Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეწამორის ატომური ელექტროსადგური - საფრთხე მთელი რეგიონისთვის

30 ივლისი 2012

 

ოთხი დღის წინ  წყნარ ოკეანეში მომხდარი მიწისძვრა ყველაზე დიდი და საშინელი კატასტროფაა, რომელსაც შევსწრებივარ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია - ჯერ მიწისძვრა, მერე ცუნამი, ახლა ატომური კატასტროფა. ოღონდ ეგაა, არსადაა სუპერ გმირი, რომელიც მსოფლიოს იხსნის. გმირები ფილმებში დარჩნენ, ისევე, როგორც 2001 წლის თერთმეტ სექტემბერს.

 

ახლაც, ამ წუთებშიც ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ ფუკიშიმას რეაქტორებზე, მაგრამ სავარაუდოდ,  მათი სახელები ისტორიას არ შემორჩება -  კატასტროფის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.

ფუკიშიმას ატომული ელექტროსადგურის რეაქტორების გამაგრილებელი სისტემები ერთი მეორის მიყოლებით მწყობრიდან  გამოდის და რადიაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში იფრქვევა. დღევანდელი ინფორმაციით, მეორე და მეოთხე რეაქტორები აფეთქდა. წუხელ კი მთელი დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმ საშიშროებაზე, რომელიც მესამე რეაქტორს შეექმნა.  რადიაციის დონემ დასაშვებს 400-ჯერ გადააჭარბა და მოსახლეობა ფუკიშიმადან 250 კილომეტრით დაშორებული ტოკიოდანაც კი გარბის.

მიწისძვრიდან მეორე დღესვე, როგორც კი ატომური საფრთხის შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა, ატომური ელექტროსადგურების არსებობა გერმანელებმა გააპროტესტეს - ორი დღის წინ გერმანიის მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და 45 კილომეტრის ტრასაზე ხელიხელჩაკიდებულებმა მთელ მსოფლიოს უთხრეს, რომ მზად არიან, ბევრი რამ აიტანონ, ოღონდაც მათ ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურები გაუქმდეს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ ეტაპობრივად შეამცირებს ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების რიცხვს.

ამავე თემაზე აქტიურად საუბრობენ დანარჩენ ევროპაშიც - მიუხედავად იმისა, რომ ევროპა არ არის სეისმურად ისეთ აქტიურ ზონაში, როგორიც მაგალითად, კავკასიაა. მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებებს დაცვის გამკაცრებას და ატომური ელექტროსადგურების ლიკვიდაციას სთხოვენ.

რუსული ინტერნეტ საიტები ბოლო დღეებია ბევრს წერენ სომხეთში, დაბა მეწამორთან მდებარე ატომური ელექტროსადგურის მდგრადობის შესახებ. ზოგი სტატიის მიხედვით ეს ელექტროსადგური, რომელიც 1976 წელს ამუშავდა, 7 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და მან 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრას გაუძლო. ზოგიერთი წყარო კი წერს, რომ ის 9 ბალიანსაც გაუძლებს, რადგანაც უნიკალური მდგრადობა ახასიათებს  - ასე ამბობენ რუსი და სომეხი ექსპერტები, თანაც ამატებენ, ჯერ ერთი - ეს მდგრადობა წლიდან წლამდე მატულობს(!) და მეორეც - წარმოუდგენელია, სომხეთში ამ სიძლიერის მიწისძვრა მოხდესო.

როგორც ვნახეთ, წარმოუდგენელი არაფერია ჩვენ პლანეტაზე.

ერევანთან ახლოს მდებარე საბჭოთადროინდელმა ატომურმა ელექტროსადგურმა შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ სომხეთის, არამედ, მთელი რეგიონის მოსახლეობას.

ჯერჯერობით, ქართველი პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, ამ საშიშროებაზე არ საუბრობს. იქნებ ღირდეს, მედიამ შეახსენოს მათ, რომ სწორედ დღესაა ამ თემაზე საუბრის დაწყების დრო. მით უმეტეს, არსებობს ევროკავშირის რეკომენდაციები გასულ საუკუნეში აშენებული მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციის შესახებ, მეტიც - ევროკავშირი მზადაა ამ საქმისთვის 200 მილიონი ევრო გაიღოს.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^