდნენ მშვიდად  და ბედნიერად, ვიდრე ბიჭმა ხელმწიფის ქალზე დაქორწინება არ გადაწყვიტა.                                 

ერთ დღეს ქვეყნის ხელმწიფემ გამოაცხადა: ვინც ამა და ამ ადგილას ისეთ ბაღს გამიშენებს, რომ ზამთარ-ზაფხულს ზოგი ხე ყვაოდეს, ზოგი - მწიფდეს, ნაირფერი ჩიტები ფრენდნენ და ისე გალობდნენ, ჯერ რომ არავის მსგავსი არ მოუსმენიაო... 

გადაეცი, მე გავაშენებ მაგ ბაღსო, - გააგზავნა ბიჭმა დედამისი ხელმწიფესთან... დედა ატირებული დაბრუნდა სახლში. პირობა ასეთი იყო: თუ ბიჭი სამ დღეში გააშენებდა ჯადოსნურ ბაღს, მეფის ასულზე დააქორწინებდნენ, თუ არა და - თავს მოჰკვეთდნენ. ბიჭმა დედა დაამშვიდა: იოლი საქმეაო და კერიის პირზე წამოგორდა. მესამე დღეს განთიადზე სახლიდან გავიდა, ნატვრისთვალი უბიდან ამოიღო და ხელში შეათამაშა. მზეთუნახავიც უმალ მის წინ გაჩნდა და ჰკითხა: რას მიბრძანებ, ჩემო ბატონოო. ბიჭმაც უთხრა, რაც უნდოდა და იმავე წამს საოცარი ბაღი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც ხელმწიფეს სურდა... ნაირფერი  ყვავილები ყვაოდნენ და მათრობელ სურნელს აფრქვევდნენ, ხეებს ტოტები ძირს დაეხარათ და გამვლელებს საუცხოო, სურნელოვან ხილს სთავაზობდნენ... ათასგვარი ფრინველი გალობით ატკბობდა არემარეს. და კიდევ ერთი: წყაროსთან უზარმაზარი ალვის ხე ამოსულიყო, წვერი ცისთვის მიეწვდინა... ისეთი ლამაზი იყო... და ერთი უცნაური თვისება ჰქონდა:  ვინც კი მას შეეხებოდა, რა ავადმყოფობაც არ უნდა სჭირვებოდა, იმავე წამს იკურნებოდა. ხელმწიფეს ყველაფერი ძალიან მოეწონა, იმდენად, რომ ბაღს ჯარი დაუყენა, რომ შიგ ვერავინ შესულიყო და მისი ნებართვის გარეშე არ განკურნებულიყო. ბაღიც უკვე ჰქონდა, რატომ უნდა გაეტანებინა ამ გლეხუჭასთვის ერთად–ერთი შვილი? მოდი თავს მოვჭრიო, იფიქრა, მაგრამ ბიჭი ყველაფერს მიხვდა, ნატვრისთვალი უბიდან ამოიღო და... ბაღიც, მეფის ასულიც, ულამაზესი სასახლეც, ძაღლიც, კატაც და ბიჭიც შუა ზღვაში ამოზრდილ კუნძულზე აღმოჩდნენ. ხელმწიფე კი დარჩა ხახამშრალი.

ცხოვრობდნენ ბედნიერად. მაგრამ მეფის ასულს მოსწყინდა ასეთი ცხოვრება. მოენატრა მამის სასახლე, თაყვანისმცემლები, წვეულებები, ცეკვა... შეუჩნდა ბიჭს: მითხარი შენი საიდუმლო რაშიაო. ბიჭს ახსოვდა გველთა ხელმწიფის გაფრთხილება, რომ ნატვრისთვალის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, მაგრამ ქალმა იმდენად მოაბეზრა თავი, რომ ვეღარ გაუძლო და ყველაფერი უამბო. მეორე ღამესვე მეფის ასულმა ბიჭს უბიდან ნატვრისთვალი ამოაცალა. დილით ბიჭმა რომ გამოიღვიძა, აღარც სასახლე დახვდა, აღარც ბაღი და აღარც მეფის ასული. უბეში ჩაიყო ხელი ნატვრისთვალის ამოსაღებად, მაგრამ სადღა იყო ნატვრისთვალი... დაღონებული ჩამოჯდა ზღვის პირას ქვაზე და ატირდა... ძაღლი და კატა ფეხებთან მიუწვნენ... რა უნდა ექნა. არაფრის იმედი აღარ ჰქონდა. ჩაეძინა.

