საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, განსხვავებულად ყალიბდება რამდენიმე დებულება, და რაც მთავარია, ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნა. ტიპის ცვლილება ხორციელდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით და ხდება მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოქმედი შემადგენლობის დაშლა.
ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საკითხის წინასწრი შეფასების ფარგლებში აცხადებენ, რომ ეს პროექტი სამართლის უზენაესობასთან თავსებადი არ არის. ჩემი მიზანიც ამ მიდგომის სისწორის სხვადასხვა არგუმენტებით დადასტურებაა.
არგუმენტი პირველი
რა არის სამართლის უზენაესობა ?
ამ ტერმინს ყოველდღიურობაში ფართოდ ვიყენებთ, მაგრამ ის ზოგადად რთულ იურიდიულ კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება. ეს პრინციპი გულისხმობს რამდენიმე ასპექტს, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი:
- ნორმატიული აქტის მიღებისას არ უნდა ირღვეოდეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი;
- ნორმატიულ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ რეტროაქტიული მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის ინტერესით და ეს მათთვის სასიკეთოა.
საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა და იღებს კანონებს, რითაც არეგულირებს არამხოლოდ აღმასრულებელ, არამედ, სასამართლო ხელისუფლებასაც. სასამართლო ხელისუფლება ამ შემთხვევაში ემორჩილება პარლამენტის მიერ დადგენილ თამაშის წესებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტს შეუძლია სასამართლოსთან მიმართებით ნებისმიერი ქმედება განახორციელოს. არსებობს ზღვარი, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან მომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ კანონს, რომ სასამართლო ხელისუფლება სრულად დაითხოვოს. ამგვარი ქმედება დაუშვებელია. ზოგადად საქართველოს პარლამენტის მიერ სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობის რეგულირება დასაშვებია, როცა ეს აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფოებრივი მიზნებიდან გამომდინარე და ეს არ ხელყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას ან არ აყენებს მას ეჭვქვეშ. ამის მაგალითი იყო საქართველოში, როდესაც 1998 წლის 3 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ორგანული კანონის ის დებულება, რომლითაც ხდებოდა მთელი სასამართლო კორპუსის დათხოვნა.
რომ გავყვეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, ნათლად წარმოჩინდება ის საფრთხე, რომელიც პარლამენტის სამართლის უზენაესობის გარანტიით შეუზღუდაობის შემთხვევაში არსებობს. ამ დროს უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ფუნქცია აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იგი წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების მთავარი გარანტს, ახორციელებს სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებებს და ამ მიმართებით საკმაოდ სერიოზული ფუნქციები აქვს. მისი არსებობა per se დაკავშირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან. შესაბამისად, საბჭოს მიმართ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების გაუვრცელებლობა ამ ნაწილში, წინააღმდეგობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან და იმავე რისკის შემცველი იქნება, რაც მოსამართლეთა მთლიანი კორპუსის დათხოვნა.
აღსანიშნავია, რომ სამართლის უზენაესობის ხელყოფის საფრთხე ეხებათ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც სასამართლო კორპუსს წარმოადგენენ. სხვა წევრები საბჭოს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა ორგანოებიდან და მათი დამოუკიდებლობის და პოლიტიკისგან თავისუფლების ხარისხი ნაკლებია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას და ამ ორგანოს ბირთვს სასამართლო კორპუსი წარმოადგენს, შესაბამისად - ისინი არიან დამოუკიდებლობის გარანტები.
არგუმენტი მეორე
სადისციპლინო კოლეგია დღესდღეისობით ე.წ. „მოსამართლეთა სასამართლოს“ როლს ასრულებს. ეს არის ინსტიტუტი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეებს შეიძლება დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოდის „ბრალმდებლის“ როლში და სადისციპლინო კოლეგია იხილავს მოსამართლის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა სიტყვებით, სადისციპლინო კოლეგია ასრულებს სასამართლოს როლს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება განიხილება, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი და შესაბამისად სრულად მოქმედებს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები. ევროსასამართლომ 2013 წლის 9 იანვარს გამოტანილ განჩინებაში საქმეზე Oleksandr Volkov v. Ukraine ზუსტად ანალოგიური მიდგომა აირჩია და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესი სამოქალაქო სამართლებრივ საკითხად მიიჩნია, რითაც ეს უკანასკნელი გაუთანაბრა სასამართლო სამართალწარმოებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სადისციპლინო კოლეგია ამ მიმართებით გამოდიან, როგორც მოსამართლეთათვის შრომით სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით მოქმედი სასამართლო ინსტიტუციები,რომლებიც დაცვის მაღალ სტანდარტს საჭიროებენ. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ 1998 წელს დაუშვებლად მიიჩნია მთელი სასამართლო სისტემის მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტა, იგივე მიდგომა უნდა გამოყენებოდეს მათ მიმართაც.
