Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცი, რომელიც იცინის

30 ივლისი 2012

დაცინვა, როგორც პოლიტიკური აქტი, გამართლებულია, თუ ის უპირისპირდება ძალაუფლების წყაროს და საფუძველს აცლის მას. მთელი ყურადღების მიმართვა მხოლოდ ძალაუფლების აქსესუარებზე, იმ მოტივით, რომ უსამართლობის წყაროსთან დაპირისპირება უშედეგოა, ძალაუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ამყარებს.

უსამართლობასთან ბრძოლაში იუმორის გამოყენების კარგი მაგალითები არსებობს:როდესაც ჩაპლინი დიქტატურას დასცინის "დიდ დიქტატორში", ან ბუნუელი მომხმარებლურ საზოგადოებას 'ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლში", ანდა ფელინი ფუნდამენტალისტ კათოლიკე მრევლს "დოლჩე ვიტაში". ყველა მათგანს ძალაუფლებისთვის ნიადაგის წართმევით დაჩაგრული, ექსპლოატირებული, საწყალი ადამიანის გათავისუფლება ამოძრავებთ. იგივე ალმოდოვარის თუ ტარანტინოს მწარე ირონია თანამედროვე კონსუმერული სამყაროს თუ პოსტმოდერნული უალტერნატივო დისკურსის მიმართ ნამდვილად ღირებულია. ეს ირონია დასცინის უსამართლობის სათავეს და ფარსს, რომელიც ამ უსამართლობას ნიღბავს.

ასეთი დამოკიდებულება უფრო გამბედავია, მათთან შედარებით, ვინც "კუხნაში" გამოკეტილი, ჩაგვრის სათავესთან დაპირისპირებას ვერ ბედავს და მხოლოდ მის საცეცებს აქილიკებს.სატელევიზიო გადაცემებს ჩამოუვლის, ხან ვის სტუმარს დასცინებს და ხან ვის წამყვანს, მაშინ როდესაც არასოდეს დაუპირისპირდება ამ სატელევიზიო ტვინის რეცხვის არსსა და არქიტექტორებს. მით უმეტეს, არ დაუპირისპირდება იმ გადაცემებსა და არხებს, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული საკუთარი სარჩოს მოპოვებასთან.

ასეთ დამოკიდებულებას პირდაპირ აღიარებს გოგი გვახარია მის ბოლო წერილში:"უნდა დავცინოთ არა იმდენად ამ აგრესიული უხამსობის მაყურებელს, არც იმდენად ამ შოუს შემქმნელებს, რამდენადაც პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც თავად იღებს მონაწილეობას ამ სიყვითლეში."

ამჯერად არ დავიწყებ სიღრმისეულ მსჯელობას იმაზე, რომ ჩემს წერილზე ბატონ გვახარიას პასუხი სოფიზმის გაკვეთილისათვის კარგ საჩვენებელ მაგალითად გამოდგება. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩემს წერილში ვაკრიტიკებდი გაზულუქებული ელიტისტების დამცინავ დამოკიდებულებას იმ ნიშან-თვისებების მიმართ, რომლებიც მათ დაბალი, მშრომელი კლასის მახასიათებლებად მიაჩნიათ.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია დასცინო სანაპიროზე სახინკლეს, როდესაც შენ მხოლოდ კანის კაფეებში მიირთმევ ლატეს, ანდა გაამასხარაო "არ დაიდარდო", როდესაც შენ მხოლოდ გლენ გულდს უსმენ, ისიც მხოლოდ რომელიმე ევროპულ მაღაზიაში ნაყიდ პირველი გამოშვების ფირფიტებზე.

ეს ყველაფერი თუ სახელმწიფოს, ან რომელიმე მსხვილი ბიზნესის, ანდა ორგანიზაციის სპონსპორობის ხარჯზე ხდება, მით უფრო ადვილია დასცინო მძღოლს, რომელიც დღეში 12 საათზე მეტს მძიმე სამუშაოზე მუშაობს, რომ შენი ლატეს ღირებულების ექვივალენტი წაიღოს სახლში.

თუ ვინმე ამ დროს, მიგითითებს, რომ საკუთარი ელიტისტური "ბუწიკურობით" იმათვე ემსგავსები, ვისაც დასცინი-სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას ეგვიპტის დიუნებიდან რომ უყვებიან გულისნადებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას სახინკლეებისა და არ დაიდარდოს კულტურა მოსწონს. ადამიანი, რომელიც დეზერტირების ბაზრის მომხმარებელთა კულტურას აკრიტიკებს, და თვითონ "ბიგ ბენის" დახლებს არასოდეს გასცილებია, თავისი ზედაპირულობის გამო თვითონვე ხდება სასაცილო.

თუმცა, ბატონ გვახარიას წერილის წაკითხვის შემდეგ, ის გამიხარდა, რომ ავტორი იმას მაინც არ გვთავაზობს, რომ დავცინოთ, მაგალითად, რომელიმე სოფელში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც თანამგზავრით არტეს ყურების საშუალება აქვს და ამრიგად, ქართული ნაციონალური არხების პრუდუქტისთვისაა განწირული.

