Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქრონოლოგიურად თუ უკუქრონოლოგიურად?

30 ივლისი 2012

 

თითქოს ძალიან სწორია: ყველაფრის სწავლა ძველიდან უნდა დაიწყო და მერე, ნელ-ნელა ახლისკენ უნდა წამოხვიდე, თუკი საგანი არსებითად გინდა შეისწავლო - ჯერ პითაგორას თეორემა და მერე წარმოებული და ინტეგრალი, ჯერ ნიუტონის კანონები და მერე აინშტაინის ფარდობითობის თეორია, ჯერ ძველი საბერძნეთი და მერე საბჭოთა კავშირი... თუ ყველგან ასეა, ლიტერატურაშიც ასე უნდა იყოს: ჯერ ჰომეროსი და მერე კამიუ, ჯერ რუსთაველი და მერე ზვიად რატიანი... ჰუმანიტარულია თუ არაჰუმანიტარულია საგანი, ამას არა აქვს თითქოს მნიშვნელობა: სახურავიდან სახლის შენებამ წესით ვერანაირად ვერ უნდა ივარგოს -ყოველთვის საძირკვლიდან უნდა შეუდგე!

და ჩვენთანაც მუდამ ასე იყო: როგორც მათემატიკას, ფიზიკას თუ ისტორიას, ლიტერატურასაც ქრონოლოგიურად ასწავლიდნენ. ჯერ იაკობ ხუცესი - სადღაც, ალბათ მეექვსე კლასში, მერე, მეშვიდეში "ვეფხისტყაოსანი", მერვეში - გურამიშვილი და სულხან-საბა ორბელიანი, მეცხრეში - ილია ჭავჭავაძე და "თერგდალეულები" და მეათე კლასში ძლივს მეოცე საუკუნეში გადავდიოდით. ნუ, ზუსტად ვეღარ გავიხსენებ, მაგრამ ჩვენს დროს დაახლოებით ასე იყო, თორემ ახლა ის სასაცილოდ თუ შეურაცხმყოფელად ჟღერადი "0 კლასი" აღარაა, მის სანაცვლოდ მეთერთმეტე და მეთორმეტეა და ეს ავტორებიც უკვე ცოტა სხვანაირად არიან გადანაწილებულები. ცოტა სხვანაირად, მაგრამ ჩანს, რომ პრინციპი ძირეულად არ შეცვლილა - მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია სახელმძღვანელოების გაახალგაზრდავებისა აშკარად შეინიშნება: შედარებით უმცროსკლასელების სახელმძღვანელოებში კლასიკა ფრაგმენტულადაა მოცემული, საკმაოდ ხშირად ჩნდებიან თანამედროვე თუ მეოცე საუკუნის ავტორები - ნუგზარ შატაიძე, ნოდარ დუმბაძე, რეზო ინანიშვილი... სულ თანამედროვენიც -  ანუ პერიოდები აქ აღრეულია, საჭიროებისდამიხედვით გაფანტულან ამ წიგნებში მწერლები სხვადასხვა ეპოქებიდან, მაგრამ მერე, სადღაც  მეცხრე კლასიდან ყველაფერი კვლავ ლაგდება - მოსამზადებელი პერიოდი რომ თითქოს მთავრდება და კლასიკის საფუძვლიანად შესწავლის საკითხი დგება, ყველაფერი ძველ პრინციპს უბრუნდება.

არსებობს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა. ის ლიტერატურა, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი სიამოვნებისთვის უნდა იკითხონ, და ყველამ _ მშობელმა თუ შვილმა - ეს კარგად და ზუსტად იცის. მგონია, რომ ეს ლიტერატურა რაღაც სხვა მოვლენაა მშობლისთვისაც და შვილისთვისაც - ეს კარგი ლიტერატურაა, არამტანჯველი ლიტერატურაა, ხოლო ის, რაც წიგნებშია - მტანჯველია. და არცთუ იშვიათად შეიძლება იმიტომ, რომ ხშირად მასალა არასწორადაა შერჩეული, თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებულ პატრიოტულ და ნაციონალისტურ პათოსს მაინც ვერ შეეშვნენ ტექსტების არჩევისას, მაგრამ ახლა აქცენტს სხვა ფაქტორზე გავაკეთებ, ვიტყვი, რომ ამას ისიც იწვევს, რომ მთავარ, კლასიკურ ტექსტებს მოსწავლეებს ძირითადად ქრონოლოგიურად ასწავლიან.

მათემატიკაში არის ორი ცნება: პროპორციული და უკუპროპორციული. ამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ვიტყოდი, რომ რაც უფრო მეტს ვაკვირდები, მით უფრო ვხვდები, რომ სკოლაში ლიტერატურა უნდა ისწავლებოდეს არა ქრონოლოგიურად, არამედ უკუქრონოლოგიურად.