გახსოვს, როგორ გადაგვარჩინა ჩვენმა პატრონმა, როცა ბავშვები გვკლავდნენ? ახლა ჩვენი ჯერია, წავიდეთ და ნატვრისთვალი მოვიტანოთო, – უთხრა კატამ ძაღლს. წავიდეთო, უპასუხა ძაღლმა. კატამ ცურვა არ იცოდა, ამიტომ ძაღლს ზურგზე შეაჯდა და ზღვაშიც შესცურეს. მივიდნენ სასახლესთან. ძაღლი შიგნით ვერ შევიდოდა, შეამჩნევდნენ, ამიტომ გარეთ დარჩა, კატა კი სასახლეში შევიდა. როგორ უნდა მოეპარა ნატვრისთვალი? მეფის ასული ერთი წამითაც არ შორდებოდა მას. ღამით კი ცხვირში იდებდა და ისე იძინებდა.  უეცრად თაგვი დაინახა, ისკუპა და თათებში მოიმწყვდია. ოღონდ გამიშვი და მეც რამეში გამოგადგებიო, ამოიწრიპინა საბრალო წრუწუნამ. კარგიო, - უთხრა კატამ. მეფის ასულს ნატვრისთვალი უნდა წაართვაო. ადვილი საქმეაო, მიუგო წრუწუნამ. რომ დაღამდა და მეფის ასული დასაძინებლად დაწვა, თაგუნა მის საძინებელში შეიპარა, ლოგინზე აძვრა და მეფის ასულს კუდით ცხვირში შეუღიტინა. მეფის ასულმა დააცემინა და ცხვირიდან ნატვრისთვალი გადმოუვარდა. თაგუნამ ნატვრისთვალს პირი სტაცა და კატას მიურბენინა. დაემშვიდობნენ ერთმანეთს და კატა ძაღლისკენ გაიქცა. შეაჯდა ზურგზე და ზღვაში შესცურეს. რის ვაივაგლახით კუნძულს მიაღწიეს და ბიჭს ნატვრისთვალი მიუტანეს.

გაიხარა ბიჭმა, აიღო ნატვრისთვალი და იმწამსვე მზეთუნახავი გაჩნდა მის წინ. რას მიბრძანებო? – ჰკითხა ბიჭს. ახლავე სასახლეში გამაჩინე, მეფის ასულთანო. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ სასახლეში აღმოჩნდა. იქ მეფის ასული წვეულებას მართავდა. გარს თაყვანისმცემლების ჯარი ეხვია. ცეკვავდნენ, კისკისებდნენ... ბიჭის დანახვაზე მეფესაც და მის ასულსაც ელდა ეცათ. შეშინებულები მუხლებზე დაეცნენ და ბიჭს პატიება სთხოვეს. კარგიო, უთხრა ბიჭმა, მე თქვენი არაფერი მინდა, როგორც გირჩევნიათ, ისე იცხოვრეთო. ნატვრისთვალს ბაღი ისევ თავის სახლში გადაატანინა და დაიწყო ბედნიერი ცხოვრება ძაღლთან, კატასთან და თავის მშობლებთან ერთად. მთელ დღეს ჯოდოსნურ ბაღში ატარებდნენ. უვლიდნენ ბაღს, უსმენდნენ ჩიტების გალობას... ყველაზე მეტად მაინც ალვის ხესთან ყოფნა ერჩივნათ. იქ სხვებიც მოდიოდნენ, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც განკურნება სჭირდებოდა. შეეხებოდნენ ჯადოსნურ ალვის ხეს და განკურნებულები ბრუნდებოდნენ შინ. იქ ახლაც ყველაფერი ასეა. ცხოვრობენ ბედნიერად. ალვის ხე ახლაც იქ დგას და კურნავს ყველას, ვინც მასთან მივა...

***************************************************

ამ ზღაპრის სხვა ვარიანტში მშობლებს ფული აქვთ გადანახული და ბიჭს აძლევენ: წადი, ივაჭრე და ფულს ფული მიამატეო. ამ გზით ცდილობენ, რომ შვილს „ცხოვრება“ ასწავლონ. ბიჭიც მიდის და ამ ფულით ჯერ ძაღლს გამოისყიდის, შემდეგ - კატას, ბოლოს კი, უკანასკნელი ფულით - გველს.    

ამ ზღაპარში დედინაცვალი არ ჩანს, თითქოს არც არის. მაგრამ სინამდვილეში, დედინაცვლის ფუნქციას, ბიჭის დედ-მამა ასრულებენ. მათ ძალიან უყვართ შვილი. არ ეჩხუბებიან. მაგრამ ეშინიათ, რომ მათი სიკვდილის შემდეგ ბიჭი თავის რჩენას ვეღარ შეძლებს და ცდილობენ ამ „ზარმაცი“ ბავშვის „განორმალურებას“.
(ზღაპრის მოყოლის ტრადიცია რომ არ შეწყვეტილიყო და ეს ზღაპარი დღეს ჩაეწერათ, ალბათ წავიკითხავდით, თუ როგორ უშედეგოდ ცდილობდნენ მშობლები შვილის სხვადასხვა წრეზე ტარებას და როგორ ვერაფერი მოაწონეს უქნარას; რომ რის ვაივაგლახით დაამთავრებინეს სკოლა და უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების თუ იურიდიული ფაკულტეტი; რომ ბიჭმა ვერცერთ სამსახურში ფეხი ვერ მოიკიდა...) აბა რა უნდა ექნათ, არ ეზრუნათ შვილის მომავალზე?! ასეთი „ზრუნვით“, თავიანთი შიშებითა და წუხილით მათ სახლში წყალობის სულისკვეთება გაანადგურეს. ისინი მსხვერპლის სამყაროს წარმომადგენლებად იქცნენ და შეეცადნენ შვილიც ამ გზაზე დაეყენებინათ. მათი ურთიერთობა შვილთან ძალიან ჰგავს დედინაცვლის ურთიერთობას, ოღონდ არა გერთან (ზღაპრის გმირთან), არამედ ღვიძლ შვილთან, რომელიც ქალს თან მოჰყვა. 