არგუმენტი მესამე
სამართლის ერთ–ერთი მთავარი მიზანია მოახდინოს სამომავლო საფრთხის პრევენცია. შესაძლო უარყოფითი თანმდევი შედეგები უნდა იქნას მაქსიმალურად შემცირებული, რაც აღნიშნული სამართლებრივი რეგულირების უმთავრესი მიზანია. ამგვარი საშიშროების არარსებობა თავისთავად აუფასურებს საკითხის მოწესრიგების აუცილებლობას. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტი ამ მიმართებით უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ანეიტრალებს მათ. რა გარანტია არსებობს, რომ მაგალითად, 4 წლის შემდეგ არ შეიცვლება ხელისუფლება და ახალი პარლამენტარი დაითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელ შემადგენლობას? ამის განხორციელებას ისინი შეძლებენ საბჭოს წევრების მიმართ ახალი კრიტერიუმის შემოღებით, თუნდაც სავალდებულო ცენზის შემოტანით და ამაყად განაცხადებენ, რომ საბჭოს შემადგენლობას შეუწყდეს უფლებამოსილება. ანდა პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურას შეცვლის და იმავე სამართლებრივ შედეგს მივიღებთ, რასაც ახლანდელი პროექტი გვთავაზობს. ამგვარი საფრთხის არსებობა, ცალკე აღებული, ნათლად წარმოაჩენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის დათხოვნის დაუშვებლობას.
ეპილოგი
დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სანქციების გატარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიმართ. ასეთი მიდგომა ბევრჯერ დაგმო ვენეციის კომისიამ (მაგალითად, Curia–ს შექმნისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების საკითხი უნგრეთში, როცა ანალოგიური მიდგომა აირჩია იქაურმა პარლამენტმა). კანონპროექტი, ამბობს რომ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს მთლიან შემადგენლობას, იმის მიუხედავად კონკრეტული მოსამართლეები პასუხობენ თუ არა ახალი კანონის მოთხოვნებს (მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისინი არჩევისას წარდგენილები იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, არ არის მათი გათავისუფლების საფუძველი);
სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მგონი, ძალიან ცოტაა ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება კარგია და ბოლომდე დამოუკიდებელია. ჩემი მოსაზრებით, ამის მიღწევამდე სახელმწიფო ჯერ ისევ შორსაა. მაგრამ ამის მიღწევა უმოქმედობით უფრო მეტად შეიძლება, ვიდრე პირდაპირი ინტერვენციით. საქართველოს დღეს იდეალური შანსი აქვს „შეეშვას“ სასამართლო ხელისუფლებას და ამ პირობებში მათი რეალური დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი. ამ ინსტიტუტს მოეთხოვება, რომ პოლიტიკურ ძალებს არ დაემორჩილოს. მორჩილება იმის შეიძლება, ვისაც ძალა აქვს და უმრავლესობაშია. როცა სხვა ვინმეს ემორჩილება მოსამართლე, ამ შემთხვევაში მხოლოდ იდეურ თანხვედრასთან გვაქვს საქმე და ამას ვერავინ ვერსად გაექცევა და შეცვლის.
დღეს ფაქტია, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ახდენს გავლენას სასამართლოზე. მიუხედავად იმისა, მოსამართლეები კარგები არიან თუ ცუდები, ეს ასეა და ნამდვილად დიდი მიღწევაა. ეს არის სახელმწიფოს განვითარების კარგი ბუნებრივი საფეხური, რომელსაც არ უნდა შევუშალოთ ხელი. თუ რომელიმე მოსამართლეს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის შესაბამისად დავსაჯოთ (ან მოვთხოვოთ პასუხი), მაგრამ ბლანკეტური აკრძალვები მთლიანი სასამართლოს მიმართ არ გვჭირდება. მე პირადად მირჩევნია წარსულში ცუდის ჩამდენი დამოუკიდებელი მოსამართლე ჰყავდეს ქვეყანას და ჩემი ღრმა რწმენით, ეს რამდენიმე წლის და დეკადის შემდეგ ყველასთვის უკეთესი იქნება.
იმედს ვიტოვებ, ვენეციის კომისია მოახდენს საკითხის სრულად შეფასებას და წარმოადგენს თავის სამართლებრივ შეფასებას, რომელიც საბოლოოდ გახდება საქართველოს ხელისუფლებისთვის გარკვეული ავტორიტეტული რჩევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებ, რომ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა (რომელთაც მოვალეობის შემსრულებელთა უფლებამოსილება დაეკისრებათ ახალი წევრების არჩევამდე), ისევე როგორც სხვა შესაბამისი სუბიექტები, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს უკანასკნელი განიხილავს ამ რეგულირების კონსტიტუციურობას და იტყვის საბოლოო სიტყვას.