ავტორი არც ძალაუფლების წყაროს დაცინვისაკენ მოუწოდებს. რა საჭიროა, დისკომპფორტში ჩაიგდო თავი და ძალაუფლების მატარებელთა უკმაყოფილება გამოიწვიო. საკმარისია, ამოირჩიო ერთი ორი დასაცინი ობიექტი -"ქართველობა", გადაცემა "პროფილი" მაგალითად, ან კიდევ რომელიმე მსგავსი თოქ შოუ, და მათზე კრიტიკით საკუთარი თავი და მსმენელი გაართო.

მთავარია, ობიექტი იმდენად ზოგადი, ანდა უუფლებო იყოს, რომ დაცინვით გამოწვეულმა ანტაგონიზზმა ზიანი ვერ მოგაყენოს. ასეთი დაცინვა მხოლოდ პოზაა, ხშირად საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და საკუთარი პრივილიგერებული მდგომარეობის შენარჩუნებით მოტივირებული.

1999 წელს მართა ნუსბაუმმა ჯუდით ბათლერს საჯარო სტატია მიუძღვნა სათაურით "პაროდიის პროფესორი." ნუსბაუმის აზრით ბათლერის მიდგომა, რომ პატრიარქატთან მხოლოდ დაცნივითა და პაროდიით დაპირისპირებას აქვს აზრი, განამტკიცებდა მოსაზრებას რომ პატრიარქატის წინააღმდეგ სხვა აქტიურობას აზრი არ აქვს. იმ დროს როდესაც მრავალი მწერალი ღიად უპირისპირდებოდა პატრიარქალურ იერარქიებს, მხოლოდ განზე დგომას და პაროდიისადმი მოწოდებას, იგი "მორალურ პასიურობას" უწოდებდა. ასეთი მორალური დეტერმინიზმი თავისთავად განამტკიცებს უსამართლობის მარადიული ბატონობის გრძნობას და ყველანაირ წინააღმდეგობის ძირშვე უარყოფს.

ამ ფონზე საინეტესოა გოგი გვახარიას მორალურად დეტერმინისტული ტონი "რა შეიძლება დავუპირისპიროთ აგრესიულ უხამსობას? ცხადია, აკრძალვით ვერ აკრძალავ. მით უმეტეს, რომ ჩვენ, "კუხნაში" გაჭედილებს, არც არავინ გვეკითხება."

მაშ ასე, მაინც არავინ არაფერს გვეკითხება, ამიტომ ჩვენი სამოქალაქო პასუხიმსგმებლობისგან ისღა დარჩა, რომ ჩაგვრის აქსესუარებზე ქილიკით შევიქციოთ თავი. ამ ფორმით მისია შესრულებულია. საზოგადოებრივი პასუხიმსგებლობაც მოხსნილია და კომფორტული პოზაც შენარჩუნდებული.

პოსტ-საბჭოთა კონტექსტში ეს საქციელი სტალინური დახვრეტების პერიოდში ჟურნალ "ნიანგის" გამოცემას გავს. ეს ჟურნალი 1931 წლიდან გამოდიოდა. "სამეულების" მიერ დაგეგმილ დახვრეტებზე ხალხი რიგრიგობით მიჰყავდათ და ამ დროს ეს გამოცემა რომელიმე ქარხნის დირექტორის მიერ გამოშვებულ წუნიან პროდუქტს აქილიკებდა. ასეთი დაცინვა ძალაუფლების ინტერესში შედის: ძაღლი უმნიშვნელო საკითხებზე ყეფს, ხალხს, მისი დასაცინი ობიექტებივითვე ართობს, ამ დროს კი ქარავანი მიდის.

ამას წინათ პირწიგნაკში ერთი ჯგუფი ვაივიშს ტეხდა, რბილი "ლ" კლავსო. ხალხს რბილი "ლ" კი არ კლავს, არამედ დაუსჯელი პოლიციელის იარაღი, მოძალადე ოჯახის წევრი, შიმშილი და ჯარისკაცის მიერ დამიზნებული ავტომატი. ზოგიერთნი ამ დროს, ამ ყველაფერს მხოლოდ გვერდიდან ადევნებენ თვალს, შემდეგ სამზარეულოში დასცინიან და იმ მოტივით, რომ სხვა ყველაფრის კეთებას აზრი არ აქვს, ისევ რბილ "ლ"-ს" "მომაკვდინებელ" ხასიათზე აგრძელებენ საუბარს.

შოუ ბიზნესიც და მას კულტურის ინდუსტრია, რომელსაც ბატონი გვახარია აკრიტიკებს, მსგავს ფუნქციას ასრულებს. გართობის, და იუმორის საშუალებით ყურადღება მნიშვნელოვანი, ძირეული პრობლემებიდან მსუბუქ საკითხებზე გადააქვს. სტრუქტურული უთანასწორობის და იერარქიების შენარჩუნებისათვის ორივე ერთნაირ და სასარგებლო როლს ასრულებს. ამ უთანასწორობისა და ჩაგვრის საფუძვლებს ოსტატურად ნიღბავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^