ახალი, თანამედროვე ლიტერატურის სწავლა თავისთავად მოიტანს ძველ ლიტერატურაში ნელ-ნელა გარკვევას. ახალი ლიტერატურა ძველის გარეშე ვერ იარსებებს. 21-ე საუკუნის დასაწყისის თუ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მწერლის ტექსტს რომ აუხსნის კარგი მასწავლებელი პატარა ბავშვებს, უნდა თუ არა, მაინც სიძველეში წავა, ეტყვის მათ, რომ აი, მეხუთე, მეთორმეტე თუ მეთვრამეტე საუკუნეში იყო ესა და ეს მწერალი, მან აი, ასეთი ნაწარმოები დაწერა, და ეს თანამედროვე მწერალი მის თემას ავითარებს, ან პაროდიას აკეთებს, ან რაღაც ასეთი... აქ ამის პერიფრაზია, იქ იმისი... ანუ, კონტექსტების გახსნას დაიწყებს და უნდა თუ არა, ეს ძველი მწერლები მაინც შემოვლენ სასწავლო პროცესში, და შემოვლენ არა თავიანთი მძიმე და არქაული ენით, მოზარდებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი ესთეტიკით, არამედ ასაკთან შესაფერისად ადაპტირებული თემატიკითა თუ იდეებით. შემოვლენ არა შემაშინებელი უზარმაზარი ლოდებივით, არამედ პორცია-პორცია, დოზირებულად, დამაინტრიგებლად... მაგალითად, იქნებ ჯობს ჯერ აკა მორჩილაძის მოთხრობა "წიგნი" წავაკითხოთ ქართულის გაკვეთილზე ჩვენს ბავშვებს და კარგად ავუხსნათ, თუ რაზეა ეს მოთხრობა, და მხოლოდ ამის მერე ვასწავლოთ "ვეფხისტყაოსანი"? ასეთი უთვალავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. უბრალოდ, ერთხელაც გავიმეორებ: ახალი ლიტერატურა ძველის გარეშე არ არსებობს და თუ ახალს კარგად ვასწავლით, ეს ნიშნავს, რომ ძველითაც დავაინტერესებთ, შეიძლება ისეც მოვახერხოთ, რომ შევაყვაროთ!

ჩემი 10, 12, 14 წლის ბავშვები ჩემი მეგობარი მწერლების ნაწერებს მუდამ კითხულობენ. მოდიან და მეკითხებიან: "მა, აბა ამის რომელი მოთხრობა წავიკითხო?" ვათვალიერებ და ვცდილობ, შესატყვისი ტექსტი შევურჩიო. ხან გამომდის, ხან ვერა... შეიძლება ისეთი წიგნი მომიტანონ, რომ უცებ გავშრე და ვუთხრა, რომ ეს ჯერ სათქვენო არაა, ჯერ ვერ მიხვდებით, არ წაიკითხოთ! აბა რა ვიცი, შეიძლება ასეთ ტექსტებს ისინი მერე, ჩუმად უფრო კითხულობენ ხოლმე, ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირი იყო და ჩვენც კი ვკითხულობდით ამ ყბადაღებულ "დეკამერონს". მაგრამ ეს სხვა თემაა. მთავარი ისაა, რომ ჩემი აზრით, ყველანაირი მორალური, ეთიკური და ესთეტიკური პრინციპების დაცვით შეიძლება ისე შეარჩიო მაღალხარისხოვანი თანამედროვე მასალა, გარიდებული გამაღიზიანებელ არქაიზმსა თუ პატრიოტულ პათოსს, რომ თინეიჯერობაში გუშინ თავშეყოფილ თაობას თანამედროვე ლიტერატურა ასწავლო და ამ ახალი ლიტერატურის დახმარებით ნელ-ნელა და ბუნებრივად კლასიკაზე გადახვიდე - ჯერ მეოცე საუკუნისაზე, მერე მეცხრამეტე საუკუნისაზე და ასე, უკუსვლით, მეთორმეტე კლასის მაისის გაკვეთილებზე "შუშანიკის წამების" სწავლებითა და სასწავლო კურსის დამთავრებით....თუმცა, კარგად მესმის, რომ ასეთ კონცეფციას ვერანაირი რეფორმა ვერ გაატარებს. ეს სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ მწერლის თავში დაბადებული გიჟური იდეაა: ვასწავლოთ ლიტერატურა არა ქრონოლოგიურად, არამედ უკუქრონოლოგიურად! და ვერც პედაგოგები, თუნდაც უმაღლესი კლასის, ალბათ ვერ შეძლებენ ასეთი სახელმძღვანელოების შედგენას. ასეთი სახელმძღვანელოების შედგენა ისევ და ისევ თანამედროვე მწერლების კარგ ჯგუფს ძალუძს. და მერე, პირველ ეტაპზე, ისევ მათ ძალუძთ ასე უკუქრონოლოგიურად სწავლება. ლიტერატურა, ენა, ძალიან ცოცხალი რამაა. ბავშვებიც, მოზარდებიც ძალიან ცოცხლები არიან. და სანამ ასეთი ცოცხლები არიან, რაღაც შესატყვისი უნდა შევთავაზოთ. თან ისეთი, რომ ამის მერე ძველიც ცოცხალი გამოჩნდეს, და არა მკვდარი და მტანჯველი.მოკლედ აი, ასეთია დღევანდელ დღეს ლიტერატურის სწავლების ჩემი ალტერნატიული კონცეფცია. თუმცა ცხადია, რომელიმე კონკრეტულ პედაგოგიკას ნაკლებად დაყრდნობილი და მხოლოდ და მხოლოდ უტოპიურ კონცეფციადვე დასარჩენად განწირული...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 ოქტომბერი
12 ოქტომბერი

რეფლექსია: სუპერ-ეგოისტი!

„ბევრ ადამიანს სინამდვილეში არ სურს თავისუფლება, რადგან ის პასუხისმგებლობას სთავაზობს, რომლის შიშიც ადამიანების უმ ...
11 ოქტომბერი
11 ოქტომბერი

განათლების სისტემა მაშინ და ახლა

მაშინ, მე-20 საუკუნის კომუნისტური რეჟიმის დროს, განათლების სისტემა, შორიდან თუ შევხედავთ, გარეგნულად თითქოს მოწესრიგებულ ...
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი

ერთი ქალი რამდენიმე მხარდამჭერის იმედად

პირველად სალომე ზანდუკელის სიმამაცემ და გამბედაობამ აღმაფრთოვანა. მას ორი წლის წინ შევხვდი, როდესაც „ქალები საქართ ...

მეტი

^