ბევრად ნათლად ჩანს ეს მაგალითი ზღაპარ „ლურჯ თევზში“. აქ ბრმა მეფე შვილის სიკვდილით დასჯას ბრძანებს, რადგან ბიჭი მდინარეში უშვებს ლურჯ თევზს, რომლის სისხლსაც მეფისთვის თვალის ჩინი უნდა დაებრუნებინა. ბიჭი გაქცევით შველის თავს. ორივე ზღაპარში სახლის სახლობა განადგურებულია. ბიჭი მსხვერპლის სამეფოში ხვდება, ოღონდ არა დედინაცვლის, არამედ გმირის მშობლების ძალისხმევით, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ დედინაცვლის ფუნქციას.                     

უსაქმური, სულელი, მოკლედ უვარგისი

ბევრ ზღაპარში გმირი დახასიათებულია, როგორც უსაქმური, სულელი, ერთი სიტყვით უვარგისი. ასეა ზღაპარ „ნატვრისთვალშიც“.  

ეს დახასიათება თითქოს სამართლიანია. ბიჭი ნამდვილად უქნარაა. მთელი დღის განმავლობაში ის ან ნაცარს ქექავს, ან საწოლზე გორავს. მაგრამ სახლიდან გასულ ბიჭზე ზარმაცს ვეღარ ვიტყვით. მოსამსახურედ ყოფნისას, ისეთი ერთგულებით და თავდადებით მუშაობს, რომ შეპირებულზე მეტი ფულიც მისცეს და სამსახურში დარჩენაც სთხოვეს.   

ნაცარქექიაც ასეთი უსაქმური ჩანს და ამის გამო აძევებენ კიდეც სახლიდან. რატომღა გვიხასიათებს მეზღაპრე ამგვარად გმირს, რომელმაც წარმოუდგენელ წარმატებას უნდა მიაღწიოს? სინამდვილეში, ზღაპრის გმირს უქნარად და სულელად ოჯახის წევრები მიიჩნევენ. მაგრამ ეს ის ხალხია, ვინც „კუჭის“ პრინციპებით ცხოვრობს, სხვაგვარი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და ჰგონია, ყველა მათსავით უნდა ცხოვრობდეს და ფიქრობდეს. გმირი კი წყალობის პრინციპებით ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი სახლი აღარაა. ჯერ დედ-მამა იქცა დედინაცვლად, შემდეგ სახლი რძალ-დედინაცვლებმა დაიპყრეს. გმირი ვერ ცხოვრობს მათი ღირებულებებით, ვერ ერთვება მათ უაზრო ფუსფუსში. შედეგად კი - დაწუნებულია და გაძევებული. და ეს ასეც უნდა იყოს: კუჭის სამეფოში გმირის ადგილი არ არის.  

ზღაპრებში ორი, სრულიად საპირისპირო სამყარო არსებობს ხოლმე. ისინი ვერ თანხმდებიან. ის, რაც მსხვერპლის სამყაროში გონივრულად ითვლება, წყალობის სამყაროში ან უაზრობაა, ან უზნეობა; ის რაც წყალობის სამყაროში ღირსეული და სწორია, მსხვერპლის სამყაროში სისულელე ან უნიათობაა. „ნატვრისთვალში“ გმირს მთელი წლის ნაშრომი ქეციანი ძაღლის გადასარჩენად ემეტება. კუჭის სამეფოში ამას კარგ საქციელად ვინ ჩათვლის? რა თქმა უნდა, სისულელეა. უფრო სულელურად იქცევა გმირი „ლურჯ თევზში“. თევზი ეცოდება და მშობელ მამას სამუდამო სიბრმავისათვის იმეტებს. სულელიც არის, უმადურიც და თავხედიც. ამიტომაც მიუსჯიან სიკვდილს. მაგრამ გმირი სხვანაირად ვერ მოიქცევა. მან უნდა აღკვეთოს მსხვერპლი, თუკი ეს შეუძლია, მიუხედავად იმისა, თუ რით დასრულდება ეს ქცევა მისთვის. საბოლოოდ კი ამ „სულელური“ გადაწვეტილებების გამო იმარჯვებს ის და ბრუნდება აღთქმულ ქვეყანაში, წყალობის სამფოში, სახლში (ან თავისი ამ არჩევანით იქნებ აარსებს კიდეც ასეთ ქვეყანას).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
28 ივლისი
28 ივლისი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^